ზეზვა მედულაშვილი – პოეტი, მთარგმნელი, პიროვნება

მცირე ხანი გავიდა მას აქეთ, რაც შესანიშნავ აღმოსავლეთმცოდნეს,ზეზვა მედულაშვილს გამოვეთხოვეთ. ზეზვა გაცნობისთანავე იქცევდა ყურადღებას. შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია და არ მოხიბლულიყავი მისი უშუალობითა და სიწრფელით, უღრუბლო გუნებით და უხინჯო გულით. ის ისე გაგიბამდა საუბარს, როგორც დიდი ხნის ნაცნობი და მაშინვე გრძნობდი, როგორ გტოვებდა უხერხულობის გრძნობა. მერე თანდათან შეგიყოლიებდა და თუ შეგატყობდა, რომ პოეზია გიყვარდა, ამავე თემაზე იმპროვიზაციულ მონოლოგს შემოგთავაზებდა. თუ შენც შეაშველებდი სიტყვას, ეს მონოლოგი დიალოგად იქცეოდა, ზეზვა მოხდენილად და მარჯვედ აგიბამდა მხარს. ერთი სიტყვით, ეს იყო კეთილი ურთიერთობებისთვის მთელი არსებით გახსნილი, გულღია, კაცთმოყვარე ადამიანი. უფრო გვიან კი შეატყობდი, რომ შენს წინაშე მდგარი კაცი სრულიადაც არ იყო უბრალოდ კეთილი და ჩვეულებრივი პიროვნება. ის მოულოდნელად გარდაისახებოდა და შენც გტოვებდა პირველგაცნობის გრძნობა, რადგან გაკვირვება გეუფლებოდა. შენ ხედავდი, რომ ეს იყო მრავლისმცოდნე კაცი. მისი მრავლისმცოდნეობა თავისებური გახლდათ. მან იცოდა მრავალი აღმოსავლური ენა, ის ფლობდა არამარტო ენებს, არამედ კილოკავებსაც, ის პოლიგლოტი იყო, მაგრამ აქაც უცნაურობას ამჟღავნებდა; ხედავდი, რომ მას ეს ენები ნასწავლი კი არა, თითქოს სიცოცხლესთან ერთად ჰქონდა შესისხლხორცებული, შენივთებული  და, როცა რომელიმე არაბულ ან სპარსულ სიტყვას სინჯავდა თავისი განუყრელი კამერტონით, ჩანდა, რომ ის სიტყვათმესაიდუმლე იყო. ზეზვა ჰაერში იხელთებდა უცნაური ჟღერადობის უცხო სიტყვებს და ქართული სიტყვების ჟღერას უთანადებდა. ის ანალიტიკოსი გახლდათ და კიდევ უფრო პოეტი, ამიტომ სიტყვის სემანტიკასთან ერთად სიტყვის ევფონია იზიდავდა…

ზეზვა მედულაშვილის ქართული ენა სრულიად უნიკალურია და თავისებური. მან უამრავი აღმოსავლელი პოეტი და პროზაიკოსი თარგმნა ძველი და ახალი დროისა. რაც გამოუქვეყნებელია, გამოქვეყნდება, უკვე გამოქვეყნებული და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გაფანტული კი ხელახლა წარმოჩნდება მკითხველის წინაშე. ქართულ მწერლობას, ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ოქროს ფონდს განეკუთვნება ზეზვას უბადლო თარგმანები: მსოფლიოში ცნობილი ეპოსი „ქოროღლი“ (აზერბაიჯანული ვერსია), საიათნოვა (სამენოვანი გამოცემა), ჰრანტ მათევოსიანის პროზაული თხზულებები, ჰაფეზის, ომარ ხაიამის, ქაბირისა და სხვათა და სხვათა უკვდავი პოეტური შემოქმედება.

ამჯერად მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ შეუდარებელი ომარ ხაიამის რობაიების გამოუქვეყნებელ ქართულ თარგმანს.

20  დეკემბერს ზეზვა  79 წლის  შესრულდებოდა…

ანდრო ბუაჩიძე

 

 

რ ო ბ ა ი ე ბ ი

ომარ ხაიამი

თარგმანი სპარსულიდან ზეზვა მედულაშვილისა

გამოუქვეყნებელი თარგმანები ვარიანტებითურთ

 

1.

ვინც ამო ღვინით იქარვებდა დარდებს ამო დღეს,
მასზე თქვეს, თითქოს ჯოჯოხეთში კუპრი ჩამოსთხევს,
თუ მსმელს და მიჯნურს ჯოჯოხეთში ელით მოხვედრა,
ხელისგულივით ხვალ ცარიელს ნახავთ სამოთხეს.

2.

სამყარო ესე უკიდეოდ განაკიდია,
თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ, სადა ჰკიდია,
ვერვინ ამიხსნა, ეს ამდენი ხალხი რომ მიდის,
ნეტავ საიდან – ან მოდიან, ან სად მიდიან?

3.

უსარგებლოა გარდასულზე დარდიც და დავაც,
ცხოვრებამ გული დაუკოდა ჩვენსავით მრავალს,
ამივსე თასი, გადავკრა და მეფონოს გულზე,
მომხდარი – მოხდა, მოსახდენი მოხდება კვლავაც.

4.

მძაფრი წყურვილით ხელადისა დავტუჩე ტუჩი,
რათა ნიადაგ ნეტარება მქონოდა ყუჩი,
ხელადაც ჩამიტუჩიტუჩდა და ჩამჩურჩულა:
– ერთხელ მოსულხარ, სვი, საწუთრო არისო ფუჭი!

 

1 2 3 4 5