რიგი ნელა მიწევს შენობის შესასვლელისკენ, მაგრამ რამოდენიმე მეტრში კვლავ ჩერდება.
“ცამეტი წლის ხარ და შენი ყველა, ჭაღარა გულის ზმანება ავი/ ცამეტჯერ რიგში ჩააწყვე ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი…”
ცამეტჯერ რიგში… რიგში… რიგში… როცა აქ ხარ, ალბათ ფილოსოფოსი ხდები და იწყებ ანალიზს, ფიქრს, ჭვრეტას. სამყარო დიდია, მაგრამ “რიგი”, ეს კიდევ სულ სხვა სამყაროა. სხვა კოსმოსია. სხვა განზომილებაა. ის, თავისებური მეგა – კინოფირია, რომელიც კინოპროექტორის გარეშე აჩვენებს, ვიღაც მაგიური და დიდი რეჟისორის მიერ დამონტაჟებულ ამ მეგა კინოს. “რიგი” – ეს, გარკვეულ წილად იაკობის კიბეა, რომელიც სადღაც მიდის? ცაში? ჰაჰაჰა! სხვა ჰორიზონტებში იჭრება? ჰაჰაჰა! კიბეა. კიბე.
ისე, “რიგიც” არის და “რიგიც”. ის, ხომ ისევე მრავალფეროვანია, როგორც, მაგალითად, ფლორა და ფაუნა. მას აქვს ფორმა, შინაარსი, ხასიათი. ის აზროვნებს და გამოხატავს კიდეც თავის გრძნობებს, დამოკიდებულებას.
დრო, ბევრი გვაქვს და ჩამოვთვალოთ – არის, “რიგი” მრავალრიცხოვანი და მცირერიცხოვანი. არის, მოკლე და გრძელი. არის, უსასრულო და არის უსაშველოც. არის, ხალხმრავალი და არის ორ – სამ კაციანი. არის, ჩვეულებრივი, და უცნაური. მათთვის, ვისაც არ ეკუთვნის და მათთვის ვისაც ეკუთვნის, მაგალითად ფეხმძიმე ქალებს, ინვალიდებს, ბავშვიანებს, თანამშრომლებს, ნათესავებს და ა.შ. ხშირად არ ეკუთვნის რიგი. თმცა მათთვისაც არის ცალკე რიგი. ე.წ. პრივილეგირებული რიგი.
“რიგს” ხასიათიც აქვს. არის “რიგი” – წესიერი და უწესო, მოწესრიგებული და საშინლად მოუწესრიგებელი. “რიგს”, ზოგჯერ სახელიც და გვარიც აქვს, პროფესიაც, ასაკიც, ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც, დროც აქვს, ამინდიც და სეზონიც. ზოგჯერ ზედმეტსახელიც. არის რიგი, სიით და უსიოთ. სიით რიგები, არის კიდევ რამოდენიმენაირი, მაგალითად, ყოველ საათში ამოკითხვით, ან უბრალოდ ჩაწერით.
რიგს ენა აქვს. ის ხანდახან პოლიგლოტიცაა; ზოგჯერ მხოლოდ ჟარგონი, ან კუთხური დიალექტი ესმის. არსებობს რიგი უცხოელებისთვის და რიგი ადგილობრივებისთვის. არის რიგი დინამიური და არის სტატიური, ქაოტური და დისციპლინირებული; არის რიგი ქალების და კაცების, არის რიგი მარცხენა ფანჯრისთვის ან კარისთვის და მარჯვენასთვისაც. ზოგ რიგს ასაკიც კი აქვს. მაგალითად, ხანდაზმულების, მოხუცების, ბებრების, და ახალგაზრდების, ყმაწვილების და ლაწირაკების. არის რიგი ნომრებით, გამოძახებით. არის რიგი სამართლიანი და საეჭვო. მაგრამ, ყველა რიგს აქვს ერთნაირი ტემპერატურა, ის ცელსიუსებით და ფარენგეიტებით არ იზომება; მაგრამ იზომება… ნამდვილად იზომება.
და ბოლოს არის ჩვენი ქალაქისთვის დამახასიათებელია რიგი. იმიტომ, რომ რიგი მგონი ამ ქალაქის და ქვეყნის სახეა. რადგან ურიგოდაც რიგში ვდგევართ.
დიახ, მაშინაც, ურიგობისას…
- ამ უბედურებას ინფიცირებულების უმეტესობა უსიმპტომოდ გადაიტანსო!
- ეს ვინ თქვა?
- ეს თქვა ისრაელის წამყვანმა ვირუსოლოგმა, პროფესორმა, რომელსაც ვირუსებთან ბრძოლის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.
- ებრაელები ჭკვიანი ხალხია!
- ის პროფესორი არაა ებრაელი.
- აა, გასაგებია, მაგრამ პროფესორი შეუძლებელია უჭკუო იყოს.
- ინდაურთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ მირჩიოთ? მიწის ნაკვეთი მაქვს და მინდა მოვაშენო.
- კარგი აზრია. თუ კალიები შემოგესიათ, სხვა საკვები აღარ დასჭირდებათ!
