ბაქანი თითქმის ცარიელი დახვდა. ვიღაც ახალგაზრდა კაცი თაიგულით ხელში, დედა ორი ბავშვით, და ერთიც მერხზე განმარტოებით მჯდარი მგზავრი იმ კატეგორიიდან, რომელთაც მატარებლები შორიდანვე აუვლიან ხოლმე გვერდს და ყველგან აგვიანდებათ. ქალს ბაქანზე ფეხდაფეხ შემოჰყვა ადამიანთა კიდევ ჯგუფი. ოდნავ ჭარბწონიანი მამაკაცები, სერიოზულები, ერთი ლითონის ჩარჩოიანი სათვალით, მეორე ელეგანტურ შავ გარნიტურში გამოწყობილი, თვალში მონოკლით (ცოტა არ იყოს, დასაფლავების ბიუროდან გამოსულს ჰგავს, – გაიფიქრა ქალმა, დანახვისთანავე) მესამეს და მეოთხეს განსაკუთრებული ვერაფერი მოუძებნა. სავარაუდოდ, ბაქანზე მწერლის დასახვედრად მოსული ალენშტაინელი კულტურის მესვეურები უნდა ყოფილიყვნენ. მერე ახალგაზრდების ერთი მოზრდილი ჯგუფიც გამოჩნდა და ბაქანმაც უცბად იცვალა იერი, გამოცოცხლდა და ახმაურდა. ახალგაზრდები ალბათ სამაისო უქმეებზე მიდიოდნენ სადმე. იქნებ პრუსიის სკოლებში იმ დღეს სწავლა არც იყო და თავისუფლები უყვნენ. მათი ხანში შესული მასწავლებელი უშედეგოდ ცდილობდა წესრიგის დამყარებას.

მაინც რა უცნაურია ეს ცხოვრება. ვენეციაში როცა ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ვაჟი ტიროდა. ხელში ქალის ხელი ეჭირა და ის ცივი, ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. თქმით კი მხოლოდ ეს უთხრა: „ვიცი, ტირილი საჭირო არ არის. ჩვენ ხომ ისევ შევხვდებით“. ქალმა მაშინ იფიქრა, რომ ვაჟი ხელს სთხოვდა; განა მტკიცე ტრადიციონალისტად არ მოჰქონდა თავი? „რა სისულელეა. ხელის თხოვნა რა საჭიროა, ჩვენ ხომ ისედაც ერთად ვიქნებით“, – განუწყვეტლივ იმეორებდა გონებაში. მაშინ ამ ამბის სხვაგვარი დასასრული ყოვლად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.

მოგვიანებით მიხვდა, რომ ვაჟი მაშინ საკუთარ თავს დასტიროდა. „ოთხი წერილი მოგწერე“, – წერდა ის მეხუთეში – „მაგრამ არცერთი არ გამომიგზავნია. ჭრილობებს მიახლებდნენ, რომელთაც, ამასობაში, წესით, პირი უნდა შეეკრათ. შენ ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი ნორჩი, თითქოს ცხოვრება ჯერ არცკი შეგხებია. ანგელოზს ჰგავხარ. ასე შორეული და მიუწვდომელი უფრო სასურველი ხარ ჩემთვის“. ამ წერილმა ქალს მოსვენება დაუკარგა. ზუსტად არც იცოდა, რატომ. ფიქრობდა, რომ ის მისთვის არ იყო განკუთვნილი.

უეცრად ბაქანზე შეგროვილი ხალხი შეჩოჩქოლდა. თაიგულიანი ახალგაზრდა კაცი მერხიდან წამოიჭრა. შავებში ჩაცმული მამაკაცი მოუსვენრად შეუდგა ცხვირსახოცით მონოკლის წმენდას. ასაკოვანი მასწავლებელი უშედეგოდ ცდილობდა ყმაწვილების ორ მწკრივად დაყენებას. ქალი ახლაღა მიხვდა, რომ მთელი ეს ხალხი სწორედ ტ-ს ჩამოსვლას ელოდა, რომ ის აღარ იყო მარტო მისი საკუთრება და სხვებსაც ეკუთვნოდა – აი, ამ მოუსვენარ ყმაწვილებს, გარნიტურებში გამოწყობილ მამაკაცებს, თაიგულიან ჭაბუკს, სადგურისა და სასტუმროს თანამშრომლებს და წიგნის მოყვარულ მათ ცოლებს.

