გაზაფხული. კვირა. „ეს პატარა კუდღელიი, ძლიიერ ავად გაგვიხდაა“.

მოვა სადაცაა, დაიწყებს – ისეთი პერფორმანსი დავდგათ, ასეთი პერფორმანსი დავდგათ, გამომიჩნდა რეჟისორი! გამომეძერწა რეჟისორი. თვალსა და ხელსშუა გამომეძერწა. პერფორმანსს დგამს, შემოქმედებით ძიებაშია რეჟისორი ბიჭი. ჩემზე მეტად გარეკა ვატატომ. ვეუბნები – რა აუცილებელია პერფორმანსი? არ მესმის, ვატატო, არ მესმის, ჩემი ბიჭი! – არა, არა, პერფორმანსის გარეშე როგორ შეიძლებაო, პერფორმანსის გარეშე ფასი არ აქვსო, თანაც განიცდის, ნერვიულობს, დაანტენებულ თმებზე ცეცხლი ედება. პაუზა ტვინში. დაანტენებული თმები მომეწონა; ვატატოს დაანტენებული თმებიც ღელავენ ვატატოსთან ერთად, როცა პერფორმანსზე ლაპარაკობს ვატატო. სულ გარეკა, ბოლომდე გარეკა, ბოლომდე, უკანმოუხედავად ერეკება! მზერა აივნისკენ. აივნის კარი და ფანჯრის ჩარჩოები გამოვცვალეთ, აფიშები შევატოვეთ კედელს. – იყოსო, აფიშები პერფორმანსისთვის დაგვჭირდებაო, იყოსო. იყოს და იყოს, თუ ასე აუცილებელია – მეთქი. ჰოდა, არის. უფრო ნიჭიერი მეგონა. როგორც თეატრმცოდნეებში შემინიშნავს, მასაც აქვს რეჟისორობის და მსახიობობის წიკი, არადა – უნიჭოა. შენ რა მსახიობი ხარ, თამაშში არ მომყვებიო, მე მეუბნება, – შენ რა მსახიობი ხარო! მეუბნება. ის, მე. იდიოტი! მსახიობობა რა შუაშია, ფეხმძიმე ქალი ვარ და სიმშვიდე მინდა. მჭირდება სიმშვიდე, ეს პერფორმანსს მაძალებს აქ. აქ. ჩემთან. მაძალებს. შენ რა მსახიობი ხარო, – თანაც! უნდა გამელაწუნებინა; შევცდი, თავი რომ შევიკავე. ყველას მოსდო ჩვენი ამბავი. სადაცაა ქორწილი გვექნებაო, – განაცხადა დიდის ამბით; თანაც არ იცის, როგორი პერფორმანსი შესთავაზოს ქორწილში მოპატიჟებულ მაყურებელს და განიცდის, თმები უანტენდება, მერე მე მიშლის ნერვებს. აქ მიშლის ნერვებს. ჩემთან, აქ. ნერვებს მიშლის აქ ეგ ჯაყო, ჯაყო ეგ, ეგ ახალი ჯაყო ახალ რეალობაში. – ყავა არ შეიძლება შენთვის! ცხარეს მოერიდე, ხომ გახსოვს, გინეკოლოგმა რა გითხრა?! სიგარეტი – აპაპაპა, არავითარ შემთხვევაში! – გამიტრაკა ცხოვრება! ნევროპათოლოგია ბავშვის ბიოლოგიური მამა? არა, – ვეუბნები, – არა! – ნევროპათოლოგია! ხომ იცი, მე – ჩათლახს ვერ გამომაპარებ, ნევროპათოლოგია ნაღდად! შენ – ჩათლახს გეუბნები, არ არის ნევროპათოლოგი, არა! აბა, ვინაა, რატომ არ მეტყვი, ვინაა, რატომ მიმალავ? პეტრეა, – ვეუბნები, – ივანეა, პავლეა, ჯანდაბაა! აღარ არსებობს ის კაცი, – ვეუბნები, – არ იცნობ, გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და რაში გაინტერესებს, საერთოდ! – ვეუბნები. ბავშვის გაჩენის შემდეგ რომ გამოჩნდეს, ხომ უნდა ვიყო მზად, მეც გამიგე, მეც გამიგე! – მეუბნება. არავინ გამოჩნდება, დამშვიდდი! – ვეუბნები, თავისას გაიძახის ისევ: – მეც გამიგე,  მეც გამიგე! – ვატატუნა, წადი, გენაცვალე, აღარ ხარ ის ვატატუნა, მეც მტანჯავ და საკუთარ თავსაც იტანჯავ, შეიცვალე ძალიან, – ვეუბნები; ფეხებში მივარდება: – მაპატიე, შევცდი, მაპატიე, მეგობრულად მაპატიე! გაპატიე – ჰა! და მერე ისევ – პერფორმანსი! პერფორმანსი! დაუჩემებია ეს პერფორმანსი. ბავშვის საწოლი შეიძინა. რა დროსაა, ჯერ რა დროსაა? თვალს უხარიაო. იყოსო. შენც ხომ გაგეხარდაო? ჰო – მეთქი, ჰო, – რა უნდა მეპასუხა. დაიბადება ბავშვი, გვარს მისცემს და გავეყრები, რამდენი ცოლ-ქმარი გაყრილა, ჰოდა – ჩვენც. რას ნიშნავს გავეყრები, როცა არც შევყრილვართ და არც არასდროს შევიყრებით. პაუზა ტვინში, მზერა კედელზე. მეგობრობაში გავეყრები, ვატუკუნაში ხიფათია, ბავშვის მამობას დაიჩემებს, შეიძლება დამიკომპლექსოს; ჰოდა, გავეყრები მეგობრობაში, აუცილებლად დაიჩემებს ბავშვის მამობას, ვერ მოისვენებს, ხიფათია. ვერ მოისვენებს და მე ვიცი მერე. ცუდი ვარ? ისეთი ვარ, როგორიც ვარ. როგორც მეცხოვრება, ისე ვცხოვრობ და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიბრძვი, იმიტომ რომ, – ეს მდგომარეობაა, ეს მოცემულობაა და რაღაც ხარისხით ვატატოც საჭიროა ამ მოცემულობაში. რაღაც ხარისხით, ჰო. დროებით და მერე ვნახოთ, ცხოვრება გვანახებს. რომ არ შეცვლილიყო, არ ვიფიქრებდი ამაზე, მეგობრებად დავრჩებოდით, მაგრამ მტანჯავს, თავსაც იტანჯავს და რატომ? რა ძალა გვადგას? სიგარეტი. მინდა. სარეცხის მანქანაში გადამალული სიგარეტი. მინდა. სააბაზანოსკენ. სააბაზანო. სარეცხის მანქანა. სიგარეტი სარეცხის მანქანაში. ხელში სიგარეტი, ნაბიჯი სამზარეულოსკენ, სამზარეულოში სანთებელა, სანთებელა სიგარეტთან, ცეცხლი, ნაფაზი, კარგია. მზერა ოთახისკენ. ოთახის კუთხე სამზარეულოდან. რაც თავი მახსოვს, ჩვენს სამზარეულოს კარი არ ჰქონია, არც ახლა აქვს. სამზარეულოდან მისაღების კედელზე გაკრული ჩემი აფიშები მოჩანს. იყოს აფიშებიო, პერფორმანსისთვის გამოგვადგებაო. იდიოტი! დაუჩემებია ეს პერფორმანსი, მოიფიქროს მაინც რამე. სამზარეულოდან ოთახისკენ, აივნის კართან, ხელი სახელურზე, აივნის ღია კარიდან ჰაერი, ჰაერი, ნაფაზი, ჰაერი. გარეთ გაზაფხული. 16 აპრილი. ნასესხების ბოლო დღე. ზღაპრული ამინდია. ღუიან ხეები. ცა-მოწმენდილი. ჰაერში – არომატი. ნაფაზი. ნაფაზი. ჰაერი. ჰაერი. ასეთ ნასესხებს არ შევსწრებივარ. სამივე დღე თუ არა, ერთი დღე მაინც ურევდა ხოლმე. 