E le genti che passeranno / Mi diranno: “Che bel fior” (და გმირები ვინც გაივლიან / ლამაზო გამარჯობა, ლამაზო გამარჯობა, ლამაზო გამარჯობა, გამარჯობა/ და ვინც გაივლიან / მეტყვიან: “რა ლამაზი ყვავილია” )

  • ხალხნო, რა მოგივიდათ ისე ლაპარაკობთ, თავი ფეისბუქში ჩარჩენილი მგონია. რაღაც სხვანაირად უნდა ისაუბროთ და რეალობას შეხედოთ. მახსოვს პურის რიგები რომ იყო 90-იანებში. დედა, რა კარგი იყო მაშინ რიგში დგომა? ადამიანები ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ადამიანურად ვლაპარაკობდით.
  • შენ რომ მაგას ამბობ, გგონია ტელეფონში არ იხედები და ინტერნეტში არა ხარ?
  • ვარ, და ვხვდები, რომ რაღაცას ვკარგავ.
  • ჰოდა, დაიკარგე აქედან!
  • ნეტა ვირუსის დაძლევის შემდეგ, როგორი ფსიქოფორმაციის საზოგადოებას მივიღებთ?
  • ეს აუცილებლად ჩაივლის და ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში. მჯერა ჩემი, ჩვენი თბილი და ერთმანეთის მოსიყვარულე ხალხის მჯერა.
  • ამ რიგში დაინახეთ მოსიყვარულე და თბილი ხალხი?!
  • შეეგუეთ ,,ხალხნო”, მეფესაცა და პაიკსაც ერთ ყუთში ჩაყრიან!!!
  • ვერ გავიგე საიქიოს რიგში ვდგევართ, აცრის, ანალიზის, მარილის თუ რის? დაეშვით მიწაზე, რაა!
  • საკუთარი თავისა და სხვების გაფრთხილება აუცილებელია თუნდაც საიმისოდ, რომ შანსი მოგვეცეს, მომავალში ამ გამოცდილებით ვიცხოვროთ. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი განძი იქნება, ვიდრე ეკონომიკა, ან რაიმე სხვა. ის, შრომასაც გაგვახსენებს და დაგვაფასებინებს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ხელახლა დავიწყოთ ყველაფერი. ცხადია, ეს არ მოხდება საჯაროდ, არამედ ყოველი ჩვენგანის სულში ფარულად. ყველა, ვერ გავუძლებთ ამგვარ შეხვედრას. მაგრამ მაინც, გვეძლევა შანსი…
  • ქუთაისში, რიონში დელფინები გამოჩნდნენ!
  • O bella ciao, bella ciao, bella ciao ciao ciao…(ოჰ ლამაზო გამარჯობა, ლამაზო გამარჯობა, ლამაზო გამარჯობა გამარჯობა გამარჯობა…)
  • რიგი ესაა დემოკრატიიის ნამდვილი სიმბოლო. ჩვენ ყველანი თანატოლები ვართ. რიგმა გაგვათანატოლა.
  • რაა მასზე გულსაწყვეტი, /აქ იდგე და სულ ფიქრობდე,/ ეს არ არის საქართველო.

თანატოლი – თანატოსი – ესაა სიკვდილის ღმერთი. თანატოსს ხშირად გამოსახავდნენ ფრთოსან მოზარდად, რომელსაც ხელში ჩამქრალი ჩირაღდანი უჭირავს. თანატოსს კიდევ უწოდებენ სიყვითლე შეპარული ფოთლების დაავადებას, რომელიც მათ ყოველ შემოდგომაზე ემართებათ. მათ თანატოსი შეეყარაო? სიკვდილის ბაცილა…გავჩერდი იქ, სადაც ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს ქუჩაში და გამოესაუბრა. ექსტრავაგანტული ნაცნობები არიან. უყვართ ძველი ქართული კინო და ხშირად ერთმანეთს “ეღლაბუცებიან” ამ ფილმებიდან დაზუთხული რეპლიკებით.

– რა თქვი? – ჰკითხა ულვაშამ, რადგან ფიქრებში წასულმა ვერ გაიგო მოსაუბრის ნათქვამი, რომელიც ახლა დაჭყეტილი თვალებით მისჩერებოდა და პასუხს ელოდა…

არა, აქ არ გავჩერებულვარ. ისინი აგრძელებენ დიალოგს.

  • ლაქლალქრიგრიგლაქლაქ?
  • ლაქრიგ ლაქ!

ამ ტექსტიდან ირკვევა, რა? – ისინი, მარტოხელები არიან. არ აკმაყოფილებთ თავიანთი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ ბედს შეეგუენ და სწორედ ამიტომ, თავი რომ არ მოიკლან, ან არ გადავარდნენ ლოთობაში, ან რაღაც უფრო უარესში, ფილმების რეპლიკებით ცხოვრობენ და იხალისებენ თავს. კი არ ცხოვრობენ, სულდგმულობენ. ეს, მათ უქმნის გარკვეულ ილუზიას იმაზე, რომ ისინი თამაშობენ. ეს უბეში ჩადებული ვეფხისტყაოსანია. ისინი, ჩვეულებრივი – უბრალო ადამიანები კი არ არიან, არამედ ქართული კინოს პერსონაჟებად იქცნენ. იმიტომ, აქვს ერთს ულვაშები გაცქვეტილი, რადგან ძალიან უნდა ჰგავდეს ჟორა შავგულიძის რომელიმე გმირს. მეორე კი შლაპით ისე დადის, ვანიჩკა სიხარულიძის პერსონაჟი გეგონება. ასე “ცდილობენ”,  თუნდაც ილუზიებით, არ გააღვიძონ დაუკმაყოფილებელი, დათრგუნული სული და არ აფეთქდნენ. ფაქტიურად ისინი არიან მინდორში მიტოვებული ნაღმები. უხარისხო, ბუტაფორიულ ხეებით ან ბუჩქებით (მათი ჩაცმულობა და იერ-სახე) შენიღბული.

