ფანჯარა

 

დედაჩემი თეძოებზე მერვე თასმას მახვევს. ყველა თასმა თეთრი და წვრილია. თასმები ცხელია და თეძოებზე მაჭერს და სუნთქვა მეკვრის.

პეტერი მაგიდის კუთხეში, სკამზე ზის და მელოდება. ქვედაბოლოების ნაკეცები გაქვავებული და  მოარშიაებულია. არშიის ნახვრეტები, წვრილი უჯრები ობმოკიდებული და დამძიმებულია. არშიებს ისეთივე ცარცის ძარღვები აქვს, როგორც ძველი წისქვილის კირქვის კედლებს.

მეცხრე ქვედაბოლო ისეთივე ღიანაცრისფერია, როგორც ქლიავი განთიადისას. გაქვავებულ  ქვედაბოლოებზე ჩამოსრიალდა. მე მხოლოდ მის ცხელ ზონარს ვგრძნობ. მეცხრე ქვედაბოლო მოჩითულია ყვავილებით ღიანაცრისფერ, დაბინდულ ფონზე. ყვავილები პატარა, თავდახრილი  ზანზალაკებია. ბევრი მათგანს თავი არ უჩანს, ნაკეცებში მოყვათ. მხოლოდ მაშინ გამოჩნდებიან, როცა დავტრიალდები, როცა აკორდეონი აჭყივლდება, როცა შავი კლარნეტი გაჰკივის, როცა ხბოს ტყავგადაკრული დოლი  აგუგუნდება.

პეტერი წრეში მატრიალებს. სახეში ვუყურებ.

თეთრ ზინზილაკებს თავბრუ ეხვევათ და ტაქტში შრიალებენ. ჩემს ფეხსაცმელებს ტაქტი გამოყავთ, ჩემი თავშლის ფოჩები ტაქტში ქანაობენ. ჩემი თმები ტაქტში დაფრინავენ. ერთი კულული ყურთან მივარდება, ერთი კულული კისერში მივარდება, ერთი კულული ცხვირის ფუძეზე მივარდება. დოლი ისევე ყრუდ ზუზუნებს, როგორც გამოფუტუროებული ხიდი.

ტონის ნახევარი სახით ბარაბას თავსუკან ტრიალდება. ჩემი თვალები ტონის ყურებთან ტრიალებენ.   ჩემი ყურები პეტერის თავის გარშემო ტრიალებენ.

ხბოს ტყავი საფეთქლებში, იდაყვებში, მუხლებში მიზუზუნებს. ხბოს ტყავი  მოსასხამში, კანქვეშ ჩამზუზუნებს და გულზე მაწვება. თეძოები მიხურს, ბარძაყები  მეჭიმება, მუცელზე კუნთები დამიხტის.

ჩემსა და ტონის შორის ოთხი  ფრიალაფოჩიანი მოსასხამია. ჩემსა და ტონის შორის მეფუნთუშის სახე და  შავი კლარნეტია.

ქვედაბოლოები ჩემი წვივების ირგვლივ ქანაობენ, ჩემი ნაცრისფერი აბრეშუმის ქვედაბოლო პეტერის შავი შარვლის ტოტების ირგვლივ ტრიალებს. ზანზალაკები თავიანთ თეთრ თავებს ნაკეცებიდან ყოფენ. ჩემი ნაცრისფერი აბრეშუმის ქვედაბოლო მუნჯი ზანზალაკია.

პეტერის ბარძაყები ცხლად ტოკავენ. პეტრის მუხლები მაგარი და წაწვეტებულია. პეტერის თვალები ჩემს სახესთან ბრწყინავენ. პეტერს ტუჩის კუთხეები  წითლად და ნამიანად უბრწყინავს. პეტერის ხელი დიდი და უხეშია. ტონის ბარბარას ხელი თავის ყურთან მიაქვს.

კლარნეტი ჩუმდება. მეფუნთუშე კლარნეტს ნერწყვისგან ათავისუფლებს. მეფუნთუშე მღერის: დილ-დილაობით მეცეკვე ხოლმე! პეტერი თავის თეთრ, გახამებულ საყელოს ყელზე მაბჯენს.

მე თვალებს ვხუჭავ და ტონისთან და ჩემს ნაცრისფერ აბრეშუმის ქვედაბოლოსთან ერთად ვცეკვავ სოფლის ბოლოში, წისქვილის უკან, გამოფუტუროებული ხიდის ქვეშ, ფანრის თეთრი შუქის უკანასკნელ გაელვებამდე.

