ეზოში მცირე ხნით  „ოქროს წვიმის“ ხესთან შეისვენეს. ის ხე მათ თვალწინ გაიზარდა, სულ პაწაწინა ახსოვდათ და ახლა უკვე სამოცი ფუტის სიმაღლის იყო. მართალია, არ ამხელდნენ, მაგრამ ხის ასეთი სწრაფი ზრდა ორივეს აშფოთებდა, რადგან წლების შეუჩერებელ სვლას ახსენებდათ.

ბევრ სხვა სახელთაგან, ამ ხის ერთ-ერთი სახელია ხეჩერჩელა, ინდური ლაბურნუმი. მას სამხრეთულ ენაზე კონრაი ჰქვია, ჩრდილოულ ენაზე ამალთა, ხეთა და ყვავილთა ენაზე კი კასია ფისტულა. „ზრდა შეწყვიტა“, თქვა გაბადრულმა უმცროსმა. „მიხვდა, რომ მარადისობა ჯობია პროგრესს. ღვთის თვალში, დრო მარადიულია. ამას ცხოველები და ხეებიც ხვდებიან. მხოლოდ ადამიანს აქვს ილუზია, რომ დრო მოძრაობს.”

უფროსმა ჩაიფრუტუნა. „ხემ ზრდა შეწყვიტა იმიტომ, რომ ასეთია ბუნება, მისიც და ჩვენიც. ჩვენც გავჩერდებით, ახლა უკვე საკმაოდ მალე.“

მან თავზე ნაცრისფერი ქუდი დაიხურა და ჭიშკრიდან სკვერში გავიდა. უმცროსი თავშიშველა იყო და ჩვეულებრისამებრ, თეთრი ვეშტი, გრძელი ცისფერი უჯრულა პერანგი და სანდლები ემოსა. უფროსს კი ფოსტაში წასვლა ევროპელი ჯენტლმენის ტანსაცმელში უყვარდა და ახლაც კოსტუმი ეცვა, ხელში კი ვერცხლისტარიანი ხელჯოხი ეჭირა, როგორც ერთ ლამაზ ტიპს პიკადილიდან, რომლის შესახებაც წაკითხულიც ჰქონდა და  მის საყვარელ ძველ სიმღერაშიც მღეროდნენ: „კაცი, რომელმაც მონტე კააარლოში ბანკი გაძარცვა…“  „… სახეზე დაუმორჩილებლობა ეწერა და ბულონის ტყეში დასეირნობდა…“

დაჩრდილული სკვერი მზით გაბრწყინებულ ხეივანში გადიოდა, სადაც ტრანსპორტის ღრიალი ახშობდა ზღვის მშვიდ მუსიკას. აქედან სანაპირო მხოლოდ ოთხი კვარტლის იქით იყო, მაგრამ ქალაქს ზღვა არც ახსენდებოდა. მოხუცებმა აუჩქარებლად ჩაუარეს ჰომეოპატურ აფთიაქს, სადაც წამლების ყიდვა ისე შეიძლებოდა, რომ ექიმთან მისვლა საჭირო არ იყო, მაღაზიას, სადაც ქილები, წითელი წიწაკა, გასუფთავებული კარაქი და იმპორტირებული ყველი იყიდებოდა, გასცდნენ პირდაპირ ტროტუარზე გამოტანილ წიგნების თაროებს, რომლებზეც უტიფრად ეწყო პოპულარული წიგნების კონტრაფაქტული ასლები. მიდიოდნენ და შუქნიშანს გაჰყურებდნენ, რომელიც ჯერ ასი იარდის სიშორეზე მაინც იქნებოდა. იქ მათ თვალუწვდენელი მთავარი ქუჩა უნდა გადაეჭრათ, სადაც უამრავი მანქანა ერთმანეთს ადგილისთვის ექიშპებოდა. ახალგაზრდას ქუჩის მეორე მხარეზე გადასასვლელად ხუთი წუთი თუ დასჭირდებოდა, ხოლო ორ მოხუცს კი სულ მცირე, ნახევარი საათი იქით და ნახევარი საათი აქეთ. მზე მათ ზურგს უკან დარჩა. მოხუცები, ტაატით მიიწევდნენ წინ და თავიანთ ჩრდილს დასცქეროდნენ, მტვრიან ტროტუარზე გვერდიგვერდ რომ იწვნენ. „შეყვარებულებივით“, გაიფიქრა ორივემ, მაგრამ ხმა არცერთს არ ამოუღია, ასეთი აზრების გამოხატვა არ ახასიათებდათ.

