– რას აკეთებ, ისევ გაგიჟდა? – ჩაურა ვატატომ და სამზარეულოში გააბიჯა.

– ვიცი, რასაც ვაკეთებ, არ გავგიჟებულვარ,- თქვა დეამ, ისევ დაუარა ოთახს, პოლიეთილენის პარკი ლამის პირამდე გაავსო მოპარული ნივთებით, მარაო დაიტოვა მხოლოდ, პარკი სავარძლის ფეხთან მიაყუდა, სავარძელში ჩაჯდა და იფიქრა: „ბავშვის საწოლი სად დავდგა?“

– ვატატუნა! – გასძახა შემდეგ,- როგორ ფიქრობ, სად დავდგა საწოლი?

– რა საწოლი?- სამზარეულოდან გამოეპასუხა ვატატო.

– ბავშვის საწოლი!

– ბავშვის საწოლი შენი საწოლის გვერდით უნდა დადგა!- სამზარეულოდან გამოაბიჯა ვატატომ, ყავის ფინჯანი მოჰქონდა.

– ააა, – მიხვდა დეა, – რა კარგი ბიჭი ხარ, ვატატუნა, – შეაქო თეატრმცოდნე.

– დეა, ხომ კარგად ხარ, რა კითხვებს სვამ?! – სკამზე ჩამოჯდა ვატატო, დაკვირვებული მზერა მიაცივა ქალს.

 -სისულელე ვთქვი, არ გითქვამს სისულელე? – გაუწყრა დეა.

– რამდენიც გინდა, – გაიღიმა ვატატომ,- შენთვის ყავა არ შეიძლება, ჩემთვის მოვიდუღე- თქვა შემდეგ.

– ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება?! ყველაფერიც შეიძლება! – აღნიშნა დეამ და იფიქრა დეამ: „ვშფოთავ, რატომღაც ვშფოთავ, რატომღაც“,- ვატატოს მიმართა შემდეგ: – ცოტა ყავაც შეიძლება და ცოტა სიგარეტიც; უბრალოდ, არ მინდა ყავა, არც სიგარეტი მინდა ახლა, – თქვა დეამ, იატაკს ჩააცქერდა და ისევ იფიქრა: „ვშფოთავ რატომღაც, სიმშვიდისათვის რაღაც მჭირდება: ხვალ კონსულტაციაზე, აუცილებლად კონსულტაციაზე“.

 -რაზე ფიქრობ?- შემოესმა ვატატოს ხმა.

– ხვალ კონსულტაციაზე უნდა წავიდე,- თქვა დეამ.

 -მე წაგიყვან, – თქვა ვატატომ. „კარგია“,- იფიქრა დეამ, – „მანქანით წავალ, მანქანით მოვალ“, – იფიქრა დეამ.

 – კარგ გინეკოლოგს ვიცნობ, იმასთან მივიდეთ,- თქვა ვატატომ.

„უჰ, შესანიშნავია“,- იფიქრა დეამ, – „კარგი გინეკოლოგი კარგია“, – იფიქრა დეამ.

– ჩავალ, გოგო, რამეს ამოვიტან, ხომ უნდა ჭამო?- თქვა ვატატომ.

– მაშინ, ეს „ხლამი“ გაიყოლე, თუ ჩემი ბიჭი ხარ! – მოპარული ნივთებისკენ მიანიშნა დეამ ვატატოს, – ურნა აქვეა, სადარბაზოსთან.

 – ვიცი, სადაცაა ნაგვის ურნა,-  თქვა ვატატომ, წამოდგა, პარკს მისწვდა, მერე თქვა: – მარტო ვერ დაგტოვებ დღეს, ტახტზე დავიძინებ, დილიდან კი კონსულტაციაზე წავალთ.

– ღამე აქ დარჩები?- იკითხა დეამ.

-ჰო, რა მოხდა, რამის შიში გაქვს?- გაიკრიჭა ვატატო.

– მაშინ, სულ დარჩი, – ისე თავისთავად ამოეთქვა დეას, იმ წამს ვერც კი გააცნობიერა, რა უთხრა მეგობარს და მერეღა მიხვდა, იმ ერთი წამის, ერთი გაელვების შემდეგ აღმოაჩინა, რატომ შოთავდა მისი ქვეცნობიერი, – კანონიერი მამა, ასე რომ აკლდა ბავშვობაში, ასე რომ უწამლავდა ყმაწვილქალობას, ასე რომ გამოატანჯინა მიწისქვეშეთის კოშმარი.

ვატატოსკენ მიცქერილ სახეზე კრთომის ჩრდილმა გადაუარა ქალს.

ერთხანს დუმდნენ.

– ჩავალ, ამოვიტან რამეს, – თქვა ვატატომ, შემოსასვლელისკენ გაემართა შემდეგ.

