ჰერტა მიულერი (Herta Müller – 1953) – მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (2009). იგი დაიბადა რუმინეთის გერმანულოვან სოფელ ბანატში, დაამთავრა ტიმიშოარეს უნივერსიტეტი რუმინული და გერმანული ფილოლოგიის განხრით; 1976 წლიდან მუშაობდა მთარგმნელად ქარხანაში, საიდანაც 1979 წელს გაათავისუფლეს რუმინეთის სპეცსამსახურებთან („სეკურიტატე“) თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო; მუშაობდა საბავშვო ბაღში. 1982-1987 წლებში დედასა და ქმართან, მწერალ რ. ვაგნერთან, ერთად გადავიდა გფრ-ში და დასახლდა დასავლეთ ბერლინში; წერს ლექსებს, პროზას, არის აგრეთვე მხატვარი, ფოტოგრაფი.

მამამისი გერმანული სს-ის ოფიცერი იყო, დედამისი გერმანელობის გამო დეპორტირებული იყო სსრკ-ში 1945 – 1950 წლებში. „სეკურიტატესთან“ თანამშრომლობაზე უარისა და მუდმივი დისკრიმინაციის გამო იგი 1987 წლიდან ცხოვრობს ბერლინში, არის აქტიური ანტიკომუნისტი. ჰერტა მიულერი თავის თავს მიაკუთვნებს იმ მწერლებს, რომლებმაც გამოიარეს ექსტრემლური პირობები: ომი, დიქტატურა, საკონცენტრაციო ბანაკი, გულაგი. იგი თვლის, რომ ეს მწერლები თავად კი არ ირჩევენ, რაზე წერონ, – ისინი იმ თემაში რჩებიან, რომელიც მათ ცხოვრებამ თავს მოახვია. მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ, თემამ თავად აირჩია ისინი. ჰერტა მიულერმა 1997 წელს დატოვა გერმანიის პენ-კლუბი, რომელმაც გდრ-ის პენ-კლუბი შემოიერთა. „თავის დროზე რომ დაწყებულიყო საზოგადოებრივი დისკუსია, თუ რა იყო სტალინიზმი და ნამდვილად ღიად თქმულიყო, რომ სტალინი იყო მასობრივი მკვლელი, პუტინი ახლა ვერ შეძლებდა, მოქცეულიყო ისე, როგორც ახლა იქცევა. იყო მომენტი, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ გარდაქმნამ და საჯაროობამ რუსებს იდეოლოგია დაამარცხებინა. დიდი ქვეყანა უამრავ პატარა ნაწილად დაიშალა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ახლა დიდი ქვეყნის იდეა კვლავ ადრინდელივით აქტუალურია… საქმე ისაა, რომ პუტინი დაავადებულია წარსულით. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ესაა ტკივილი, რაც მოდის მისი საბჭოთა ფანტაზმებიდან“. თუმცა მწერალს ყველაზე უფრო ის აწუხებს, რომ პუტინს ევროპის ზოგიერთ წრეში პატივს სცემენ, მაგალითად,  აღმოსავლეთ გერმანიაში. ბევრი ამბობს, რომ მათ პუტინის გაგება შეუძლიათ. ჰერტა მიულერს ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. როგორ შეიძლება, გდრ-ის მაცხოვრებელს დაავიწყდეს ის დიქტატურა, რომელიც გამოიარა. არავის უნდა იმ ევრაზიულ იმპერიაში ცხოვრება, სადაც პუტინი იქნება მეთაურიო, აცხადებს მწერალი.

აღსანიშნავია, რომ ავტობიოგრაფიული მომენტები ჰერტა მიულერისათვის მხოლოდ მასალა არ არის. ისინი გავლენას ახდენენ ენაზე, რომელზეც იგი თავის ისტორიებს ჰყვება. თავად მწერალი აღნიშნავს, რომ მისი პირადი გამოცდილება მისთვის მხოლოდ ფონია. იგი მას მხატვრულად ამუშავებს და შედეგად იღებს მხატვრულ ნაწარმოებს. ეს სწორედ ის ლიტერატურული. ხშირად პოეტური ეფექტებია, რომელთა თარგმნაც ასე რთული და, ამავე დროს, ასე საინტერესოა. ევროპაში მას წარადგენენ არა გერმანელ, არამედ გერმანულენოვან მწერლად. როცა ჰერტა მიულერს 2009 წელს შვედეთის აკადემიაში ნობელის პრემიას გადასცემდნენ, ხაზი გაესვა არა მის ეროვნებას ან მოქალაქეობას, არამედ მის სამწერლობო ენას.

