ქალაქის გარეუბნის ერთ-ერთი შენობის წინ, საკმაოდ დიდი რიგია. დღეა. ისეთი დროა, როცა ზამთარი მიდის და არც მიდის. ყველას მოაბეზრა თავი, მაგრამ მაინც თავისაზე დგას და არ იძვირს ადგილიდან. თუმცა იგრძნობა, რომ თვითონაც დაიღალა საკუთარი გადამეტებული ავყიაობით და ერთი სული აქვს, რაიმე საპატიო მიზეზი იპოვოს გასაპარად. მიზეზი კი, ცოცხალი თავით არ ჩანს. ამიტომ, უფრო მეტად, უფრო საზიზღრად ცივა. უფრო ამაზრზენად ატანს ძვალ-რბილში სუსხი.
- რაზე მეცინება, თუ იცი? აი, ყოველი ავადმყოფობა, ხომ ერთგვარი გამოცდაა, ანუ ღმერთთან, განგებასთან, ან ბედთან მივდივართ… თუ არ მივდივართ, რაღაცნაირად ვუახლოვდებით მაინც და აი, დგება მომენტი, როცა მან ჩვენგან ინტერვიუ უნდა აიღოს.
- ინეტრვიუ?
- აბა! ეხლა, ასე ჰქვია ამას… ანუ გვეკითხება რაღაც – რაღაცეებს და ჩვენ, თავს ვაწონებთ, ან, არ ვაწონებთ და იმის მიხედვით ვხვდებოთ, “იქ”, სადაც საჭიროა. ავადმყოფობა, ასე ვთქვათ, სამუშაოზე ასაყვან გასაუბრება – ინტერვიუს მოდელია, რა?
- ეპიდემია?
- ეპიდემია კი მასობრივი თოქ-შოუა, მხოლოდ მას ერთი მაყურებელი ჰყავს.
- ღმერთი?
- ალბათ… ღმერთმა იცის.
- ხუმრობ თუ სერიოზულად ამბობ ამას? თქვენ შემთხვევით, აქ ხოხბები ხომ არა გყავთ?
- კიი, ხოხბებიცა გვყავს და ოფოფებიც!
- აფრენთ ხოლმე?
- ვაფრენთ აბა არ ვაფრენთ! მგონი, შენც აფრენ. ჰაჰაჰა.
- მიდი და ნუ გააფრენ. ჰაჰაჰა
- კი ჩვენ ვაფრენთ ხოლმე!.. “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” – საოცრება ფილმია!..
ქალაქს, ხან მზის სასიამო სხივების სიმხურვალე გადაურბენს და ხალხი სიამოვნებით გამოეფინება შემთბარ ქუჩებში; ხან, ცა დაემხობა თავზე და ავარა ქარი ორომტრიალით ფხაჭნის და ხერხავს სახლებს, ხეებს, გზატკეცილებს, ბაღებს და ყველაფერს რაც გარეთაა, მყუდრო, ოჯახური საზღვრების იქით, ეულად მიგდებული, ან ქარში გაფენილი სარეცხივით.
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი
ესეა, ყოველთვის. გარდამავალი პერიოდი არსებულ წესებს არყევს და შესაბამისად ადამიანთა გულებში მცირე – ღვინის ჭიქაში ჩატეულ აბობოქრებულ შტორმს იწვევს. ჰოდა, ერთ ჭიქას ემატება, კიდევ ერთი ჭიქა, მერე კიდევ ერთი და გამოდის გასხვავებული. მოკლედ, რაც ჩვეულებრივია, ყველაფერი არააჩვეულებრივი ხდება და ამ, დროს, გაზაფხულზე არასოდესაა სიმშვიდე…
იცით, ეს ყველაფერი რას ჰგავს? – ესეთი შეგრძნება, ლატარიის ყიდვის მცდელობის დროს ეუფლება ადამიანს. ჯერ არ უყუდია, მაგრამ აი, იყიდის, ან, არ იყიდის, ან, ცოტას მოიცდის და მერე იყიდის, ან ცოტას მერე კიდევ მოიცდის, მივა და არ იყიდის, რადგან რა აუცილებელია დღეს იყიდოს, როცა ხვალაც, ხომ იგივე გათამაშების ბილეთებს გაჰყიდიან და ზეგაც?.. მაგრამ, ეგებ ხვალ უკვე არ იყოს “ის” ფეხბედნიერი ბილეთი, რომელიც იგებს?! ან, ეგებ დღეს არ იყოს ის, ბილეთი, რომელიც იგებს, ეგებ ამ ჯიხურში საერთოდ არ არის მომგებიანი ბილეთი?!
