დღე, როდესაც უმცროსი დაეცა, ერთი ჩვეულებრივ დღესავით დაიწყო: აფეთქებული სიცხის ტალღები ჰაერში, საყვირივით ხმამაღალი მზე, ტრანსპორტის მოზღვავება ქუჩებში, შორიდან მომავალ მლოცველთა გალობა, ქვედა სართულიდან ამოღწეული  მუსიკა ბანალური ფილმიდან, თეძოების რხევით შესრულებული ხმამაღალი „საცეკვაო ნომერი“ მოპირდაპირე სახლის მეზობლის ტელევიზორში, ბავშვის ტირილი, დედის  ხმა, აუხსნელი სიცილი, ალისფერი ნახველი, ველოსიპედები, სკოლაში მიმავალი გოგონების ახლადდაწნილი თმა, ხანშიშესული კაცები, მაგარი ყავის ტკბილი სურნელი, მწვანე ფრთის გაელვება ხის ტოტზე. მოხუცებმა, უფროსმა და უმცროსმა, დილით თვალები თავ-თავიანთ საწოლ ოთახებში, ზღვისფერი შენობის მეოთხე სართულზე გაახილეს. მათი სახლი ჩრდილიან სკვერში იდგა, ელიოტის სანაპიროსთან, სადაც საღამოობით, თავისი ახალგაზრდული რიტუალების შესასრულებად ყმაწვილკაცობა იკრიბებოდა, მეთევზეთა სოფლის შორიახლოს, რომლის მოსახლეობასაც არასოდეს ეცალა თავქარიანობისთვის. ღარიბები დღისითაც და ღამითაც პურიტანები არიან.

მოხუცებს საკუთარი რიტუალები ჰქონდათ, რომელთა შესასრულებლად მაინცდამაინც საღამოს ლოდინი საჭირო არ იყო. დარაბების ღრიჭოებიდან  მზემ ორივეს პირდაპირ თვალებში შეაჭყიტა. საწოლიდან გაჭირვებით წამოდგნენ და უძველესი ზღაპრის საბედისწერო ხიფათების მახეში გახლართული გმირებივით, რომელთაც ამ შემთხვევათა შედეგების თავიდან აცილება არ ძალუძთ, ერთმანეთის მომიჯნავე აივნებზე თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ. თითქმის ერთდროულად დაიწყეს ლაპარაკი. ახალი არაფერი უთქვამთ, ეს იყო მათი რიტუალური სიტყვა, ახალი დღის სადიდებელი, რითმული დიალოგების, ანუ ყოველწლიური დეკემბრის ფესტივალის კარნატული მუსიკის ვირტუოზთა „დუელის“ მსგავსი მელოდიური „სიტყვა-პასუხი“.

„მადლობელი იყავი, რომ სამხრეთელები ვართ,“ ზმორებითა და მთქნარებით დაიწყო უმცროსმა. „ნამდვილი სამხრეთელები, ქალაქის სამხრეთით, ქვეყნის სამხრეთით და კონტინენტის სამხრეთით ვცხოვრობთ. დიდება უფალს, თბილ, აუჩქარებელ, მგრძნობიარე კაცებად გავჩნდით და იმათ არ ვგავართ… თევზებივით ცივსისხლიან ჩრდილოელებს.“

უფროსი, რომელიც ჯერ მუცელს იქექავდა, მერე კისერს, წესისამებრ, მყისვე შეეწინააღმდეგა.

„ჯერ ერთი,“ – აღნიშნა მან. –„სამხრეთი გამონაგონია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანები შეთანხმდნენ ასე.  ხალხს დედამიწა ასეთი კი არა, საწინააღმდეგო ფორმით რომ წარმოიდგინა, მაშინ ჩვენ ჩრდილოელები ვიქნებოდით. სამყარო ვერ არჩევს, სად არის ზევით და სად არის ქვევით. ვერც ძაღლი არჩევს. ძაღლისთვის არ არსებობს არც სამხრეთი, არც ჩრდილოეთი. ოთხი მხარე ჰგავს ფულს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ აქვს ღირებულება, რომ ადამიანებმა ასე დააწესეს. ან, საიდან მოიტანე, რომ თბილი ხარ? ნებისმიერი ქალი სიცილით მოკვდება, თუ ეტყვი, რომ მგრძნობიარე კაცი ხარ. აი, ნელი კი ხარ, ამაში ეჭვი არავის ეპარება.“

