დ’მელოს ყველაზე გულგანმგმირავი ამბავი ქალაქის დიდ პოეტს ეხებოდა, რომელსაც ალცაიმერის ავადმყოფობა დაემართა. პოეტი ყოველ დილას მიდიოდა თავის პატარა, ჟურნალებით გადაჭედილ ოფისში ისე, რომ თავად ვერ ხვდებოდა, იქ რა უნდოდა. მისმა ფეხებმა იცოდნენ გზა, და ისიც ფეხებს მიჰყვებოდა. იქ კი, იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა, ვიდრე სახლში წასვლის დრო დადგებოდა და ფეხები ისევ უკან, დაქცეულ ბინაში წაიყვანდნენ: გაატარებდნენ ხალხით სავსე ჩარჩგეითის სადგურს, ჟასმინით მოვაჭრეებს, მცირეწლოვან ქურდბაცაცებს, ხმაურიან B.E.S.T. ავტობუსებს, მოტოროლა „ვესპაზე“ შემომჯდარ გოგონებსა და  მშიერ ძაღლებს, სულ რაღაცას რომ ყნოსავდნენ.

როდესაც დ’მელო იქ იყო და ამბებს ყვებოდა, უმცროსს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ ერთად სულ სხვა, მხიარული და ფერადი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და თავს ისეთ ადამიანად წარმოისახავდა, როგორიც არასოდეს ყოფილა – დინამიურ, ვნებიან, ცხოვრებას ფეხს რომ უწყობს, ისეთ კაცად. უფროსი ხედავდა, როგორ ენთებოდა უმცროსს თვალები და ბრაზდებოდა. ერთ დღეს, როდესაც დ’მელო მუმბაისა და მისი მაცხოვრებლების შესახებ ჩვეული ჟესტიკულაციითა და გატაცებით საუბრობდა, უფროსმა დუმილის აღქმა დაარღვია და ინგლისურად მკვახედ ჰკითხა: „რატომ არ ბრუნდება თქვენი სხეული უკან, მაშინ, როცა თქვენი გონება უკვე დიდი ხანია იქ იმყოფება?“ ამაზე დ’მელომ თავი სევდიანად გადააქნია. მშობლიურ ქალაქში მას წასასვლელი აღარ ჰქონდა. ის მუმბაიში მხოლოდ ოცნებებსა და საუბრებში თუ დაბრუნდებოდა. „აქ მოვკვდები.“ უპასუხა მან უფროსს, „სამხრეთში, თქვენნაირ მჟავე ხალხს შორის.“

უფროსის ცოლი, ხისფეხიანი ქალი, სულ უფრო და უფრო ხშირად ავსებდა სახლს თავისი ნათესავებით –  ეს მისი შურისძიება იყო ქმრის უსიყვარულობის გამო. ისიც დიდი ოჯახიდან იყო, მისი ოჯახიც ასობით ადამიანს ითვლიდა და ის თავისთან უფრო  მეტად ახალგაზრდებს ეპატიჟებოდა – ძმებისა და დების შვილიშვილებს მათი ცოლებიანად თუ ქმრებიანად, და რაც მთავარია, შვილებიანად.  პატარა ბინაში დიდი რაოდენობით ჩვილებისა და სხვადასხვა ასაკის  ბავშვების, მარდი კიკინებიანი  გოგოებისა და ზანტი მსუქანა ბიჭების თავმოყრით ქალი თავის დედობრივ ამბიციებს იკმაყოფილებდა, და თანაც, უდიდესი კმაყოფილებით აღიზიანებდა უფროსს. ყველაზე მეტად მოხუცს ჩვილები აცოფებდა – ისინი თავიანთ საჩხარუნოებს აჩხარუნებდნენ, თავიანთ სახითხითოებს ხითხითებდნენ და თავიანთ საჩხავლს ჩხაოდნენ. როცა ეძინათ, უფროსს მოეთხოვებოდა, წყნარად ყოფილიყო, ხოლო როდესაც იღვიძებდნენ, ისე ხმაურობდნენ, რომ მოხუცს საკუთარი აზრების ხმაც კი არ ესმოდა. ბავშვები ჭამდნენ, კუჭში გადიოდნენ, აკუებდნენ და მათი ექსკრიმენტებისა და ნარწყევის სუნი ბინიდან მაშინაც კი არ გადიოდა, როდესაც საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ. მოხუცი მათ ყველაზე მეტად მაშინ ვერ იტანდა, როცა კიდევ ერთი სუნი სცემდა: ტალკის.

