–  აქ იწყება რიგი?

  • მმმ! რიგირიგი! – მიქნევს თავს და მერე პირბადეზე ხელმიდებული ჭლექიანივით იწყებს ხველას. ორი ნაბიჯით უკან ვიწევი და თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ. თითქოს მისი ბრალი იყოს, რომ ახველებს. ღერა-ღერა ვდგავართ გველივით დაკნაკნილ რიგში და ესაა ყველაზე ცოცხალი ორგანიზმი მთელს კვარტალში. იქვე, ტროტუარზე გაჩერებული მანქანებიდან პირიბადემოხსნილი მძღოლები გვიმზერენ. ზოგი სიგარეტს ეწევა, ზოგი ტელეფონშია თავჩარგული, ზოგი კი ცდილობს, ცოტათი თვალი წაატყუოს, მაგრამ არ ეძინებათ, რადგან რიგია. რით უნდა გაერთო რიგში, თუ არა იმით, რომ უკმაყოფილება გამოხატო რიგის მიმართ?

უნდა ათვალიერო გარემო. დამშრალი შადრევანი, დამსკდარი ასფალტი, ნახევრად გამხმარი, მოსაჭრელი ნაძვები. მწვანე წიწვები, ყვითელი წიწვები, ყავისფერი წიწვები. გაუპარსავი ადამიანების – ქალების და კაცების (ჰაჰაჰა) – რიგი.. რა არის რიგი?

რიგი – “რიგი” არის გარკვეული წესრიგი რაიმეს ან ვინმეს მიმართ, სტატიკაში ან მოძრაობაში. “რიგი” ასევე არის ტაქსონომიური კატეგორია მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში. აერთიანებს რამდენიმე ოჯახს, ზოგჯერ მხოლოდ ერთს (მაგ., ნაძვნაირთა (წიწვოვანთა) რიგში ნაძვნაირთა (წიწვოვანთა) ოჯახია). მონათესავე რიგები ქმნიან კლასს. რიგ შემთხვევაში რიგი კლასში ერთიანდება ზერიგის, ქვეკლასისა და სხვათა მეშვეობით. დიდი რიგები ზოგჯერ იყოფა ქვერიგებად, რომლის მოცულობის შესახებ მეცნიერთა შორის არ არის ერთიანი აზრი. ზოგჯერ ამა თუ იმ რიგს ორად ყოფენ. ზოგჯერ კი, პირიქით, ორ რიგს აერთიანებენ ერთ რიგში. მაგ., ნახევრად მაიმუნებისა და მაიმუნებს რიგებს ერთ (პრიმატების) რიგში აერთიანებენ.

“რიგი” არის პოლონური სამაგიდო თამაში, რომელიც საქონლის დეფიციტთან დაკავშირებულ სირთულეებს  ასახავს. თამაში, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას უახლესი ისტორიის შესახებ.

“რიგი” არის სოროკინის რომანი, სადაც გენიალური ნატალი საროტის “ტროპიზმებივით” მხოლოდ ქვე – დიალოგებია.  ცნობიერების მოძრაობა, რომელიც მეტყველების, ე.წ. „ქვედიალოგების“ („sous-conversation“) მიღმა იკვეთება…

  • სიგარეტი ხომ არა გაქვს?
  • არ ვეწევი!
  • ცუდია…
  • ?
  • ცუდია, რომ არა გაქვს, მაგრამ კარგია რომ არ ეწევი.
  • ააა…
  • მმმმ…

ქალაქი თავისდაუნებურად ალყაში მოექცა, ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და სწორედ ეს თვითდატუსაღება ახრჩობდა მას.  ქუჩებში, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ჩნდებოდა, ეზოებიც კი დაცარიელდა. აივანზეც არ ჩანდა სულიერი; მხოლოდ ფანჯარაში თუ გაიელვებდა სარეცხის გასაფენად, ან მოსახვეტად გამოსული, რომელიმე ეული დიასახლისის ლანდი. ეს იყო და ეს.

ულვაშებდამშვენებული  მ. მ., პროფესიით მათემატიკოსი და ვითარების ძალით თვითდასაქმებული ბიზნესმენი, იანვრის ნათელ დილას, წითელი ბაღის გასწვრივ ჩაფიქრებულ – დადარდიანებული სეირნობდა; ცხვირში სათაყვანებელი მგოსნის აკვიატებულ სტრიქონებს დუდღუნებდა და ცდილობდა, რაიმე მელოდია მოერგო და სიმღერად ექცია ლექსი:

“არის ხალხი, ქალაქები, / არის ავტო – მოტო – ველო, / არის ოჯახებიც, მაგრამ / ეს არ არის …”

მოულოდნელად სხვა თვითდასაქმებული ბიზნესმენის წინ გაჩერდა; მიუხედავად სახეზე აფარებული ნიღბისა, საიდანაც მხოლოდ აბურძგნული წარბები და უძილობისგან, თუ ნაბახუსევით დაწითლებული თვალები მოუჩანდა, მაინც ეცნო ისინი;

  • ო ეს თვალები! – ყალბი პათოსით ჩაიბურტყუნა და თავი დაუკრა შემხვედრს.