ჩემი ზედატანი რბილია,  პატარა ღილები და დიდი საღილეები აქვს. ჩემი ქვედაბოლო დაბურულია და ზემოთ ნისლივით ადის. ტონის ხელები ჩემს მუცელზე იწვის. ჩემი მუხლები ერთმანეთს შორდება და აქეთ-იქით მიცურავს, იმხელაზე მიცურავენ, რის საშუალებასაც ბარძაყის სიგრძე აძლევთ. მუცელი მითრთის, საფეთქლები თვალებზე მაწვება. ხიდი გამოფუტუროებულია და კვნესის და ექო პირში მივარდება.  ჩემს იდაყვებქვეშ ჩემი ქვედაბოლო იფინება. ტონის ზურგი ჩემს ხელებთან ოფლიანდება. ტონი ხრიალებს და ბალახი ოხრავს. ზემოთ, მთვარეში, ჩემი თმის უკან, ძაღლები თავდავიწყებით ყეფენ, ხოლო ძველი წისქვილის კირქვის კედელს ღამის დარაჯი აყუდებია და ძინავს. ხიდი ჩემი ხელების გარშემო ტრიალებს და ჩემი ენა ტონის პირში ტრიალებს. სუნთქვაშეკრული ტონი ჩემს მუცელში ხვრელს თხრის. ჩემი მუხლები ხიდის კიდისკენ მიცურავენ. ხიდი თვალებში მივარდება. მუცელში ცხელი შლამი ჩამედინება, პირთამდე მავსებს და სუნთქვას მიხშობს.

თვალებს ვახელ. შუბლზე წვეთები მითრთის. დაღლილი წვიმა გამოფუტუროებული ხიდიდან მოწანწკარებს და ყელზე მეწვეთება.

პეტერი ჩემს ხელს მთელი ძალით აწვება თავისი დიდი ცერით, თავისი წებოვანი ოფლით. პეტერი მე თავის გარშემო მატრიალებს და თვითონ ჩემ ირგვლივ ტრიალებს. მე დავცურავ პეტერის ირგვლივ და მუხლები ტყვიასავით მიმძიმდება.

მეფუნთუშემ შავი კლარნეტი ნერწყვისგან გაათავისუფლა და აცხაცახებული ხმით ამღერდა: „არა და არა, არა და არა, ამბობს ქალი, მე შენ არ გაკოცებ“. მისი თვალები  ისე ტრიალებენ, როგორც ღვინო ფიალაში. ტონის შავი მხრები ბარბარას მოფრიალე ფოჩების ირგვლივ ტრიალებენ.

პეტერი ჩემთან ერთად საცეკვაო ფანჯარას აკეთებს. ჩემი თითები პეტერის თითებს ეწებება. ჩემი მკლავები მის იდაყვებს ეხვევა. სახის წინ  მისი მკლავისგან და ჩემი  მიჭყლეტილი ხელისგან გაკეთებული ფანჯარა მიტრიალებს, ამ ფანჯარაში ტონის ნახევარსახეს ვხედავ.

ჩვენს ფანჯრებს შორის, ჩვენს ნახევარსახეებს შორის დედაჩემის წაწვეტებული სახე,  მჩხვლეტავი თვალები, უკბილო პირი მოჩანს.

მჩხვლეტავი თვალები მოცურავენ წაწვეტებული სახიდან, შავი აბრეშუმის თავშლიდან, მიცურდებიან ღია ქუჩის ბოლომდე, თასმებშემოჭერილი სოფლის კიდემდე. ბოლო ბაღების უკან, გამოფოტორებული ხიდის უკან მჩხვლეტავი თვალები მიწას პირს უხსნიან და შიგნით ვარდებიან.

სოფლის კიდეში ერთი ჯვარი დგას. იესო ქუჩის კიდეში ჰკიდია და სისხლი სდის და გულგრილად გაჰყურებს ჭარხლის ნათესებს დამტვრეული ქლიავის ხეების ფანჯრიდან.

ჩემი თვალები მიცურავენ ფანჯრიდან, მიცურავენ ჩემი თავიდან, ჩემი ცხელი პირიდან, ჩემი მალული ოფლიდან. ჩემი ფანჯარა ბრმაა. ჩემი მკვლავები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჭდობიან პეტერის მკლავებს. მე ერთხელ კიდევ გავიხედავ ჩემი დაბრმავებული ფანჯრიდან და სწრაფად და ჩუმად ვიტყვი: ცუდად ვარ.

ენა პირში მივარდება. ვეცემი ჩემს ნაცრისფერ აბრეშუმის ზანზალაკზე. ვიძირები დედაბერთა შავი ქვედაბოლოების დაუდგრომელ ნაკეცებში, დასაჭერად გამოშვერილ ხელებში, უკბილო პირებში.

შავი ქვედაბოლოები ისეთივე ღიაა, როგორც ქუჩები, ისეთივე თასმაშეკრული, როგორც სოფელი. ისეთივე დაბზარული, როგორც დასაჭერად მზადმყოფი მიწა სოფლის ბოლო ბაღების უკან, მჩხვლეტავი თვალების უკან, უკბილო პირის უკან.

 

1 2 3 4