ასე ფიქრობდა უფროსი. გოგოებთან ჩხუბში, მას გამორჩა ჰაერის ის მრავლისმთქმელი უკანასკნელი ჭავლი, რომელიც, შესაძლოა, ამ შეხედულებების გადახედვას აიძულებდა.  ერთ წამი და  უმცროსი ცოცხალი აღარ იყო, მხოლოდ მისი სხეული დარჩა ტროტუარზე. სხეული, რომელიც თავიდან მანამდე უნდა მოიშორო, ვიდრე ტროპიკული სიცხე თავის მყრალ საქმეს შეუდგება. უფროსს ერთადერთი რამ რჩებოდა მოსაგვარებელი: მან უმცროსის ჯიბიდან პენსიის ქვითარი ამოიღო, შემდეგ, „ვესპას“ გოგოები თავის ცოლთან და ნათესავებთან გააგზავნა და მისიის შესასრულებლად მარტო გაემართა. დრო არ ჰქონდა, რომ სიკვდილისთვის პატივი მიეგო. პალაკადის ბრაჰმანების, ანუ აიერების (რომელთა შთამომავლებიც  ორივე, უფროსიც და უმცროსიც იყვნენ) ტრადიციების თანახმად, გლოვის რიტუალები ცამეტი დღე გრძელდება.

მეორე დღეს, პლანეტის სამხრეთით, უფროსის სახლისგან შორს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც თუ ისე ძალიან შორს, ოკეანეში მძლავრი მიწისძვრა მოხდა და ოკეანის წყალი, მის ქვეშ გაწოლილი მიწის აგონიაზე საკუთარი აგონიით რომ ეპასუხა, აიზვირთა, რამდენიმე ვეებერთელა ტალღად გარდაიქმნა და თავისი ტკივილი დედამიწის მთელ სფეროს გადმოანთხია. ორმა ასეთმა ტალღამ ინდოეთის ოკეანე გადმოჭრა და დილას შვიდს თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც უფროსმა იგრძნო, როგორ ირხეოდა მისი საწოლი. რადგან იმ ქალაქში მიწისძვრა არასოდეს მომხდარა,  ეს მისთვის  საკმაოდ ძლიერი და უცხო ვიბრაცია იყო. უფროსი ადგა და აივანზე გავიდა, გვერდითა აივანზე კი არავინ გამოსულა, უმცროსი ხომ აღარ იყო! უმცროსი ახლა ფერფლად იყო ქცეული.  სკვერი მეზობლებს აევსოთ, ტანთ ის ეცვათ, რაც ხელში მოხვდათ და მხრებზე საბნები ჰქონდათ მოხურული. ყველანი რადიოს უსმენდნენ.  როგორც გაირკვა, მიწისძვრის ეპიცენტრი შორეულ კუნძულ სუმანტრასთან დაუფიქსირებიათ. მიწისქვეშა ბიძგები შეწყდა და ხალხიც თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ორი საათისა და თხუთმეტი წუთის შემდეგ, ქალაქს ზღვიდან გიგანტური ტალღა მოადგა.

სანაპირო ზოლი წალეკა: ელიოტის სანაპირო, მარინას საზღვაო სანაპირო, ზღვისპირა სახლები, მანქანები, სკუტერები და ხალხი. დილის ათ საათზე ზღვა მეორედ დაესხათ თავს. დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ასევე – დაკარგულთა, დამხრჩვალთა, დამტვრეულთა, გამორიყულთა. მიცვალებულები იყვნენ ყველგან. ტალღებს უფროსის სახლამდე არ მიუღწევია. არც  სკვერი  დაზიანებულა. ყველანი ცოცხლები გადარჩნენ.

გარდა უმცროსისა.

