ქალიც ადგა და ვრცელი წერილი მისწერა. პასუხი არ მოსვლია. ალბათ წაკითხვის შემდეგ დაჭმუჭნა და ნაგვის ყუთში მოისროლა. შესაძლოა, დაწვა კიდეც, თავის ბიოგრაფიაზეც ხომ უნდა ეზრუნა და საჭირო კონტურები მოეხაზა? სად გაგონილა, ცხოვრება ყოველთვის გვთანხმდებოდეს იმაზე, რისი გაკეთების სურვილიც გვაქვს? ცხოვრება ჩვენ გვმართავს. ის ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენ მიზნებს ახორციელებს და თან მიგვიყოლიებს. ამ აზრმა უცებ ისე შეაკრთო ქალი, რომ გარეთ, ქალაქის მზით გაჩახჩახებულ ქუჩებში მოუნდა გასვლა.

სწორედ ასე იყო. პასუხად ერთი სიტყვაც აღარ მოუწერია. მოგვიანებით შეიტყო, რომ ცოლი შეერთო და ბავშვები შესძენოდა. ორი? სამი? პრესაში მის გვარს წააწყდებოდა თუ არა, სტატიაში მაშინვე რაიმე მისთვის ჩადებული ნიშნის ძებნას იწყებდა. ყველაფერი წაიკითხა, რაც კი დაწერა. ამოიჩემა, რომ კაცის თხზულებებში მხოლოდ მისთვის განკუთვნილი საიდუმლო ინფორმაცია იმალება, რომ ის მხოლოდ მისთვის წერს და ცდილობს, ის საშინელი წინადადება განუმარტოს: „ცხოვრებაში ყველაფერი უმნიშვნელოა  ჩემთვის,  გარდა  წერისა “.

ხალხი დარბაზში ადგილების დაკავებას შეუდგა. ქალმაც მათ მიბაძა და წითელხავერდიანი მაგიდის შორიახლოს დაჯდა. დარბზში ბუნებრივი განათების არქონის გამო, მაგიდა პროჟექტორების შუქით ნათდებოდა. ძალიანაც კარგი. ის იქიდან ვერ დაინახავდა. პროჟექტორების  შუქი მოჭრიდა თვალს.

თეატრში ჩვეული ატმოსფერო სუფევდა. მოსულები ჩუმი ხმით საუბრობდნენ და თან ნელ-ნელა დარბაზში მყოფთ ავლებდნენ თვალს. ადგილობრივი ფოტოგრაფი ზედმეტი სიფრთხილით დგამდა შტატივს. ბოლოს შემოსასვლელ კართან ჩურჩული ატყდა და ტ-ც გამოჩნდა. უნაკლოდ გამოიყურებოდა. თვითონაც უნაკლო იყო.  ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან, მაგრამ ქალმა არ იცოდა, რით. ტ-მ სისუფთავის შეგრძნება მოიყოლა  თან – ახალგაპარსული ფერმკრთალი სახე, თეთრი პერანგი, გახამებული საყელოს მკვეთრი ხაზი, ვერცხლის სათვალე. ფოლადისფერი გარნიტური. აქედან ფეხსაცმელს ვერ ხედავდა, მაგრამ გაახსენდა, როგორი ფეხსაცმელი ეცვა მაშინ – ყავისფერი, ვიწრო ცხვირიანი, ოდნავ შიგნით შებრეცილი. მისი შიშველი ტერფებიც გაახსენდა. ყველაზე გულწრფელ აღიარებაზე მეტად შიშველი. წარმოიდგინა, რომ დარბაზშიც ფეხშველი შემოვიდა.

დაბერებულა და შეცვლილა. დარბაზისკენ არც გამოუხედავს. სკამს მოერგო.  გრაფინით წყალი და ჭიქა მიუტანეს. გვერდზე გასწია. პიჯაკის გულის ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდები ამოიღო, მაგიდაზე გაშალა, ჩაახველა და მაშინღა მოავლო თვალი დარბაზს. თვალები მოწკურა. ქალი შეკრთა,  მოჭუტული ქუთუთოებიდან  წამოსული ეს სუსტი მზერა მისმა სხეულმაც იგრძნო. ტ-მ კი ვერ იცნო. ვერც იცნობდა. შორს იჯდა. აი, თვითონ კი ყოველთვის იცნობდა. ყოველთვის. ნებისმიერი მანძილიდან.