იყიდის თუ არ იყიდის? თან უნდა და თან ფრთხილობს. მაინც ლატარიაა, და რომ, წააგოს? ან, რომ იყიდოს და მოიგოს!!! – გაზაფხულიც სწორედ ამ და ასეთ შიშში, გაუგებრობაში მოდის ხოლმე . მოვა, თუ არ მოვა?!
ადამიანმა, მოგებით შეიძლება ვერაფერი მოიგოს, მაგრამ ლატარია, ხომ ჰქონდა? ან, ხომ დააპირა ყიდვა? ერთგვარ მონაწილეობას, ხომ იღებდა გათამაშებაში? თუნდაც, შეძენა – არშეძენის დინეზე? “ბარაქა გოგიიი! წადი შენი!”-ის დონეზე.
გაზაფხულიც, ზუსტად ესეა. ხომ მოვიდა? დათბა? ყველაფერი ხარობს, მერე რა, რომ შენ არ გეხალისება, ან ძალიან გიხარია. გაზაფხულს სულ კიდია ეგ ამბავი. თუნდაც იმიტომ, რომ შენ ადამიანი ხარ! ვიღაც სულიერი არსება! ცალი, ეული, ერთი. ის კი, წელიწადის დროა, სულ ცოტა სამი თვეა, ოთხმოცდაათი დღე და თან ყოველ წელიწადს თან მთელს დედამიწაზე. იყო შენამდე,; იქნება შენს მერე. იმის მანამდე და იმის მერეც. გაზაფხულია, რა…
- იცი, ახალი ანეგდოტი?
- კი, მაგრამ მაინც მოყევი.
- უამრავი ხალხია ირგვლივ, ყველა თავის მიკროფონს და დროს ელოდება. ინტერვიუს უცდის. ემზადება…თოქ – შოუა, რა… ლაქლაქლაქლაქლაქ! რიგრიგი? ლაქ…
სტანდარტულ ან საკუთარი ფანტაზიით მოფიქრებულ პირბადე აფარებული მოქალაქეები დგანან და ელოდებიან კარის გაღებას. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ერთმანეთს შორის დისტანცია დაიცვან, თუმცა დიალოგის, ან კამათის გარკვეულ ფაზებში ამას, ვერ ახერხებენ. რიგი, საკმაოდ ნელა მიიზლაზნება.
საუბარი, ცალკეული ფრაზების წარმოთქმა, შეძახილები – შეიძლება ითქვას, ერთდროულად ჟღერს. აქ, ყაყანი უფროა, ვიდრე საუბარი, თუმცა, ცალკეული წინადადებები გარკვევით ისმის; ეს კი, რიგში მდგარი ადამიანების საერთო – ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობას, საკმაოდ გემრიელად (ჰაჰაჰა), მსუყედ (ჰოჰოჰო) წარმოაჩენს.
- გალაქტიონია თუ გალაკტიონი?
- გალაქტიონია და გალაკტიონიც, მაგრამ “იმას” მხოლოდ “გალაკტიონი” უნდოდა.
- ის კია გალაკტიონი, მაგრამ ეს არ არის საქართველო.
“რაა მასზე გულდამწყვეტი, / მეტეხო და დიღმის ველო, / იდგე რიგში და ფიქრობდე,/ ეს არ არის საქართველო…”
- აქაც რიგია?! “სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან რიგში გვიწევს დგომა.”
- უდიდესი ნაკლი გვაქვს. ვერ გავერთიანდით?!.. რომ გავერთიანდეთ ყველაფერს დავძლევთ!
- რიგში ვდგევართ და მეტი რა უნდა გავერთიანდეთ?!
- რიგი არაა ერთიანობის ნიშანი, რიგია მორჩილების, ბედის შეგუების ნიშანი.
- ამართლე ახლა შენ ურიგოდ მიმავალი ტიპები.
- სწორი რომელი ფორმაა, ხომ არ გახსვოვთ – “ვდგევართ” თუ “ვდგავართ”?
