5.

არაფერია, რაც რამ ქვეყნად თვალით გვინახავს,
რაც გვითქვამს, უთქვამთ ანუ ხსოვნით შემოგვინახავს,
რაც გვიხვეჭნია, გვიშოვნია, რაც გზა გვილახავს,
ავაგლახ, თურმე სულ ტყუილად წყალი გვინაყავს.

5.2

ამაოა, რაც კი ქვეყნად გინახავს და გაგიგია,
ამაოა, რაც თვით გითქვამს, ანუ სხვისგან გაგიგია,
ამაოა, რაც გივლია რაც გზა ფეხქვეშ გაგიგია,
ამაოა, რაც ქონება, გიხვეჭავს და გაგიგია.

6.

მუფთი, ჩვენა ვართ შენი მიწყივ შემაწყინარი,
თუმც ლოთები ვართ, ჩვენი ჭკუა შენზე წინ არი,
ჩვენ ვსვამთ ვაზის სისხლს, შენ სისხლსა სწოვ ადამიანებს,
თქვი, ჩვენ ორს შუა სისხლისმსმელი უფრო ვინ არი?

6.2

ჰეი, მუფტი, უსაქმურნი შენზე საქმიანები ვართ,
ლოთები ვართ, მაგრამ შენზე უფრო აზრიანები ვართ,
ჩვენ სასმელად ვაზის სისხლი, შენ კი ხალხის სისხლი გიყვარს,
ვინ უფროა სისხლისმსმელი, ერთურთს რაში ვგვანებივართ!

7.

მახეში გაბმულ მოფრთხიალე ფრინველსა ვგავართ,
ბედით გვემულნი, მშფოთვარენი, ვინა ვართ, რა ვართ?
ამ უკარფანჯრო წუთისოფლის წადილის ყმა ვართ,
ბედის წადილით, უწადინოდ, დღეს თუ ხვალ, წავალთ.

8.

მე თუ ლოთი ვარ, “არ ვარ-მეთქი”, არა ვფიცავარ, –
კი, ლოთიცა ვარ, მეკერპეც და წარმართიცა ვარ,
მიეთ–მოეთნი ათას რამეს იტყვიან ჩემზე,
მე უფრო ვიცი, ვინცა ვარ და როგორიცა ვარ.

8.2

მე თუ ლოთი ვარ, “არ ვარ-მეთქი”, არა ვფიცავარ, –
კი, ლოთიცა ვარ, მეკერპეც და წარმართიცა ვარ,
თავის გუმანზე ათას რამეს მაბრალებს ზოგი,
მე უფრო ვიცი, ვინცა ვარ და როგორიცა ვარ.

8.3

ვიეთთა აზრით ლოთიცა ვარ, ავარაცა ვარ,
წარმართიცა და გიაურიც, ასჯერ სხვაცა ვარ,
ხალხი ყბედია, როგორც უნდა ისე გაგჭორავს,
არადა ის ვარ, რაც ვიყავ და ეხლაც რაცა ვარ.

9.

ნასვამი ვიყავ, ჩავიარე სარდაფის კარზე,
მოხუცი ვნახე, ღვინის დოქი მოეგდო მხარზე,
ვუთხარ: მოხუცო, ღვინოს რო სვამ, ღმერთი არა გწამს?
– ღმერთი შეგვინდობს, შენც დალიე, ნუ ხარო შარზე!

10.

გვერდით მოისვი საროსტანა ნაზი და ნორჩი,
ასწიე ჯამი და ქვეყნისას სადარდელს მორჩი,
არ მოგვარდნია ძუ მგელივით სანამ სიკვდილი,
არ დაუღრღნიხარ და შენში არ გაუდგამს ბორჯი.

11.

ეგ ღვინის დოქი არ გეგონოს ჩვენთვის ზარალი,
შენც დაისხი და მეც დამისხი ღვინო ალალი,
იჩქარე, სანამ ჩამოგვძერწავს დოქად განგება,
ჩვენი ძვალ-ხორცი სანამ კიდევ დოქი არ არი!

11.2

წამოდექ ტურფავ, ტანი ჩვენთვის მოილერწამე,
თუნდ ერთი წამით, ყოფა კვლავაც წაგვიერთწამე,
მოგვართვი ღვინო, ჩვენც გვასვი და თვითაც იგემე,
ჩვენივ თიხისგან სანამ დოქად ჩამოგვძერწავენ.

11.3

მო, მერიქიფევ, მუშკისა და ამბრის ფშვენებით,
ღვინო გვასვი და თან დაგვატკბე შენი მშვენებით,
ჩვენც დავიფშვნებით სანამ თიხად, ხოლო მედოქე
ახალთახალ დოქს გამოძერწავს იმ ნაფშვენებით.

 

1 2 3 4 5