ოთხი ნაძვის ბალადა

 

ჩემი ბავშვობის სახლის ფანჯრიდან ოთხი ნაძვი ჩანს,  მეჩხწერ ტოტებზე და შეცვლილ ფორმაზე მიხვდება კაცი კაი დიდი ხნის დარგული და შემხმარ-შელახული რომაა ოთხივე.

ბაბუაჩემი ამბობდა ამ ქალაქისხელაა ეგ ნაძვები, ოთხმა პირველმოსახლე ძმამ დარგო თავის დროზეო.

არ ვიცი სიმართლეა თუ არა. ისე, სახლის ფანჯრიდან ხო მაგ ნაძვებს ვხედავდი ყოველ დღე და ჩემი სკოლის ფანჯრიდანაც ეგენი მეჩხირებოდა თვალში ქუჩის მეორე მხრიდან.

……

ნანატრი შვებულება სამი დღის დაწყებული მქონდა ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო საზღვრები რომ ჩაიკეტა,  ასე გადაიქა  ჩემი კუბაზე გასამგზავრებელი ტუდააბრატნი ბილეთი ავიაკომპანიის გამოგზავნილ თანხის ანაზღაურების და მობოდიშების ესემესად.  ოფისის მაგიდასთან გატარებული  ერთნაირი დღეების მერე ზუსტად კუბა უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც მთელი დღეები ვივლიდი ქუჩებში ”must-see” ადგილების სიის, ესპრესოს სუნიანი კაფეების და ინსტაგრამის სთორების გადაღების გარეშე, უბრალოდ ვივლიდი რა, დანიშნულების პუნქტების, გეგმების, გრაფიკების გარეშე. შუადღემდე ვიძინებდი, ბევრ მოხიტოს დავლევდი, ბუნუელოსს და მადუროსს შევჭამდი, საღამოობით კი სანაპიროზე აცეკვებული კუბელი გოგო-ბიჭების თეძოების რხევას ვუყურებდი. მაგრამ ეჰე,  კაცი ბჭობდა და პანდემია იცინოდაო, უთქვამთ.

ბაბუაჩემის სიკვდილის მერე მე ამ ქალაქში არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ისე მჭირდებოდა ადგილის და გარემოს გამოცვლა, მზად ვიყავი ბავშვობის სენტიმებტებსაც კი დავჭიდებოდი.

პირველი ერთი კვირა არც ერთ ,,როგორ გამოვიყენოთ კარანტინი ეფექტიანად” სტატიას გვერდს არ ვუვლიდი,  ავდგებოდი მოტივირებული, ემანდ ვინმემ ჩემზე განვითარებული არ გამოვიდეს ამ სიტუაციიდათქო, იატაკზე ხალიჩას გავაფენდი სავარჯიშოდ, კომპიუტერში რომელიმე ონლაინ კურსს ჩავრთავდი, ცალ ხელში ნამცხვრის კრემის სათქვეფს დავიჭერდი კულინარიული უნარების განსავითარებლად და მეორეში ტელეფონში ჩართულ უცხო ენის შემსწავლელ აპლიკაციას.

ერთი კვირის მერე კარგად შევიკურთხე, არ მინდა მეთქი, არა, სხვები განვითარდნენ, მე ამდენის პრეტენზია არ მაქვს ამ გამომწყვდეულობაშითქო და მოვდუნდი.  დავიწყე ყველა იმ ,,მერე” წასაკითხი წიგნის, უყურებელი სერიალის, ფილმის, უთამაშებელი თამაშის და მოუსმენელი ალბომის მოსმენა,  რომელთა დროც ყოველთვის განუსაზღვრელ მომავალს უკავშირდებოდა,  ვათენებდი ღამეებს, შუადღის სამ საათზე ვსვამდი დილის ყავას, ვჭამდი უამრავ შოკოლადს და რიგ-რიგობით ვაუქმებდი ფიტნეს-გვერდების გამოწერებს, ნამუსი რომ არ შემხმიანებოდა. იმასაც კი ვერ ვხვდებოდი როდის ენაცვლებოდა ერთი დღე მეორეს.

მერე ესეც მომბეზრდა. ნაცნობ-მეგობრებთან კონტაქტი და მოკითხვებიც შევწყვიტე, მაინც არავის ცხოვრებაში აღარაფერი ხდებოდა.

მივეცი სრულ არაფრის კეთებას თავი, მახათი და ყვერები მე არ მქონდა ის ანდაზა სისრულეში რომ მომეყვანა და რაც შემეძლო, გავდიოდი აივანზე სიგარეტმომარჯვებული, ჩავჯდებოდი ბაბუაჩემის ძველ სარწეველა სკამში და საათობით ვუყურებდი ოთხ ნაძვს, პირველმოსახლეების დარგულს.

იმ დღეს რატომღაც ახლოს მომინდა მისვლა, სულ  ასიოდე მეტრის მოშორებით იდგნენ ჩემი სახლიდან და აქ გატარებული თვრამეტი წლის განმავლობაში არც ერთხელ მივსულვარ ახლოს. ოდნავ ჟინჟღლავდა, საწვიმარი მოვისხი და ,,გავილაშქრე”.

ხან წრეს ვუვლიდი და კენწერომდე თვალს ავაყოლებდი , ხან ფესვებზე ჩამოვჯდებოდი, ბოლოს კაპიშონი გადმოვიმხე და ის-ის იყო სახლისკენ დავიძარი, რომ მხარზე შეხება ვიგრძენი.

მოვტრიალდი და ყველაზე დაბალი, წვერგადატეხილი ნაძვი დავინახე ჩემ უკან,  ტოტს ბეჭზე მითათუნებდა და მიღიმოდა, ჰო, თვალები და პირი ჰქონდა და მიღიმოდა, მერე უკან დაბრუნდა და დანარჩენებთან ერთად დაიღრიალა:

– ჩვენ შეგისრულებთ ოთხი ნაძვის ბალადას

-და ოთხი ნაძვის ცეკვასაც- დაამატა ერთ-ერთმა

მიწიდან თავი გაითავისუფლეს, ფესვები საპატარძლო შლეიფივით გამოაჩოჩეს და ჩემ ირგვლივ წრე შეკრეს.  კენწეროები უკან გადასწიეს, ყველაზე სქელი ტოტები ერთმანეთისას გადააჭდეს და დაიწყეს:

-დრახტა – დრახტა -დრახტარა, ოთხი ნაძვის ბალადაა.

ქალაქში დგას ოთხი ნაძვი, ბებერი და ჭაღარა.

-დრახტა – დრახტა -დრახტარა, ოთხი ნაძვის ბალადა

ცას უმზერენ ნაძვები და მიწა სცმიათ ქალამნად;

ჩიტები ჰყავთ მეგობრები, ვარსკვლავები დარაჯად.

დრახტა-დრახტა-დრახტარა, ოთხი ნაძვის ბალადა…

 

1 2 3 4