12.

მეჭურჭლის დუქნის, დრო მომეცა ერთხელ, ნახვისა,
და რაც იქ ვნახე, მოწამე ვარ იმ ვაგლახისა: –
მოჩარხა დოქი, ყურად უყო მათხოვრის ფეხი,
ხოლო ტუჩ-პირად – თავისქალა ფადიშაჰისა.

13.

წავედი, მოვრჩი, ამ ქვეყნისას ვისტუმრებ ვალებს,
ქარივით ჩავლილ ამ ცხოვრების ცოდვებს და ბრალებს,
ჩემი სიკვდილი გაუხარდეს მავანს და მავანს,
ვინც ფიქრობს – თავად გადურჩება სიკვდილის ბრჭყალებს.

14.

თუ ვსვამ ღვინოს და ლამაზმანთა მახლავს კრებული,
სჯულის მოძღვართა რაღად მინდა ქადაგებული?
ამ ღვინის მსმელებს ჯოჯოხეთით რომ გვაშინებენ,
მაშ, ის სამოთხე ვისთვისღაა გამზადებული.

15.

სარდაფის კარზე ბერიკაცი ვნახე მავანი,
– წასული ხალხის მამცნე-მეთქი ავან-ჩავანი!
მითხრა: ღვინო სვი! ჩვენნაირი ვნახე მრავალი,
წავიდნენ, მაგრამ ვერ იკვლიეს უკან სავალი.

16.

ნადიმად მსხდარნი, ოდეს მოლზე გულს იფონებდეთ,
ერთურთს აქებდეთ და ერთურთით თავს იწონებდეთ,
ძმანო და თვისნო, საჩემოდაც ასწიეთ თასი,
მე გარდასულსაც, მე საწყალსაც მომიგონებდეთ.

17.

მუხლებზე დამცემს თავის ფერხთით როცა სიკვდილი,
როს შეჯამდება ჟამი ჩემი მოთვლილ-მითვლილი,
საღვინე სურა შექმენ, ღმერთო, ჩემი თიხისგან,
რომ ღვინის სუნმა გამაცოცხლოს მე, სულმიხდილი.

18.

შეჰკიდებია ღვინის ეშხი ჩემს გულს ცეცხლადა,
ვსვამ და არ ვზრუნავ ამ სირცხვილის მოსარეცხადა,
იმდენი ვსვა, რომ ვინცა მნახავს, ასე იფიქროს:
“ეს ღვინის რუმბი აქ საიდან გამოგვეცხადა?!”

 

19.

ჰეი, შენ, ვისაც გიყურნია აქამდე მზისთვის,
თუ გიფიქრია, ქვეყანაზე არსებობ რისთვის,
გონს მოეგე და თავს მიხედე, რადგან დროება
შენც იმას გიზამს, რაც აქამდე უქნია სხვისთვის.

19.2

ამ წუთისოფლის დღის და ღამის თუ ხართ მჭვრეტელი,
თქვენ ეგ საწყაო არ გეგონოთ დაუშრეტელი,
გონს მოეგეთ და მიხვდით ბოლო ამოსუნთქვის ჟამს,
თქვენამდე ბევრის რატომ იყო მუხლთა მკვეთელი.

20.

უღვინოდ ვერ ვძლებ, ვენაცვალე ღვინის ბარაქას,
უღვინისჯამოდ ვერ მოვიკრებ გონს და არაქათს,
იმ წამის ყმა ვარ, მწდე მომაწვდის როდესაც სასმისს,
სმა მინდა, მაგრამ ჩამორთმევის შნოც აღარა მაქვს.

20.2

სანამ ვიდარდო, ესა თუ ის მაქვს თუ არა მაქვს,
ან ცხოვრებაში ვეღირსები როსმე ბარაქას, –
ამივსე თასი, რადგან, ძმაო, ეგეც არ ვიცი,
რომ ჩავისუნთქო, კვლავ მოვიკრებ თუღა არაქათს.

21.

ჟამსა მას, ოდეს ია ღაწვებს ეშხით ალეწავს,
ოდეს ვარდებში მოირეწავს სიო სარეწავს,
ჭკვიანს დავარქმევ, ვინც სატრფოსთან ასწევს ფიალას,
სასმელს გადაჰკრავს, ფიალას კი ქვას მიალეწავს.

21.2

მომეც ხელი ხელს, სიყვარული ერთურთს ვასხივოთ,
ვიამოთ ღვინო, სირცხვილ-რიდი არ დავაზღვიოთ,
ღვინის ჭურჭელში სალოცავი გავცვალოთ ნოხი,
თავშეკავების ჭურჭელი კი ქვას მივამსხვრიოთ.

 

1 2 3 4 5