***

ჰო, რა. მაგრად კი მეცინება ახლა, მარა აბა მაშინ გეკითხა. მეცინებოდა არა ის. სიმწრის ცრემლები ვაღვარღვარე. უუფ, მააგრად მეტკინა, მარა მაგათთან ხო არ შევიმჩნევდი, არა? მაგათ რო ენახათ, ესე ძაან მეტკინა, მთელი დღე ჩემზე იღადავებდნენ. აი, იმენა მაგრად დამცინებდნენ, რა. ის კიდე მაგარი მძიმე იყო. ჰო, ეგა, რა. ეგ ნაცრისფერი სარეცხი მანქანა. აი, იმის სახლში რომ ავიტანეთ ბიჭებმა, ოცდაორ ნომერში. მანდ ხო შენც ხარ ნამყოფი? ა, არა? აბა, ესე რატომ მახსოვდა ნეტა? რავი. ეგეთი მძიმე რამე, მე არ ვიცი. ჩემს ცერა თითზე იდო და ფეხს ვერ ვანძრევდი. ჯერ ტკივილი არც მიგრძნია, რო ავიტანეთ და აბაზანაში დავდგით, ვითო ცხელი წყალი გადამესხა ფეხზე და მერე უცებ ძაან მაგრად გამეყინა. მომაძრო მეგონა ვიღაცამ მარტო თითი კი არა, მთელი ფეხი! იმათმა კიდე ლაპარაკი გააბეს, აუო, ძაან ძვირი ღირდა და ისე დავაკლებიეთ კონსულტანტს, რო ვერც მიხვდა, რო ვაკლებიებდითო. კიო, ეგრე იყო ნაღდად, ზარალაში წავლენ, ეგ დიდხანს თუ გააჩერესო. ბიჭებო-მეთქი, დავიწყე. თვალები სიმწრის ცრემლებით მქონდა სავსე და გულის წასვლამდე ორი-სამი, ჰა-ჰა ოთხი წუთი მქონდა დარჩენილი. აქ მგონი კარგად არ ჯდება ეს მანქანა და ავწიოთ და მეორე კუთხეში გადავიტანოთ-მეთქი. დაიკიდეს ჩემი ნათქვამი. არადა, ისე მტკიოდა, აუუ! რო ვყვები, დაჟე მაშინაც ცუდად ვხდები. ისე ვარ, რა, ვითო ახლაც თითზე მაჭერს. ათი წუთი ილაქლაქეს, რაღაცეებს მიედ-მოედნენ და ბოლოს იმან ამოიღო ხმა. მგონი, მართლა სხვაგან გადატანა ჯობიაო. მადლიერმა გადავხედე, მეთქი ვაა, შენ ყოფილხარ ჩემი მხსნელი, მხსნელი კი არა ჯიგარი და ყველაფერი! და კინაღამ რაღაც ეგეთი სენტიმენტალური დებილობა ვუთხარი, მარა ამ დროს სახეში შევხედე, დავაკვირდი და პირდაპირ ჩემს ფეხს უყურებდა. გეფიცები, თუ რამეს ვამატებდე. მართლა ვყვები, რა. ისე უყურებდა, რო აი უეჭველი იცოდა, რა მაგრად მიჭირდა და ცოტა მგონი იცინოდასავით თუ იღიმოდა. კმაყოფილს ეღიმებოდა, ბიჭო, გაიგე? იდგა და კაიფობდა. სად გადავიტანოთო, დანარჩენებმა კითხეს. მე სისხლის მიმოქცევა გამიჩერდა ფეხში, მოძრაობის უნარი კი არა, ხმასაც ვერ ვიღებდი. პირი რო გამეღო, ეგრევე ყვირილი ამომსკდებოდა. იმან კიდე თავი მოიქექა და ზოზინით გვიპასუხა, ცოტა მოიცადეთ, მოვიფიქროო. თან იმ დამპალი ღიმილით შემომხედა ჯერ ტკივილისგან გაწითლებულ სახეზე და მერე დაჭიმულ ფეხზე, მაშინ რო მერჩივნა რო ვაფშე არ მქონდა. მიყურებდა და ამოწმებდა რა რაღაცნაირად, აბა, რამდენი ხანი გავუძლებდი, რამდენი ხანი არ ვიბღავლებდი. მე მეგონა, რო სადღაც ათი წელი ვიდექით ეგრე და ათმა წელმა რო გაიარა, გააღო მერე პირი და მოდი, მეორე მხარეს წავიღოთო და ბიჭებმაც დაავლეს ხელი, მეც ჩავეჭიდე და ავწიეთ. ავწიეთ და ვააჰ-მეთქი, ამოვიკვნესე და ყველამ რო გადმომხედა გაკვირვებულმა, მეთქი არაფერი, ბიჭებო, დღეს სადღაც უნდა დამერეკა და ახლა გამახსენდა-მეთქი და იმან ჰო, ჰო, დარეკე აუცილებლადო და რო დავდგით თითი კიდე მაგრად მტკიოდა და არც მაგის კმაყოფილი სახის დანახვა შემეძლო, ყოველ წუთას ჩემკენ რო ტრიალდებოდა და ჩემს ფეხებს უყურებდა და მაგრად გავბრაზდი, რა, ამასობაში. წამოვედი მერე.