„ცხოვრების ბოლოს“ ეწუწუნებოდა ის უმცროსს, როდესაც თავისი და თავისი ცოლის ნათესავების ურდოების შემოსევისას თავს მის ბინას აფარებდა. „არაფერია უფრო საზიზღარი, ვიდრე მისი მშვენიერი დასაწყისის სურნელი. წინსაფრები და ბაფთები,  გაცხელებული რძე ბოთლებში, ტრაწი, კუილი, და ტალკმოყრილი ტრაკები.“

ამის გაგონებაზე, უმცროსი თავს ვერ იკავებდა: „სულ მალე შენც ისეთივე უმწეო იქნები და ბუნებრივი მოთხოვნილებების დროს სხვისი დახმარება დაგჭირდება. ბავშვობა შენი მხოლოდ წარსული კი არა, მომავალიცაა.“ უფროსის სახის გამომეტყველება იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი სიტყვები მიზანში ხვდებოდა.

ვერავინ უარყოფს, რომ ორივეს ბედი სწყალობდა. ისინი არც სიბრმავეს უჩიოდნენ, არც სიყრუეს და ჯერჯერობით, არც გონებას უღალატია მათთვის ისე, როგორც მუმბაიელ პოეტს უღალატა. საჭმელი, რომელსაც ისინი ჭამდნენ, ფაფუკი და ადვილად გადასამუშავებელი იყო, და მოხუცების პიურესგან განსხვავებით, გემრიელიც. ამასთან, ასე თუ ისე, სიარულსაც ახერხებდნენ და კვირაში ერთხელ, სვენებ-სვენებით, კიბეზეც ჩადიოდნენ და ხელჯოხების დახმარებით ფოსტამდეც აღწევდნენ, საიდანაც პენსია გამოჰქონდათ. უნდა ითქვას, რომ მათ ფოსტაში წასვლის აუცილებლობა არ ჰქონდათ, რადგან უფროსის ბინაში გამაგრებული ახალგაზრდები, რომელთა გამოც, მოხუცი იძულებული ხდებოდა, თავშესაფარი უმცროსისთვის ეთხოვა და დღეები  მასთან დაუსრულებელ კამათში გაეტარებინა, სიამოვნებით გაიქცეოდნენ ფოსტაში და ორ უმწეო მოხუცს პენსიას მოურბენინებდნენ. მაგრამ მოხუცებს არ სურდათ, ეს საქმე ახალგაზრდებისთვის გადაებარებინათ. ეს ერთადერთი რამ იყო, რაზეც ორივე თანხმდებოდა. დამოუკიდებლად წასვლა იქ, სადაც მეტალის გისოსებს მიღმა ფოსტის ოპერატორი იჯდა და ელოდებოდათ, რომ ყოველკვირეულად ის თანხა გაეცა, რაც მათ მთელი ცხოვრების შრომისთვის ერგებოდათ, მათთვის ღირსების საკითხს წარმოადგენდა. “იმ კაცს სახეზე ეტყობა პატივისცემა.“ ხმამაღლა ეუბნებოდა უფროსი უმცროსს, მაგრამ უმცროსი პასუხს არ სცემდა, რადგან ის, რასაც  გისოსებს იქით ხედავდა, მას უფრო მეტად გულგრილობასა და უპატივცემულობას მოაგონებდა.