კარის მოხურვის ხმა მჭახე იყო,დეას გულში გაიარა მჭახედ, ერთბაშად: „სულ რომ არ მოვიდეს?“ – ფიქრობს დეა, – „რაში ვჭირდებით საერთოდ?“ – ფიქრობს დეა: „ჰო, მაგრამ რამდენჯერ დაუჩივლია ვატატოს, – შვილი რომ მყოლოდა, მე რომ შვილი მყოლოდაო,“ – ფიქრობს დეა, – „იქნებ სწორედაც ვატატოს სჭირდება ეს ბავშვი ყველაზე მძაფრად: მე და პაწაწას კი კანონიერი არსებობა გვჭირდება, რომ არ შერცხვეს პაწაწას, არ გაწითლდეს, გული არ მოეჭმუჭნოს პაწაწას; პატარა არსების პატარა გული, პატარა არსების პატარა გული არასდროს უნდა მოიჭმუჭნოს; არ შეიძლება, არ შეიძლება,ვერ გავუძლებ, რადგან ვიცი, როდის და როგორ ეჭმუჭნებათ პატარებს გული,“ – ფიქრობს დეა და მერე არაფერზე ფიქრობს, სავარძელში ტრიალდება, შემოსასვლელისკენ იცქირება დიდხანს, დიდხანს იცქირება შემოსასვლელისკენ ,ისევ ბრუნდება, კედელს უცქერს, უცქერს აფიშებს, სადაც დეას გვარია შავით  თეთრზე აღბეჭდილი და უეცრად აზრი დეას ტვინში,  ფიქრი დეასი: „თავადიშვილობას ვერ დაიბრალებს, მაგრამ საკმაოდ კეთილხმოვანი გვარი აქვს ვატატოს,“ – და შერცხვა თავისი ფიქრის, თავი გაიქნია, ტვინიდან გამოიცარიელა ბინძური ფიქრი, აივნისკენ გაიხედა. შემინულ კარს მიღმა ოღონდ თოვდა. ,, ნამქერს უფრო ჰგავს,“ – ფიქრობს დეა, – „ქარმა მთიდან წამოპენტა თოვლი,“ – ფიქრობს დეა და თავისთვის, ჩუმად, გულში: „ზამთარია, სიცივეა, ტექსტი აღარ მახსოვს, მეშინია სიცივის, ტექსტი აღარ  მახსოვს, შარშან უფრო საში-ნელი, ცივი ქარი ქროოდაა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ“… ჩაფიქრდა. „არ მოვა, არა,“ – ფიქრობს დეა – „რაში ვჭირდებით?“ – ფიქრობს დეა, – „მას თავის ცხოვრება აქვს, ჩვენ რა შუაში ვართ,“ – ფიქრობს დეა, – „ზედმეტი ტვირთი, ზედმეტი ტვირთი, რა საშინელებაა, როცა ზედმეტი ტვირთის ფუნქცია გაქვს, როცა ზედმეტ ტვირთად მოგესაჯა ცხოვრება; არავინ მინდა, სულ არავინ, მითუმეტეს, რომ მომსვლელი აქამდეც მოვიდოდა,“ – ფიქრობს დეა, – „მაღაზია ორ ნაბიჯზეა, ჰო , – ორ ნაბიჯზე, მომსვლელი-მოვიდოდა; არ მოვა, არა, არ მოვა, დამირეკავს მერე, მომიბოდიშებს, საქმე გამომიჩნდაო, – მეტყვის და ამით მეტყვის ყველაფერს,“ – ფიქრობს დეა, ისევ ტრიალებდა შემოსასვლელისკენ, უცქერს შემოსასვლელს; დიდხანს, დიდხანს უცქერს შემოსასვლელს და იცის, ძალიან მარტოა ახლა და აქ, თავის ბინაში – ნაცნობი ნივთების, ნაცნობი კედლების, გამოვლილი წარსულისა და მტვრის მძიმე სუნში გრძნობას მიწისქვეშეთის კოშმარის გამოძახილს და ისევ გაიარა, გაკვეთა დეას გული შემოღებული კარის ხმამ.

შემოსასვლელიდან ვატატო გამოჩნდა, ცალ ხელში სანოვაგით დატვირთული პოლიეთილენის პარკი ეჭირა, მეორეში – სამი კონა ია, იღიმოდა.

– ქორწილს ჩემებურად გადავიხდით, იცოდე! პერფორმანსს გავათამაშებთ; ხომ იცი, ვგიჟდები პერფორმანსებზე! – თქვა ვატატომ  და სამზარეულოსკენ გააბიჯა.

 დეამ პირი იბრუნა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, კედელს მოაცქერდა.

– დავურეკოთ დამლაგებელს? – სამზარეულოდან გამოსძახა ვატატომ.

– ჰო ! – გასძახა დეამ ვატატოს, კედლისთვის არ მოუშორებია თვალი.

 

 

1 2 3 4