თუკი ვაღიარებთ, რომ სულიერი არსებები რამოდენიმე გარდასახვაში – სასიცოცხლო ჯაჭვსა თუ ციკლში ერთდროულად იბადებიან, ანუ ერთდროულად ევლინებიან სამყაროს – ადამიანი + მისი ცხოველური ტყუპისცალი + მისი ფრინველური ტყუპისცალი + მისი ზღვის ბინადარისეული ტყუპისცალი, მისი მწერისეული ტყუპისცალი, მისი მცენარისეული ტყუპისცალი + მისი ბაქტერიასეული ტყუპისცალი (?!) და ეს, ყოველი არსება დაკავშირებულია ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიით… მაშინ, ერთი ყვავილის მოწყვეტით = ერთი ჭიანჭველის გასრესით = ერთი ჩიტის მოკვლით = ერთი მცენარის მოჭრით = ჩვენ ვრთავთ სიკვდილის მექანიზმს და ერთმანეთზე მიბმული ყველა ეს საფეხური სწრაფად იწყებს განადგურებას. კვდომას. “მიაჭყლიტე ტარაკანა”, “დაიჭირე თევზი” და “მოკალი ადამიანი” – ერთი და იგივეა. ჩვენ ვკლავთ და ვჭამთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. ეს გასაგებია, მაგრამ რა არის “რიგი”? – “რიგი”, ეს უსაშველოდ გრძელი ნაწლავია, რომელსაც გავყავართ ერთი სამყაროდან მეორეში…ღმერთო, ეს რა სირობები მომდის თავში?! მიმიქარამს გრეტა ტუნბერგი. ასეთი ფიქრებით და აზრებით მივალთ იქამდე, რომ ადამიანობა თუ გვინდა, შიმშილით უნდა დავიხოცოთ… მაქანავებს. ფრთხილად ამოვიღოთ ჯიბიდან ასკანელის ბოთლი და მოვსვათ, არა ჭაჭა, არამედ მასში სპეციალურად ჩასხმული – ცოტა ლიმონიანი წყალი… თვალები მიხურს, მაგრამ მიშველა! ვივა, ლიმონს!.. სად გავჩერდი?

ფაქტია, რომ მოთხრობაში გმირები უნდა მოკვდნენ. ან, ერთი მაინც უნდა მოკვდეს და მეორემ იცოცხლოს  მის ხარჯზე. თუნდაც, ჰო..

კი, აბა რააა! ეს, “ძალიან კარგია”…

ღამეა. არა, საღამოა. ცხელა. არა, წვიმს. მ.მ. ნელი ნაბიჯით მიუყვება კოხტად მოვლილი მდიდრული სასაფლაოს ბორცვებს. მას წვიმა არ აშინებს. საკმაოდ კარგი ლაბადა აცვია. ერთ ხელში ასკანელის ჩამოსხმის ჭაჭა უჭირავს. გაუხსნელი. მეორეში კი, ჩურჩხელა.

თვალებს აქეთ – იქით აცეცებს. არა იმიტომ, რომ რაიმესი ეშინია. უბრალოდ ეძებს მოკლული მეგობრის (მოკლული? მეგობრის?). დავაზუსტოთ! მის მიერ მოკლული მეგობრის… უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო! მის მიერ მზაკვრულად მოკლული, ყოფილი მეგობრის საფლავს.

ძნელია დაინახო ტირის, თუ არა. ინანიებს, თუ არა. სახის ნაკვთები, თითქოს თუჯისგან აქვს ჩამოსხმული. არცერთი ნერვი არ ტოკავს… მხოლოდ სნაიპერის შაშხანის ლულებად ქცეული, თვალები მოძრაობს, ეძებს და პოულობს კიდეც იმას, რისთვისაც აქ მოვიდა და არ შეეპუა უამინდობას.

კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი და ის, სასიამოვნოდ (სასიამოვნოდ არა გემრიელად კიდე) მოპირკეთებულ საფლავთან დგას.