არადა, რა იცოდნენ მათ ტ-ს შესახებ? ისინი ხომ მას მხოლოდ მისივე რომანებიდან და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მოთხრობებიდან იცნობდნენ? ანუ იცნობდნენ ვის? იმ ყველაფერში, რაც კი მას დაუწერია, ნამდვილი და მისეული ხომ თითქმის არაფერია, შაქარლამის უბადრუკი ნაფხვენების გარდა. ვინ სახლობდა სინამდვილეში მის დახვეწილ, მკაფიო და თავდაჯერებულ წინადადებებში? არადა, მაშინ, იქ, ვენეციაში, იმ ხანგრძლივი სეირნობების დროს, ყოველთვის ნერვიულად, მოკლედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვებოდა ამბებს. შენ თვითონ უნდა მიმხვდარიყავი, წერტილი სად იყო საჭირო და მძიმე სად. და ვინ ცხოვრობდა მის დაწერილ ამბებსა და მოგონებებში? მას ხომ რიგიანად ანეკდოტის მოყოლაც არ შეეძლო? არა, მაინც როგორ იოლად მოახერხა ხალხის გაცურება, და მათაც როგორ გულუბრყვილოდ დაუჯერეს, რომ მისი ნაწარმოებების გმირი თავადვე იყო. ან იქნებ თვითონ ცდებოდა სიყვარულით და სურვილით თავბრუდახვეული ქალი. არა. ვერცერთ მის დაწერილ წინადადებაში ქალი მას ვერ პოულობდა. ქალისთვის საგას მთხრობელი ზედმეტად ნეიტრალური იყო,  ვიღაც სხვა, ძალიან უცხო, რომელშიც ტ საერთოდ ვერ აღმოაჩინა. ის და იქნებ  ამაში იყო მთელი ხიბლიც – რეალურ ადამიანში სწორედ ის ვიღაც მოეძებნა, ვისაც უამრავი განსხვავებული სამყაროს შექმნა შეუძლია. მოეძებნა სიტყვების მბრძანებელი, მოეძებნა მის სუნთქვაში მაშინ, როდესაც თავად ქალის მკლავზე მიხუტებულს უდარდელად სძინავს. მოეძებნა მის მზერაში – თურმე რამხელა სივრცეები შეიძლება გადაიშალოს თვალების მიღმა! არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ტკბებოდე იმის ყურებით, როგორ ლოკავს ის ნაყინს. ფიქრობდე, მასაც ისევე ეგემრიელება თუ არა, როგორც სხვებს. ნუთუ მისი რეცეპტორებიც ისევე მიაქანებენ აღქმულს ტვინისაკენ, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანებისა? არა, მათ შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს განსხვავება. ქალს გაახსენდა, რომ მაშინ, ვენეციაში, ვაჟს ულვაშის მოშვება უნდოდა. გაახსენდა, თითების უნებური შეხებით, როგორ ეთამაშებოდა მის ზედა ტუჩზე ამოწვერილ  ჩხვლეტია მუქ ღერებს.

მატარებელი სადგურში შემოვიდა. ორთქლმავლის კვამლი მომლოდინეთა თავებზე თითქმის მატერიად იქცა. ქალს გული აუჩქარდა, პირში სიმშრალე იგრძნო. უკან დაიხია, სადგურის რესტორნის აბრის ქვეშ დადგა და პირბადე ჩამოიფარა. მატარებლის ჩამოდგომიდან რამდენიმე წამის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. სადგური თითქოს გაიყინა. მხოლოდ ოთხი მამაკაცის დაბნეულ სახეს უყურებს – ერთი ვაგონიდან მეორეზე გადატანილ მზერას. მერე კი დაინახა, როგორ მოსწყდა ადგილს ეს პატარა ჯგუფი და მარჯვნივ, მატარებლის წინა ნაწილისკენ აიღო გეზი. შეუხედავი ქალიც, ორი ბავშვით, ლოყებშეფაკლული აედევნათ უკან. ახალგაზრდა კაცმა, ყვავილების თაიგულით ხელში, ყველას გადაასწრო. ის თითქმის მირბოდა.

