იმეორებდნენ ამას გამოქვაბულში მობრუნებული ექოსავით, კენწეროებს უკან სწევდნენ და ტოტებგადაჭდობილები ჩემ გარშემო ტრიალებდნენ.

მერე ერთ ხაზზე განლაგდნენ, ახლა ზედა ტოტები გადახვიეს ერთმანეთს და სირტაკის ცეკვა დაიწყეს,

ყველაზე მაღალმა ნაძვმა მელოდიას ააყოლა ხმა:  ტარა-ტარა, ტარა-ტარა,  ტარა-ტარა, ტამტამტარარარა, ტარა-ტარა, ტარა-ტარა,  ტარა-ტარა, ტამტამტარარარა…. მიწაზე გაშლილ ფესვებს მაღლა სწევდნენ და მარჯვენა-მარცხენა ფეხებივით ადებდნენ ზემოდან ერთმანეთს, მერე ტრიალდებოდნენ, რიტმულად შეხტებოდნენ და სვლას აგრძელებდნენ. თანდათან მომიახლოვდნენ, ოთხეულში ბოლო მოცეკვავედ ჩაბმულმა ნაძვმა ტოტი გამომიწოდა და მეც ავყევი.  ვცეკვავდით ასე სირტაკს მე და  პირველმოსახლე ნაძვები, გაზაფხულის წვიმა სასიამოვნოდ გვაცრიდა ზემოდან, მე კი ვფიქრობდი, რატომ აქამდე არ მომივიდა აზრად, ჩამოვსულიყავი და მეცეკვა ნაძვებთან,  მომესმინა ოთხი ნაძვის ბალადა და მათი ექოსავით ხმებით ნამღერი-მეთქი. ბედნიერი ვიყავი. ისე ძალიან მომწონდა ცეკვა, რომ დასრულება არ მინდოდა. ის-ის იყო ფეხების მოძრაობას მხარ-ბეჭიც  ავაყოლე, რომ ზარი გაისმა, აიფონის ზარს ჰგავდა, გამიკვირდა, მახსოვდა, ტელეფონი სახლში დავტოვე. ზარი არ ჩერდებოდა, მე გაოცებული ვუყურებდი ნაძვებს, ისინი-მე,  ბოლოს თავს ზემოთ ხელი მოვაფათურე და  საწოლის უკან, ტუმბოზე ჩამოდებული ტელეფონი ჩამოვაცურე. დავხედე, ჩემი დეპარტამენტის უფროსი რეკავდა:

-ელენე, სალამი, ხმაზე გატყობ, ჩემმა ზარმა გაგაღვიძა, მაგრამ დრო არ იცდის. უახლოეს ორ დღეში უნდა გამოცხადდე სამინისტროში,  დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დაგვევალა დაქვემდებარებულების ვაქცინაციის პროცესის უზრუნველყოფა, ზემოდან დარეკეს… ჰოო,  მართლა, გილოცავ, კოვიდ 19-ის ვაქცინა გამოგონებულია!

საწოლიდან ნელა ავიზლაზნე, იმედგაცრუებული ვიყავი, ცხოვრება ისევ ისეთი ხდებოდა, როგორიც მანამდე იყო, მე კი ამისთვის სულაც არ ვიყავი მზად.

 

 

 

სანდრო

 

ფოტო #1

 

მე და სანდრო გივი კიკნაძის ავტოფარეხის თავზე ვწევართ გულაღმა,  ღრუბლების ცვალებად ფორმებს სხვადასხვა ცხოველს ვამგვანებთ და ხელს ავტოფარეხის მთელ სიგრძეზე გაჭიმული ტალავერისკენ ვიწვდენთ.  ერთმანეთს გადავხედავთ და მოპარული ყურძნისგან მოგვრილი აკრძალული სიამოვნებისგან გვეღიმება.

-ხვალ მიდიხართ ხო რაჭაში?

-კი, ცოტა ხანში ავალ და დედას ჩალაგებაში მივეხმარები.

სანდრო ზემოთ იწევს, ბაბუის ჩამოტანილ, ახალთახალ ფოტოაპარატს კისერზე ჩამოკიდებული ტყავის ბუდიდან იღებს და ჩემკენ მართავს: -სანამ ჩამოხვალ, ამ ფოტოს დავხედავ ხოლმე.

