ქუჩის მხვეტავები

 

 

ქალაქი გაჟღენთილია სიცარიელით.

მანქანამ ანთებული ფარები თვალებზე გადამატარა.

მძღოლმა შეიგინა, რადგან სიბნელეში ვერ შემამჩნია.

ქუჩის მხვეტავები მუშაობას შეუდგნენ.

ისინი ხვეტენ ნათურებს, ხვეტენ ქუჩებს ქალაქიდან, ხვეტენ ცხოვრებას სახლებიდან, ხვეტენ ფიქრებს ჩემი თავიდან, მიხვეტავენ  ჯერ ერთი, მერე მეორე ფეხის ქვემოდან, მიხვეტავენ ნაბიჯებს სიარულიდან. ქუჩის მხვეტავები გზად თავიანთ ცოცხებს მაწევენ, თავიანთ მოხტუნავე, მჭლე ცოცხებს. ფეხსაცმელები მიხმაურებს სხეულიდან. ჩემს თავს უკან მივყვები, ჩემი თავიდან ვვარდები, საზღვრებიდან გავდივარ.

ჩემ გვერდით პარკი ყეფს. ბუებმა შეთქვლიფეს ყველა კოცნა, რომლებიც ბაღის სკამებზეა დარჩენილი. ბუები მე ვერ მამჩნევენ. ბუჩქებში იმალებიან დაღლილი, შელახული ოცნებები.

ცოცხებმა ზურგიდან მტვერი ჩამომხვეტეს, რადგან ძალიან მივეყრდენი ღამეს.

ქუჩის მხვეტავებმა ვარსკვლავები ერთ გროვად მიახვეტეს,  ნიჩაბზე ახვეტეს და ნიჩბები არხში ჩაცალეს. ერთი მხვეტავი მეორე მხვეტავს რაღაცას გასძახის, მეორე – მესამეს და ის კიდევ სხვას.

ყველა ქუჩის ყველა მხვეტავი ახლა უკვე ერთად ლაპარაკობს. მე დავდივარ მათ ყვირილში, მათ წამოძახილთა ქაფში, ვიმტვრევი, მათი მნიშვნელობების სიღრმეში ვიჩეხები.

დიდ-დიდ ნაბიჯებს ვადგამ. გამალებული მივაბიჯებ.

გზა გადახვეტილია.

ცოცხები თავზე მეყრება.

მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება.

ქალაქი მინდორ-მინდორ სადღაც იხვეტება, რომელიღაც მხარეში.

 

 

 

 

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4