პენსიაში გასვლის შემდეგ, უფროსი მეგობრების იმ ათკაციანი ჯგუფის წევრი გახდა, რომლებიც ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდნენ და პოლიტიკას, ჭადრაკს, პოეზიასა და მუსიკას ადგილობრივ Besant Nagar ყავახანაში განიხილავდნენ. ამა თუ იმ თემაზე მის კომენტარებს ქალაქის საუკეთესო ყოველდღიური გაზეთი ბეჭდავდა. მის მეგობრებს შორის ამ გაზეთის რედაქტორიც იყო და ერთი ჟურნალისტიც, ქალაქში საკმაოდ ცნობილი ფიგურა, მართალია, საგრძნობლად ლოთი და ცოტათი რადიკალურიც, მაგრამ შესანიშნავი გროტესკული პოლიტიკური კარიკატურების ავტორი. იმ ჯგუფი წევრი იყო ასევე ქალაქის საუკეთესო ასტროლოგი, რომელმაც ასტრონომია კი შეისწავლა, მაგრამ მაინც, სწამდა, რომ ვარსკვლავების ჭეშმარიტი გზავნილების ტელესკოპით წაკითხვა შეუძლებელია. იმავე ჯგუფში იყო აგრეთვე კაცი, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი შეჯიბრებებისა და დოღების დაწყებას პისტოლეტის გასროლით იუწყებოდა. უფროსი ძალიან აფასებდა იმ ადამიანებს და ცოლს ეუბნებოდა, რომ არაჩვეულებრივია, როცა ისეთი მეგობრები გყავს, რომლთაგანაც ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობო.
მერე ყველა გარდაიცვალა. მისი მეგობრები ერთიმეორის მიყოლებით დაიფერფლნენ და ყავახანაც, რომელიც მათ მოგონებას ინახავდა, დაანგრიეს. ათი ძმიდან მხოლოდ ის დარჩა ცოცხალი, და ძმის ცოლებიც, დიდი ხანია იმ ქვეყანას გაემგზავრნენ. გარდაიცვალა მისი გულკეთილი ცოლიც, თავად უფროსი კი ხელმეორედ დაქორწინდა – თავისთვის ერთი ხისფეხა ქალი იპოვა და ისე უხეშად ექცეოდა, რომ შვილები და შვილიშვილები განაცვიფრა. „ჩემს ასაკში არჩევანი არ მაქვს,“ ეუბნებოდა ის ქალს.“და ამიტომ აგირჩიე.“ ქალმა კი იმით უპასუხა, რომ მის მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევდა, წყალსაც კი არ აწვდიდა, რასაც არცერთი ცივილიზებული ადამიანი არ აკეთებს. მას აარტი ერქვა, მაგრამ უფროსი სახელს არასოდეს ეძახდა, არც შემოკლებული თუ მოფერებითი სახელით მიმართავდა, მისთვის ის უბრალოდ „ქალი“ ან „ცოლი“ იყო.
