– წავიდეთ, – თქვა ვატატომ, წამოდგა, ხელი გაუწოდა დეას, ყურთან ჩაულაპარაკა შემდეგ: – მაინც გათქმევინებ, ხომ იცი, რა ჩათლახი ვარ!
დეა გააღიმა თეატრმცოდნის პროფესიულმა მისწრაფებამ, თუ პროფესიულმა კომპლექსმა,რომ ის ძალიან „ჩათლახია“ და ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს.
მათი ურთიერთობა შეკედლებით დაიწყო და მეგობრობაში გადაიზარდა. ვატატო გეების იმ თაობას ეკუთვნოდა, ვისაც სხვა სახელით მოიხსენიებდნენ იმხანად და თვითონ სახელში, მიმიკაში, რითიც ამოითქმებოდა მათი სექსუალური ორიენტაცია, ღირსების ჩამწიხვლელი კი არა, ადამიანთა მოდგმისგან გარიყული, თუ ადამიანთა მოდგმას აცდენილი არსება იგულისხმებოდა და არა ადამიანი, ვინც იქნებ თავისმა ჰორმონალურმა დარღვევამ შეაყენა ამ გზაზე, იქნებ- სოდომ-გომორულმა ცდუნებამ სძლია, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა იმხანად; ერთიც და მეორეც ერთ ქვაბში იხარშებოდა და ერთი სახელით იწოდებოდა-პედერასტი. ვატატოს თაობის გეებს იქნებ არც კი გაეგოთ სიტყვები – „გეი“ და „ნატურალი“, როცა სოდომ-გომორის ყრუ ლაბირინთში იმოგზაურეს, მაგრამ გეების ამ თაობამ ზუსტად იცოდა, რომ იქ, სადაც „ნატურალები“-ს საზოგადოებაა, უნდა დამალონ თავისი მოგზაურობის ამბავი; იქ, ჩვეულებრივ ადამიანებთან, ეს თემა არ განიხილება, მათი შთაბეჭდილებები კი მხოლოდ ზიზღს იწვევს; არადა, უნდათ, ძალიან უნდათ, რომ სწორედაც ჩვეულებრივ ადამიანებს, „ნატურალებს“ გაუმხილონ დაუფარავად, რომ მიუხედავად თავისი მოგზაურობისა, ისინიც ეკუთვნიან ადამიანთა მოდგმას და, აი, ეს გაორება მუდმივ ჭმუნვად აიყოლიეს თავის ცხოვრებაში ვატატოს თაობის გეებმა და ვატატოც ეძებდა ადამიანს, სწორედაც ადამიანს, ვისაც თამამად გადაუხსნიდა გულს და ექნებოდა იმის შეგრძნება, რომ არც ისე გარიყული ყოფილა ადამიანებისგან.
დეას სტუდენტობიდან ახსოვდა ვატატო. გამჭრიახი თვალის გარეშეც იოლად შესამჩნევი იყო, ვატატო განსხვავებული რომ არის, მაგრამ დეას ქალური გუმანი კარნახობდა, რომ ვატატო უბედურიცაა განსხვავებულობასთან ერთად, იქნებ ქალურად თანაუგრძნობდა კიდეც ვატატოს; თუმცაღა, საყველპურო ურთიერთობის გარდა არაფერი აკავშირებდა მასთან. ერთ-ერთ სტუდენტურ სპექტაკლზე რეცენზია დაწერა მომავალმა თეატრმცოდნემ, სტუდენტურ გაზეთში გამოაქვეყნა, სადაც დეას თამაში გამოარჩია. დეამ გულწრფელი მადლობა გადაუხადა ავტორს, თეატრალურ ინსტიტუტში რომ ხვდებოდნენ, თბილად უღიმოდნენ ერთმანეთს, სულ ეს იყო.