ამ თითს ხო ხედავ? კი, ეგაა. არა, ბიჭო, აწი რაღა შეეტყობა, ორი წელი გავიდა, მეტი თუ არა. მაშინ მთლიანად ლურჯი იყო და მერე ვაფშე ამძვრა ფრჩხილი. დახურული ფეხსაცმელების ჩაცმა რამდენიმე კვირა ძაან მიჭირდა. მერე გამიარა, რა ქნა აბა, მარა მაგის დანახვა მაგრად მეზიზღებოდა სულ. სარეცხი მანქანები ხო ვაფშე შემძულდა. გულძმარვა მეწყება ხოლმე, რო შევხედავ და დედაჩემი რეცხავს ხოლმე ყველაფერს. სახლში რო მოვედი ეგრევე საკუჭნაოში გავატანინე, აბა რა უყურებდა მაგას ყოველი მოფსმისას დღეში ხუთჯერ, ხო წამიხდებოდა ისედაც დაძმარებული ხასიათი.

ჰოო, რავი. ხასიათი იმიტო, რომ ბოლო ორ გამოცდაში ჩავიჭერი. ნწ, ვერა. უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია. რავი, რა, დიდად არც მინდოდა, მარა რო ჩამებარებინა, ვისწავლიდი, რას ვიზამდი აბა. გამოცდები რთული იყოო, ყველა ამბობდა მაგას, მარტო მე კი არა. თან იმ დღეს კბილი მტკიოდა. ა, ესა. შეხედე. სუ გამოხრულია და ზოგჯერ ისე ფეთქავს, ცერა თითი რო ფეთქავდა მაშინ. ეგრეა, რა. რას იზამ. ხან თითი გეტკინება, ხან კბილი, ხან კიდე გული, რო ეს ყველაფერი გტკივა და კაციშვილი ვერ ამჩნევს და თუ მაინცდამაინც მოხდა სასწაული და ვინმემ შეამჩნია, ისეთი ვინმე ამჩნევს, სუ რო არ აინტერესებს ეგ შენი ტკივილი და გიყურებს იმასავით, კმაყოფილი, რო შენ გტკივა და მაგას არა. თან სხვებსაც არ ეუბნება არაფერს. იმიტო არ ეუბნება, რო შეიძლება იმ სხვებიდან ვინმეს წყდება შენზე გული და დაგეხმაროს. მაგას კიდე არ აწყობს. რატო არ აწყობს და რავი. რას გაიგებ.

მოიცა, რეკავს ვიღაცა. ხო. გისმენთ. კი, გიცანი, მარა ნომერი არ მეწერა, ძველი ტელეფონი გავტეხე და დამეკარგა ვაფშე ყველა, ხო აზზე ხარ. ხვალ? რავი, რატო არა. ოცდაორ ნომერში ხარ ისევ? კაი, ამოვალ მაშინ.

რაზე გავჩერდი? ხო, იმაზე, რო ზოგიერთს აწყობს სხვისი ტკივილი, ახსენდება, რო თვითონ არაფერი ტკივა და კმაყოფილია მაგით, ხო ხვდები. ა, ვინ დამირეკა? ვინ და… ანდა დაიკიდე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დამირეკა. ხვალ გასასვლელი ვარ და შარვალს დავიუთოვებ, შენ გააგრძელე მანამდე. რაო, რა მითხარი?

 

