ოლგა ტოკარჩუკი
ოლგა ტოკარჩუკი
ოლგა ტოკარჩუკი – მწერალი, ესეისტი, რეჟისორი და პოეტი, ნამდვილი აღმოჩენა თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში. ერთნაირად დაფასებული მკითხველისა და კრიტიკის მიერ. დაიბადა 1962 წელს, ზიელონა გურას ოლქში მდებარე პატარა დაბა სულეხოვოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მუშაობდა ფსიქოთერაპევტად ფსიქიატრიულ კლინიკაში. პირველი წარმატებული რომანების შემდეგ თავი დაანება პროფესიულ საქმიანობას, რათა მთელი დრო წერისთვის დაეთმო. მისი მოთხრობები პირველად 1979 წელს გამოქვეყნდა იმ დროისათვის პოპულარულ ახალგაზრდულ ჟურნალებში ნატაშა ბოროვინის ფსე...

ოლგა ტოკარჩუკი – მწერალი, ესეისტი, რეჟისორი და პოეტი, ნამდვილი აღმოჩენა თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში. ერთნაირად დაფასებული მკითხველისა და კრიტიკის მიერ. დაიბადა 1962 წელს, ზიელონა გურას ოლქში მდებარე პატარა დაბა სულეხოვოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. მუშაობდა ფსიქოთერაპევტად ფსიქიატრიულ კლინიკაში. პირველი წარმატებული რომანების შემდეგ თავი დაანება პროფესიულ საქმიანობას, რათა მთელი დრო წერისთვის დაეთმო.

მისი მოთხრობები პირველად 1979 წელს გამოქვეყნდა იმ დროისათვის პოპულარულ ახალგაზრდულ ჟურნალებში ნატაშა ბოროვინის ფსევდონიმით. ნამდვილი ლიტერატურული დებიუტი კი 1993 წელს შედგა რომანით “Podróż ludzi księgi” (წიგნის მაძიებელთა მოგზაურობა), რომელსაც პოლონეთის გამომცემელთა საზოგადოების მიერ დაწესებული ჯილდო ხვდა წილად.

ოთხჯერ იყო ნომინირებული პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე “ნიკე” და ოთხჯერვე მკითხველის რჩეულის პრიზი ერგო. 2008 წელს ავტორის მიმართ მკითხველის მიერ გამოხატულ სიმპათიას კონკურსის ჟიურიც შეუერთდა და რომანისთვის “Bieguni” (მოუსვენრობა) მთავარი პრიზი გადაეცა. 2015 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია “ნიკეს” მთავარი და მკითხველის რჩეულის პრიზი.

1986 წლიდან ოჯახით ქვემო სილეზიაში, ნოვა რუდასთან ახლომდებარე სოფელ კრაიანოვოში გადავიდა საცხოვრებლად – რეგიონში, რომლის რთული ისტორია მწერლის შემოქმედებისთვის შთაგონების დაუშრეტელ წყაროდ იქცა. მისი მოთხრობები და ესეები გამოქვეყნებულია ქართულ ლიტერატულ ჟურნალებშიც – “არილი” და “ახალი საუნჯე”.

შემოქმედება: “ქალაქი სარკეებში” (ლექსების კრებული); “წიგნის მაძიებელთა მოგზაურობა” (რომანი); “ე.ე.” (ერნა ელტცნერი) რომანი; “ჟამი გარდასული და სხვა დრონი” (რომანი); “კარადა” (მოთხრობების კრებული); “სახლი დღისა და სახლი ღამისა” (რომანი); “საშობაო მოთხრობები” – იეჟი პილხთან და ანდრჟეი სტაშიუკთან ერთად; “თოჯინა და მარგალიტი” (ესე); “დოლებზე დაკვრა” (მოთხრობების კრებული); “უკანასკნელი ამბები” (რომანი); “ანა ინი სამყაროს სამარხში” (რომანი); “მოუსვენრობა” (რომანი); “გადაატარე გუთანი გარდაცვლილთა ძვლებზე” (რომანი); “იაკობის წიგნები” (ისტორიული რომანი იაკუბ იუზეფ ფრანკზე).

მეტი მაჩვენე ნაკლები