მათი შეკედლება მოგვიანებით, დეას შემოქმედებითი კრიზისის ჟამს შედგა. ორი ახალი სპექტაკლი დაიდგა თეატრში, დეა არ დაუკავებიათ, რასაც მსახიობი მძიმედ განიცდიდა; მერე ვატატოს წერილი წაიკითხა, სადაც ორივე სპექტაკლი გააცამტვერა ავტორმა, წერილის ბოლოს კი, დასკვნის სახით აღნიშნა, რომ თეატრი წარუმატებლობისთვისაა განწირული, როცა დეასნაირ მსახიობებს არ აძლევენ გასაქანს. დეას დამძიმებულ გულს შვება გაუჩინა ვატატოს კრიტიკულმა წერილმა, თეატრმცოდნის მობილურის ნომერი გაიგო, დაურეკა, თეატრის მახლობელ კაფეში შეხვდნენ, გული მოიოხეს; მერე ისევ შეხვდნენ, ისევ მოიოხეს გული, თანდათან გაუშინაურდნენ, შეეკედლნენ ერთმანეთს; ვატატომ იგრძნო, რომ დეასთან შეიძლება გულის გადახსნა, ის ადამიანი დაინახა დეაში, ვისაც ეძებდა, ვინ სჭირდებოდა და ასე გადაიზარდა შეკედლება ლამის ყოველდღიურ ურთიერთობაში.
ერთგული, მრავალნაცადი დაქალებივით იყვნენ, ჰქონდათ საერთო გატაცება-თეატრი და ჰქონდათ თავ-თავისი ადამიანური სატკივარი – პირადი ცხოვრება, რაზეც გახსნილად, დაუფარავად ქაქანებდნენ ერთმანეთთან.
ვატატომ იგუმანა, რომ პროფესიული წინსვლისთვის ყურადღების მიქცევა იყო საჭირო, უკომპრომისო თეატრმცოდნის სახელი უნდა დაეგდო თავის დასამკვიდრებლად – ეს გაიაზრა, მიზნად დაისახა თეატრმცოდნემ და მიაღწია კიდეც მიზანს – მას უფრთხოდნენ და სწორედ ამის გამო ცდილობდნენ ვატატოს გულის მოგებას – ეპატიჟებოდნენ გასტროლებზე, სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალებზე, ხშირად იხმობდნენ ჟიურის წევრად, უკვეთავდნენ მონოგრაფიებს. დეასგან განსხვავებით თეატრმცოდნემ მოახერხა, სარჩო გაუჩინა თავის პროფესიულ ამბიციას, მაგრამ ეს არ ასახულა მეგობრობაზე, მეგობრები მეგობრებად დარჩნენ, რაც მათი ურთიერთობის საიმედეობასა და სიმყარეზე მეტყველებდა უთუოდ.
მანქანაში ჩასხდნენ, დაიძრნენ ჭიშკრისაკენ. ვატატომ კლინიკის ეზოში შემომავალი მანქანის მძღოლს შეუკურთხა:
– იდიოტი ეს, ხომ ხედავ, გავდივარ; გამიშვი, რა!
– სხვა მძღოლებივით რატომ არ აგინებ დედას? – ღიმილით ჰკითხა დეამ.
– ვირი ეს, სუფთა ვირი!- სახეზე წამოწითლდა ვატატო.
გააღწიეს ეზოდან, ვატატო ვერ ცხრებოდა:
– მაინუნი! დეგენერატი-იდიოტი!
„მე დედას შევაგინებდი“,-იფიქრა დეამ, გაწიწმატებულ ვატატოს გახედა და ისევ გაეღიმა.
თავის ერთი ბეწო ქუჩაზე დეამ სეირანა შენიშნა, მაღაზიასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა, თვალი გამოაყოლა მანქანას. დეას არ გაუღიმია, თავი კი დაუქნია მეზობელს მისალმების ნიშნად.
ნაცნობი ნივთების, ნაცნობი კედლების, გამოვლილი წარსულის სუნს მტვრის მძიმე სუნი შერეოდა ბინაში.
