როდესაც სასტუმროს წიგნში გამოგონილ გვარ-სახელს წერდა, ვითომ სასხვათაშორისოდ ჰკითხა სასტუმროს ადმინისტრატორს:

– მართალია, რომ თქვენს სასტუმროში დღეს ცნობილი მწერალი ტ გაჩერდება?

სასტუმროს ადმინისტრატორმა სათვალის სქელი შუშებიდან დაბრეცილი თვალებით შეხედა. ეტყობოდა, რომ სიხარულისა და სიამაყისგან თავს ძლივს იკავებდა.

– დიახ, მართალი გახლავთ! ხვალ ლექცია უნდა წაიკითხოს მუსიკაზე და ლიტერატურაზე. ხვალ ნაშუადღევს, – თქვა და უცბად დასერიოზულდა. – ოღონდ, გემუდარებით, ქალბატონო, ნურავის ეტყვით ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პატარა ქალაქში სხვა არჩევანი არ არსებობს. ეს საუკეთესო სასტუმროა. აპარტამენტიც კი გვაქვს მისთვის. უკვე რამდენიმე დღის დალაგებული და გაკრიალებულია და მას ელოდება. – სასტუმროს ადმინისტრატორმა რომაულად დაწერილი პირველის ქვეშ ჩამოკიდებულ გასაღებზე მიუთითა. – უბრალოდ, ხომ გესმით, ვშიშობთ, რომ მკითხველები არ მოასვენებენ.

– ნუთუ მართლა ასეთი პოპულარულია?

– ჩემ ცოლს მისი ყველა წიგნი აქვს წაკითხული, – ისე ამაყად თქვა ადმინისტრატორმა თითქოს ამ ფაქტით ყველაფრის ახსნა შეეძლო.

– ბერლინის მატარებელი როდის ჩამოდის, ნაცნობს ველოდები.

სასტუმროს ადმინისტრატორმა ქალს დაეჭვებულმა შეხედა, მაგრამ კითხვაზე მაინც უმალვე გასცა პასუხი.

უბადრუკი ოთახი იყო. მისი ორი დიდი ფანჯარა მთავარ ქუჩას გადასცქეროდა. ფანჯრის რაფაზე მტრედები ჩამომსხდარიყვნენ.

ქალმა ხელ-პირი დაიბანა და სახე უხეში პირსახოცით შეიწმინდა. ზედატანი გამოიცვალა. თმაც ჩამოივარცხნა და მერე სარკის წინ საგულდაგულო მოჰყვა მის სწორებას. სარკე საჭიროზე ბევრად მაღლა ეკიდა. მხოლოდ თმასა და შუბლს ხედავდა. სუნამო თითებით შეიზილა კანში. იფიქრა, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდა. შეეძლო გარეთ გასულიყო. ქუჩებში უაზროდ ებორიალა. მაღაზიები დაეთვალიერებინა. ვიტრინებში თავისი ანარეკლიც დაეტოვებინა. პატარა მოედანი ნაბიჯებით გაეზომა. რომელიმე ქოლგის ქვეშ ლიმონათი დაელია.

თავზე ქუდი დაიხურა თუ არა, მაშინვე გადაიფიქრა გარეთ გასვლა. ტანგაუხდელად, ხელში ქოლგით, გულაღმა დაწვა ალაგებულ ლოგინზე. ბზარებით დაღარული ჭერი თითქოს თავისი საიდუმლო დამწერლობით რაღაცაზე მიანიშნებდა.

მთელი დღეები ქალაქის ქუჩებში დააბიჯებდნენ. ვენეციაში ცხელოდა. მზე ყველაფერს ადნობდა. არხები აუტანლად ყარდა. უნებლიეთ სულ უფრო და უფრო უჩქარებდნენ ფეხს. მათი მნახველი იფიქრებდა, რომ სადღაც მიიჩქაროდნენ. „ნეტავ სად გავრბივართ“, – ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ხმამაღლა იცინოდნენ. თუმცა მთავარი ამ დროს ის იყო, რომ მათი ხელები, მათი მხრები, თითქოსდამდა შემთხვევით შეხებოდნენ ერთმანეთს და საიდანღაც მონაბერ ქარს ისინი ერთმანეთის სურნელში გაეხვია, ერთმანეთის ჩრდილი ფეხებზე მოლამუნებოდათ. გვერდიგვერდ მიმავლები ერთმანეთს არც კი უყურებდნენ, ისე სწავლობდნენ ერთურთს. თქვენ ამბობთ, რომ ეს შეუძლებელია? ვაჟი ქალს გაუთავებლად უყვებოდა თავის ოჯახზე. ქალს, ცოტა არ იყოს, უკვირდა, რადგან თვითონ ამ თემაზე არაფერი ჰქონდა სათქმელი. ის კი ყვებოდა და აღარ ჩერდებოდა; თითქოს საკუთარ თავს აჯერებდა იმაში, რომ ნამდვილად არსებობდა და ჰამბურგელი დიდვაჭრების, მათ ბავშვების გაჩენით დაქანცული ცოლების, მათი საერთო შვილების, მრისხანე დიდულვაშა მეწარმეების სისხლი დაუდიოდა ძარღვებში. ქალმა შეამჩნია, რომ ვაჟი ადამიანებით საზღვრავდა დროს. იქნებ სწორედ ასე ხდები მწერალი? ვაჟს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ახსოვდა, წინაპრების სახელები, მათი ოხუნჯობები, მათი თითოეული წაფორხილება და რაიმე უცნაური ჩვევა. თითოეულ მათგანს გულუხვად ასაჩუქრებდა სრულყოფილი დახასიათებით. ქალს ბოლომდე არ სჯეროდა მისი. შეუძლებელად მიაჩნდა, რომ ყველა განურჩევლად, ასეთი საინტერესო ადამიანი ყოფილიყო. ეს ხომ ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება? სამყარო ხომ, როგორც წესი, უსახო ბრბოსა და სულ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელი გამორჩეული ადამიანისგან შედგება, ყოველთვის ასე ფიქრობდა და ამ ფიქრს ვერც ახლა გაექცეოდა. მისთვის ადამიანები ტალღებს ჰგავდნენ – ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. რა თქმა უნდა, მათ გარდა, ვინც უყვარდა. ყველას სიყვარული კი შეუძლებელია.