გაუმართლათ, რომ ტალღები ელიოტის სანაპიროს დილით მიადგა, თორემ ახალგაზრდა რომანტიული წყვილები, ღამით ზღვისპირას დროს რომ ატარებდნენ და ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ, დაიღუპებოდნენ. ასე რომ, ახალგაზრდა მეგობრები და შეყვარებულები გადარჩნენ. მეთევზეებს არ გაუმართლათ. ახლოს მდებარე მეთევზეთა სოფელმა,  სახელად ნოჩიკუპამმა არსებობა შეწყვიტა. სანაპიროზე ტაძარი კვლავაც იდგა, მაგრამ მეთევზეების ქოხები და კატამარანები და თავად მეთევზეები წყალმა წალეკა. მას შემდეგ, გადარჩენილ მეთევზეებს შესძულდათ ზღვა და წყალში შესვლაზე უარს აცხადებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში, ბაზარში თევზის შოვნა შეუძლებელი გახდა.

უფროსს არ უყვარდა იაპონური სიტყვა, მთელ ქალაქს პირზე რომ ეკერა და წყალს მკვლელად მოიხსენიებდნენ. მისთვის, ტალღები წარმოადგენდა თავად სიკვდილს და სხვა სახელი რა საჭირო იყო. სიკვდილი გამოეცხადა მათ ქალაქს, საკუთარი წილი  მოითხოვა და თან წაიყვანა უმცროსი და კიდევ უამრავი უცნობი ადამიანი. როდესაც ტალღებმა უკან დაიხიეს, უფროსის გარშემო ტყესავით ამოიზარდა ხმები და ქმედებები, გარდაუვლად რომ მოსდევს ხოლმე უბედურებას – კეთილი ხალხის  კეთილი ქცევა, მდიდართა და სასოწარკვეთილთა უღირსი საქციელი, უმიზნო  ადამიანთა მოზღვავება. ის დაიკარგა იმ უსიერ ტყეში, და ვეღარაფერს ხედავდა  გვერდითა აივანზე სიცარიელისა და სკვერში თავდახრილი გოგოების გარდა. მოვიდა ამბავი დ’მელოს დაკარგვის შესახებ. გამოდის, ისიც აღარ იყო. თუმცა, შეიძლება, არც დაღუპულა. იქნებ, უბრალოდ, ბოლოსდაბოლოს, შინ დაბრუნდა, მშობლიურ სისხლსავსე  ქალაქ მუმბაიში, მოპირდაპირე სანაპიროზე, ყველაზე დიდებულ, ყველაზე წარმტაც, ყველაზე საბედისწერო ქალაქში, რომელიც არც სამხრეთითაა და არც ჩრდილოეთით,უბრალოდ, წინაა. მეორეს მხრივ კი, იქნებ დ’მელო დაიხრჩო, სიკვდილმა გადასანსლა და ახლა მის სხეულს ქრისტიანულ სამარეს არ უთმობს.

სწორედ ის, უფროსი იყო ის, ვინც სიკვდილს ითხოვდა, მაგრამ სიკვდილმა მას გვერდი აუქცია და უთვალავი სხვა ადამიანი წაიყვანა, მათ შორის, უმცროსი და დ’მელო, მისთვის კი თითიც არ დაუკარებია. იმ სამყაროში არსებობას აზრი აღარ ჰქონდა. ტექსტები შინაარსისგან დაიცალა, და მისი თვალები კი სინათლისგან. შესაძლოა, რაღაც ხმამაღლაც თქვა. შესაძლოა რაღაც დაიყვირა კიდეც. გოგონებმა სკვერიდან ამოხედეს, ოქროს წვიმის ხეში მწვანე ჩიტები დაფრთხნენ. შემდეგ, უეცრად, მოეჩვენა, რომ გვერდითა აივანზე ჩრდილი გაკრთა. „რატომ მე არა?“ დაიყვირა მან. საპასუხოდ, ჩრდილი შეირხა იმ ადგილას,  სადაც უმცროსი დგებოდა ხოლმე. სიკვდილი და სიცოცხლე სხვა არაფერი იყო, თუ არა გვერდითა აივნები. უფროსი, როგორც ყოველთვის, ერთზე იდგა, ხოლო მეორეზე კი, უამრავი წლის ტრადიციის შესაბამისად, უმცროსი, მისი სეხნია, და როგორც ყოველთვის, ეკამათებოდა.

 

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

1 2 3 4 5