მიუხედავად გერმანული ფესვებისა და მშობლიური გერმანული ენისა, ჰერტა მიულერი თავს გერმანიაში მიგრანტად გრძნობს. უკვირთ მისი გერმანული – გაწელილი ხმოვნები, არასწორი მახვილი, სიტყვათა უჩვეულო სელექცია. ხშირად ეკითხებიან, ვინ ხართ, საიდან ჩამოხვედითო. იგი პასუხობს: „ბერლინამდე ჩამოვაღწიე – ეს ნიშნავს, რომ გადავრჩი. ბერლინი ნიშნავს განთავისუფლებას. მაგრამ მე აქ სამშობლოს არ ვეძებ. ჩემთვის საკმარისია, რომ აქ არის ჩემი სახლი. მომწონს, რომ ვარ უცნობი; მომწონს, რომ ვარ გარეშე; გარეშე უცნობად ყოფნაშიც არის თავისუფლების ნაწილი“.

ეთნიკური, კულტურული და გეოპოლიტიკური გაორება ჰერტა მიულერის ნაწარმოებებს ანიჭებს განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, საკუთარი თავისა და საკუთარი იდენტობის ძიების თემა ერთ-ერთი წამყვანია მის შემოქმედებაში. ამიტომაც მას კარგად ესმის ის პრობლემები, რასაც აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლები სოციალისტური ბანაკის დანგრევის შემდეგ შეეჯახნენ: „სამშობლო უკავშირდება იმას, თუ როგორ აგეწყობა ბიოგრაფია. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში შეგემთხვევა, აყალიბებს ჩვენს წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორი სამშობლოს დანახვა შეგვიძლია. ამიტომ „ჩემისა“ თუ „საკუთარი თავის“ პოვნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის მაცხოვრებლისათვის უფრო ძნელია. რა უნდა გჯეროდეს, რისი უნდა გწამდეს? რას უნდა დაეყრდნო წარსულში?“ მწერალი აქ გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით ჩქარა შეიძლება გამოსწორდეს, წარსულის ტვირთის მოშორება კი ბევრად უფრო ძნელია.

ჰერტა მიულერმა წერა იმიტომ დაიწყო, რომ მას ლაპარაკი არ შეეძლო – თავისუფლად ლაპარაკი. პროზა მისთვის გახდა ერთადერთი სამყარო, სადაც მას თავის გამოხატვა და დაცვა შეეძლო. წერა მისთვის ნიშნავდა ბალანსირებას საიდუმლოს გამჟღავნებასა და დაფარვას შორის. თვით ამდენწლიანი სამწერლო მოღვაწეობის შემდეგაც კი წერა მისთვის პროფესია და კარიერა, ან საყვარელი საქმე კი არ არის, არამედ თავდაცვითი რეაქციაა. წერამ იგი დაიცვა და რეჟიმს გადაარჩინა.

ჰერტა მიულერი არის ენის დიდოსტატი, იგი ენას გერმანიაში დაბადებულ და გაზრდილ ბევრ თავის კოლეგაზე უკეთესადაც კი გრძნობს. იგი გერმანულ ენაში პოულობს სრულიად მოულოდნელ ფერებს, სიტყვათშეთანხმებებს, ნეოლოგიზმებს… ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ ენას თითქოს გარედან უყურებს, იგი ჰყვება ნატურალისტური სიზუსტით, ამავე დროს, იგრძნობა ერთგვარი პოეტურობა.   მას ასევე უწოდებენ „ტოტალიტარიზმის მემატიანესა“ და თვითმხილველს, ასევე “Witness Literature”-ის ოსტატს. თავად ჰერტა მიულერი თავის ნაწერებში პოეზიას ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმპულსს იღებს ისეთი პოლიტიკიდან, რომელიც ადამიანის ინდივიდუალობას შლის. „ვფიქრობ, ასეთ რთულ თემას ვერ გავუმკლავდებოდი, ამას, ბოდიშს გიხდით ასეთი პათოსისათვის, ენის სილამაზით რომ არ ვანაზღაურებდე. ამაში ცალკეული სიტყვის სილამაზეს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმ პოეტურობას, რაც მათ მიღმა და მათში იმალება, რაც გვეხმარება, რომ ვიცოცხლოთ“.

მოთხრობათა კრებული „დაბლობები“ ჰერტა მიულერის პირველი წიგნია, რომელიც პირველად 1982 წელს ბუქარესტში, 1984 წელს გადამუშავებული სახით კი ბერლინში გამოიცა. ესაა თექვსმეტი მოთხრობა, რომლებიც რუმინეთის გერმანულენოვანი სოფლის ბანატის შვაბ მოსახლეობაზე მოგვითხრობს. კრებულის სათაური „Niederungen“ ყველაზე დიდი მოთხრობის მიხედვით დაერქვა და ორგვარად ითარგმნება: „დაბლობები“ და „სიმდაბლენი“, რაც სიმბოლურია, რადგან ამ მოთხრობებში ავტორი ანგრევს საოჯახო იდილიას. ჰყვება თავის ბავშობაზე, რომელიც სავსე იყო შიშით, ძალადობით, გარყვნილებით, ალკოჰოლიზმით და უფროსების სიხარბით. ბანატელმა შვაბებმა ეს კრებული ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად მიიღეს და მწერლის მიმართ დღემდე უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

ამჯერად გთავაზობთ სამ მოთხრობას ამ კრებულიდან „დაბლობები“.

 

1 2 3 4