14,15,16 აპრილი უქარო და თბილი გამოდგა. შეცდი, ჩემო კეთილო, საყვარელო ჩემო ანთისა. უქარო ნასესხებიც არსებობს თურმე. პაუზა ტვინში, მზერა მეზობელი სახლის აივანს. იქნებ უქარო ნასესხებშია ხიფათი? არ მინდა ხიფათზე ფიქრი ვიცი, რომ გადავინასესხე და ნამდვილ გაზაფხულში ვარ სამი თვის. ფეხმძიმე ქალების მშურდა, რომ იტყოდნენ – ექვსი თვის ვარო, ორი თვის ვარო, ათი კვირის ვარო. ნაყოფი კი არა, მე ვარო, მეო, – ამდენის და ამდენისო. ჰოდა, სამი თვის ვარ ამ გაზაფხულში. თითქმის სამის, ჰო. მზერა ნიკოს აივნისკენ. აივანზე ჩიბი. ნევროპათოლოგს პაციენტი ჰყავს ალბათ. მუშაობს კაცი, კვირა დღესაც ვერ იცლის. – ჩიბი, ჩიბი, მე აქ ვარ, ჩემი გულითადი მოკითხვა შენს პატრონს, ჩიბი! კარგი, გვეყოფა სიგარეტი, უნიტაზში მოვისროლოთ და ჩავრეცხოთ. ოთახიდან სააბაზანოსკენ. სააბაზანო. უნიტაზი. ნამწვი უნიტაზში, წყალი – ჩხრრ, ერთხელაც – ჩხრრ, წყალს გავაყოლეთ, გავაქრეთ კვალი; კარგია, დეიკო, ყოჩაღ! ახლა ბავშვის საწოლს შევუაროთ და მერე სავარძელში. სააბაზანოდან საწოლ ოთახში, პაწაწას საწოლი ჩემი საწოლის გვერდით. „ეეს პატარაა კურ-დღელიი, ძლიერ ავად გაგვიხდაა, არც სტაფილო ეამა, ჩამოხმა და…“ მეტირებოდა ამ სიმღერაზე; მგონი, ახლაც მეტირება. ხელი ბავშვის საწოლის რიკულებზე, ხელზე – სიმშვიდე, სიმშვიდე – ჩემში. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად იქნება ღვთის მადლით. ეკლესიაში ვივლით ერთად. ბიოლოგიურ მამას ვერ ვეუბნები მადლობას და ვიღაცას ხომ უნდა ვუთხრა მადლობა, როცა მე და ჩემი პაწაწა ვიქნებით ერთად. ვივლით ეკლესიაში, იმას შევწირავ ჩემს მადლობას, იქ, ეკლესიაში, მე და ჩემი პაწაწა – ერთად. „ეს პატარაა კურდღელიი, ძლიერ ავად გაგვიხდაა, არც სტაფილოო…“ ჰუპ… ახლაც მეტირება. კარგი. გვეყოფა. სავარძლისკენ. სავარძელთან. სავარძელში. მზერა საათს. პაუზა ტვინში. სადაცაა მოვა. მორუას პერსონაჟს მაგონებს ვატატო. გემოვნებიანი კაცი იყო. გაუტრაკეს საქმე, – ასეთი ნიჭიერი ხარ და დაწერე რამე! დაწერა, სალონში წაიკითხა, ხედავს – ამთქნარებენ, ეძინებათ, ამის მერე თავფეხიანად გასაზიზღრდა. ვატატოსაც ეგ ჭირი დაემართა. რეჟისორობა მოინდომა ბიჭმა და გარეკა. მისტერ პერფორმანსი უნდა შევარქვა. რა კარგი მეგობარი მყავდა, სად დამეკარგა ჩემი ვატო, ვატატო, ვატუკუნა, რატომ იქცა მისტერ პერფორმანსად, რატომ იქცა ახალ რეალობაში ახალ ჯაყოდ ჩემის ცისფერი მეგობარი?! პერფორმანსის გარეშე რა ფასი აქვსო, პერფორმანსის გარეშე არ შეიძლება ქორწილის გადახდაო! – და სულ ნუ გადავიხდით ქორწილს, ისედაც ხვდებიან, რომ ფიქტიურია, ყალბია ჩემი და შენი ცოლ-ქმრობა, ვატატო! ვიყოთ ჩუმად, ვიყოთ ჩვენთვის, თავს