არა, არ გამოვა…მძიმედ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და გამხმარი, სამგლოვიარო გვირიგვინების გროვასთან შეჩერდა. მზერა მიაპყრო საფლავის ქვაზე, ვერცხლისფერი ასოებით ამოტვიფრულ წარწერას და შედრკა, გაფითრდა, უკან დაიხია. სულ სხვას ელოდა და სულ სხვა სიტყვები დახვდა. “თუჯის” ნიღაბი აუთრთოლდა და დაემსხვრა. სახე ჯერ გაუთეთრდა, მერე კი ალმოდებულივით წამოუწითლდა. აკანკალებული ტუჩები თავისდა უნებურად, გაუთავებლად კითხულობდნენ და კითხულობდნენ ამ საბედისწერო წინადადებას.

“ლაქლაქლაქლაქ” (რა ეწერა? ამას იმედია ,კარგად რომ ვიქნები, მაშინ მოვიფიქრებ)

გაისმა დარტყმის ყრუ და ამავე დროს მჭახე ხმა, რომელსაც ექოდ შეურეთდა მეტალის ზანზარის და ძვლების მტვრევის ხმა.

სანამ გახლეჩილი თავის ქალიდან სისხლი შადრევანი იფეთქებდა და წვიმას შეერეოდა, მ.ჭ შეეცადა წონასწორობა შეენარჩუნებინა, მაგრამ შებარბაცდა და ისე რომ ჩურჩხელასა და ჭაჭის ბოთლისთვის ხელი არც კი გაუშვია, გამხმარ თაიგულებს მოცელილივით პირქვე დაემხო.

გვამი ვიღაც უცნობის უზარმაზარმა სილუეტმა დაფარა. შეუძლებელი იყო ბოროტმოქმედის სახის დანახვა. წვიმაში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა. ის, დაბალი, ლამის ჭრიალა ხმით ცდილობდა მელოდია და ტექსტი ერთმანეთს მოერგო და ისინი სიმღერად ექცია:

“ლაქლაქლაქლაქ, / ლაქლაქლაქლაქ,/ლაქლაქლაქლაქ, მაგრამ / ეს არ არის საქართველო.”

თითქმის გაჩეხილი წიწვნარიდან (ნაძვნარიდან) კიდევ დიდხანს ისმოდა ყვავების ჩხავილი…ლაქლაქლაქრიგრიგრიგ…

ნეტა, ვინ დაღვარა პირველი ლიტერატურული სისხლი? ვინ იყო ის სისხლმოწყურებული მანიაკი – ავის მოქმედი, ვინც გახსნა ეს საშინელებათა ყუთი… არა რეალურ (რომლებიც მართლა იხოცებოდნენ), არამედ მოგონილ გმირებზე ნადირობის სეზონი, დღესაც რომ გრძელდება და ბოლო არ უჩანს?..

ძალიან ზუსტად უნდა გავიგოთ და ვიცოდეთ, რა გვინდა –  რაიმე რომ არ გამოგვეპაროს და სადმე დაუკრეფავებში არ შევტოპოთ. გმირი არ შეიძლება ცხოვრობდეს ჩვეულებრივი ადამიანივით. სინამდვილე, ყოფიერება, ყოვედღიურობა  ვერ ინელებს გმირებს და გმირობებს, ის აუცილებლად გადმოარწყევს მათ. არადა გმირობის გარეშე ყველაფერი იკარგება, უფასურდება. მით უმეტეს მაშინ, როცა გაუთავებელ, თუ დაუმთავრებელ რიგში დგახარ. ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ვერ ვიტან სისხლისღვრას და რამ მიმაჩვია, რამ შემსვა, ნეტა, გმირების მკვლელობებზე კაიფს?!

რიგი რიგრიგით მიიწევს და მიიწევს, უმოწყალოდ, ათასი ნაოჭის სახით ხაზავს თავის ტრაექტორიას. რიგი თანატოსი მიიწევს… ნელა, ზლაზვნით, ლაქლაქით, რიგრიგით.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6