პირბადეებით ლაგამამოდებული მოქალაქეები დგანან და ელოდებიან კარის გაღებას. ისე როგორც იპოდრომზე გასასვლელს ელიან სადოღედ გამზადებული ჯიშიანი რაშები. ისმის ჩურჩული, რომელიც გუგუნის მომსაწეავლებელია. ტრიბუნებიც გამოჩანდა…
მგონი სიცხე მაქვს. თვალები ზამბარაზე დაკიდებული პინპონგის ბურთებივით ხტიან – სახე, მკერდი, მუხლები, ფეხსაცმელები. თითები გამეყინა. თვალის ბუდეები, სახე… მაგრა მერხევა…
ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ დისტანცია დაიცვან, თუმცა დიალოგის, ან კამათის გარკვეულ ფაზებში ამას ვერ ახერხებენ. რიგი, საკმაოდ ნელა მიიზლაზნება. ხან იწელება და ხან იკუმშება, იგრიხება. იხლართება და იკლაკნება…
- აბა, მარნეულიო?
- თავად ვარ გაოგნებული. ამიტომ ვდუმდები…
რაში მჭირდება და რად მინდა ასეთი გმირები, როგორიცაა მ.მ და მ.ჭ.?
ყველა ჩვეულებრივი ადამიანი მოკვდავია. ყველა გმირი ადამიანია. ყველა ჩვეულებრივი ადამიანი გმირი არ არის, მაგრამ ყველა გმირი ჩვეულებრივი ადამიანივით მოკვდავია.
ელინები, პრინციპულად არ აცოცხლებდნენ გმირს იქამდე, რომ ხალხს მობეზრებოდა მისი ცოცხლად ცქერა, ამიტომ პირველსავე მომგებიან შემთხვევას იყენებდნენ, რათა გმირი მოეკლათ. ისინი მიზანმიმართულად კლავდნენ გმირებს. ჩამოყალიბებული გმირთმკვლელები იყვნენ და ასეა დღემდე. ცოცხალმა გმირმა მთელ კაცობრიობას გაგვიჩინა კომლექსი. ეს ბედკრული ადამიანი გმირობიდან ერთი წელზე მეტს თუ ცოცხლობს, ყველა ეჭვის თვალით ვუყურებთ – ესე იგი მასში არის რაღაც არაგმირულიო და ამდენ ხანს იმიტომ ცოცხლობსო. არა და გმირისა და გმირობის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს. მაგრამ გმირი, მხოლოდ მკვდარია კარგი. უბრალო ადამიანი კი ცოცხალი…
- დუშმანი ვერაფერს დაგვაკლებს ერთიანი თუ ვიქნებით!
- სად ერეკლე, სად მატორიანი თხა. შეადარა დუშმანი და ბაცილა.
- მოდი, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, მსოფლიო მზად არის განკურნებისთვის? სანამ ვინმეს მკურნალობას შეუდგებოდეო, მანამდე ჰკითხეო არის თუ არა ის მზად თავი დაანებოს ყველაფერ იმას, რამაც დააავადაო!
- ეგ რა შუაშია? გგონია, რომ ვინმეს არ უნდა განკურნება?
- მგონია კი არა ეგრეა! შეხედე პირბადეები უმრავლესობას, როგორ აქვს. მარტო პირზე აქვთ აფარებული. ხალხნო, ამ ვირუსს ორალური სექსი კი არ უყვარს, მარტო პირის ღრუს რომ უმალავთ?
- მხოლოდ გერმანული წესრიგი და დისციპლინა გვიშველის.
- გერმანიაში ამ ვირუსის გამო ისეთი დაბალი პროცენტია სიკვდილიანობის!
- ისრაელში ხუთჯერ უფრო დაბალია.
- რაში გაინტერესებთ, რაში მაინტერესებს სად რა არის? მე აქ ვცხოვრობ! აქ!
- კიდევ ერთი ურა-პატრიოტი! სტალინივით კი გაუშვია ულვაშები!
- ეს ულვაშები არის “შევრონის” სტილი. სტალინის კი ჰქონდა კლასიკური! გასაგებია?
- ლაქლაქლაქ…
- რიგ.
- რა ნელა მიიწევს ეს რიგი? საუკუნეა ვდგევარ! ისე, მთელი ცხოვრება ვდგევარ რიგში… ვდგევარ და ვდგევარ, სიცოცხლე კი მიდიის! რატომ დგეხარ? რისთვის? რა აზრი აქვს?
- მიანმარში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა!
- რა მაინმარი, რის მაინმარი?!
- მაინმარისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი! გასკდა გული ნერვიულობით! ჰაჰაჰა!