- ინდაური “D” ვიტამინს შეიცავს, და უფრო ცხიმიანია და გემრიელი, ვიდრე ქათმის ხორცი. დიდი ხანია აღარ ვჭამ ქათმის ხორცს, მხოლოდ ინდაურისას გეახლებით!
- გეტყობათ კიდეც!
- როგორც ეკონომისტმა და კრიზისმენეჯერმა ცალსახად შემიძლია გითხრათ, ეს ყველაფერი დიდ საფრთხეებს შეიცავს.
- რა სიტყვაა ცალსახა?! მაგას არ ჯობია, თქვათ – ასი პროცენტით, ან კომპეტენტური?
- კრიზისი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, რაც თითოეული მოქალაქისთვის, მიზეზთა მიუხედავად ნათელია; რაღაც მოხდა და ასი პროცენტით, კომპეტენტური ამბიციით გეუბნებით – ვაი, რომ კვლავაც მოხდება.
- ახალი ამბავი?!
- საქმის გამოსასწორებლად მოგვიწევს პარტიზანული ქმედებების ჩატარება.
- უკაცრავად და პარტიზანი ხართ, თუ კრიზისის მენეჯერი.
- მენეჯერობა, ესაა კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს კი ღმრთისა.
- ღმერთიც გწამთ?
- ეგ რა შუაშია?
- უბრალოდ მაინტერესებს.
- ზოგადად მწამს.
- როგორ გვაქცია ამ უბედურებამ ყველანი ვირუსოლოგებად ან ეკონომისტებად, არადა ადრე ყველანი ქართველები ვიყავით?!
- მწამს, რომ გადავრჩებით. ასტროლოგიურად საქართველომ უკვე გაიარა ის პერიოდი, როდესაც მოსალოდნელი იყო ეპიდემია. ისეთი ეპიდემია, როგორიც სამყაროშია, ჩვენთან გამორიცხულია. სიტუაცია სწრაფად არა, მაგრამ ნელ-ნელა, დაახლოებით თხუთმეტ რიცხვამდე დალაგდება. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, ძალიან რთული პერიოდი ექნება ოც რიცხვამდე.
- კაის კი ამბობ, მაგრამ გენდოთ?
- არაა სავალდებულო.
- თხუთმეტიო და ოციო და რომელი თვის?
- საათიც ხომ არ გითხრათ?
- მოგზავნილი ხომ არა ხარ?
- ვისგან?
- იმათგან.
- კაკლის ჩრდილში რა შეიძლება მოვიყვანო?
- კაკლის ჩრდილი ქლიავს ვერაფერს უშვება.
- მაინტერესებს, ყველაფერი აქვთ? ეგებ უთავდებათ და ტყუილა ვდგევართ?!
- არც კი მიკითხავს.
- კითხვას რა ზრი აქვს?
- ჰოო. ყვავილები? ვთქვათ შროშანები? მათ, ხომ უყვართ ჩრდილი. სახლის წინ ბაღს გავაშენებ. წარმოიდგინე ფანჯარას გამოაღებ…
- უნდა გავხსნა ფეისბუქზე ან იუთუბზე “მიაფურთხე ეპიდემიას” მედია გვერდი. აქ ყველას შეეძლება ხუთწუთიანი ინფორმაციების, ისტორიების, რჩევების და სხვა კულტმასობრივი ღონიძიებების განხორციელება. მიაფურთხე, იმიტომ რომ “ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ” აკაკიმ ხომ თქვა?! ჰოდა, მე “მიაფურთხე ეპიდემიას”, უფრო ჰუმანურია!
- “რაა მასზე გულდამწყვეტი, / მეტეხო და დიღმის ველო, /აქ იდგე და სულ ფიქრობდე,/ ეს არ არის საქართველო. / არის ხალხი, რკინიგზები, / არის ავტო – მოტო – ველო, არის ოჯახებიც, მაგრამ / ეს არ არის საქართველო.”
- ლოდინისგან გადავირიე?! რა, თქვენ არ გაიდაირიეთ?.. რიგრიგ – ლაქლაქლაქ?!
რიგი კუს ნაბიჯებით მიწევს შესასვლელისკენ და რამოდენიმე მეტრში კვლავ ჩერდება.
