22.

ბერნიც და ყრმანიც, როგორც ვხედავ და როგორც ვავლენ,
მოვლენ და წავლენ სათითაოდ, ვინც ქვეყნად დავლენ.
არ შერჩენია ეს ბებერი ქვეყანა არვის,
მოდი-მიდიან, კვლავაც მოვლენ და კვლავაც წავლენ.

23.

გამთენიისას რატომ ყივის, იცით, მამალი?
ან რა სევდაა მის ყივილში გადანამალი? –
დილის სარკეში დანახული გვამცნო უვიცებს,
რომ სიცოცხლისა ერთი ღამეც გაჰქრა ფრთამალი.

23.2

გამთენიისას რატომ ყივის, იცით, მამალი?
ან რა სევდაა მის ყივილში გადანამალი?
ჩვენ რომ გვეძინა, მან იხილა დილის სარკეში,
რომ სიცოცხლისა ერთი ღამეც გაჰქრა ფრთამალი.

24.

მითხრეს: ცოტა სვი, ღვინო არის მავნე და ავი,
რომ მერე ხალხთან ბოდიშებით არ იყო მზღავი!
– ჰა, თქვენ, ბოდიშად ტურფას ღაწვი და დილის სიო,
თქვენც ინამუსეთ, მეტი რითღა ვიმართლო თავი?

25.

თრიაქნაჭამი რინდი ვნახე, ეგდო ერთგანა,
ფეხზე ეკიდა რჯული, რწმენა, ხალხი, ქვეყანა.
რის შარიათი, რა ისლამი, რომელი ღმერთი?! –
ორთავ ქვეყანას – ზედა-ქვედას, ყელთ მოეყვანა.

26.

ჩუმად იცხოვრე, არა გმართებს ცხოვრების ჯიბრი,
ერთმანეთს ჭკუით შეუწონე საქმე და ფიქრი,
ენას, თვალს და ყურს მოუფრთხილდი, მუდმივად გედოს:
ენაზე – კლიტე, ყურში – ბამბა და თვალზე – ლიბრი.

26.2.

ცხოვრების გზაზე ცუდუბრალოდ რომ არ გაფუჭდე,
ჩუმად იცხოვრე, თავს დარაჯად უნდა დაუჯდე,
საღად გასხია სანამ ენა, თვალი და ყური,
უნდა დაყრუვდე, დაბრმავდე და უნდა დამუნჯდე.

26.3

ქვეყნის მახეში ორივ ფეხით რომ არ გაება,
ჭკუით იცხოვრე თუ ჭკუა არ გეცოტავება.
ენაც, თვალ-ყურიც თავის ადგილს სანამ გასხია,
გხამს დამუნჯება, დაყრუება და დაბრმავება.

26.4

ამ ქვეყანაზე არა გმართებს ცხოვრების ჯიბრი,
თუ ჭკვით იცხოვრებ, მეტს გაიბრი, სანამდე იბრი,
ენას, თვალს და ყურს მოუფრთხილდი, მუდმივად გედოს,
ენაზე – კლიტე, ყურში ბამბა და თვალზე ლიბრი.

26.5

ჩუმად იცხოვრე, ცუდუბრალოდ რომ არ გაფუჭდე,
ჭკუით იყავი, თავს დარაჯად უნდა დაუჯდე,
საღად გასხია სანამ ენა, თვალი და ყური,
გხამს, ხან დაბრმავდე, ხან დაყრუვდე და ხან დამუნჯდე.

26.6

ბედის ხრიკებით ქვეყნად რომ არ გაფუჭდე, ძმაო,
ჭკუა გონებით ცოტა უნდა დაუნჯდე, ძმაო,
საღად გასხია სანამ ენა, თვალი და ყური,
უნდა დაყრუვდე დაბრმავდე და დამუნჯდე, ძმაო.

27.

ღვინით გამბანეთ, როცა ვიქნე დასამიწარი,
ღვინით მიხსენეთ შენდობა და მოსაფიცარი,
თუ განკითხვის დღეს ჩემი პოვნა მოგესურვებათ,
სამიკიტნოს წინ ავარდნილი სუნით მიცანით.

 

1 2 3 4 5