ზეითუნის მალამო

 

შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო – იტყოდა დედაჩემი და თავის დამზადებულ ზეითუნის მალამოს დამიდებდა სარკესთან, თუმცა დარწმუნებული იყო, მაინც არ გამოვიყენებდი და  ძვირადღირებულ კრემს ვიყიდდი.

დედაჩემი ზეითუნის მალამოს ამზადებდა იმ ღამეს, მამაჩემზე გათხოვება რომ აუკრძალეს ძმებმა, ხელის სათხოვნელად მისულს გაცრეცილი პერანგის საყელოსთან თურმე ნაკლული ღილი და მის ნაცვლად დამაგრებული ქინძისთავი შენიშნეს.

დედაჩემი ზეითუნის მალამოს ამზადებდა მძიმე ოთხმოცდაათიანებში. მთელი ბავშვობა კერამიკის ჯამის ხმა მესმოდა ღამღამობით, შიგ ინგრედიენტებს აზავებდა და ერთიან მასად აქცევდა, დილით კი რამდენიმე ცალს ჩანთაში ექთნის ხალათთან ერთად ჩაილაგებდა და საავადმყოფოში უთენია გაიქცეოდა.  მართალია მალამოს შუშებს მეზობელ-თანამშრომელ-ნაცნობებში მინიმალური მოგებით ჰყიდდა, თუმცა იმდენს კი ახერხებდა, კვირაში ერთხელ ხორცის წვნიანი მოემზადებინა ჩვენთვის.

დედაჩემი ზეითუნის მალამოს მაშინაც ამზადებდა მე და ჩემი ძმა სტუდენტები რომ გავხდით, მე ყოველთვის მერიდებოდა ფულის თხოვნა,  ბოლო თეთრამდე რომ გამომელეოდა, მაშინ ვთხოვდი ჩვეულებრივზე უფრო დაბალი ტონით და სიტყვების ყლაპვით, ჩემი ძმა კი ყელში აკოცებდა, თვალს ჩაუკრავდა ეშმაკურად და გასვლის დროს მისი ნებართვით ტელეფონის წიგნაკიდან გამოაძვრენდა მალამოებში აღებულ კუპიურებს. გოლიათური, თითომეტრიანი ნაბიჯებით გაემართებოდა გასავლელისკენ, კარებთან შეჩერდებოდა, კუპიურებს ზემოთ ასწევდა და გამოგვძახებდა, ცოტაც და ფუფუნებაში გაცხოვრებთ, გოგონებოო. დედაჩემი კარის კიდემდე გააყოლებდა თვალს, მერე თავს მოაბრუნებდა, ხელის გულზე დააყრდნობდა და რამდენიმე წუთი ამოჩემებულ წერტილს მიაშტერდებოდა, ვუყურებდი და ვერასდროს ვბედავდი მეკითხა, რას ფიქრობდა ამ დროს. მერე ტუჩის კუთხეების შეუმჩეველი მოძრაობითა და მოზომილი ღიმილით გაიღიმებდა და საქმეს დაუბრუნდებოდა.

დედაჩემი ზეითუნის მალამოების დამზადებით ეხმარებოდა ჩემს ძმას  ცისფერი ოცდაოთხის შესაძენი ფულის მოგროვებაში და ამბობდა, აუცილებლად გვჭირდება ოჯახს ერთი ჯაბახანაო.

ოთხმოცდათხუთმეტში ჩემი ძმა   გუდაურის გზაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, დედაჩემმა კი ისტერიული ტამპით განაგრძო  მალამოების დამზადება. დაისვენე, დედა, ზეითუნის მალამო ვერ გაგვიცოცხლებს ბექას-მეთქი რომ ვუთხარი, გაიხსენა, ბექას სიკვდილის მერე სამზარეულოში მისი ნასადილევი სუფრა რომ დახვედრია, აულაგებელი, თეფშის კიდეზე დარჩენილი ყველის ნაჭრითა და მისივე კბილების ფორმადამჩნეული, ჩაკბეჩილი კიტრით. იმ ღამით პირველად, ერთად დავამზადეთ ზეითუნის მალამო მე და დედაჩემმა, ორმოცდაათამდე შუშა გავავსეთ დილამდე.

მე რომ სხვა ქალაქში გადამიყვანეს სამუშაოდ, არც მერე შეუწყვეტია მალამოს დამზადება. თვეში ერთხელ მიგზავნიდა პომიდვრის მწნილთან და შინდის მურაბასთან ერთად მიუხედავად იმისა,იცოდა, მაღალი ხელფასით შეგულიანებული ძვირიან კოსმეტიკას ვეტანებოდი და არასდროს ვიყენებდი მის მალამოს.

 

სამი წელი გავიდა, რაც დედაჩემი ზეითუნის მალამოს აღარ ამზადებს და მე ჯერ კიდევ ვინახავ შემორჩენილს პატარა შუშაში, მეტიც, ყოველთვის ვიყენებ, როცა რამე მტკივა. კარგად ვიცი, რომ მას  მხოლოდ გარეგანი ეფექტი აქვს და არ შეიძლება ნატკენი გული ან უიმედო მონატრება გაგიყუჩოს. ან როგორ შეიძლება ზეითუნის მალამომ ამოგივსოს ღმრა, უცნობ კუთხეებში დამალული სიცარიელეები დაწოლიდან დაძინებამდე ჩამოწოლილი მდუმარების დროს რომ აგეწვება და თავს შეგახსენებს. ვერც დაღლას დაგიამებს ზეითუნის მალამო, საკუთარ თავთან ბრძოლით ან თუნდაც მარტოობით გამოწვეულ დაღლას, თუმცა მე მაინც მჯერა და გამოზოგვით ვიზელ გულის არეში დედაჩემის მალამოს იმ რწმენით, რომ შეუძლებელია დედები ისე კვდებოდნენ,  რამე ხილულ ან უხილავ ნუგეშს არ უტოვებდნენ შვილებს.

 

 

 

1 2 3 4