ჯარში, ჯარისკაცის ზედა ჩასაცმელზე, ანუ კიტელზე “ხბ”-ზე ხუთი ჯიბე იყო. ორი ქვევით, გვერდებზე და სამიც ზევით. მარცხენა და მარჯვენა, ერთი კი გულის მხარეს, შიგნითა ჯიბე. ქართველები ასეთ ჯიბეს “უბეს” ვეძახდით. იქ ყველაზე კარგად ინახებოდა რაღაც-რაღაცეები და როცა ის, სავსე იყო, ჯარისკაცი თავს უფრო დაცულად თვლიდა. მასეთ ჯიბეში ნადები “ვეფხისტყაოსანი” ვნახე თბილისის მუზეუმში. ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ გულამდე ვერ მიეღწია. ალბათ, იმიტომ იყო ორი ჯიბე მარცხენა მხარეს. გული, რომ დაეცვა. ჯარისკაცი, ხომ სულ რაღაცას ელის, და ლოდინის დროს იქიდან ამოღებული რაღაც – რაღაცეები უხალისებენ მას ცხოვრებას. ერთი სვანი ბიჭი იყო. უცნობი, ლამაზი რუსი გოგოსგან მოსდიოდა წერილები და ესეც წერდა. ბევრს წერდა. ფაქტიურად რუსული ასე ისწავლა და ბუნინიც კი წიკითხა ორიგინალში. არ ვიცი მათ შორის როგორ განვითარდა შემდგომი ურთიერთობა, მაგრამ როცა ბევრი თხოვნის შემდეგ მანახა იმ გოგონას სურათი. დავიბენი და შემშურდა კიდეც მისი. ძალიან ლამაზი, შავგვრემანი, მოკლედ შეჭრილი თმებით, სევდიანი თვალებით კოხტა ტანის გოგონა გვიცქეროდა სურათიდან. ეს, გოგონა ტანია დრუბიჩი იყო. ფილმიდან “ასი დღე ბავშვობის შემდეგ”. ჩემი ტოლების კერპი ფილმი. ტანია ყველას გვიყვარდა, მაგრამ ამას, ხომ არ ვეტყოდი, ჩემს მეგობარს. ის, იქ პირველ რიგში ჯარისკაცი იყო. ჯარისკაცს ოცნება და ფანტაზია ხდის ბედნიერს, თორე სიმართლე ყოველდღე ისედაც ძმარს ადენინებს ცხვირპირიდან. ჰოდა, არაფერი მითქვამს. უბრალოდ მშურდა. მისი ოცნებისა და ფანტაზიისა მშურდა… ახლა კი უბეში მინდა ხელი ჩავიყო, მაგრამ არა მაქვს. არც უბე და არც ჯიბე.
- აი, მგონი რაღაც ავმოძრავდით…წავიწიოთ წინ. წ ა ვ ი წ ი ო თ.
- წინ-წინ წავედით. დავიცვათ დისტანცია. ნუ გავახარებთ ვირუსებს!
- “არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი!”- ესაა უმთავრესი ლუკას სახარებიდან და მთავრდება უმნიშვნელოვანესი ფრაზით – “ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.”
- ღმერთმა გისმინოს!
- საერთოდ ვირუსებს სუსხის ეშინიათ.
- ჩინურია როა და ჩინეთში რომ ცხელა, იმიტომ?
- ჰოდა, ახლა უფრო სწრაფად წავა რიგი.
- ვითომ?
- გუშინაც იყავი?
- დაახლოებით.
- დაახლოებით? ანუ?
- გვერდით ჩავიარე…
- ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ საერთოდ არ ფიქრობს სიკვდილზე, და როცა კვდება გონია, რომ საერთოდ არ უცხოვრია…
- საშინელებაა კაცო, ეს დაძაბულობა, სულ იბნევი და სულ რაღაცა გავიწყდება… მაღაზიაში იყიდი ყველაფერს, გამოდიხარ და მერე გახსენდება… მარილი არ გიყიდია და ისევ თავიდან დგები რიგში?
- მარილზე დგები რიგში?
- ჰაჰაჰა!..
- „სად დაიკარგეო, როგორ ხარო“დამირეკა მეგობარმა. „როგორ ვარ და მარილზე მივდივარ თქო!“. უიმეო, ისეთი შეიცხადა იმ უპატრონომ, ეგონა მკვდარს ელეპარაკებოდა!.. ვალი მაქვს მაგისი და ალბათ, იმიტომ შეწუხდა… ჰაჰაჰა!
- თუ არ ,,დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ”.
- სიკვდილ – სიცოცხლის საკითხში, მაინც პოლიტიკური ნიშნით გაიყო საზოგადოებრივი აზრი.
- უფალო, შეგვიწყალე ეს პატარა ერი! ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ქვეყანა და მერე, მთელი მსოფლიო!
- იცით, რას გეტყვით? ხმამაღლა ილოცე ეკლესიაში ან სახლში. ძალიან გთხოვთ რელიგიური სექტიზმისაგან აქ, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, ანუ “რიგში” დგომისას, თავი შეიკავოთ. ეს “რიგია”, აქ ყველა თანაბარი ვართ.
- ტურიზმი ეკონომიკას ვერ უშველის. სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს ქვეყანაში. ამას მე ვხვდები, შოფერი კაცი და ეს მთავრობა როგორ ვერ ხვდება.
- როცა ღმერთი ადამიანის დასჯას გადაწყვეტს, პირველ რიგში საღი აზროვნების უნარს წაართმევს და საკუთარ თავს ბრძენად მოაჩვენებს.
- გეყოთ მეთქი!
- არ შეგეშინდეთ, ეს განსაცდელი, ეს ტკივილი, ეს გაჭირვებაც გაივლის და დაძველდება… ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ შეგვიძლია…
- E le genti che passeranno / O bella ciao, bella ciao, bella ciao ciao ciao