გამოსათხოვარი სიტყვა

 

სადგურზე ნათესავები ორთქლში გახვეულ მატარებელს მისდევენ. ყოველ ნაბიჯს მაღლააწეული ხელის მოძრაობას აყოლებენ და ემშვიდობებიან.
ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ფანჯარასთან დგას. ფანჯრის მინა მკლავებამდე წვდება. თეთრი, აწეწილი ყვავილების თაიგული მკერდთან უკავია. უმოძრაო სახე აქვს. ვიღაც ქალს სადგურიდან გალეული ბავშვი გამოჰყავს. ქალს კუზი აქვს.
მატარებელი ომში მიდის.
ტელევიზორი გამოვრთე.
მამა კუბოში იწვა, ოთახის შუაში. კედლებზე იმდენი სურათი ეკიდა, რომ კედელი აღარ ჩანდა.
ერთ სურათზე მამა იმ სკამისხელა იყო, რომელსაც ეჭიდებოდა. კაბა ეცვა და მოღუნული ფეხები სიმსუქნისგან დანაკეცებოდა. თავი მსხალივით წაწვეტებული და უთმო ჰქონდა.
მეორე სურათზე მამა ნეფე იყო. მკერდის მხოლოდ ნახევარი მოუჩანდა. მეორე ნახევარი თეთრი ყვავილების აწეწილი თაიგული იყო, რომელიც დედას ხელში ეკავა. თავები ისე მიეტყუპებინათ, რომ ყურის ბიბილოებით ერთმანეთს ეხებოდნენ.
სხვა სურათზე მამა წელში გაჭიმული იდგა ღობესთან. მაღალყელიანი ფეხსაცმელების ქვეშ თოვლი იდო. თოვლი ისეთი თეთრი იყო, თითქოს მამა სიცარიელეში იდგა. ხელი მისალმების ნიშნად ზემოთ აეწია, პიჯაკის საყელოზე  რუნული ასოები ჰქონდა.
სურათზე, რომელიც ამ სურათის გვერდით ეკიდა, მამას მხარზე თოხი ჰქონდა გადებული, მის უკან ერთი ძირი სიმინდი იდგა, რომელიც ცისკენ მიისწრაფოდა. მამას თავზე ქუდი ახურავს. ქუდს ფართო ჩრდილი აქვს და მამას სახეს უფარავს.
მომდევნო სურათზე მამა სატვირთო მანქანის საჭეს უზის. მანქანის საბარგული სავსეა მსხვილფეხა საქონლით. მამას ყოველ კვირას მიჰყავდა საქონელი ქალაქის საყასბოში. მამას სახე გამხდარი აქვს, ნაკვთები მკვეთრად მოუჩანს.
ყველა სურათში მამა შუა ჟესტიკულაციის დროსაა გაქვავებული. ყველა სურათზე მამა ისე გამოიყურება, თითქოს აღარ იცის, აწი როგორ მოიქცეს. თუმცა მამამ ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ამიტომაც  იყო ყალბი ყველა ეს სურათი.  ამ ყალბი სურათების, ამ ყალბი სახეების გამო ოთახში აცივდა. მინდოდა, სკამიდან წამომდგარიყავი, მაგრამ კაბა ფიცარზე მიმეყინა. ჩემი კაბა გამჭვირვალე და შავი ფერის იყო; რომ გავინძრეოდი, ლაწალუწი ტყდებოდა. ამ კაბაში ისე ვიჯექი, თითქოს მინისგან ჩამოსხმული ვყოფილიყავი. წამოვდექი და მამაჩემის სახეს შევეხე. უფრო ცივი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამე ოთახში. გარეთ ზაფხული იდგა.  ბუზები ფრენისას გზადაგზა თავიანთ ჭუპრებს ყრიდნენ. სოფელი გრძელდებოდა ფართო, სილიანი გზის გასწვრივ. ეს გზა ცხელი და ყავისფერი იყო და თავისი სიმხურვალით თვალებს წვავდა. სასაფლაო ჩამონაშალი ქვისგან გაეკეთებინათ. საფლავებზე დიდი ქვები ეწყო.
მიწას რომ დავხედე, შევამჩნიე, რომ ფეხსაცმლის ლანჩები ზემოთ მომქცეოდა. მთელი დღე თურმე ზონრებზე ვაბიჯებდი. ახლა უშნოდ დაგრძელებული და დამსხვილებული ზონრები უკან დამთრევდნენ, ბოლოები ერთმანეთში ჩაგრეხილიყვნენ.
