გაზაფხული, ორშაბათი. „შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა“

(ნაწყვეტი რომანიდან)

 

მზერა ფანჯარას. რაფაზე ქოთანი. პაუზა ტვინში. შემომეგაზაფხულა, მაგრამ ფანჯრიდან ზამთრის ღრუბელი. მოძრაობს, მე-აქ. ისევ. აქ სისუფთავეა, თავზე მევლებიან. ვატატომ პატარა ტელევიზორი მომიტანა, ჟურნალებიც მომიტანა ვატატომ. გულს ვერ ვუდებ კითხვას, უცებ მეღლება თვალები, მაგრამ კარგია, უცებ რომ მეღლება თვალები, ძილბურანში მივყავარ კითხვას. ძირითადად ძილბურანში ვარ. კეთილი ძილბურანია, იმედიანი რაღაცნაირი. ყველაფერი თუ რიგზე იქნა, შემოდგომაზე გამიჩნდება, ის. პაწაწა გამიჩნდება, მე და პაწაწა, ჩემი. კარგი თვეა ოქტომბერი, მაგრამ მერე ზამთარი მოდის. ფანჯრები უნდა გამოვცვალო, ჩარჩოს ღრიჭოებიდან უბერავს და არ შეიძლება პაწაწასთვის. მომავალ ზამთარში ერთად ვიქნებით მე და ის. პაწაწა. ჩემი. პაუზა ტვინში. პაწაწა და მე ერთად დავიძვრებით „ჰეფი ენდისკენ“. აუცილებლად და ერთად. ორივე. ორივე-ერთი, ორივე-ერთი, ორივე-ერთი, კარგია. სიგარეტი უნდა გადავაგდო. სად გადავაგდო? საერთოდ უნდა გადავაგდო. შევძლებ. ალბათ, შევძლებ. მხოლოდ დროდადრო, თითო ნაფაზი. დეიკო, ატრაკებ! ვატრაკებ, მაგრამ მინდა სიგარეტი. კიდევ რა გინდა?! სხვა-არაფერი, მხოლოდ სიგარეტი. ბედნიერების სრული განცდისთვის-სიგარეტი, გამოვაღებ ფანჯარას, დავარტყამ ორ ნაფაზს და ისევ ლოგინში. არ ვიფიქროთ სიგარეტზე, არ ვიფიქროთ სიგარეტზე, მითუმეტეს, რომ არც გვაქვს სიგარეტი; ვიმღეროთ ჩვენთვის, დაგვავიწყდება სიგარეტი: „ზამ-თარია, სიცივეა, ტექსტი აღარ მახსოვს, მეშინია სიცივიის, ტექსტი აღარ მააახსოოვს, შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა,“ – პაუზა ტვინში. აპრილის ქარები რომ გადაინასესხებს, ნამდვილი გაზაფხული დადგება. მაშინ სამი თვის ვიქნები. მე. მე და ის. სამი თვის. კონსულტაციაზე უნდა ვიარო. ვივლი. შრამები დამრჩება მაჯაზე? დარჩეს და იყოს, ვის ვეპრანჭები? ვატატომ მითხრა, თეატრის დარაჯმა შეგნიშნა, გიჟივით რომ მიექანებოდი ჩაბნელებული სცენისაკენ, გამოგყოლია და იმან  გამოიძახა სასწრაფოო. რაღაც უნდა ვაჩუქო ძია მიტოს. კონიაკი. ჰო, ალბათ. ორი ბოთლი კარგი კონიაკი – ერთი ჩემგან, ერთი პაწაწასგან. ჰო, ასე უფრო სწორი იქნება. ხმები. აღარ მაკითხავენ ხმები. მიმივიწყეს. თუ, თავი დამანებეს? როგორცაა, მოკლედ, – „ჰეფი ენდისკენ“ დაძრულ ქალს ხმები აღარ აკითხავენ, მაგრამ „ჰეფი ენდისკენ“ დაძრულ ქალს ერთი ღერი სიგარეტი უნდა. „შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა“, პაუზა ტვინში, მზერა კარისკენ. ორჯერ მომიკითხა. პირველად, კლინიკის მთავარ ექიმთან ერთად შემოვიდა, მეორედ – მარტო იყო. როგორ ხარო?-მკითხა, კარგად-მეთქი, – ვუპასუხე. მერე დავდუმდით. რა გვქონდა სალაპარაკო? ხომ არ ვეტყოდი, სამ ბიძგში გამიკეთე-მეთქი ბავშვი? ხელი დამადო ხელზე. მომეფერასავით. იცოდა ჩემი ამბავი; ეჭვობდა, ალბათ, რომ მის ნაყოფს ვატარებ, ჰოდა, თვითონ ვუთხარი,-სხვა კაცისაგან  დავფეხმძიმდი, შენ არაფერ შუაში ხარ-მეთქი. არ ვიცი, ეწყინა თუ გაუხარდა. მაგას ვერაფერს გაუგებს ადამიანი, გიცქერს თავისი ქუთუთოჩამოზიდული თვალებით, ეშმაკმა უწყის, ამ დროს რა უტრიალებს თავში. -რატომ მიბრაზდები, უბრალოდ, მოგიკითხეო. გმადლობ-მეთქი, გმადლობ! – აი, ისევ მიბრაზდები; დამიჯერე, კარგის მეტი არაფერი მინდა შენთვისო. მჯერა-მეთქი, – მივუგე და გავუღიმე. გამიღიმა, შევრიგდითსავით. შევრიგდითსავით – არა, შევრიგდით, ორივეს ღიმილი გულწრფელი იყო და ამიტომაც, მართლა შევრიგდით, მაგრამ არ მინდა იცოდეს, მის ნაყოფს რომ ვატარებ. დაოჯახებული კაცია, თანაც უბანი, მითქმა-მოთქმა, მაგისი ნერვები არ მაქვს. როგორღაც დალაგდება ყველაფერი, თავისთავად დალაგდება – მჯერა, მე და პაწაწა „ჰეფი ენდისკენ“ მივეშურებით, ჰოდა, დალაგდება. ადამიანები, ზოგადად, არც ისე ცუდები არიან. პირგაპარსული ყარაბას შარაბასი და თომა ერთად მოვიდნენ, რაღაც ახალ პროექტზე საუბრობდნენ ჩემთან, დროდადრო მეც ვახსენდებოდით. წასვლისას ფული ამომიდეს ბალიშის ქვეშ. პატიკოც იყო, ჩამომიჯდა სასთუმალთან, წაუტირა, მერე წავიდა. ვატატო ყოველდღე მაკითხავს. არც ისე მარტო ვარ. თუმცა, მარტო როგორ ვიქნები, როცა ის ჩემში, მე და ის – ერთად, ამიერიდან აღარ ვიქნები მარტო, როცა ის – ჩემში, მე და ის – ერთად, ამიტომაც, მივლულოთ თვალი, არ ვიფიქროთ სიგარეტზე და როცა ვატუკუნა მომაკითხავს მანქანით, მერე – შინ, ჩემთან, სადაც ყველაფერს გამოვცვლი. არა, ჯერ დამლაგებელს მოვიყვან და მერე დავფიქრდები, როგორ  შევცვალო ატმოსფერული წნევა იქ, ჩემთან –