პენსიის გამოსატანად წასვლა უფროსისთვის აღიარების აქტი იყო. ყოველკვირეული თანხა, თუნდაც საკმაოდ მცირე, მისი მთელი ცხოვრების შრომას პატივს მიაგებდა და ამავდროულად, საზოგადოების მადლიერებასაც გამოხატავდა. უმცროსისთვის, ფოსტისკენ სვლა დაუმორჩილებლობის მანიფესტს წარმოადგენდა.

„მე თქვენ არაფრად მთვლით.“ ერთხელ მან პირდაპირ მიახალა გისოსს უკან მჯდომ სახეს. „ახლა თქვენ არაფრად მიგაჩნიათ პენსიის გაცემა, მაგრამ როდესაც თქვენი რიგიც მოვა და აქ დადგებით, სადაც ახლა მე ვდგავარ, მაშინ მიხვდებით!“

იმ მცირე პრივილეგიათაგან, ერთ-ერთი, რაც ასაკს მოაქვს, ისაა, რომ თავს უფლებას აძლევ, უცნობებსაც კი უთხრა, რასაც ფიქრობ და ცოტა ვინმეს თუ ეყოფა გამბედაობა, შეგეპასუხოს და არავინ გკადრებს, ენა ჩაიგდეო. „ეჭვი არავის ეპარება, რომ მალე მოვკვდებით“, ფიქრობდა უმცროსი, „და აზრი არ აქვს ჩვენთან ჩხუბს“. მას კარგად ესმოდა მოლარის თვალებში ჩამდგარი სიძულვილის მიზეზი. ეს სიცოცხლისა და სიკვდილის ურთიერთსიძულვილი იყო.

იმ დღეს, როცა უმცროსი დაეცა, დილით, ჩვეულ დროს, ფოსტაში მიდიოდნენ. წელიწადი იწურებოდა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა, დ’მელოს ჩათვლით, თავიანთი მხსნელის შობა უკვე იდღესასწაულეს. მოახლოებული ახალი წელი, რომელიც ქალაქს ახალ, ბედნიერ, და უფრო მეტიც, უსასრულო მომავალს ჰპირდებოდა (როგორც  ისეთ დღესასწაულებს ახასიათებს,  რომლებიც წელიწადში ერთხელ მოდის და მართლაც უსასრულოდ იწელება), უფროსს აღიზიანებდა.

„ან ამ ხუთ დღეში მოვკვდები და ჩემთვის ახალი წელი არ დადგება,“ უთხრა მან უმცროსს. „ან ჩემი აღსასრულის წელი მოვა, რაც, არც ისე სასიხარულო ამბავია.“

უმცროსმა ამოიოხრა.

„ოჰ, ეს შენი სევდა და განწირულობა!“  დაიკვნესა მან. – „შენ ჯერ მე მომინელებ“.

ეს სიტყვები ისე  სასაცილოდ მოეჩვენათ და ისეთი სიცილი აუტყდათ, რომ სული ძლივს მოითქვეს. ამ დროს კიბეზე ეშვებოდნენ და სიცილი მათთვის არცთუ ისე უსაფრთხო იყო. ისინი მოაჯირს იყვნენ ჩაფრენილები და გაჭირვებით სუნთქავდნენ. უმცროსი უფროსზე დაბლა იდგა, მას მეორე სართულის კიბის ბაქანი უკვე ჩავლილი ჰქონდა. კიბეზე, ჩვეულებრივ, ასე ჩადიოდნენ ხოლმე, ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე, რომ, თუ ერთი დავარდებოდა, მეორეც თან არ წაეყოლა – ისე დაყანყალებდნენ, რომ ერთმანეთს ნამდვილად ვერ ენდობოდნენ. ნდობაც ასაკის პრივილეგიაა.

 

1 2 3 4 5