***

 

ჰოდა, იმას გიყვებოდი, რომ იმ დღეს უნივერსიტეტიდან ძალიან გვიან გამოვედი. ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აუტანლად ციოდა. თხელი ქურთუკით ვიდექი გაჩერებაზე და 22 ნომერს ველოდებოდი. ტაბლოზე ორმოცი წუთი ეწერა, არადა ისე მაკანკალებდა, ოთხი წუთიც ეყოფოდა ჩემს გაციებას. თან ტაბლოს ვუყურებდი იმედიანად, იქნებ უცებ შეიცვალოს დრო, როგორც ხშირად ხდება და გადავრჩე უნივერსიტეტის წინ გაყინვას-მეთქი, თან ჯიბეში ვიქექებოდი და საღეჭ რეზინს ვეძებდი. ამ დროს ჩემ წინ მანქანა შეჩერდა და ვიღაცამ დაასიგნალა. თავი ავწიე და ღია ფანჯარაში ნაცნობ, მაგრამ არც ისე სასურველ თავს მოვკარი თვალი. საით მიდიხარ? – მანქანიდან გადმომძახა და გამიღიმა. ისე კეთილად მიღიმოდა და მეც ისე შევციცინებდი თვალებში, შორიდან მეგობრებივით გამოვიყურებოდით ალბათ. ვუთხარი მისამართი. გვერდით ვიღაც ეჯდა, ვისაც მაშინ ჯერ არ ვიცნობდი. მეორე მხარეს გადმოდი, აქ ვერ გავაჩერებო, ისევ ისე მომხიბვლელი ღიმილით მითხრა და მანქანა მეორე მხარეს გადაიყვანა. ზებრა გადავჭერი თუ არა, კარი გამოაღო და ხელით თავისკენ მანიშნა.

  • წამო, გაგიყვან. – ისე უბრალოდ მითხრა, თითქოს ყოველ დღე ერთად ვსვამდით ჩაის და მერე ერთად ვბრუნდებოდით სადმე, თუნდაც სახლებში.