ორმა ჯუჯა კაცმა, ძლივს რომ ბარბაცებდნენ, კუბო კატაფალკიდან ჩამოიღეს  და გაცვეთილი თოკებით საფლავში ჩაუშვეს. კუბო ქანაობდა. ხელები და თოკები სულ უფრო უგძელდებოდათ. საფლავი წყლით იყო სავსე, მიუხედავად გვალვისა.
– მამაშენის სინდისზე ბევრი მკვდარია – მეუბნება ერთ-ერთი მთვრალი კაცუნა იმ ორიდან.
მე ვეუბნები: – ომში იყო, ოცდახუთი კაცის მოკვლისთვის ჯილდოც მიიღო. რამდენიმე ჯილდო ჩამოიტანა.
– მამაშენმა ჭარხლის ნათესებში ერთი ქალი გააუპატიურა, – მეუბნება ჯუჯა. – სხვა ოთხ ჯარისკაცთან ერთად. მამაშენმა იმ ქალს ფეხებშუა ჭარხალი შეურჭო. რომ მოვდიოდით, ქალს სისხლი სდიოდა. ქალი რუსი იყო. მაგის მერე რამდენიმე კვირა ყველანაირ იარაღს ჭარხალს ვეძახდით.
– ეგ ამბავი გვიან შემოდგომაზე მოხდა. – ამბობს ჯუჯა, – ჭარხლის ფოთლები ყინვისგან სულ გაშავებული და დამზრალი იყო.
მერე ჯუჯამ სქელი ქვა მოიტანა და კუბოზე დაადო.
თხრობა მეორე მთვრალმა ჯუჯამ განაგრძო:
ახალ წელს ოპერაში წავედით, ერთ-ერთ პატარა გერმანულ ქალაქში. მომღერალი ქალი ზუსტად ისე გულისგამყინავად გაჰკიოდა, როგორც ის რუსი ქალი. დარბაზიდან სულ ერთმანეთის მიყოლებით გამოვედით. მამაშენი დარჩა, ბოლომდე იყო. მას მერე რამდენიმე კვირა ყველა სიმღერას ჭარხალს ეძახდა და ყველა ქალსაც.
ჯუჯამ შნაპსი მოსვა. მუცელი აუბუყბუყდა.  – მუცელში იმდენი შნაპსი მაქვს, რამდენი გრუნტის წყლებიცაა საფლავებში, – თქვა ჯუჯამ. მერე სქელი ქვა მოიტანა და კუბოს დაადო.
თეთრი მარმარილოსგან გაკეთებული ჯვრის გვერდით სამგლოვიარო ორატორი იდგა. ჩემსკენ წამოვიდა. ორივე ხელი ქურთუკის ჯიბეში ეწყო.
სამგლოვიარო ორატორს საღილეში ხელის მტევნისხელა ვარდი ჰქონდა გარჭობილი. ხავერდის ვარდი იყო. ჩემთან რომ მოვიდა, ჯიბიდან ერთი ხელი ამოიღო. ხელი მომუშტული ჰქონდა.
უნდოდა, თითები გაეშალა და ვერ ახერხებდა. ტკივილისგან თვალები გაუფართოვდა. უხმოდ ატირდა.
– ომში ჭირს თანამემამულეებთან საერთო ენას გამონახვა – წარმოთქვა მან. – ბრძანების მიღებას არ კადრულობენ.
მერე  სამგლოვიარო ორატორმა სქელი ქვა მოიტანა და კუბოზე დადო.
ახლა გვერდში ვიღაც მსუქანი კაცი ამომიდგა. თავი შლანგს მიუგავდა და  სახე არ ჰქონდა.
– მამაშენი წლების მანძილზე ჩემს ცოლთან იწვა, – მითხრა იმ კაცმა.  – ჩემი სიმთვრალით ისარგებლა და ფული მომპარა.
კაცი ქვაზე ჩამოჯდა.
მერე ერთი დანაოჭებული, გამხმარი ქალი მომიახლოვდა, მიწაზე დააფურთხა და ფუიო, მომაძახა.
მიცვალებულები საფლავის მეორე მხარეს შეჯარებულიყვნენ. ტანზე დავიხედე და შემეშინდა, რადგან ჩემს ძუძუებს უყურებდნენ. ვიყინებოდი.
ყველას თვალები ჩემსკენ იყო მოპყრობილი. გამოცარიელებული თვალები. თვალის გუგები ქუთოთოების ქვემოდან იგესლებოდნენ. კაცებს მხრებზე თოფები ეკიდათ, ქალები კი კრიალოსანებს აჩხარუნებდნენ.
დაკრძალვის ორატორი თავის ვარდს აწვალებდა. ერთი სისხლივით წითელი ფურცელი გამოაძრო და შეჭამა.
