საუკეთესო იდეები ყოველთვის ღამით მოსდიოდა თავში, თითქოს ამ დროს სხვა ადამიანი იყო და დღისით სხვა. ის კაცი ამ ფრაზაზე აუცილებლად იტყოდა, ბანალურიაო, საუბრის თემას მაშინვე შეცვლიდა და ახალ წინადადებას აუცილებლად “მე”-თი დაიწყებდა. „აი, მე თუ მკითხავ“, – იტყოდა, – „მე, როგორც წესი, გონება ყველაზე მეტად დილაობით, პირველი ფინჯანი ყავის შემდეგ მინათდება ხოლმე“.

როდესაც შემთხვევით (ღმერთო მაღალო, ან ეს უცნაური დამთხვევა რაღა იყო!) გაზეთში ამოიკითხა, რომ ის კაცი მათთან პრუსიაში, კერძოდ კი ალენშტაინში აპირებდა ჩამოსვლას, მოსვენება დაკარგა. ყველა გრძნობა, ყველა მოგონება, რაც კი მას უკავშირდებოდა, მაშინვე უკან დაბრუნდა. ან იქნებ, კი არ დაბრუნდა, უბრალოდ, არსადაც არ წასულა და ამ ხნის განმავლობაში სულ მასთან იყო? გულაღმა იწვა და ფიქრობდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი შეხვედრა. აი, ის უკვე მატარებლის სადგურზეა, მისთვის სრულიად უცნობ ქალაქში და ბაქანზე მიაბიჯებს. კაცი მეორე მხრიდან მოდის მისკენ, უახლოვდება და მოულოდნელობისგან ადგილზე შეშდება; კაცის დაჟინებული მზერა, ქალის მაღლა აწეული ვუალი, გამოხედვა, რომელიც ქალს ოდესღაც სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა;  სხეული კი არა, მისი გამოხედვა ჰგვრიდა ჟრუანტელს. ან იქნებ, სულ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი: ქალი ქუჩაში მიაბიჯებს, ქალაქის რომელიღაც მოედნისკენ მიმავალ მზით განათებულ ქუჩას მიუყვება (ნეტავ როგორ გამოიყურება ასეთი მოედანი ალენშტაინში?), და უცებ მას ხედავს (ისევ მისკენ მომავალს), ამჯერად მამაკაცი და ქალიც ახლავს თან. ქალი მაშინვე ხვდება, რომ კაცმა  იცნო, რადგან უცბად სახეზე გაფითრდა და თანამგზავრებს ნაჩქარევად ეუბნება: “მომიტევეთ!” მერე აკანკალებული ხელით შლაპას იხდის (ნეტავ თმები თუ შეუთხელდა, იქნება უკვე იმ ასაკში, როცა თმა შეთხელებას იწყებს?). ქალს საერთოდ არ ეტყობა, რომ ღელავს. ბოლოს და ბოლოს, უკვე მთელი საათია მასთან შეხვედრის მოლოდინში ამ მოედანზე წინ და უკან დააბიჯებს. ის თამამად ესალმება კაცს და ხელს უწვდის. ნეტავ ალენშტაინი დიდი ქალაქია? ვინ იცის, იქნებ იმხელაა, რომ მაისის მზეში მრავალრიცხოვან მოსეირნეთა შორის ერთმანეთსაც ასცდნენ? ან იქნებ სადგურიდან პირდაპირ დროშკით წაიყვანონ სასტუმროში, ან იქნებ იმ ქალაქში საერთოდ არ არის მოედანი; და რომ იწვიმოს? ან, სულაც რომ არ ჩამოვიდეს? იქნებ მეუღლის შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზოს და ბოლო წამს თქვას უარი ჩამოსვლაზე? არც ისაა გამორიცხული, რომ გერმანიაში საგამომცემლო საქმეებმა შეაყოვნონ. იქნებ ის იმდენად ცნობილი მწერალია, რომ მისი სახელი ყველა განათლებულ ადამიანს პირზე აკერია, ან იქნებ სულაც არ არის ასე და ქალი ერთადერთია, ვინც პრესას  გამალებული ადევნებს თვალყურს და მის შესახებ დაბეჭდილ უმნიშვნელო ინფორმაციასაც დიდი ინტერესით კითხულობს. იქნებ ისიც მარტო მას ადარდებს, აქვთ თუ არა წიგნების მაღაზიაში კაცის ორტომეული, რომელსაც გვერდით ჩავლისას ოდნავ შესამჩნევად გადაუსვამს ხოლმე თათმანიან ხელს, გამყიდველს კი სულ სხვა რამეს ეკითხება?..