თვითონ მას კი მაშინღა მოჰკრა თვალი, როცა დამხდურთა ჯგუფით გარშემორტყმული სადგურის შენობის კარში შემოვიდა. გაოცებულმა მაშინვე აღმოაჩინა, რომ მიუხედავად სხეულის სისავსისა, მის მიხრა-მოხრაში სიუხეშე სჭარბობდა სილბოს. სახე, რომელსაც ასე კარგად იცნობდა, თითქოს არ შეცვლოდა, მაგრამ მაინც სხვანაირი ეჩვენა, რეალობას უფრო დამაჯერებლად მორგებული. მერე ვიღაცეები ჩამოეფარნენ წინ. ყმაწვილები შტამბუხებს აწვდიდნენ და ავტოგრაფს სთხოვდნენ. მონოკლიანი მამაკაცი ტანით მთლიანად ფარავდა. ის კი მთელი ამ ორომტრიალის მთავარი ღერძი იყო – ჭაღარაშერეული, მშვიდი, აუღელვებელი, თითქოს მისი გაკვირვება უკვე აღარაფერს შეეძლო.

ახლა არა. მოგვიანებით, – გადაწყვიტა ქალმა და გული შედარებით დაუმშვიდდა. უსაფრთხო მანძილზე მიჰყვებოდა უკან მამაკაცებს. დაინახა, როგორ ჩასხდნენ დროშკაში.

საავტორო საღამო ქალაქის თეატრში უნდა გამართულიყო. ამას რამდენიმე ადგილას გამოკრული აფიშა იუწყებოდა. „ცნობილი მწერალი  წაიკითხავს ლექციას…”. ქალმა თითქმის ყველას დაასწრო მისვლა. ხალხი ნელ-ნელა იყრიდა თავს. საუკეთესო სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი, დამშვენებული ქალაქელი ქალები. მათი ღიპიანი ქმრები, ჟილეტის ჯიბეებიდან ძეწკვიან საათებს რომ იღებდნენ წამდაუწუმ  და ნერვიულად დაჰყურებდნენ. ალენშტაინის ბურჟუაზია. მათ შორის უფრო სადად ჩაცმულებიც იყვნენ – ალბათ მასწავლებლები, ადგილობრივი, მორიდებული ინტელიგენცია. ის ახალგაზრდა კაციც იქ იყო, სადგურიდან, ოღონდ უკვე თაიგულის გარეშე და კიდევ სამი მოკისკისე ქალი, ნაპერწკლები რომ უელავდათ თვალებში. ვინ უნდა ყოფილიყვნენ? მსახიობები? გიმნაზიის მოწაფეები? აი, თურმე ვინ არიან ტ-ს მკითხველები, მისი თაყვანისმცემლები აღმოსავლეთ პრუსიაში.

„ცხოვრებაში ყველაფერი უმნიშვნელოა ჩემთვის, გარდა წერისა“. ვიცი, რომ გესმის ჩემი“, – ასე მთავრდებოდა მისგან მიღებული ბოლო წერილი. არა. არ ესმოდა მისი. ვაჟის აზრით, ერთი მეორეს ხელს უშლიდა, ეწინააღმდეგებოდა. აი, თვითონ კი  წინააღმდეგობრივს ვერაფერს ხედავდა ამაში. მდიდარი ქალი იყო; ვაჟს შეეძლო მასთან ვენეციაში დარჩენილიყო, ან თუნდაც, სხვაგან სადმე,  ერთად ყოფილიყვნენ და ეწერა. იქნებ ვაჟი ფიქრობდა, რომ მას სათანადო განათლება არ ჰქონდა, ან იქნებ ჩამომავლობას უწუნებდა? კარგად ახსოვს, სიტყვა “პროფესორის” ხსენებაზე როგორ დაიძაბებოდა ხოლმე, თითქოს რაიმეს აყურადებსო.  ქალს კი უკვირდა, რომ ასეთ ადამიანს შეეძლო მყვირალა ტიტულებს დახარბებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა და პროფესორის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. განა წარმოუდგენელი არ იყო მათი ვენეციური თავგადასავლიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ სხვისთვის ხელის თხოვნა?  სხვა ვინმეს  შეყვარება?  არა. ვერ დაიჯერებს, რომ ის ქალი უყვარდა. სხვა რამეში უნდა ყოფილიყო ამ სულელური მოთხრობის დაწყების მიზეზი. ბოლოს და ბოლოს, მარტო კარგს და ღირებულს ხომ ვერ დაწერ. ზოგჯერ წაიფორხილებ კიდეც. მიზეზებისა და თავის მართლებების პოვნა-ძიებაშიც, ალბათ, მაშინ დაოსტატდა. არადა,  ყველა მათგანი ერთნაირად არადამაჯერებლად გაისმოდა მაშინვე.

 

1 2 3 4 5