ჩამოსხდნენ; დეა-სავარძელში, ვატატო-სკამზე.
„რითი დავიწყო?“ – იფიქრა დეამ და ოთახს მოავლო თვალი.
– დამლაგებელი გეგულება? – კითხა ვატატოს.
– დამლაგებლის მეტი რაა, გოგო! – ყოჩაღად მიუგო ვატატომ.
„კარგია“,- იფიქრა დეამ, – „დამლაგებელი დავიგულეთ,“ – იფიქრა დეამ.
– ფანჯრები უნდა გამოვცვალო,- თქვა შემდეგ.
– მოვაგვარებთ მაგ ამბავს,- თქვა ვატატომ.
„ზამთარში აღარ დაგვიბერავს; კარგია“,- იფიქრა დეამ.
– არ გშია? ჩავალ, ამოვიტან რამეს, – კითხა ვატატომ.
– მოიცა, მერე, – თქვა დეამ, შემდეგ დაამატა:- ახლა ვიგრძენი დაღლილობა, – ისევ მოატარა მზერა ოთახს და იფიქრა: „კიდევ კარგად გავუძელი ამ ატმოსფერულ წნევას. ყველაფერი უნდა შევცვალო, ყველაფერი“.
ვატატომ ყელი გაიწვდინა დეასკენ:
-მითხარი, რა, ვინაა ბავშვის მამა, მე რას მიმალავ?!
-არ იცნობ-მეთქი! გაქრა ის კაცი ჩემი ცხოვრებიდან, ბავშვს ჩემთვის ვაჩენ! – ხმაში სიმკაცრე დეამ, იფიქრა დეამ: „სიმართლე რომ ვუთხრა, შეიძლება წამოცდეს სადმე, არ ღირს“,- გაბუტული სახით მაცქერალ ვატატოს გაუღიმა და თქვა: – აზრი არ აქვს, ვატატო, ნუ მებუტები! – აფიშებს მიაცქერდა კედელზე; „აფიშები ჩამოვხსნა? თუ, არ ჩამოვხსნა? თუ, ჩამოვხსნა?“ – იფიქრა დეამ, ვატატოს მიუბრუნდა:
– ახლა მუშაობ რამეზე? – კითხა.
– შეკვეთას ველოდები; დოლარით იხდიან, მაგრამ არ ვიტყვი, მეშინია, არ გავთვალო,- თქვა ვატატომ.
„ერთი სიგარეტიც ხომ არ მომეწია?“ – იფიქრა დეამ, – „იყოს, არ მინდა სიგარეტი,“ – იფიქრა დეამ.
– მოწიე, ჩემზე ნუ დარდობ, – მიმართა ვატატოს.
– აივნის კარს გავაღებ, – თქვა ვატატომ, წამოდგა,აივნის კარი შეაღო, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
„ააა, ვიცი, რითიც დავიწყებ, ვიცი! მოპარულ ნივთებს გადავუძახებ სანაგვეზე, ისინი მიმძიმებენ ატმოსფერულ წნევას ბინაში“,- იფიქრა დეამ,- „რა კარგია, რომ მივხვდი, რითია დასაწყები“, – იფიქრა დეამ, წამოდგა, სამზარეულოდან პოლიეთილენის პარკი წამოიღო, მოპარული კოვზიც წამოაყოლა ხელს, პარკში ჩაუძახა, ოთახს დაუარა: სათვალე, საფერფლე, შუშის ჭიქა, შავტყავიანი წიგნაკი, გაფუჭებული სანთებელა, პლასტმასის სათამაშო აქლემი, ჭრელი შარფი, ოთხფერიანი კალმისტარი, სხვაც ბევრი, – პარკში ყრიდა ნივთებს, თან ფიქრობდა: „თეატრალურ მარაოს რატომ არ ვეხები? რატომ ვინახავ მარაოს, ამათ რა დააშავეს? არ ვიცი, მაგრამ დარჩს მარაო, იყოს მარაო, დარჩეს“.