მერე ხელით მანიშნა. ვიცოდი, რომ ახლა სიტყვა უნდა წარმომეთქვა. ყველამ მე შემომხედა. სიტყვაც ვერ დავძარი. თვალებმა ყელში გამიარა და შუბლზე ამიცვივდა. ხელი პირთან მივიტანე და თითები დავიკბინე. ხელზე ჩემი კბილების ანაბეჭდი გამოისახა. კბილები მიხურს. პირის კუთხიდან სისხლი მომდის და მხარზე მეწვეთება.
ქარი კაბის სახელოს მახევს და ჰაერში შავად აფრიალებს.
ერთმა კაცმა თავისი ხელჯოხი სქელ ქვას მიაყუდა, თოფი მოიღერა და ჩემს სახელოს ესროლა. როცა სახელო ჩემს სახესთან ჩაიფუშა, სულ სისხლით იყო სავსე. მიცვალებულთა კრებამ ტაში დასცხო.
მკლავი გამიშიშვლდა. ვგრძნობდი, ჰაერზე როგორ მიქვავდებოდა.
სამგლოვიარო ორატორმა ნიშანი მისცა. ტაში ჩაცხრა.
– ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თემით. ჩვენი მოხერხებულობის წყალობით დაღუპვას გადავურჩით. ჩვენ თავს არავის გავალანძღვინებთ, – ამბობდა ის. – ჩვენ ცილს ვერავინ დაგვწამებს. გერმანული თემის სახელით სიკვდილი მოგესაჯა.
ყველამ იარაღი მოიღერა და ჩემსკენ გამოიშვირა. თავში რაღაც გამისკდა.
ჩავიკეცე, მაგრამ მიწამდე ვერ ჩავაღწიე. ჰაერში დავრჩი, მათ თავებზე ვიყავი გაწოლილი. კარი ნელა გამოვაღე.
დედაჩემს ყველა ოთახი გამოეცარიელებინა.
იმ ოთახში, სადაც გვამი იყო დასვენებული, ახლა მხოლოდ ერთი გრძელი მაგიდა იდგა. ეს იყო საყასბოს მაგიდა, რომელზეც იდო ერთი ცარიელი, თეთრი თეფში და ერთი ვაზაც, თეთრი ყვავილების აწეწილი თაიგულით.
დედაჩემს გამჭვირვალე შავი კაბა ეცვა. ხელში დიდი დანა ეკავა. დედაჩემი სარკის წინ დადგა და ამ დიდი დანით ჭაღარა, სქელი ნაწნავი მოიჭრა. მერე ნაწნავს ორივე ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიღო. ერთი ბოლო თეფში ჩადო. – ამიერიდან მთელი ცხოვრება შავებში ვივლი. – ნაწნავს ბოლოში ცეცხლი წაუკიდა. ნაწნავი იმხელა იყო, რომ მაგიდის ერთი კიდიდან მეორემდე წვდებოდა; ნაწნავი ფითილივით იწვოდა. ცეცხლი ლოკავდა და ჭამდა.
– რუსეთში თავი გადამხოტრეს. ეს ყველაზე  მცირე სასჯელი იყო, – თქვა დედამ. – შიმშილისგან გული მიმდიოდა ღამ-ღამობით ჭარხლის ნათესებში ვიპარებოდი. დარაჯს თოფი ჰქონდა.  რომ დავენახე, მომკლავდა. მინდორი არ შრიალებდა.  გვიანი შემოდგომა იყო და ჭარხალს ფოთლები გაშავებული და ყინვისგან დამზრალი ჰქონდა. –
დედას ვეღარ ვხედავდი. ნაწნავი კვლავ იწვოდა. ოთახი ბოლით იყო სავსე.
– მათ შენ მოგკლეს, – მეუბნებოდა დედა.
ერთმანეთს ვეღარ ვხედავდით, ოთახი ისე გაიბოლა.
მისი ნაბიჯების ხმა სულ ახლოდან მესმოდა. ხელებს ვიწვდიდი, რომ როგორმე მივწვდომოდი.
უეცრად თავისი გაძვალტყავებული ხელი თმაში წამავლო. თავს მაჯაჯგურებინებდა. დავიყვირე.
თვალები დავაჭყიტე. ოთახი ტრიალებდა. თეთრი, გაწეწილი ყვავილების სფეროში ვიწექი და გარეთ გასასვლელი არ ჩანდა.
მერე ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მთელი საცხოვრებელი კვარტალი ამოტრიალდა და მიწაში ჩაიცალა.
მაღვიძარამ დარეკა. შაბათი იყო, დილის ექვსის ნახევარი.

 

 

1 2 3 4