დაბნეული ჩავჯექი. კი, როგორ არ ვიცნობდი, მაგრამ არ ვმეგობრობდით, ან როგორ უნდა მემეგობრა მაგასთან. არ გვქონდა იმდენად ახლო ურთიერთობა, რომ ასე არხეინად მომეკალათა მისი მანქანის უკანა სავარძელზე, მაგრამ მაინც მოვიკალათე. როგორც გაირკვა, თვითონაც უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, მაგრამ ქალაქის მეორე მხარეს ცხოვრობდა. ჩემ გამო აპირებდა გზის დაგრძელებას. მოთმინებით ვიჯექი და ამას ვაცნობიერებდი. მოწყალების გაღებას ჰგავდა. შე საწყალო, მოდი, სახლში მაინც გაგიყვან და ამით ცოტათი დავიმშვიდებ სინდისს, შენი ჩამოღვენთილი სახის დანახვისას რომ მახსენდებაო. ეს არ უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ წამოვწიე ჩაქინდრული თავი. მუსიკა ჩართო. საახალწლო სიმღერა იყო. “Every day is Christmas”. მაშინ არ ვიცოდი, რომ ასე ერქვა, მაგრამ მინდოდა, ყურადღება რამეზე გადამეტანა და ტექსტს მთელი გულისყურით ვუსმენდი. მის გვერდით ის იჯდა, შენ ვინც დაგირეკა. ჩემთვის არ შემოუხედავს, ამიტომ მისი სახე კარგად ვერ შევათვალიერე, მხოლოდ მის თმას ვხედავდი და ხანდახან, თუკი საზურგეს არ ვეყრდნობოდი, მისი სახის ნახევარს, უსწორმასწორო პროფილს. რთულია, აღვწერო, როგორ გამოიყურებოდა, თვალი სულ მძღოლისკენ გამირბოდა. ვცდილობდი, მასში რაიმე ხელჩასაჭიდი სილამაზე ან სრულიად საპირისპირო – სიმახანჯის კვალი მეპოვნა. მის ცხვირს, ტუჩებს, საჭეზე დაწყობილ ხელებს, ტანისამოსს, თვალების ანარეკლს სარკეში – რაზეც თვალი მიმიწვდებოდა, ყველაფერს ვაკვირდებოდი. რითი განსხვავდება ჩემგან? რატომ ის? სრულიად მარტივი და ადვილად ფორმულირებადი ორი შეკითხვა მიტრიალებდა თავში და თითქოს ველოდი, რომ ნებისმიერ წუთს გამორთავდა მუსიკას, გააჩერებდა მანქანას, ჩემკენ მოტრიალდებოდა და არგუმენტირებულად ამიხსნიდა ყველაფერს. ჩემ შესახებ რომ არაფერი იცოდა, ეს მამშვიდებდა. არა, ზუსტად ვიცი, რომ არ იცოდა. მხოლოდ ორიოდე ადამიანისთვის თუ მქონდა გამხელილი, ეგეც გასაიდუმლოებული ჩურჩულით. დანარჩენები ამჩნევდნენ, მაგრამ ის ვერ შეამჩნევდა. ისე ხშირად არ ვხვდებოდით, რომ ჯერ ჩემი მიმიკების მნიშვნელობა შეესწავლა და მერე იმასაც მიმხვდარიყო, ვისი გამოჩენა იწვევდა ამ მიმიკების უეცარ ცვალებადობას. „I am safe in your arms, you are my angel, baby“ ჩამესმოდა ხმა. მუსიკა სასხვათაშორისოდ იყო ჩართული, თითქოს მხოლოდ მე მესმოდა და ისე ისმოდა, როგორც ფარული დაცინვა, რომელიც აშკარა მხოლოდ ადრესატისთვისაა. მინდოდა, მეთქვა რამე. მართლა მინდოდა ლაპარაკი. რაზე – არ ვიცი. უბრალოდ, ხმა რომ ამომეღო და მასაც ამოეღო ხმა და უცებ აღმოგვეჩინა, რომ სხვა არაერთ რამეშიც ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ორივეს გვიყვარს რამე, ან არ გვიყვარს. ეგ მინდოდა. ბრაზი, რომელიც წამდაუწუმ მერეოდა, დროდადრო სიახლოვის განცდაში იკარგებოდა და ვეღარ ვიგებდი, მძულდა თუ მიყვარდა კეფა, რომელსაც მთელი გზა თვალს არ ვაშორებდი. არც იმდენად შორს ვცხოვრობ, რომ ამდენი რამის განცდა მომესწრო, მაგრამ ვერც დროის მდინარებას ვგრძნობდი, ვერც იმას ვაცნობიერებდი, რამდენად შორს ვიყავი ჩემი სახლიდან და მაშინაც ძლივს მოვედი გონს, როცა მანქანა გააჩერა. მთავარი ამბები ჩემს გონებაში უკვე მომხდარი იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად მიმიყვანა. მერე მადლობა ვუთხარი, ვეცადე, გამღიმებოდა და მანქანიდან გადავედი. სრულიად მშვიდი, კმაყოფილი იჯდა საჭესთან და ხელს მიქნევდა. თუ გინდა, იფიქრე, რომ თავს ვიმშვიდებ, მაგრამ არც ისე ლამაზი იყო. არა, არც ულამაზო. რაღაცნაირად ჩვეულებრივი ვინმე იყო, ისე გამოიყურებოდა, როგორც ზოგადად გამოიყურებიან ხოლმე ადამიანები. ინდივიდუალიზმის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. იქნებ, ჩემზეც ასე გაიფიქრა, როცა თვალს მივეფარე, ან რამე საწყენი შენიშვნაც გაუზიარა თანამგზავრს. არ ვიცი, სად მიდიოდნენ. შეიძლება, ის წაიყვანა სახლში, ოცდაორ ნომერში, სადაც დაგპატიჟეს. შეიძლება, სხვაგან მიდიოდნენ სადმე, ან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. რას გაიგებ?! მანქანიდან გადმოსულს იგივე სუსხიანი ქარი და ოქტომბერი კი დამხვდა, მაგრამ სიცივე აღარ მიგრძნია. სახლში რომ შევედი, თვალები და ცხვირი მეწვოდა მხოლოდ. არა, კი არ გავციებულვარ, ვტიროდი. რა ვიცი, რა მატირებდა. დროდადრო ყველანი ვიქცევით სულელურად და ჩემი სისულელის დრო მაშინ დადგა. კი, როგორ არა, მანამდეც ვიცოდი, რომ ის უყვარდა და არა მე, დიდი ხანია, ერთად იყვნენ, არც მალავდნენ ამას. ბევრჯერ მინახავს ერთად, მათი სიცილიც ბევრჯერ გამიგონია, მაგრამ იმ დღეს რაღაც დავკარგე. თითქოს მის მანქანაში დამრჩა რაღაც მნიშვნელოვანი. მოკლედ, ასე იყო. ახლა უნდა ჩავიცვა და გავიდე, ფინალური მაქვს. საღამოს გადმოგირეკავ. აჰ, მაგაზე მეკითხები? არა, აღარ მიყვარს, დიდი ხანია. სხვათა შორის, ისინიც დაშორდნენ.

