28.

აფსუს, გავლიე უსარგებლოდ მთელი ცხოვრება,
გაარმდა ლუკმა, სუნთქვაც ჰაერს იმათხოვრება,
პირშავად დამსვა ცით ნაბრძანის არშესრულებამ,
ჩემით კი რაც ვქმენ, ვაჰ, რა მწარედ მემახსოვრება!

28.2

აფსუს, გავლიე უსარგებლოდ ცხოვრება მთელი,
გაარმდა ლუკმა, ჭირს სუნთქვა და კარგს არას ველი,
პირშავად დამსვა ცით ნაბრძანის არშესრულებამ,
ჩემით კი რაც ვქმენ, იმისგან მაქვს თვალები სველი.

28.3

აფსუს, რა ფუჭად ცხოვრებაში გზა-კვალი ვკოდე,
გაარმდა ლუკმა, ჭირს სუნთქვა და ახლოა კბოდე,
რაც ღვთის ნებისად არ მიქნია, მით ღმერთსა ვცოდე,
ჩემი ნებისად რაც მიქნია, იმაზე ვგოდებ.

28.4

აფსუს, გავლიე უსარგებლოდ ცხოვრება მთელი
გაარმდა ლუკმა, ჭირს სუნთქვა და კარგს არას ველი,
რაც ღვთით მებრძანა და არ ვქმენი, ვცოდე უფალს,
რაც ჩემით ვქმენი, მის გამო მაქვს თვალები სველი.

29.

ორი დღის ხემსად თუ გაქვს პური, თუნდ ერთი ცალი,
ნაბზარ დოქშიაც ცივციველა თუ გიდგას წყალი,
მაშ, რაღად გინდა ემსახურო სხვას, შენზე ნაკლებს,
ან თუნდაც შენი თანასწორის დაიდო ვალი?

29.2

ორი დღის ხემსად თუ გაქვს პური, თუნდ ერთი ცალი,
თან პირმოტეხილ ხელადაშიც თუ გიდგას წყალი,
მაშ რაღად გინდა ემსახურო შენზე მდაბიოს,
ან თუგინდ, შენი თანასწორის დაიდო ვალი.

29.3

ორი დღის ხემსი თუ გაქვს პური, თუნდ ერთი ცალი,
ნაბზარ დოქშიაც ცივციველა თუ გიდგას წყალი,
მაშ, რაღად გინდა ემსახურო სხვას, შენზე მცირეს,
ან შენს თანასწორს ამსახურო ხორცი და ძვალი.

30.

ვთქვი: ამიერით აღარ მივდევ, მორჩა, შარაფსა,
ვაზის სისხლია, როგორ დავლევ სისხლსა შარავსა?*
– მართალს ამბობო? – შემეკითხა ჭკუა ბებერი,
– ვიხუმრე-მეთქი, სხვა რა ვქნა, რო ღვინო არა ვსვა!

*შარავი სისხლი – შავი, ჩაქცეული სისხლი

30.2

ვთქვი: აღარ დავლევ მე ამ ღვინოს წითლად მცვარავსა,
სისხლია-მეთქი ვაზისა და სისხლი მზარავსა,
– მართალს ამბობო? – შემეკითხა ჭკუა ბებერი,
-ვიხუმრე-მეთქი? სხვა რა ვქნა, რომ ღვინო არა ვსვა.

31.

მითხრეს: სამოთხე ფერიებით დანაფერია;
ვუთხარ: სამოთხე ყურძნის წვენთან არაფერია!
ღვინო ნაღდია, სამოთხე კი არის ნისია,
როგორც დოლის ხმა, შორით ქარის დანაბერია.

31.2

თუ გსურს ედემში ფერიები გვერდით მოისხა,
მითხრეს, ნუ სვამო მის წვენს, ვაზმა რაც გამოისხა!
ეს ახლო ნაღდი მირჩევნია იმ შორ ნისიას,
შორიდან ხოლმე უფრო კარგად ისმის დოლის ხმა.

31.3

მიქეს სამოთხე ჰურიების მტილად სახული,
მე ყურძნის წვენი ვამჯობინე გამომკრახული,
ჰა შენ ნაღდი და იმ ნისიას მოეშვი, ძმაო,
შორიდან-ხოლმე კარგად ისმის დოლის ბრახუნი.

 

 

 

1 2 3 4 5