***

თავიდან როცა მოჰყვა ამბავს, თითქმის არავინ არ დავუჯერეთ. თითქმის იმიტომ, რომ უფრო მაშინათვე დაინტერესდა. უფრო დიდი ხანია, ჩვენთან მუშაობდა და რა ეტაკა, რა ვიცი. ზედვე უნდა შეეტყოს, რა ამბებიც ტრიალებს მის თავშიო და სულ მაგას აკვირდებოდა. ვერაფერი ვერ შეამჩნია, მაგრამ არ გაჩერდა მაინც, ეგ უბედური და იმ დღიდან ისე შეუჩნდა, თვითონაც ძალიან შეწუხდა ბოლოს. კი სჭირდებოდა მსმენელი და ამბის გამზიარებელი, მაგრამ არც ასეთი ყურადღება ეპიტნავა მაინცდამაინც და გაგვფართხილა, ან თავი დამანებოს, ან ვაწყენინებ და ეგ იქნებაო. რაც ეგ ამბავი მოგვიყვა, ისედაც ამიცრუვდა გული და რა დასამალია, სულ არ მაინტერესებდა არცერთი. არ დავუჯერე. ან ვინ დაუჯერებდა?! ზრდასრულისთვის, ამხელა ადამიანისთვის, ცოტა… ჰმ! უხამსობა იყო რაღაცნაირად, ჩემო ბატონო! აბა, ეგ რა სათქმელი იყო?! უკბილო ხუმრობასაც არ ჰგავდა და სიმართლეს ხომ არ ჰგავდა და არ ჰგავდა. ჩემსავით ფიქრობდნენ სხვებიც, ყველა. დაეკითხეთ ნებისმიერს! ოფისში რომ შემოდიოდა და მაგიდებს შორის ჩაივლიდა, მოაღებდნენ პირს და ჩურჩულებდნენ. თვითონაც მოკრავდა ყურს, აბა, ისე ხომ არ იქნებოდა. ტყუილი რაში სჭირდებოდა, ეს კი მაინტერესებდა ცოტათი, მაგრამ მერე მივხვდი მაგასაც და სულ შევეშვი. ახლაც მარტო იმიტომ ვყვები, რომ… მოიტანა დრომ და საჭიროა, თორე… თორემ კი არ მეხალისება. თან ამ თვის ბიუჯეტში გარღვევაა, მისახედია. დასამთავრებელი მაქვს ხარჯთ… ჰო, ჰო, ბოდიში, ბატონო! ვამბობ აგერ! იქნებ, ამ ორ ამბავს შორის არც არის რამე კავშირი, იქნებ დიდი კავშირიც არის, რა ვიცი. მე იმას ვამბობდი, რომ თუ ნამდვილად ასე იყო, რაც შეუძლებელია, სულ უბრალოდ შეეძლო ამის დამტკიცება, მაგრამ ერთი მაგან დაამტკიცა და მეორე მე დამაწინაურეს ოცწლიანი სტაჟის მერე. არადა ისე დაიბღიძნება, გეგონება… ჰოდა, კი ბატონო,  ყურადღება მოაკლდა ეტყობა და შეგვკრიბა ერთხელ თანამშრომლები, თვითონ შუაში ჩადგა და შესავლისა და ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვიცხადა. ასეო და ასეო. სერიოზულად არავის მიგვიღია-მეთქი, ერთხელ ვთქვი უკვე და გავიმეორებ კიდევ. ჩაამთავრა გრძელი და აბდა-უბდა სიტყვა და დავიშალეთ სუყველა, ჩვენს მაგიდებს მივუსხედით ისევ და ჩავყავით თავი საბუთებში. დაილოცა ჩვენი საქმე, ცოტა გადაგვატანინა ყურადღება და ვერც მივხვდით, რაც იბოდიალა. წამიკითხავს სადღაცა, რომ როცა ძალიან დიდ აბსურდში ეხვევა ადამიანი, ვერასოდეს აცნობიერებს და ისე აგრძელებს ყოველდღიურ ცხოვრებას, ვითომ არც არაფერი მომხდარა და ეს ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია. მაგრამ ცუდად მახსოვს იქნება, აბა, მე რა ვიცი, ბუღალტერი ვარ, ფსიქოლოგი კი არა. ფსიქოლოგი არც უფრო იყო, საწყალი… წესიერი, პატიოსანი, მაგის ხმა აწეული რომ არავის გაუგონია, მაგრამ ისე დაააინტერესა ამ ამბავმა, გაუჩერებლად ამაზე ქაქანებდა. ჯერ ხუმრობით, ვითომ ისიც მასხრად იგდებდა, მერე და მერე აშკარად დაყვებოდა კუდში, უთვალთვალებდა და ისეთ დღემდე მივიდა, არაფერი რომ არ აღელვებდა მეტი. როცა ყველაფერი მთავრდება, მერე ვიგებთ ხოლმე, რა დიდი ამბები ტრიალებდა ჩვენ თვალწინ, მაგრამ მაინც ჩვენგან შეუმჩნევლად. ეს უეჭველად ასეა და ფსიქოლოგმა კი არა, რიგითმა ბუღალტერმაც კი კარგად ვიცი აგერ. ასე გავიგეთ მოგვიანებით, რომ მის მეზობლად, მოპირდაპირე კორპუსში ბინა იქირავა და თავისი ფანჯრიდან მის ფანჯარას უთვალთვალებდა. ის ოცდაორ ნომერში ცხოვრობს, მისამართი