მოგვიანებით, უფროსმა ინანა, რომ არაფერი თქვა. „ის ჩემი ჩრდილი იყო.“ უთხრა ხისფეხიან ქალს. „მე კი მისი. ორი ჩრდილი, ერთმანეთის საჩრდილობელი. მოხუცები ახალგაზრდების სამყაროში ჩრდილებივით დადიან, უჩინარებივით, მათ ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ ჩრდილები ხედავენ ერთმანეთს, და ერთმანეთს ცნობენ. ჩვენც ასე ვიყავით.  თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ჩვენ ვიცოდით, ვინ ვიყავით.  ახლა მე ვარ ჩრდილი, რომელსაც არ ჰყავს ჩრდილი, რომ მოუჩრდილოს. მან, ვინც მე მიცნობდა, ახლა აღარაფერი იცის და ამიტომ მე უცნობი ვარ. აბა, მითხარი, ქალო, სხვა რა არის სიკვდილი?

“დღე, როდესაც ლაპარაკს შეწყვეტ.” უპასუხა ქალმა. “როდესაც ასეთი სისულელეები აღარ გადმოიფრქვევა შენი პირიდან. როდესაც შენს პირს ცეცხლი შთანთქავს. აი, ეს იქნება სიკვდილი.“

ეს იყო ყველაზე დიდი წინადადება, რაც ცოლმა მას ერთი წლის განმავლობაში უთხრა და უფროსმა იგრძნო, თუ როგორ სძულდა ის ქალს და როგორ უნდოდა, რომ უმცროსის ნაცვლად, ის დაცემულიყო.

ყველაფერი „ვესპაზე“ შემომჯდარი გოგოების ბრალი იყო,  კოლეჯისკენ თავაწყვეტილები რომ მიჰქროდნენ. უფროსს მათი სახეები გონებაში ნათლად ჩაებეჭდა. გრძელი და თხელი გოგო სკუტერს მართავდა, უკან მსუქანი ეჯდა, კიკინები ეფშიკებოდათ და იცინოდნენ, როდესაც ადამიანის მოსაკლავად მიიჩქაროდნენ. ვისთვისაც სიცოცხლე ძვირფასია, თავად მოგვერიდოს!  ასეთი ადამიანებისთვის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, მათთვის სხვისი სიცოცხლე ორი გროში ღირს, როგორც მათი მუსიკა, როგორც მათი აზრები, როგორც ის ძონძები, რომელსაც ერთხელ იცვამენ და მერე სანაგვეზე ისვრიან! აი, ეს იყო მისი წარმოდგენა მათზე და როდესაც მიხვდა, რომ ისინი ასეთ მკაცრ განსჯას არ იმსახურებდნენ, უკვე გვიანი იყო. გოგოები სერიოზული სტუდენტები აღმოჩნდნენ, გამხდარი ელექტროინჟინერიას სწავლობდა, მეორე კი არქიტექტურას. უბედურმა შემთხვევამ ისინი საშინელ შოკსა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. დანაშაულის უმწვავესი გრძნობით შეპყრობილი გოგოები რამდენიმე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე უმცროსის სახლის წინ მდუმარედ იდგნენ და პატიებას თავდახრილი ითხოვდნენ. ის, ვინც მათ აპატიებდა, გარდაიცვალა, ხოლო ვინც ცოცხალი იყო, მათი პატიება არ უნდოდა. ქედმაღალი უფროსი მათ გულგრილად დაჰყურებდა. მაინც, რა ეგონათ ადამიანის სიცოცხლე? ეგონათ, ასეთი ადვილი იყო  დანაშაულის გამოსყიდვა? არა! ათასი წელიც რომ იდგნენ ასე, სიცოცხლეს მაინც ვერ იყიდიან!