დილით ქალს ალენშტაინში გამგზავრების იდეა სრულიად აბსურდული მოეჩვენა. სასაუზმოდ ქვემოთ ჩასულს, იოჰანმა წელზე შემოხვია ხელი და ტუჩებში აკოცა. ერთ საათში ბავშვებთან მუსიკის მასწავლებელი მოვა. თოხლოდ მოხარშული კვერცხს ნაჭუჭს რომ აცლიდა წვერზე, ისე ეუცხოვა თავისი თხელი, მშრალი თითები, თითქოს ისინი მას არასოდეს ეკუთვნოდნენ, და წამიერმა სევდამ მოიცვა. მერე ისე მოულოდნელად, რომ თვითონაც გაუკვირდა, თქვა, რომ რამდენიმე დღით დანციგში, მამასთან აპირებდა წასვლას. ქმარმა პირი ხელსახოცით შეიწმინდა; სახეზე გაკვირვება არ დასტყობია. მაგიდიდან ოდნავ უკან დაიხია და სიგარას მოუკიდა. ქალმა მოსამსახურეს ფანჯრის გამოღება სთხოვა. ქუჩიდან სასადილო ოთახში ჯერ დროშკებისა და კონკის ხმა შემოიჭრა, შემდეგ კი მაქმანიანი ფარდის ნაზ შერხევას ფანჯრის წინ მდგარი აყვავებული იასამნის სურნელიც შემოჰყვა.

ჩალის პანამა შლაპებისთვის განკუთვნილ ყუთში, მუქი ჟორჟეტის ქვედაბოლო, თეთრი, მკერდთან ფურფუშელებმოვლებული კოფთა, მაქმანებიანი ქოლგა. მომცრო ხელჩანთა და ტყავის დიდი საკვოიაჟი. მაშიები ღილების შესაკრავებით. აბრეშუმის თეთრეულში ჩაფლული სუნამოს ფლაკონი. წყვილი სუფთა ხელთათმანი საცვლელად. ბარგი. ქალი დანციგის სადგურზე ალენშტაინში წასასვლელ ბილეთს ყიდულობს და სადგურის კაფეში სამი საათი იცდის. საპირფარეშოს სარკეში გაოცებული შეჰყურებს თავის ანარეკლს – რატომღაც, ბევრად ახალგაზრდა ეგონა თავი. ვაგონში ხელჩანთიდან Neue Deutsche Rundschau-ს ძველ ნომერს იღებს, რომელშიც იმ კაცის მოთხრობაა დაბეჭდილი და წაკითხვას ცდილობს. აქამდე ფიქრობდა, რომ მოთხრობა ზეპირად ახსოვდა, მაგრამ ახლა აღმოაჩინა, რომ მთელი ფრაგმენტები ჰქონია თავიდან ამოვარდნილი.

პატარა საოცრება ხდება მის თვალწინ. ალენშტაინი და ვენეცია უცბად ერთმანეთს უერთდება. ეს ორი ქალაქი კონტინუუმის, მოვლენებისა და პროცესების უწყვეტობის თავი და ბოლო ხდება; ქალის ცხოვრების გარკვეული მონაკვეთის უხილავი ღერძი; ჩრდილოეთი და სამხრეთი; ჰავის სიმშრალე და ტენიანობა; ისტორია და დროის არაარსებობა; მომავლისა და წარსულის თანაბრად ხედვა. ერთმანეთისგან სრულიად საპირისპირო ორი, სრულიად მოულოდნელად ერთმანეთს გადაეყარა.