- ფორმას მნიშვნელობა აქვს? მთავარია შინაარსი. თქვი – ვწევარო და, არ იდგები, თუ რა?
- დედა, რამხელა რიგია?!
- მოგვიანებით დაგირეკავ! მერე ვილაპარაკოთ, ქალო! რატომ? რატომ?! იმიტომ, რომ აქ, ამდენ ხალხში დედას ვერ გაგინებ!
- ვინ იფიქრებდა, რომ მესამე მსოფლიო ომი ადამიანს და ბაქტერიას შორის იქნებოდა?!
- დედა, რატომ ცივა ასე?!
- შენობაში ოთხ-ოთხს უშვებენ და იმიტომ!
- აუუუ!.. კიდე კაი, ინტერნეტი იჭერს!
- ჰოო! ინფორმაციების ოკეანეში ვიხრჩობით. ირგვლივ ახალ-ახალი ამბები წყალივით მოედინება და ვერ ვასწრებთ გადამუშავებას.
- სუფთა წყლისადმი წვდომა შესაძლოა მილიარდმა ადამიანმა დაკარგოს!
- ერთი შტერ-ქალა ამბობდა, მეო ჩემს შვილებსო, დღეშიო, თხუთმეტ წუთზე მეტს არ ვსვამ ინტერნეტთანო! იმათო, არც სჭირდებათო მეტიო!
- ვაა, რა მაგარია! მიყვარს ესეთი დედები?
- დედები? ეგენი კი არ ზრდიან, ზრდიან მათი ძიძები! ხუთ შვილს, როცა ირგვლივ აქვს მინიმუმ სამი ჰექტარი მიწა სარბენად და სათამაშოდ, რად უნდათ ინტერნეტი? რად? ეს ჩვენ გვინდა. სამოცდაათ კვადრატულში, რომ ვართ გამოკეტილები რვა სული. რით უნდა გავართოთ ბავშვები? ასეთი შტერ – ქალას ფანტაზიებით?!
- არ შემიძლია ამ პლასტიკური ბარათით სიარული… რაღაცა, მაკლია თითქოს ამოვარდნილი ვარ სინამდვილიდან. როგორ შეიძლება ოცნებებში თუ რაღაც ვირტუალურში არსებული ფულით იცხოვრო?
- გეთანხმები. ფული, უნდა იყოს ფული. ხელზე თუ არა, თითზე მაინც უნდა შეგეძლოს მისი დახვევა. ასე, დისკომფორტს ვგრძნობ. საფულეს ჯიბეში რომ გიდევს, უნდა გრძნობდე. ფული, მინდა! ნაღდი ქაღალდის ფული.
- ვირუსები, რომ ეკიდება?
- ვირუსებმა იმის მერე იმძლავრეს, რაც ნაღდი ფული ელექტრონულით შეცვალეს.
- რა ვქნა? ნერვები არ მყოფნის ცარიელ საფულეს რომ ვხედავ – ბანკის გაქურდვა მინდება! არა, ფული არ მაღელვებს, პირიქით, მამშვიდებს! ბანკი კი მაგიჟებს. თქვენ?
- ეს, ვირუსომანია რომ გადაივლის, მინიმუმ ერთი კვირა, ყოველდღე გადავკოცნი პირველივე შემხვედრ ქალს, კაცს! ნაღდი ჩენებური მისალმება მომენატრა!
- არავინ აღარ გაკოცნინებს, სხვა რეალობა იქნება…
- ვინ არის ბოლო?
- ალბათ მე, მაგრამ ჩემს უკან კაცი დგას. ჭუჭყიანი ზღვისფერი ლაბადა აცვია და “შლაპა” ახურავს, ყურებამდე ჩამოფხატული!!!
- ანუ, მის მერე ვიქნები?
- დიახ. ახლავე მოვალო…
- თქვენ იდგებით?
- დიახ.
- მინდოდა, ერთი წუთით სხვაგან შერბენა და…
- უკეთესი იქნება, “შლაპიანს” დაველოდოთ. რამე არ აირიოს. ერთ წამში მოვალო…
- თუ სკოლები და ბაღები კიდევ დიდხანს იქნება დახურული, მშობლები მეცნიერებზე ადრე გამოიგონებენ ვაქცინასო! ჰაჰაჰა!..