გავიმაიმუნებთ ქორწილით, დამიჯერე, ვატუკუნა! მაგრამ – არაო, არაო, ქორწილი აუცილებელია, ოღონდ სხვანაირი ქორწილი, ქორწილი – პერფორმანსიო და – ჰო, ბატონო, კეთილი, ბატონო, რადგან დაიჩემე გამოგყვები პერფორმანსში, მაგრამ მითხარი მაინც, რა როლი მაქვს, რას ვთამაშობ, შენ რას აკეთებ?! ღმერთო ჩემო, რამდენი სისულელე დამიხვავა, უნიჭობის რა ბურუსში მაბოდიალა, თვითონ ხომ შეიშალა და შეიშალა, მეც გადავყავარ ჭკუიდან. აღარ მინდა სიგიჟე. პაწაწასთან ერთად მინდა: „ეს პატარაა კურდღელიი, ძლიერ“… კარგი, რა, ვატატო, დაიბრუნე ძველი ვატატო, იყავი, ვინც ხარ; ვიცი, რასაც ნიშნავს სიგიჟე, გეუბნები და გაფრთხილებ, მაგრამ რომ არ გესმის! შეპყრობილივით იქცევი, ჩემი ბიჭი! შეპყრობილივით – არა, შეპყრობილი ხარ უკვე. კარის გაღების ხმა. მობრძანდა შეპყრობილი. მეხვევა შეპყრობილი. რა უნდა შეპყრობილს?!   – ვატატო, გაგიჟდი, ვატატო?! კარგი, დაჯექი, რა მოხდა, გამაგებინე! იცი? რა იცი? აჰა, ესე იგი, პერფორმანსის ახალ ვარიანტს მთავაზობ? დამშვიდდი, ნუ მეხვევი, დაჯექი სკამზე! დაჯექი – მეთქი! ასე. არ ადგე, მანდ იყავი! რა ვარიანტს მთავაზობ? რატომ დგები? აქ არ მოხვიდე! არ მომეხვიო, იცოდე! მარაო რად გინდა, სულ შეიშალე?! დადევი მარაო თავის ადგილას! აბა, გისმენ, ვატატო! რისი პირობა მოგცე? ესე იგი, წინასწარ მოგცე პირობა, რომ თამაშში გამოგყვები? არ გამოვა, ჩემი ბიჭი, მე პროფესიონალი მსახიობი ვარ, შენს ხუშტურებს ბრმად არ ავყვები! ვატატო, ნუ მეხვევი, ნურც მიჩოქებ! ახლავე ადექი! ახლავეე! სკამზე დაჯექი! ასე! რა გაცინებს, ვატატო? მარაოს თავი დაანებე! ვერაფერს შეგპირდები, სანამ არ ამიხსნი, რა ჩაიფიქრე. არ გაბედო მოკარება! რითი გადავიხდით ქორწილს? ლობიო რა შუაშია! ლობიო და ფლავი რა შუაშია, ვატატო?! საერთოდ ნუ გადავიხდით ამ დედააფეთქებულ ქორწილს, ვის რად უნდა ეს სიყალბე, ვატატო?! გასაგებია, შენ რომ გინდა, მაგრამ მეც მკითხე ერთი! მაგარი როლი მექნება? ასეთი რა როლი მექნება, რომ ტაშ-ფანდურა გავაჩაღო ფეხმძიმე ქალმა? ვატატო, სდექ! დაჯექი! დაჯექი-მეთქი, ვის ვუთხარი! კარგი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, – წინასწარ არავითარი პირობა, თუ მომეწონა ჩანაფიქრი, გპირდები, რომ წამოგყვები თამაშში. ნუ იკრიჭები! დამშვიდდი და დალაგებით მომიყევი, რა ჩაიფიქრე. აბა, გისმენ, ჩემი ბიჭი! ხმას არ იღებს შეპყრობილი. მიცქერს შეპყრობილი, მიცქერს, მიცქერს. მიცქირე რამდენიც გინდა, დღეს ჩემი სიმღერა მაქვს: „ეს პატარა კურდ…“ ჰა, მგონი, იწყებს; ფეხი-ფეხზე გადაიდო. გისმენ-მეთქი, ყურადღებით გისმენ, ვატატო!

 

 

1 2 3 4