ასე ცხოვრობდნენ მოხუცები – კინკლაობდნენ და ერთმანეთს თავს ანტიკური ხანის იმ მეომრებივით ესხმოდნენ, რომლებიც ერთიმეორეზე მარცხენა ფეხის კოჭებთან თოკით არიან გადაბმულები. თოკი, რომელიც მათ ასე მჭიდროდ აკავშირებდა, მათი სახელი იყო. უცნაური დამთხვევით, რომელსაც ისინი გონებაში „ბედისწერას“ უწოდებდნენ, ხოლო ხმამაღლა კი „წყევლას“, მათ ერთი სახელი ერქვათ – გრძელი სახელი, ისეთი, ტრადიციულად, სამხრეთელებს რომ არქმევენ ხოლმე, სახელი, რომლის წარმოთქმითაც არცერთი მათგანი თავს არ იწუხებდა.  სახელის გამარტივებით, მისი მხოლოდ საწყის, „ვ“ ასომდე დაყვანით, მოხუცებმა მათი დამაკავშირებელი თოკი უხილავი გახადეს, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ საერთოდ გააქრეს. კაცები ერთმანეთს სხვა ნიშნებითაც ჰგავდნენ: ხმის მაღალი რეგისტრით, თხელი აღნაგობით, ორივე საშუალო სიმაღლის და ახლომხედველი იყო, ორივე  მთელი ცხოვრება ჯანმრთელი კბილებით ამაყობდა, თუმცა ბოლოს, პროტეზის წინაშე ფარ-ხმალის სამარცხვინოდ დაყრას ვერცერთი ვერ გადაურჩა. სწორედ მათმა სახელმა, სიმეტრიულმა „ვ“-მ, სახელმა სახელად „სახელირომელიცარწარმოითქმის“, ისინი ერთმანეთს ათწლეულების განმავლობაში სიამის ტყუპებივით შეადუღაბა. მიუხედავად უცნაური მსგავსებისა, მოხუცები ერთ დღეს არ დაბადებულან. ერთი  ჩვიდმეტი დღით ადრე მოევლინა ქვეყანას. როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა „უფროსი“ და „უმცროსი“. ასე უკვე იმდენი ხანი ეძახდნენ ერთმანეთს, რომ ვეღარც იხსენებდნენ, ამ სახელების დარქმევა პირველად თავში ვის მოუვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ ეს თავდაუზოგავად  მოკამათე ოთხმოცდაერთი წლის მოხუცები  ვ. უფროსად და ვ. უმცროსად მოიხსენიებოდნენ.

“ცუდად გამოიყურები“, უთხრა უმცროსმა უფროსს, ზუსტად ისე, როგორც ყოველ დილას ეუბნებოდა ხოლმე. „იმ ადამიანს ჰგავხარ, მხოლოდ სიკვდილს რომ ელოდება.“

უფროსმა, თავი დაუქნია და ტრადიციის თანახმად, უპასუხა: „არა უშავს, ასე მირჩევნია, ჯობია, ცუდად გამოვიყურებოდე, ვიდრე შენსავით, იმ მოხუცივით, რომელიც ისევ ცხოვრებას ელოდება.“

ღამით კარგად არცერთს აღარ ეძინა. მაგარ საწოლზე ორივე უბალიშოდ იწვა, ხოლო  მათ მილულულ ქუთუთოებს მიღმა კი მოუსვენარი აზრები საწინააღმდეგო მიმართულებით დაჰქროდნენ. ამ ორიდან, ვ.უფროსმა გაცილებით სისხლსავსე ცხოვრება გაიარა. ის ათი ძმიდან ყველაზე უმცროსი იყო. იმ ათი ბავშვიდან თავის სფეროში ყველამ წარმატებას მიაღწია – ზოგი სპორტსმენი გახდა, ზოგი მეცნიერი, ზოგი მასწავლებელი, ზოგი ჯარისკაცი და  ზოგიც მღვდელი. თავად კარიერა  სირბილში კოლეჯის ჩემპიონობით დაიწყო, შემდეგ სარკინიგზო კომპანიის მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და წლების განმავლობაში მატარებლებით მოგზაურობდა, ათიათასობით მილს გადიოდა, რომ ჯერ თვითონ დარწმუნებულიყო და მერე უფროსობაც დაერწმუნებინა, რომ რკინიგზაზე სათანადო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. ცოლად გულკეთილი ქალი მოიყვანა და ექვსი ქალიშვილისა და სამი ვაჟის მამა გახდა, რომლებმაც, თავის მხრივ, საკუთარი ნაყოფიერება გამოავლინეს და ის ოცდაცამეტი შვილიშვილით დააჯილდოვეს. მის ცხრა ძმასაც ასევე ოცდაცამეტი შვილი ჰყავდა და მათმა შვილებმა ოჯახს კიდევ ასთერთმეტი წევრი შესძინეს. ბევრისთვის ეს ბედნიერების მაჩვენებელი იქნებოდა, რადგან ადამიანი, რომელსაც ოჯახში ორასოთხი წევრი ჰყავს, მართლაც ღვთისაგან დალოცვილი უნდა იყოს, მაგრამ ესთეტიკისადმი მიდრეკილებების გამო, უფროსს ნაკლები თავისტკივილი ერჩივნა. „რა მშვიდი ცხოვრება მექნებოდა,“ უთხრა მან ერთხელ უმცროსს. „სტერილური რომ ვყოფილიყავი.“

 

1 2 3 4 5