უფროსი მოხუცებულობის მრავალ პრობლემას ითმენდა: შარდსადინარისა და კუჭნაწლავის, ზურგისა და მუხლების ტკივილები ტანჯავდა, თვალებში რძის მსგავსი სითხე ჩაუდგა, სუნთქვა გაურთულდა, ღამით კოშმარებს ხედავდა, მოკლედ, სხეული თანდათან უკან-უკან წაუვიდა. დღეებს სრულ უმოქმედებასა და სიცარიელეში ატარებდა. ადრე, დროის გასაყვანად, მათემატიკას, სიმღერასა და ვედებს ასწავლიდა. ახლა არცერთი მოსწავლე აღარ ჰყავდა, მხოლოდ ხისფეხიანი ცოლი, ტელევიზორის ეკრანზე გადღაბნილი ფიგურები და უმცროსიღა შერჩა, რაც საკმარისად არ მიაჩნდა. ყოველ დილით ნანობდა, რომ წინა ღამით არ მოკვდა. მისი ოჯახის ორასოთხი წევრიდან არც ისე ცოტა უკვე სამუდამო სასუფეველში იმყოფებოდა, ვეღარ ითვლიდა, იქით ზუსტად რამდენი იყვნენ და არც მათი სახელები ახსოვდა. ცოცხლად დარჩენილთაგან ბევრი სანახავადაც სტუმრობდა და გულთბილადაც ეპყრობოდა. როდესაც მათ უფროსი გამოუცხადებდა, რომ სიკვდილისთვის მზად იყო, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე, მნახველებს სახეზე მწუხარება ესახებოდათ, სხეულები კი, ხასიათის შესაბამისად, ზოგს უდუნდებოდა, ზოგს კი პირიქით, ეძაბებოდა, თუმცა, ყველა მათგანი მის დამშვიდებას, დარწმუნებას, გახალისებასა და გამხნევებას ცდილობდა. ოდნავ ნაწყენი ტონით შეახსენებდნენ ხოლმე, რომ სიყვარულით აღსავსე სიცოცხლე ჯეროვნად უნდა დაეფასებინა. მაგრამ სიყვარული, როგორც უამრავი სხვა რამ, მას, რა ხანია, აღიზიანებდა. ის თავის ოჯახს ბზუალა მწერებსა და მკბენარების ჰაერში დაკიდულ ღრუბელს ამსგავსებდა, ხოლო მათ სიყვარულს კი კოღოს ნაკბენებს, სულ რომ გექავება. „რამე სპირალი მაინც მოიგონონ.“ ეუბნებოდა ის უმცროსს. „აანთებ და ახლოს ვეღარ მოგეკარებიან.“
უმცროსისთვის ცხოვრება ერთი დიდი იმედგაცრუება გამოდგა. მოსიყვარულე მშობლებმა კი შთაუნერგეს, რომ განსაკუთრებული დანიშნულებისა და ბედისწერის ადამიანად დაიბადა, მაგრამ ის საშუალო აკადემიური შედეგების, მუნიციპალური წყლის სისტემის კომიტეტის ოფისებში კლერკული სამუშაოებისთვისა და ბანალური ცხოვრებისთვის განწირული ერთი ჩვეულებრივი კაცი აღმოჩნდა. თავისი საშუალოზე მაღალი ოცნებები – გზებზე მოგზაურობა, რკინიგზით მოგზაურობა, ჰაერში მოგზაურობა, და კოსმოსში მოგზაურობაც კი, დიდი ხანია, წარსულს მიაბარა. თუმცა, უბედური არ ეთქმოდა. როდესაც დადგინდა, რომ უკურნებელი დაავადება სჭირდა, ბუნებრივია, ოპტიმიზმი ჩაუქრა, მაგრამ, სამყაროს მაინც ანთებული თვალებითა და ფართო ღიმილით უყურებდა. ცხოვრების მიმართ მისი ენთუზიაზმის მიუხედავად, ენერგიის ნაწილში მაინც დიდი დეფიციტი აღენიშნებოდა. ის არ დარბოდა, მხოლოდ დადიოდა, თანაც, ნელა – ასევე იყო ახალგაზრდობის წლებშიც. ფიზიკურ ვარჯიშს ვერასოდეს იტანდა და დასცინოდა მათ, ვინც ვარჯიშობდა. მას არც პოლიტიკა აინტერესებდა, არც ყველგან გამეფებული კინო და კინომუსიკის პოპულარული კულტურა. ის ცხოვრების დღესასწაულში მონაწილეობას არცერთი მნიშვნელოვანი კუთხით არ აღებდა. არც დაქორწინებულა. რვა ათეული წლის სიცოცხლეში, აღსანიშნავი მოვლენები, მისი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოხდა – ის გვერდზე იდგა და აკვირდებოდა, როგორ დაეცა იმპერია და დაიბადა ერი და საკუთარი აზრის გამოხატვისგან თავს იკავებდა. უმცროსი კაბინეტის კაცი იყო. მუნიციპალური წყლის სისტემის სათანადო დონეზე უზრუნველყოფა მისთვის უმთავრესი ცხოვრებისეული ამოცანა აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის კვლავაც ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ცხოვრება უხარია. უმცროსი ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო და ამიტომ, ნათესავი, რომელიც მასზე იზრუნებდა, თითქმის არ ჰყავდა, თუმცა, უფროსის მრავალრიცხოვანმა ოჯახმა, ის რახანია თავისი ზრუნვის საგნად აქცია, ნუგბარითაც ანებივრებდნენ და ყველა საჭირო დახმარებასაც უწევდნენ.