შემხვედრს. მომხვდურს. მოსულს. დამხვდურს. ნაცნობს. წინმდგარს.

მოკლედ, ეს იყო მ.ჭ.; მათ თვითდასაქმებულობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. ერთი ტაქსის მძღოლი იყო, მეორე კი მანქანების ელექტროგაყვანილობას მკურნალობდა, ანუ ელექტრიკოსი გახლდათ.

გარდა ამისა, ორივეს დავდავიწყებამდე უყვარდა ძველი ქართული კინოები. “აკაკის აკვანი”, “მამელუქი”, “ზვიგენის ეშვი”, “ცისკარა”, “ჯურღაის ფარი”, “დაკარგული სამოთხე” და ასე შემდეგ…

მ.ჭ. ცოტა ძნელი საცნობი იყო. მას ისე არ ეცვა, როგორც ადრე… მაგრამ ჩაცმულობისა და სახის ნაკვთების გარდა არის კიდევ რაღაც ისეთი, რაც ადამიანს გამოყოფს ნაცრისფერი, “ვერგიცანისეული” მასიდან და მცნობელისთვის იძენს არა მხოლოდ ფორმას, არამედ შინაარსსაც. ფერსაც და სუნსაც.

  • გოჩა? – შეჰკივლა ელექტრიკოსმა.
  • ხვიჩა?! – დაახვედრა მძღოლმა და ისინი ერთმანეთს მუშტისკვრით მიესალმნენ.
  • დიახ, არც ის იყო, ფრანგი და არც ის არაბი. ორივე ბედკრული საქართველოს შვილები ბრძანდებოდნენ! – ერთხმად გაიმეორეს და გადაიხარხარეს. ცოტა არ იყოს და შიშისმომგვრელად გაისმა მათი ხარხარი დაცარიელებულ ბაღსა და მის შემოგარენში. ფერდობის მხრიდან ბაღს მიტმასნილი ნაძვნარიდან ყვავმა დაიჩხავლა.
  • რა დრო დაგვიდგა?! მუშტებით ვხვდებით ერთმანეთს.
  • ნუ იტვი! ნუ იტყვი! ეეჰ! – ამოიოხრა მ.ჭ-მ, თავი შლაპის მოუხდელად მოიქავა, – მათხოვრის დანახვა მომენატრა! ან სკამზე ჩაძინებული ლოთის. აი, რა აკლია ქალაქს. მაწანწალა და უსახლკარო ხალხის გარეშე ის ღ ა ტ ა კ დ ე ბ ა.

„ეს ცოტას ხომ არ აფრენს“, – გაიფიქრა ულაშა მ. მ.-მ.

შლაპიანი, სიმაღლით დაახლოებით მეტრა ნახევარი იქნებოდა. დაბალი, გამხდარი კაცისთვის დამახასიათებელი პელიკანის ნაბიჯით, ტანგამართული და ხელების ენერგიული ქნევით დადიოდა. მისი მნახველი, ვერც კი ამოიცნობდა, რა ვარცხნილობა ჰქონდა, ყურებამდე ისე ჩამოეფხატა თავსაბური. ჭუჭყიანი ზღვისფერი ლაბადა ეცვა, რომელშიც ალბათ ეძინა კიდეც.

– რა თქვი? – ჰკითხა ულვაშამ, რადგან ფიქრებში წასულმა, ვერ გაიგო მოსაუბრის ნათქვამი, რომელიც ახლა დაჭყეტილი თვალებით მისჩერებოდა და პასუხს თუ არა, მის სახეზე რაიმე მრავლისმეტყველ ემოციის გამოხატვას ელოდა.

– გკითხე, ყნოსვა და გემოს შეგრძნება თუ გაქვს თქო?

  • გემო? გემო, არა მაქვს.
  • საერთოდ?
  • ვერაფრის გემოს ვერ ვგრძნობ.
  • საერთოდ?
  • მხოლოდ, შემიძლია განვასხვავო ტკბილი, მჟავე, მარილიანი და ცხარე. დანარჩენი მორჩა.
  • მორჩა?
  • კი მორჩა!
  • ქვის?
  • ქვის ჭამა, მხოლოდ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია.
  • არ იდარდო!
  • ბენჟამენი.
  • ბენჟამენ ღლონტი. ბედნიერი ხარ.
  • რატომ?
  • ხორცსა და თევზს ერთმანეთისგან განასხვავებ?
  • ვცადე, მაგრამ ბევრი არაფერი. თუ, არ ვხედავ რას ვჭამ, არც კი ვიცი, რა გემო უნდა ვიგრძნო.
  • მართლა, ბედნიერი ხარ!
  • რატომ, ვითომ?
  • ადვილად შეძლებ დიეტის დაცვას. თან, შენზე არ იმოქმედებს ხორცზე და სხვა პროდუქტებზე ფასების გაძვირება. ჭამე ლობიო და წარმოიდგინე, რომ ხორცია.
  • მართალი ხარ. ამ გრიპს აქვს დადებითი მხარეები.
  • კი აქვს.
  • რიგრიგი…
  • ლაქლაქი…
  • ხუმრობ?
  • შენ? ხახახა!
  • ხახახა!..

 

 

 

1 2 3 4 5 6