***

 

მოწყენილი ვარ. სახლში ვბრუნდები. სახლი ახლოსაა. ნათურების ციმციმი ჩანს ფანჯრიდან. მე მოვრთე სახლი ნათურებით. ძალიან გრძელი კაბელი იყო, 40 მეტრი. მთელ სახლს ეყო გასანათებლად. ნაძვის ხესაც არა უშავს. პატარაა, მაგრამ ლამაზია. ქვეშ არცერთი საჩუქარი დევს.

ახალი წელი მოდის. ესეც მოძველდა. ის, რაც ადრე იყო და რაც მომავალში იქნება, არ არსებობს. არაფერი არსებობს. მხოლოდ მე ვარსებობ და ახალი წელი. კიდევ სახლი, რომელშიც ვცხოვრობ და ქალაქი, რომელშიც ახალი წელი შემოვა. მოვა მოწყენილი, ჩემსავით. გვერდით ჩამომიჯექი. ახალ წელს არ ვეუბნები, შენ გეუბნები.

შიგნით რომ შევალთ, ჩავაქროთ. ნათურებიც ჩავაქროთ, თუ გინდა. გვერდით ჩამომიჯექი. თავები ერთმანეთს მივადოთ და ვიფიქროთ. სახლში არ გაგიშვებ. სახლი იქაა, სადაც ვართ და არა იქ, სადღაც, ოცდაორ ნომერში, სადაც მრავალრიცხოვანი სტუმრები გელოდებიან, ყველა შენ მიერ მოპატიჟებული. ეგ კორპუსი ცუდ ქუჩაზე დგას. ყველა ქუჩა ცუდია, თუკი ჩემი ფანჯრიდან არ ჩანს. ყველაფერი ცუდია, რაც ჩემი ფანჯრიდან არ ჩანს. რასაც ვიცი, ვერ შევეხები. რაც ყოველთვის შორს იქნება. შენც ცუდი იყავი ადრე, რადგან შორს იყავი. ახლა აქა ხარ და კარგი ხარ. რა კარგია, რომ აქა ხარ. ახლა გასაღებს ვიპოვი. სადღაც აქ უნდა იყოს. აი, ვიპოვე. რა გაცინებს? თუ მე დამცინი? თუნდაც დამცინოდე, არა უშავს. მთავარია, მე ამირჩიე. ოღონდ ზარს ნუ უპასუხებ, ოღონდ… ისინი რეკავენ? ამ სიცილს დავიმახსოვრებ. ეგ რაში გჭირდება, თან რატომ გაქვს? ჩემთვის წამოიღე? მგონი რაღაც არასწორად გავიგე. მაინც არ ვიყვირებ. კრინტსაც არ დავძრავ. ეს უფრო ბასრი იქნება, ვიდრე… შენ ჩემი სიჩუმე დაიმახსოვრე.

***

სახლისკენ მიდის. ბარძაყზე უსიამოვნოდ ეხება ნოტიო დანისპირი. ეგონა, რომ საკმარისად მჭრელი იყო, მაგრამ შეცდა. თვითონაც იწვალა და ისიც გააწვალა. რომ კვდები, ეგ ხომ პრობლემაა, მაგრამ თუ ყელში ბლაგვ დანას გამოგისვამენ და ხროტინით კვდები, ეგ ათასჯერ უარესია. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ბასრი დანით ისურვებდა სიკვდილს. სახლში ფეხით მიდიოდა. სიამოვნებდა იმის წარმოდგენა, როგორ ელოდებოდნენ, ნერვიულად სცემდნენ ბოლთას, ღია კარისკენ წამდაუწუმ იმზირებოდნენ. კაცმა არ იცის, რა აჩერებდათ ამდენ ხანს მის სახლში. მართლა ვერაფერს ხვდებოდნენ?

მიდიოდა და სახეზე ემოციის ნიშანწყალიც არ აჩნდა. ცივი, გამჭოლი მზერით უყურებდა ყოველ შემხვედრს. არცერთ კეთილგანწყობილ გამოხედვას არ პასუხობდა. სისხლმა გამოჟონა მისი ჯიბიდან. მუქი ლაქა გაუჩნდა მუხლთან. სანამ თავისი კორპუსისაკენ გადაუხვევდა, შენიშნა, რომ ის ისევ იქ იყო, ოც ნომერში, მეგობართან ერთად და მის კორპუსს აჰყურებდა. ის გააგებინებსო დანარჩენებს, გაიფიქრა და წამიერად გაეღიმა, მაგრამ მაშინათვე შეიკავა თავი.

  • არ ეგების არასერიოზულობა. – ჩაიდუდუნა.

შორი არ იყო სახლამდე, მაგრამ, ღმერთმანი, რა სასიამოვნო იყო შეხვედრის მოლოდინი! უკვე კიბეებზე ადიოდა, ცალი ხელი ჯიბეში ედო, დანის ტარს ეხებოდა. მეორე ხელში სახლის გასაღები ეჭირა და ტაქსის მძღოლივით ათამაშებდა. ვისაც არ უნდა დაენახა, მოხიბლავდა მისი გრაციოზული მოძრაობა, მისი სიმშვიდე. ღია კარში ჩადგა და წყნარად შევიდა შიგნით. სადღაც ახლოს ლაპარაკი ისმოდა. კარი დაკეტა, გასაღები ამოიღო, ურდულს გაუყარა და გადაატრიალა. მერე გამოაძრო და გადაყლაპა. ცოტათი გაუჭირდა, წამოახველა. მისი ჩახველება არავის გაუგია. სტუმრები მორჩილად ელოდნენ მის მისვლას. ისიც მორჩილად მიდიოდა მათკენ. თითქოს ასე თავისი სურვილით კი არა, მომაბეზრებელი ვალდებულების გამო იქცეოდა.

  • არ ეგების აჩქარება. – თქვა და თავს ღიმილის უფლება მისცა.

როცა შენიშნეს, მაშინათვე გაჩუმდნენ. ადამიანები მიაჩერდნენ. ის კი მზად იყო, მათთვის ადამიანობაზე ბევრად მეტი რამ მიეცა. ჯიბიდან გასისხლიანებული დანა ამოიღო. ტანსაცმელზე შეიმშრალა. გაკვირვებულები უყურებდნენ, მაგრამ არ გარბოდნენ. ჯერ არ გარბოდნენ. პირველად მაშინ დაიკივლეს, როცა მისი ფეხები იატაკს დაშორდა. არარსებობა, აი, რას აჩუქებს. დაუმტკიცებს, რა კარგია, როცა არ ხარ. მერე მეზობლები ფანჯრიდან ნათურების ციმციმს დაინახავენ, უჩვეულო ხმაურსაც გაიგონებენ, მაგრამ ეს ხმები სხეულებით არასოდეს შეიმოსება.

 

 

 

1 2 3 4 5