ზოგჯერ, უფროსის ნათესავები მათი ბინების გამყოფი კედლის საკითხსაც წამოწევდნენ ხოლმე, ფიქრობდნენ, ხომ არ აეღოთ კედელი, რომ ორ მოხუცს ერთმანეთთან ურთიერთობა უფრო გაადვილებოდა. ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, ორივე ერთ აზრზე იდგა:
„არა!“ ამბობდა უმცროსი.
„ამას მირჩევნია, მოვკვდე!“ – აზუსტებდა უფროსი.
„ჰოდა, ნებისმიერ შემთხვევაში უაზრობა იქნება.“ – ამბობდა უმცროსი ისე, თითქოს ამით რამეს მოაგვარებდა.
კედელი ადგილზე დარჩა.
უმცროსს ერთი მეგობარი ჰყავდა, დ’მელო, მასზე ოცი წლით ახალგაზრდა, ყოფილი თანამშრომელი მუნიციპალიტეტიდან. დ’მელო სხვა ლეგენდარულ ქალაქ მუმბაოში გაიზარდა და ინგლისურად ლაპარაკობდა. როდესაც ის უმცროსსთან სტუმრად მოდიოდა, უფროსი იფუყებოდა და ინგლისურად საუბარზე უარს აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ მალულად ამაყობდა, თავისუფლად რომ ფლობდა „მსოფლიოს No. 1 ენას“. უმცროსი ცდილობდა უფროსისთვის დაემალა, როგორ ელოდებოდა დ’მელოს გამოჩენას, რომელიც კოსმოპოლიტანური ხალისით საუბრობდა, რაც, უმცროსს შმათაგონებლად ეჩვენებოდა. დ’მელოს ყოველთვის მოჰქონდა სხვადასხვა ამბები – ხან მუმბაის ქოხმახებში მცხოვრები ღატაკების მიმართ გამოჩენილი უსამართლობის შესახებ, ხან სასაცილო ისტორიები იმ პარსონაჟებზე, რომლებიც ყავას სვამდნენ სახელგანთქმულ კაფე ვეისაიდ ინში, მუმბაის კალა ხოდაზე, უბანში, რომელსაც სახელი მხედრის აწ უკვე აღებული ქანდაკების საპატივცემულოდ დაერქვა. როგორც ამბობდნენ, ეს იყო „შავი ცხენის რაიონი, საიდანაც ცხენი გააძევეს.“ დ’მელო ეტრფოდა კინოვარსკვლავებს (რა თქმა უნდა, შორიდან.) და ტრომბეის უბანში ჯერ-არ-დაპატიმრებული შეშლილის შესახებ სისხლიან დეტალებს იხსენებდა. „ბოროტმოქმედი ჯერ არ დაუპატიმრებიათ!“ – წამოიძახებდა ხოლმე ხალისიანად. მისი საუბარი სავსე იყო ისეთი სახელებით, როგორიცაა: ვორლის ზღვა, ბანდრა, ჰორნი ველარდი, ბრიჩ კენდი, პელი ჰილი. ეს სახელები უფრო ეგზოტიკურად ჟღერდა, ვიდრე პროზაული სახელები ადგილებისა, რომლებსაც უმცროსი იყო შეჩვეული: ბესანტ ნაგარი, ადიარი, მაილაპური.