– ბატონებო და ქალბატონებო, – დაიწყო კაცმა, – მე აქ იმისათვის მომიწვიეს, რომ…

ქალაქზე არაფერი უთქვამს. არც აღელვებული მსმენლისთვის გაუღიმია და მზერა შეუჩერებია მათზე, არც სადგურზე დახვედრისა და მირთმეული ყვავილებისთვის გადაუხდია მადლობა, არც ამ სუნთქვაშეკრული მოლოდინისთვის. თავიც  არავისთვის წარუდგენია, არც ის უთქვამს, რა მიზნით ჩამოვიდა აქ, მოსწონს თუ არა აქ ყოფნა, მაისის მზე, ქალების სადღესასწაულო შლაპები და მათი ქმრების ძეწკვიანი საათები. არც ენა დაბმია, არც დაუხველებია, არც სახეზე დასტყობია რამე. გასაგებად, თუმცა მონოტონურად ლაპარაკობდა. ერთადერთი ჟესტი, რომლის უფლებაც თავს მისცა, ყელზე გაკეთებული ბაფთის შესწორება იყო. ალბათ სურდა, სტოიკურად ბრძენ, სტოიკურად ნეიტრალურ ევროპელ მწერლად წარმოეჩინა თავი. განუსაზღვრელობას ამოფარება დადებით თვისებად თუ მიაჩნდა. არისტოკრატული ელეგანტურობა. არც მეტი და არც ნაკლები. ნაცნობი მდგომარეობა იყო! ჰო, ნაცნობი და ამაღელვებელი, ოღონდ, უნდა გცოდნოდა, რომ რამდენიმე წუთში ეს ნიღაბი ჩამოუცურდებოდა სახიდან და ძირს დაენარცხებოდა. აი, ეს კონტრასტი იყო ამაღელვებელი. ეს უყვარდა სწორედ მასში. და ახლა უკვე შეუდარებელი ოსტატობით აკეთებდა ამას.

ტ მშვიდად და საქმიანად ლაპარაკობდა. დრო და დრო ყოვნდებოდა ხოლმე და  ცისფერ მზერას ჭერისაკენ მიაპყრობდა. ეს შეყოვნებები იყო მძიმეები, ინტერვალები, ტირეები. როგორ დახვეწილა. თანაც მუსიკაზე საუბრობდა და არა ლიტერატურაზე. დარბაზში მყოფთა დიდ ნაწილს ალბათ იმედიც გაუცრუა. განა მწერალმა ლიტერატურაზე არ უნდა ილაპარაკოს?

– „…ეს იგივეა, რაც მუსიკაში მონოდიიდან მრავალხმოვნებაში, ჰარმონიაში გადასვლა. ამას ახლა წინსვლას და განვითარებას ეძახიან, სინამდვილეში კი ბარბაროსთა მონაპოვარია“…  – ჩაესმოდა ქალს.

ქალზე გადმომხობილი, მიზიდულობის ძალით ფორმაშეცვლილი მისი სახე. ყმაწვილი ბიჭის ნახევრად უმანკო, საკმაოდ დაუნდობელი ღიმილი. ბედნიერი  გამომეტყველების ნაცვლად, სახეზე აღბეჭდილი ტკივილი. ოფლის წვეთები. აწყვეტილი ღილი.

დაასრულა თუ არა საუბარი, მსმენელები ფეხზე წამოდგნენ და ისეთი ტაშით დააჯილდოვეს, თითქოს ოპერის დივა იყო. მერე რამდენიმე მათგანი მაგიდას მიუახლოვდა. ტ-მ ჯიბიდან კალამი ამოიღო, რომელმაც პროჟექტორიდან არეკლილ შუქზე გაიბრწყინა და  თავი წიგნებზე დახარა.

ქალი გარეთ გამოვიდა და ჩქარი ნაბიჯით სასტუმროსკენ გაემართა. ახლა უკვე ორმაგად, სამმაგად, ათასმაგად მარტოსულად გრძნობდა თავს, თითქმის სასოწარკვეთილების პირას მისული. არაფრის შეცვლა არ შეუძლია. არაფრის. რატომ არ შეგვიძლია ღვთის მადლიერები ვიყოთ იმისთვის, რაც მოგვეცა? რატომ გვიჭირის ამის დაფასება? რატომ გვინდა ყოველთვის ის, რაც არ გვაქვს? სად და როდის გაჩნდა ეს ბზარი ადამიანის გონებაში?

სასტუმროს მისაღებში არავინ იყო. ახალგამომცხვარი ნამცხვრის სუნი ტრიალებდა ყველგან. ქალი ერთხანს  დახლთან ელოდა ადმინისტრატორს, მაგრამ ეს უკანასკნელი არა და არ ჩანდა. ვინ იცის, იქნებ ისიც თეატრშიც იყო. მერე ხელი გაიწვდინა, თავისი ოთახის გასაღები ჩამოხსნა და წამის შემდეგ იმ მეორესაც მისწვდა, რომაული ციფრის, პირველის, ქვეშ რომ ეკიდა. დაუჯერებელია! ასე უყურადღებოდ აქ როგორ დატოვეს? ქალმა ქურდივით ფეხაკრეფით და ნაჩქარევად მიაშურა კიბეს.

 

1 2 3 4 5