კიდევ, რა აქვთ საერთო? გაუკაცრიელებული ქალაქი და გაზაფხულის დადგომისადმი რიდი (ანუ ლატარიის ბილეთვის ყიდვის შიში) და… მათ დაავიწყდათ ცხოვრების მთავარი სიტყვა – რისკი, დაკარგეს თუ დააკარგვინეს მებძოლის მთავარი თვისება – განუსაზღვრელი დონის შედეგის წინასწარი განჭვრეტის უნარი… სხვათა შორის – ახალციხეში, სოფელ აწყურში იასამნისფერ კარტოფილს თესავენ.

  • ახალგაზრდავ, რატომ ატარებთ მათ ურიგოდ?
  • რიგში იდგნენ და ცოტა ხნით გავიდნენ.
  • არსადაც არ იდგენენ.
  • ვიდექით ქალბატონო, ნამდვილად ვიდექით!
  • საათზე მეტია აქ ვდგავარ და არ დამინახიხართ!
  • იდგნენ, ბატონო ჩემო, ნადვილად იდგენ!
  • კი, კი, იდგნენ, უბრალოდ, მაშინ ამას მოკლე კაბა და დიდი დეკოლტე ეცვა. იმას კი, გამჭვირვალე ქვედატანი და ჟაკეტი, რომელიც ძალიან უხდებოდა… იდგნენ, მაგრამ მაინც სირცხვილია ასე მოქცევა. დაიკავებენ რიგს და მერე თავის ნებაზე დასეირნობენ!.. არა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. არაფერი. ვირუსიც, კი ვერ უშველის!
  • ლაქლა!
  • რიგრიგ…
  • ლაქლაქ!!!
  • ნუ მაწყვეტინებ! რიგლაქ.

რიგი ნელა მიწევს შესასვლელისკენ და რამოდენიმე მეტრში ჩერდება.

  • რიგრიგი! იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვლაპარაკობთ, ან უბრალოდ ვფიქრობთ – უნდა ერქვას “რიგრიგი”! ესაა ურთიერთობის განსაკუთრებული მანერა, როცა მოქმედება არის მხოლოდ სიტყვიერი, თემიდან თემაზე გადახტომა – გადაადგილება. ცამეტჯერ რიგში ჩააწყვე ტყვია…
  • ჩემი აზრით ესენი არ იდგნენ! არ მახსოვან!
  • მახსოვს!
  • მე, მახსოვან. ნამდვილად იდგნენ!
  • მახსოვს!
  • მართალი ბრძანდებით, გავიგონე და ამეკვიატვა. ამეკვიავტა. ამეკვივტვა. ცუდად ვარ!
  • ყალიბდება “რიგრიგის” გრამატიკა.
  • არ იდგენ, არა!
  • იდგნენ!
  • დამშვიდდით ხალხნო! ნადვილად იდგენ!
  • ნამდვილად! იდგნენ – იდგნენ ბოლოს და ბოლოს!
  • ნუ ყვირით. ნუ ყივრით!
  • დაიცავით სიმშვიდე! ჩვეულებრივი გრირგია…
  • აუუუ! სიცხე გაქვთ? როგორ ლაპარაკობთ?! აუუუ…
  • ეს რატომ დაწვა?
  • რა, არა აქვს უფლება?
  • დინდგნენ! ინდიგნიდნენ!
  • რატომ წევხართ?
  • ლაქლალქრირიგრიგლაქლაქ…
  • გენიალურია!
  • მზეო ამოდი ამოდი ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, ვერ ხედავ რიგში გორავსა.
  • რატომ უნდა შევიდნენ ჩემზე ადრე? რა დამსახურება აქვთ ასეთი?
  • იდგნენ!
  • აი, ხომ ხედავთ ესეც ამას ამბობს, რომ ვიდექით!
  • არ არის ეგ, მაგის საქმე.
  • და რა არის ჩემი საქმე?
  • თვითონაც მშვენივრად იცი! რიგში წესივრად დგომა!
  • წესივრად კი არა წესიერად?
  • ჰე, ბიჯო რას გადაგვეკიდე? ენის გამოცდას კი არ ვაბარებთ?
  • ენა ერთადერთია, რომელიც სიკვდილის მერეც არ ჩერდება. მანამდეც სულ მოძრაობს აქეთ – იქით! აქეთ – იქით! აქეთ – იქით!
  • მთავრობა რატომ არაფერს აკეთებს?! ბოლო-ბოლო ბანკების დროებით ნაციონალიზაციაა საჭირო და ყველაფერი დალაგდება?! ამას მე ვხვდები, უბრალო, მაგრამ კვალიიფიცირებული ელექტრიკოსი და ეგენი, როგორ ვერაფერს ხვდებიან?! გავგიჟდი კაცი ამათი სიბეცის ყურებითა და ამდენი ნევრვიულობით!
  • ნერვიულობით! ნერვიულობით!
  • ნევრვიულო … ნევრი… ნევრ.., ნე… ნესვი… ნესვიულობით.
  • ნესვეულობით.
  • რა ხდება ჩინეთში, უხანში?! იტალიაში, მილანში?! ინგლისში, მანჩესტერში?! ბარსელონის… ბარსელონაში?!
  • ესპანეთის, ბარსელონაში?
  • ბოლოს და ბოლოს რა ხდება მარნეულში?!
  • მარნეულს, მარნეულთან…
  • დიახ, მარნეულს მარნეულთან. მარნეულის…ლაქლაქლაქლაქლაქლაქ!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6