როდესაც ცოტა ხნით სადმე ჩამოსხდებოდნენ, კაფეში, ცარიელ პლაჟზე მდგარ მოწნულ კალათაში ან ზღვაში შეჭრილ ფიცარნაგზე, აი, მაშინ, ბოლოს და ბოლოს, მათი მზერა კვეთდა ერთმანეთს. სათქმელი არაფერი ჰქონდა. ერთადერთი, რაც უნდოდა, მასთან მიხუტება იყო. მის ყოველ შემოხედვას კანით გრძნობდა. ვაჟის ნათელი, ცისფერი თვალები ხარბად აშტერდებოდნენ.

ზოგჯერ, საღამოობით, სხვებთან ერთად ყურეში გამავალ ტერასაზეც ისხდნენ, სადაც ნათურებით ყვითლად განათებული ხეების ფოთლები რომელიღაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ილუზიას ქმნიდნენ. მეგობრები, მხიარულად მოლაყბე მათი საერთო ნაცნობების ჯგუფი, იმ კუნძულს ჰგავდნენ, რომლებთანაც სულ ცოტა ხნით ჩაეშვათ ღუზა, რათა ცოტა ხნით მაინც ეგრძნოთ ფეხქვეშ მყარი ნიადაგი, თორემ,  ქარისგან დაბერილი აფრები, ცხადია, ყველაფერს ერჩივნათ.

მაღალი ღობით გარშემორტმულ, ლენცოფებში ჩაფლულ სახლს ქალი ფეხაკრეფით ეპარება. ის იქ ეგულება და იმიტომ იქცევა ასე. უბრალოდ, თვალის შევლება უნდა მისთვის, მეტი არაფერი. გვიანღა ახსენდება, რომ სრულიად შიშველია, ბილიკიდან მკვირცხლად გადაირბენს და თავს ლენცოფების ბუჩქნარს აფარებს. ასე მიიკვლევს გზას სახლის უკან მდებარე ბაღამდე. იქიდან სალონის განათებულ ფანჯრებს ხედავს. ჩანს, სახლში წვეულებაა. ფანჯრის იქით ადამიანები მიმოდიან მაღალფეხიანი ბროლის ჭიქებით ხელში. ის ქალი, აი, ის ლამაზი ქალი, ცისფერებში, იმ კაცის ცოლია. ღიმილს არიგებს. და კარგადაც გამოსდის! ბირკები შიშველ სხეულზე ჩხვლეტენ ქალს. კაცი არ ჩანს იმ აკვარიუმის მსგავს სალონში, ის იქ არ არის.

ქალი უცბად ისევ რეალობას დაუბრუნდა. ქუდი მტკივნეულად აჭერდა კეფაზე. წამოდგა, სარკეში ჩაიხედა – თვალები ოდნავ შეშუპებოდა და ეცრემლებოდა. წასვლის დროა, – გაიფიქრა.

ალენშტაინი: სულ რაღაც ორიოდე ქუჩა, ერთი სასახლე, ქალაქის რატუშა და გუშინდელი მოდა. აქ ყველა ამბავი რკინიგზის სადგურიდან უნდა იწყებოდეს. არა, აქ ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. აქ მხოლოდ ცოტა ხნით შეიძლება ჩამოსვლა. ქალაქში პრუსიული წესრიგი და აზიური მელანქოლია ერთმანეთს შერევია. წყლის ოდნავ საგრძნობი სუნი. საათმა სამჯერ რომ ჩამოჰკრა, ქალმა ფინჯანი ყავა შეუკვეთა. შინ, ბავშვების ოთახში, ახლა სიესტაა. უცბად მათი სურნელი მოენატრა. რატომ ასდის ბავშვის თმას ქარის სუნი? მიმტანმა ფული გამოართვა და ინტერესით, თითქმის კეკლუცად შეათვალიერა. ქალი წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა სადგურის მიმართულებით. მისი სიმშვიდე ერთბაშად გაქრა. გულმა რიტმულად და აჩქარებით დაუწყო ცემა. ახლა თვითონაც ორ განზომილებიან არსებად გრძნობდა თავს. მხოლოდ ახლა და ამ წუთას არსებობდა. არ ჰქონდა არც წარსული და არც მომავალი. ერთი არაფრით გამორჩეული სადგურზე მიმავალი ქალი იყო, მეტი არავინ.

 

1 2 3 4 5