***

  • აქეთ გადმოდი.
  • საით?
  • აქეთ უნდა დადგე.
  • რა მნიშვნელობა აქვს.
  • რომ არ ჰქონდეს, ხომ არ გეტყოდი?
  • და საით უნდა გავყვეთ?
  • ახლა ჩამოივლის და მესამე გაჩერებაა აქედან.
  • შორია?
  • 15 წუთი მაქსიმუმ.
  • ის დაინახე?
  • ვისზე მეუბნები?
  • ბამბის ნაყინს რომ ჭამს, ბავშვი. იმ ქალს ჩაურა და ზედ მიუსვა.
  • შაქარია მაინც, ადვილად მოშორდება.
  • რავი. ალბათ.
  • ამ ვაგონში შევიდეთ.
  • გუშინ ველაპარაკე მაგას.
  • დაგირეკა?
  • არა, რას დამირეკავდა. მე დავურეკე.
  • აბა არ დავურეკავო?
  • როგორ არ დამერეკა?
  • როგორ და ეგრე. არ დაგერეკა.
  • დავურეკე და გაუხარდა მემგონი. თბილად მელაპარაკა, მისმენდა.
  • ამოიღო საერთოდ ხმა?
  • ჯერ მომესალმა და მერე დამემშვიდობა.
  • აბა თბილად მელაპარაკაო?
  • გამარჯობა და ნახვამდის ხომ ითვლება?
  • მერე?
  • რა მერე?
  • შენ რა უთხარი?
  • ხვალ მუზეუმში ახალი ექსპონატები მოაქვთ და სანახავად წავიდეთ, თან გზაში ვილაპარაკებდით-მეთქი.
  • და რაო?
  • ხო გითხარი? მისმენდა. მერე დამემშვიდობა, ლაპარაკი რომ დავამთავრე.
  • ვიღაც სხვა ეყოლება.
  • ვინ უნდა ჰყავდეს?
  • რავი, აეკიდებოდა ვინმე.
  • აქ ჩამოვდივართ?
  • არა, შემდეგზე.
  • გუშინ შეკვეთა ჩამომივიდა. მეგონა, ყველაფერი ზუსტად ჩავწერე, არადა ორი ზომით პატარა მაქვს.
  • მერე, რა უყავი?
  • კარადაში ჩავდე.
  • აჩუქე ვინმეს.
  • ახლა?
  • ხო, ჩამო.
  • წასვლამდე მოედანზე გავისეირნოთ.
  • დაამონტაჟეს უკვე განათებები?
  • კი, აბა. გუშინაც ვიყავი აქეთ.
  • რა გინდოდა?
  • იმის სახლის ქვეშ ვსეირნობდი.
  • დაილია სასეირნო ადგილები?
  • ველოდი, რომ გადმომხედავდა.
  • იცოდა, მანდ რომ იყავი?
  • არა, ისე. თვითონ უნდა გადმოეხედა.
  • ეს იყიდე, არ გინდა?
  • ამ წიგნზე ამბობ?
  • ჰო, რა იყო?
  • რავი. დებილობაა ახალ წელს.
  • ეს?
  • ამას არა უშავს, ოღონდ საჩუქრად. მე ეგეთი რამეები არ მომწონს.
  • დაინახე ის ქალი?
  • მათხოვარი?
  • ჰო, რა. სულ მიფუჭდება ხასიათი, როცა ვხედავ. ნეტა არ დადიოდნენ ქუჩაში.
  • აბა სად წავიდნენ?
  • სადაც უნდათ. მე აღარც ახალი წელი მინდა მერე და აღარც არაფერი.
  • არც მაგათ უნდათ.
  • რა?
  • ახალი წელი.
  • მაინც რანაირად მიყურებდა.
  • რანაირად?
  • ვითომ რაღაც საშინელება იცოდა ჩემზე და ვიღაცისთვის მოყოლით მემუქრებოდა.
  • მიგეცა მერე ხურდა.
  • მიგეცა კარგია. რამდენს უნდა მივცე? რომელიღაც მაინც შემომხედავს ეგეთი თვალებით.
  • ისიც ეგრე გვიყურებს.
  • იმ ტიპზე ამბობ?
  • არა, მაგის გვერდით. სათამაშოებს რომ ყიდის.
  • კაი ძვირად კი შეუფასებია.
  • ხომ არ გავბრუნდე და ვიყიდო? ცოდვაა.
  • ვინ იყიდის მაგ ფასად ეგეთ უშნო სათამაშოებს?
  • სათამაშოების სილამაზისთვის კი არა, ისე იყიდის ვინმე.
  • აბა ისე რატომ?
  • ისე. ფული რომ მისცეს. შეეცოდება.
  • შენ მისცემდი ფულს ისე?
  • რატომ არ მივცემდი. აქეთ წავიდეთ.
  • იქ ხომ არ დავსხდეთ ცოტა ხანი?
  • მისი კორპუსის წინ?
  • ჰო, რა იყო. ისედაც მანდ ატარებ ნახევარ ცხოვრებას.
  • მაგ კაფის თანამშრომლები მცნობენ მგონი უკვე.
  • გიცნობენ, რას იზამენ აბა.
  • ისიც იციან, რა უნდა მომიტანონ ხოლმე.
  • ეს რა ნომერია?
  • ეს ოცია. გვერდით ოცდაერთი და წინ მაგისი.
  • დაურეკე.
  • დავურეკო?
  • დაურეკე.
  • რა ვუთხრა?
  • შენი კორპუსის წინ ვარ და ჩამოდი-თქო.
  • რატომ ჩამოვიდეო, რომ მკითხოს?
  • იმიტომ, რომ შენი ნახვა მინდა-თქო.
  • და ნახვა რატომ გინდაო, რომ მკითხოს?
  • იმიტომ, რომ მომენატრე-თქო.
  • და რატომ მოგენატრეო, რომ მკითხოს?
  • რატომ მოგენატრა?
  • არ ვიცი. შეიძლება, არც მომენატრა. იქნებ აქ მოსვლას შევეჩვიე?

 

 

 

1 2 3 4 5