„ვესპა“ მოიშალა, ეჭვიც არაა, და მისი ახალგაზრდა გამოუცდელი მძღოლი მაინცდამაინც იქით გაექანა, სადაც უმცროსი იდგა და გზის გადაჭრას ლამობდა. ბოლო დროს  კოჭებში სისუსტეს უჩიოდა. „როდესაც დილით ვდგები, მგონია, რომ ფეხები ჩემ წონას ვერ გაუძლებენ, და როცა კიბეზე ჩავდივარ, მეშინია, კოჭი არ გადამიბრუნდეს. აქამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა კი ძალიან მადარდებს“ – დაიჩივლა ერთხელ.

უფროსმა, როგორც ყოველთვის, მისი სიტყვები აინუნშიც არ ჩააგდო: „ჯობს, შეგნეულობას მიხედო, ღვიძლი და თირკმელი კოჭებზე ადრე გიღალატებს.“ თუმცა, ის შეცდა. „ვესპა“ უმცროსსთან ისე ახლოს მივიდა, რომ მოხუცი უკან გახტა, როდესაც მარცხენა ფეხს დაებჯინა, კოჭი მართლაც გადაუტრიალდა, ამის შემდეგ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, ნაბიჯი მოუხერხებლად გადადგა უკან და მეტად უცნაურად დავარდა, უფრო სწორად, ჯერ ახტა, მერე დახტა, და ბოლოს, დაეცა, უკან გადავარდა, თავი ტროტუარს  დაკრა, არც ისე მაგრად, რომ გონება დაეკარგა, მაგრამ, მაინც, საკმაოდ ძლიერად. დაეცა, და სუნთქვას, „უუუჰო“, ამოაყოლა.

უფროსი ძალიან იყო გართული თავზარდაცემული გოგოების ლანძღვით, მათ მკვლელებს ეძახდა, სხვა შემზარავ სიტყვებსაც არ იშურებდა, და ვერ დაესწრო იმ წამს, როდესაც ის მოხდა, რაც ბოლოს ყველა ჩვენთაგანს მოელის: უმცროსს პირიდან ნოტიო ჰაერის უკანასკნელი ჭავლი ამოუვიდა და ჰაერში გაიფანტა. „სული, თუ რაც ქვია.“ იტყოდა ხოლმე უმცროსი. „მე სულის უკვდავების არ მწამს, მაგრამ არც იმის მწამს, რომ ჩვენ მხოლოდ ხორცი და ძვალი ვართ. მე მოკვდავი სულის მჯერა, ჩვენი არამატერიალური არსებობის, რომელიც ჩვენს ხორცში ისე იბუდებს, როგორც პარაზიტი და ყვავილობს, ვიდრე ჩვენ ვყვავილობთ და კვდება, როცა ჩვენ ვკვდებით.“

რელიგიურ საკითხებში უფროსი უფრო ტრადიციული შეხედულების იყო. ის ხშირად კითხულობდა უძველეს ტექსტებს და სანსკრიტი მისთვის სფეროების ნამდვილ მუსიკასავით ჟღერდა – ამ ღრმა და ნატიფ ტექსტებს შესწევდათ უნარი, დაესვათ შეკითხვა იმის შესახებ, აღიქვამდა თუ არა თავად სამყაროს შემოქმედებითი საწყისი საკუთარ ქმნილებას. ერთ დროს,  ის ამ ტექსტებს თავის მოსწავლეებთან განიხილავდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მას მოსწავლეები აღარ ჰყავდა და იძულებული იყო, ყოფნა-არყოფნის საკითხებზე თავისთვის მდუმარედ ემსჯელა. უძველესი ორაზროვნება სიხარულს ანიჭებდა და ამ ფონზე, უმცროსის ფილოსოფია მოკვდავი სულის თაობაზე ბანალურად მიაჩნდა.

 

1 2 3 4 5