 

ფოტო #2

 

ნეკნჩამტვრეული სანდრო საწოლშია გაშოლტილი, მე-ტორტით ხელში, მის საწოლთან მუხლებზე ვდგავარ და სურვილის ჩაფიქრებას ვახსენებ მეცამეტე იუბილეზე.

-არ არის ეგ თედო კარგი ბიჭი, არ მინდა რომ მოგწონდეს! ცუდ ტიპებთან მეგობრობს!

-ნეტა, შენ რა იცი?! არც კი იცნობ! საერთოდაც, არავინ გეკითხება, მე ვინ მომეწონება! გამომივიდა ეს ყოვლისმცოდნე!

თედო ბერიძე სანდროს პარალელურ კლასში სწავლობდა. თეძოზე ჩამოგდებული ჯინსებითა და მაისურზემოცმული კუბოკრული პერანგებით დადიოდა. რომ ჩაივლიდა, მძაფრ სიგარეტისა და იაფფასიანი ოდეკოლონის სუნს ტოვებდა, ბევრს იგინებოდა და 24/7-ზე ამუშავებდა უბნის ბირჟას. არ ვიცი, რატომ მიმაჩნდა ყველა მისი თვისება ასე ბრუტალურად, მაგრამ ,,მხოლოდ  შენ გეუბნები და არავის უთხრა” პირობით ჩემი გატაცება რამდენიმე კლასელ გოგოს გავუზიარე.  ხვალშაბათობის სიხარულით გაგიჟებული სკოლის შენობიდან კლასელებთან ერთად გამოვვარდი და თედო შევნიშნე ძმა-ბიჭებთან ერთად, ჩემკენ იხედებოდნენ და შიგადაშიგ იცინოდნენ.  ის-ის იყო ჭიშკარს უნდა გავცდენოდი, ერთ-ერთი წინ გამოეყო და მომაძახა, ,,-ეე, მაშო ლოლაძე, მთელ სკოლას რომ უთხარი თედოს ტუჩებში უნდა ვაკოცოო, მოდი, გელოდება”, თედომ გადაიხარხარა და გასაჯავრებლად ტუჩები გამობერა. ახარხარდნენ.  ვიდექი და ვგრძნობდი როგორ მიწვავდა ეზოში მდგარი მოსწავლეების ჩემკენ მოპყრობილი მზერა სხეულს. ჩანთა დავაგდე და მთელი ძალით გამოვიქეცი.

ეს ჩემი შერცხვენის ამბავი მაშინ გადამავიწყდა, დედაჩემმა რომ მითხრა, ჩავალ ერთი ირმასთან, სანდრო მოუყვანიათ ნაცემი, ნეკნი აქვს გატეხილიო. საიდან არ უტრიალეს, ცოცხალი თავით არ ამბობდა, რა დაემართა.  მეორე დღეს სკოლაში თვალჩალურჯებული თედო ბერიძე შემხვდა და ბოდიში მომიხადა.

 

ფოტო #3

 

ეს ფოტო განსაკუთრებულად მიყვარს. სკოლის გამოსაშვებისთვის თეთრი პერანგის საზურგეზე თეატრალურ ნიღბებს ვუხატავ სანდროს, ისიც თავისებურად მეხმარება, ფუნჯებს და საღებავებს მაწვდის, ხელებიც ამიტომ გვაქვს საღებავში ამოსვრილი. ღმერთო, რა ბედნიერები ვართ აქ, სამყარო ჩვენი გვგონია და სულის შებერვით ვუპირებთ მთებს გადადგმას. სანდრო მსახიობობას აპირებს, ბავშვობიდან არ მოსცილებია სკოლის თეატრის სცენას, მე იურისტობა მინდა, მგონია, რაღაცნაირად ამ გზით უნდა შევცვალო ჩემ ირგვლივ ყველაფერი უკეთესობისკენ, დავეხმარო ყველას. მოკლედ, იურისტობა სიმართლისა და სამართლიანობის სამსახურში ყოფნა მგონია და დიად მიზნებს ვეპოტინები.

 

 

 

1 2 3 4