უჩემოდაც გეცოდინებათ, უფრო კი, რომელიც მოშორებით ცხოვრობდა თავიდან, ბოლოს ფაქტობრივად იქ გადასახლდა და სამსახურსაც ხშირად აცდენდა. აცდენდა და კი გაუშვეს ბოლოს. ერთხელ სამსახურში მოვიდა, მიაჭრა პირდაპირ მაგას, შეხედა და უთხრა: ან უარყავი, რაც გაგვიმხილე, ან დაამტკიცეო. იმას გაეცინა, უფროს მხარზე დაადო ხელი და უთხრა: ჩემო ძვირფასო, რაც გითხარით, თქვენი პატარა ტვინებისთვის ეგეც სრულიად საკმარისია, დამტკიცებით კი არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებო. აქ გაცეცხლდა უფრო წამიერად, მაგრამ მოერია თავს და ისევ გააგრძელა დევნა, თან იმ პირობას უმეორებდა, ან დაამტკიცე, რაც თქვი, ან უარყავიო. მთავარი დანაშაულიც ეს არის. უფროსთვის უნდა ეთქვა, ვიხუმრე, მოვიგონე, ბატონო, ყურადღების მიქცევა მინდოდაო და შეეშვებოდა, აბა რას იზამდა. აჰ, რა დამტკიცება? აპ-აპ-აპ! აშკარაა, ან თვითონაც უფროზე უფრო შეშლილია, ან ტყუილი თქვა. არა, მართლა მეკითხებით, ბატონო? ამაზე ვინმე რომ ლაპარაკობს, მგონია, რომ დამცინის. კი ბატონო, დამცინის. აბა, ჭკუა გქონდეს და ამას სერიოზულად მეკითხებოდე, სად გაგონილა? არა, თქვენზე კი არ ვამბობ, ბატონო. ისე ვამბობ, საერთოდ. უფროც რომ ასე ყოფილიყო, დიდ ტრაგედიას ავირიდებდით თავიდან, მაგრამ შეისმინა რამე?! უფროსი შენიშვნებს აძლევდა, აფრთხილებდა… რა უშველა, თორემ კი… ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე. სამსახურში მოვიდა, პატარა ყუთში ჩაალაგა ნივთები და დაგვემშვიდობა. სამსახურის გარეშე დარჩენილი უფრო უარესად მიეჯაჭვა და მიჯაჭვულობას რომ კარგი არაფერი მოაქვს, ეს ისედაც ცხადია ყველასთვის. თქვენ ეს უჩემოდაც გეცოდინებათ. ხომ იცით? იცით! მე თვითონ სამი დღის წინ გავიგე, თითქმის მაშინვე, როგორც კი მოხდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩემმა უფროსმა დარეკა, უფრო ხომ გახსოვს, ჩვენთან რომ მუშაობდა უფრო, ახლახან გავიგე, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს და კარგი იქნება, თუ თანამშრომლები მის სანახავად მიხვალთ და რამეს მიუტანთო. უფროს ამბავზე მეტად, მისმა ამბავმა დამაინტერესა. მეორე დღეს, დანარჩენებს რომ მოვუყევი უფროს ამბავი, ისე, ჩუმად და საიდუმლოდ, ისიც იქ იყო და მისმენდა. წარბი არ შეუხრია საერთოდ, დაიჯერებთ? შესვენებაზე გავწიე გვერდზე და ვკითხე, როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს უფროს გაგიჟების მიზეზი-მეთქი? იცით, რა მიპასუხა?! გაგიჟდები კაცი! ყელში ამომიყვანა, ამიტომაც ავდექი, ჩემს სახლში დავუთქვი შეხვედრა და როცა მოვიდა, ჩემი ნათქვამი დავუმტკიცეო. თუ გინდა, შენც მოდი, აწი მაინც სულერთიაო. აი, მანდ მივხვდი, რომ ეგ უფროზე უფრო შეშლილია და მასთან ლაპარაკი არ ღირს. დიდი ხნის ამბავი არაა, მაგასაც მიაბრძანებენ რომელიმე კლინიკაში. მართლებიც იქნებიან, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ! მე უფრო მეცოდება მარტო… მკურნალობას არა უშავს, გამოჯანმრთელების იმედად ვიქნებოდით, მაგრამ ახლა რაღა ეშველება… სიკვდილისგან რაღას გამოჯანმრთელდება, საცოდავი. მე თუ მკითხავთ, ისიც უნდა დაისაჯოს. ციხე არა, რა უნდა მაგას ციხეში? ის ნორმალური არაა. აბა, რომელი ნორმალური ადამიანი დაიბრალებს ასეთ რამეს? ფსიქიატრი უნდა იპოვონ ვინმე, კომპეტენტური. მაგრამ მთლად ჩემი დიაგნოზის გამოც ნუ გადაწყვეტთ ნურაფერს. მე ფსიქოლოგი არა ვარ, ბუღალტერი ვარ. ესეც ჩაწერეთ, ბატონო ოფიცერო.

 

 

 

1 2 3 4 5