- მოდით, ვიყოთ გულისხმიერები და ნუ გაგვიხარდება სხვისი ცუდი!
- თუ ძმა ხარ, მაინმარელზე დიდი მაინმარელი ნუ იქნები!
- სამწუხაროა, ღმერთებს არ შეუძლიათ ჩვენსავით მოიკლან თავი!
- კიდე სათაურებს კითხულობ? ამოყავი თავი ტელეფონიდან და ისე დაგველაპარაკე!
- პანდემია – იცით რას ნიშნავს- ყველას! ხალხს!
- ალერგია მაქვს სირობაზე! დავაცემინებ ან დავახველებ და ყველაფერი დაწყნარდება!
- იესოს უზარმაზარი გამოსახულება საჰაერო ბუშტებით გააზავნეს ღმერთთან!
- უკან დაუბრუნეს?
- სოლიდარობა გამოუხატეს ღმერთს!
- აკაცია როგორ უნდა მოისპოს?
- ვერ მოსპობთ. ერთი დატოვეთ, გაიზარდოს, დანარჩენი ყოველწლიურად უნდა მოაშოროთ.
- რ ი გ რ ი გ ე ბ ი!
- რიგები, მარტო ჯოჯოხეთის შესასვლელთან არ არის! იქ ფართე კარია. სამოთხეში კი ვიწრო.
- სამოთხეში მივდივართ?!
- ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი მინდა დავთესო ერთჯერად ჭიქებში!
- რაც მთავარია უნდა დათესოთ ტორფში, პოლიეთილენის ჭიქებში. ღრმად არ ჩათესოთ. აღმოცენების შემდეგ, გადატანის დროსაც აუცილებელია დამუშავება ფესვის ყელის სიმაღლეზე, გადატანიდან ერთ კვირაში უნდა შეწამვლა.
- ბატონო ჩემო, უკაცრავად მაგრამ თქვენ კორპუსში ცხოვრობთ თუ სათბურში?
- ჩეხეთის ფსიქიატრების ასოციაციას ხალხისთვის მიუმართვს: “მეგობრებო, ის რომ კარანტინის დროს ელაპარაკებით ცხოველბსა და მცენარეებსო…
- ვაიმეე, შეხედე ციყვს!
- ციყვს? აბა სადა?
- აი, ხედავთ!
- დედა რა ბანჯგვლიანია და რა ლამაზია ღმერთო ჩემო!
- ნუ მიახლოვდებით! დაიცავით დისტანცია!
- როგორ აცმაცუნებს პირს?!
- გადაიწიეთ. გადაიწიეთ!
- გახსოვთ, თქვენს უკან ვიდექი!
- კიი! მახსოვხართ!
- ის ქალი სადაა?
- ვდგავარ და ვდგევარ ამდენ ხანს!
- გავა დრო და სიცილით გავიხსენებთ ამ ვირუსულ რიგებს!
- ეეეჰ, ყველა ვერა!
- ჰოო, გავიხსენებთ ისინი ვინც გადავრჩებით!
- დავიღალე მოდი ჩემთან უფალო, გვაპატიე ცოდვები, შეგვეწიე უფალო.
- თქვენ, ქალბატონო, მგონი რიგი შეგეშალათ! ეს ჩეულებირვი რიგია და არა სამოთხეში შესასვლელი!
- დარწმუნებული ხართ?… იცით რა ემართება ურწმუნო ან ნაკლებმორწმუნე ადამიანს? ის იჭედება, სააქაოსა და საიქიოს შორის.
- ისე, როგორც რიგში?
- დიახ, ისე როგორც რიგში. ასე, რომ კარგად დაფიქრდით.
- წავიდა რიგიიიი!
- ძალიან დიდი ცვლილებების მომსწრე ვიქნებით! ძალიან დიიიიდის?!
- თუ გადარჩი, კიი!
- გმირი არა ვარ, და ღმერთმა დამიფაროს მარტო გადავრჩე…
რიგი ზოზინით მიწევს შესასვლელისკენ და რამოდენიმე მეტრში ჩერდება. საღამოვდება და ლამპიონებიც ინთება. ქარი თითქმის ჩადგა. დაშოშმინდა.
გმირი უნდა იყოს, მკვდარი; დღენაკლულია მთლად კარგი იქნება. უბრალო ადამიანი კი ცოცხალი უნდა დარჩეს. მცენარეებს თუ შევადარებთ, ადამიანები, ეს არის მცენარეებით გაშენებული ველი, სადაც ყვავილი თუ რაიმე იფუქრჩქნება, ეს იმის ნიშანია, რომ ის გმირობას ჩადის და შესაბამისად ძალიან მალე მოსწყვეტენ, შეჭამენ ან თავისით დაჭკნება.