შინ

ვატატოს მკლავზე დაყრდნობილმა დეამ ღრმად ჩაისუნთქა ადრეული გაზაფხულის ჯერ კიდევ სუსხიანი ჰაერი, თვალი შეავლო დაძონძილ ნაძვებს, მსუბუქი, სასიამოვნო თავბრუსხვევა იგრძნო, კლინიკის ეზოში ჩარიგებული სკამებისაკენ მიანიშნა ვატატოს.

ერთ-ერთ სკამზე ჩამოსხდნენ.

– ია შემოვიდა უკვე?- იკითხა დეამ.

– ყოჩივარდებს მოვკარი თვალი,-თქვა ვატატომ, – ცუდად ხომ არ ხარ?-შემფრთხალი მზერით დააკვირდა მეგობარს

– ჰაერმა დამთრო, თითქოს პირველად ავიდგი ფეხი,-თქვა დეამ,-მომაწევინე სიგარეტი,-ხელი გაიწვდინა ვატატოსკენ.

– ოოო, დაიწყო ახლა ამან,-შეწუხდა ვატატო.

– ნუ ატრაკებ, – გაწვდილი ხელის საჩვენებელი და შუა თითები აათამაშა დეამ.

ვატატომ უკმაყოფილო იერი დაიკრა სახეზე, მაგრამ დაჰყვა ქალის ნებას, კოლოფიდან ორი ღერი სიგარეტი ამოიღო, სანთებელით გაუკიდა, გააბოლეს.

პირველი ნაფაზი ჰაერზე მათრობელა აღმოჩნდა დეასათვის, თუმცა დაამშვიდა კიდეც სიგარეტმა; სიამოვნებდა იმის შეგრძნება, თითქოსდა არაფერი მომხდარაო, კლინიკაშიც  არ წოლილაო თითქოს, ჩვეულებრივადაა ყველაფერი – მეგობართან ერთად ზის სკამზე, ჰაერს სუნთქავს, ხედავს ადმიანებს, აქეთ-იქით რომ მიდი-მოდიან თავის საქმეზე, ის კი სიგარეტს ეწევა და ეს სიამოვნებს, ის ჩვეულებრივად ცოცხალია…

– სასმელსაც ხომ არ ინებებდი? – წაკბინა ვატატომ.

– რატომაც არა, ჩემი ბიჭი, დამპატიჟებ? – მიუგო დეამ, თუმცა ესეც წაკბენა იყო, რადგან „ჩემი ბიჭი“ უფრო ხაზგასმულად ამოთქვა, ხშირად კი მიმართავდა ამ ფორმით, მაგრამ ახლა აქცენტი გაამახვილა.

ვატატომ იგრძნო „ჩემი ბიჭის“-ს ინტონაციური სიახლე, არ დაეხანა:

– ვისკი თუ კონიაკი, ჩემი გოგო?!

„ჩემი გოგო“-ც რაღაც ახალი, უცხო იყო მათ ურთიერთობაში; დეამ დამნაშავედ იგრძნო თავი, მკლავი გაკრა ვატატოს, შემრიგებლურად გაუღიმა, ნაფაზი დაარტყა, გაყუჩდა.

 სიჩუმე ვატატომ დაარღვია:

– მაგარი ვინმე ყოფილა შენი მეზობელი; მაგისი დამსახურებაა, რომ ამდენი ხანი ცალკე პალატაში, მინიმალური ხარჯით, ამას ვინ გაგიკეთებს დღეს… კარგი ვქენი, რომ გავაგებინე.

როცა ამას ეუბნებოდა, დეას რეაქციას აკვირდებოდა ვატატო. დეა არ გატოკებულა, არაფერი უთქვამს.

– ნევროპათოლოგისგან დაფეხმძიმდი? – პირდაპირ კითხა ვატატომ.

– არა, – თქვა დეამ მტკიცედ; ანდა, მოეჩვენა, რომ გადჭრით იუარა და სწორედ იქ გაყიდა თავი.

– მე რას გამომაპარებ, მე – ჩათლახს, – გაიკრიჭა ვატატო, ახლა მან გაკრა მკლავი დეას, – მითხარი, გოგო! ხომ იცი, ვგიჟდები ეგეთ ისტორიებზე.

– აზრი არ აქვს იმ კაცის ხსენებას, ვატუკუნა, შენ არ იცნობ, თბილი ღიმილით შეეცადა დეა, ვატატოს აბეზარი ჩაეციება გაერიდებინა.

– ისეთ კაცთან დაწექი, მე რომ არ ვიცნობ? არ გამაცინო ახლა,-თქვა ვატატომ, ერთხანს დადუმდა და ისევ თქვა: – ვაჩენთ?

– ჰო, ვაჩენ, – თქვა დეამ, ნამწვი ურნაში მოისროლა, მეგობარს გამოხედა: – ახლა წავიდეთ!

 

1 2 3 4