ფრთხილად გამოაღო აპარტამენტის კარი. შუქი არ აუნთია. ოთახში ჩამავალი მზის თბილი შუქი იღვრებოდა. ფართო აივანზე გასასვლელ კართან უხვად ნაოჭასხმული ფარდები გადაწეული დაეტოვებინათ. ორადგილიანი განიერი საწოლი თითქმის მთლიანად ავსებდა სივრცეს. ტ-ს ბარგის ამოლაგებაც ვერ მოესწრო, გახსნილი ჩემოდანი ესევე დაეტოვებინა საწოლთან. იქვე იდო მისი ახლი წიგნის სამი ეგზემპლიარი. სულ ცინცხალი. ჯერ კიდევ გადაუშლელს ჰგავდა. სკამზეც ახალთახალი, ტენიანი ფუმფულა პირსახოცი ეკიდა. ალბათ, სასტუმრომ სპეციალურად მისი ჩამოსვლისთვის შეიძნა. ქალმა ფრთხილად შეახო პირსახოცს ხელი. გვერდით სააბაზანო ოთახი – ფანჯარასთან მდგარი ვეებერთელა აბაზანა, მასიური პრუსიული სპილენძის ონკანები და ფეხიანი პირსაბანი. პირსაბანზე იგივე ხის კოლოფი და პირის საპარსი საპნით. „შეუძლებელია“, გაიფიქრა. ხელში აიღო, დაყნოსა. ეცნო სუნი, თუმცა ეგონა, რომ შთაბეჭდილება ბევრად უფრო ძლიერი იქნებოდა. ღმერთო, რამდენი ხანი ეძებდა ამ საპონს მაღაზიებში, რომ თანდათან კიდევ უფრო მეტად დარწმუნებულიყო მის არარსებობაში. სველი ფუნჯი – პირი გასვლის წინ უნდა გაეპარსა. კბილის ჯაგრისი – მშრალი. მოჭიქულ იატაკზე დაუდევრად დაყრილი წყვილი მუქი წინდა. ქალი აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა და უცნაური რამ გაიფიქრა: კარგი იქნებოდა, თვითონ ყოფილიყო ტ,  რომელიც ისე ეყვარებოდა, როგორც საჭირო იყო. მასში ყოფილიყო ჩასახლებული. მის  სხეულს მისივე ხელით მიჰფერებოდა. მოევლო მისთვის ბევრად უკეთ, ვიდრე ამას თვითონ ტ შეძლებდა. რა მოხდებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო მათი ასეთი გამთლიანება? ის დაჯდებოდა და დაწერდა, რადგან წერას ვერ უღალატებდა, თავად კი მას მოუვლიდა. ცოდვასაც გადაურჩებოდნენ ასე და გაორებას და გარდაუვლობასაც.  აქ  საკუთარი თავისადმი უმწიკვლო სიყვარული იქნებოდა სხვა არაფერი, ალერსი სააბაზანოების სამლოცველოებში. საკუთარ კანზე შეხება ხომ ალერსად არ ითვლება. აქ სიყვარული თუნდაც მისი კანისთვის საუკეთესო საპნის შერჩევას ერქმეოდა. „მისი სხეულის ყველა უჩინარი კუთხე-კუნჭულიც კი ზეპირად მეცოდინებოდა“, – ფიქრობდა ქალი, „მისი პირის ღრუ, ენა, თითოეული კბილის ფორმა; მისი სუნი უცხო არასოდეს გახდებოდა, ჩემი იქნებოდა და იმიტომ. მე მას მკლავებში მოვიქცევდი და ნაზად დავარწევდი“.

ქვემოდან ხმაური შემოესმა, სწრაფად დატოვა ოთახი და კიბით თავის სართულზე აირბინა.

სასადილო დარბაზისკენ ზურგშექცევით მდგარი ოთახის საფასურს რომ იხდიდა, მამაკაცები მაშინღა დაბრუნდნენ ლექციიდან. მისი ხმა ჩაესმა, რაღაცას ამბობდა.

– აი, სწორედ ეს არის ის ტ! – გადაუჩურჩულა სიამაყით სავსე ადმინისტრატორმა ქალს, – ჩემ ცოლს მისი ყველა წიგნი აქვს წაკითხული.

ქალს ძალიან მოუნდა, უკან მიეხედა, მაგრამ ვერ შეძლო. ადგილზე გაშეშდა ხელში ჩაბღუჯული ბანკნოტებით. დროშკაში რომ ჩაჯდა, საშინელი დაქანცულობა იგრძნო.  მოეჩვენა, რომ მთელ ტონას იწონიდა. ალბათ ცხენიც გრძნობდა ამას, რადგან ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა.

– საით მიბრძანებთ, მოწყალე ქალბატონო, – შეეკითხა კარგა ხნის შემდეგ მისი ხანგრძლივი დუმილით გაბეზრებული მეეტლე.

– რკინიგზის სადგურზე.

ალენშტაინის მსგავს ქალაქებში ყველა ამბავი რკინიგზის სადგურზე იწყება და იქვე მთავრდება.

 

 

პოლონურიდან თარგმნა

კატია ვოლტერსმა

 

 

1 2 3 4 5