კაცი მან პირველად ზღვის ნაპირზე დაინახა. ღია ფერის სამოსი ეცვა და თავზე შლაპა ეხურა. ეს სურათი სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში, თუმცა მხედველობითი მეხსიერება არც არასოდეს ღალატობდა. მაშინ, იქ, ზღვის პირას, ჭაბუკურად წინდაუხედავი ჩანდა. მერე კი, როცა ერთმანეთს წარუდგინეს, მოეჩვენა, რომ ნიღაბს ატარებდა. მწერალი ვარო, უთხრა ქალს, მაგრამ ამ სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ახსოვს, რომ კაცი თავს უხერხულად გრძნობდა, თვალს არიდებდა. ისიც ახსოვს, საერთო ნაცნობთაგან რომელიღაცამ, უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა, მას “ვირი” რომ უწოდა. როცა ქალმა სასტუმროში მისი სააბაზანო პირველად ნახა, მათ შორის უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. ქალი მიხვდა, რომ მაშინღა გაიცნო კაცი ახლოს. არც მასთან გატარებულმა ღამემ და არც მისი ვნებიანი სხეულის  სიახლოვემ, მხოლოდ მისმა სააბაზანომ მისცა კაცის შეცნობის საშუალება – აბაზანაზე გადაკიდებულმა პირსახოცმა, პირის გასაპარსმა ნივთებმა, ფუნჯმა, სისველისგან ატკეჩილი ხის ტარი რომ ჰქონდა, სასაპნემ… უსულო საგნები. ადამიანის ყოფის უტყვი მოწმეები. სანამ მას ეძინა, ან იქნებ უკვე ეღვიძა კიდეც და ქალის საწოლში დაბრუნებას ელოდა (სასიყვარულო ღამის შემდეგ დილის დარცხვენილი დუმილი), ის სააბაზანო ოთახში იდგა და ფრთხილად ეხებოდა მის ნივთებს. უცბად გული აუჩუყდა; ცივ სარკეზე შუბლის მიყრდნობა და ტირილი მოუნდა. მერე ხშირად იხსენებდა ხოლმე ამ წუთებს. სიყვარულის დასაწყისიც ეს იყო ალბათ. განა სიყვარული მეორე ადამიანის შეცნობა არ არის? განა ადამიანები ამიტომ არ ილტვიან ერთმანეთის სხეულებისკენ? მხოლოდ მოსალოდნელი სიამოვნების გამო კი არა, იმისთვისაც, რომ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს პენეტრაცია საყვარელი სხეულის თითოეულ კუთხე-კუნჭულში, ყველა დადგენილი ზღვრის გადალახვა, ერთმანეთის ყველაზე დაფარულისკენ ლტოლვა.

ალენშტაინის რკინიგზის სადგური იმაზე ბევრად უფრო პატარა აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. ქალი წამიერად შიშმა შეიპყრო – მატარებლიდან ჩამოსვლისას მისი ხელი უნებურად საჭიროზე დიდხანს ჩაებღაუჭა კიბის ცივ მოაჯირს, მაგრამ როდესაც დროშკას ქალაქის საუკეთესო სასტუმროსკენ მიჰყავდა, თავს უკვე მსოფლიოს მბრძანებლად გრძნობდა. ხალხი – რაღაცნაირი პატარა, ორგანზომილებიანი, არაფრის აზრზე მყოფი, რბილი, სისხლ- და ხორცნაზავი მანქანები. მათი საბრალო პაწაწინა მაღაზიები, მათი არაფრისმცოდნე პირები, რომლებიც იმ წუთებში ყავის ფინჯნებში მდგარი სითხის გლუვ ზედაპირს ეხებოდნენ. საკუთარ სხეულებს მიჯაჭვულები, შლაპის კიდესთან მიტანილი და მერე ისევ უკან დაბრუნებული ხელების სასაცილო რიტუალები, მაგრად ჩაბღუჯული ქოლგის ბუნიკები და ხელჯოხები, მათი უღიმღამო და ფუჭი საღამოები გაცვეთილი ხალიჩებით მოგებულ სახლებში, მათი შეზღუდული აზროვნება, რომელიც მომდევნო წინადადებასაც კი ძლივს სწვდება. პაწაწკინტელები. ნამცეცები. ტიკინის მსგავსები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დროშკაში მამაკაცივით ლაღად მჯდომ ქალს, ეჩვენებოდა, რომ უყვარდა ადამიანები. უყვარდა და უთანაგრძნობდა კიდეც მათ, და ეს გულწრფელი თანაგრძნობა იყო და არა სიბრალული. დიახ, თანაგრძნობა და სიყვარული, როგორც შვილების მიმართ, რომლებიც შენს აღმზრდელობით მეთოდებს უდრტვინველად ემორჩილებიან, მათ მიზანს კი არასოდეს კითხულობენ. დროშკაში მჯდომი ქალი იმ ადამიანებზე ბევრად მაღლა იდგა და მათზე ბევრად მეტი იცოდა. ის თვითონ ადგენდა ცხოვრების წესებს. გეგმავდა მას წუთიდან წუთამდე, ჟესტიდან ჟესტამდე, მოსახდენიდან მოსახდენამდე.

 

1 2 3 4 5