ერთი ის იყო, სანდრომ აიჩემა, თბილისი და თეატრალური გადავიფიქრე, აქ დავრჩები, ჩვენს თეატრს არ მოვცილდები და ბიძაჩემთან ერთად შახტაში ვიმუშავებო. ამას რომ ამბობდა, ფეხის თითებიდან დამივლიდა სიცივე.  ვეჩხუბებოდი, ვეჩიჩინებოდი, რომ მის გარეშეც გააგრძელებდა ეს ქალაქი და თეატრი არსებობას,  რომ მის გარეშეც დაიხოცებოდნენ მინიმალურ ხელფასზე მომუშავე კაცები შახტაში. არაფერს მეუბნებოდა, თავდახრილი მისმენდა და ბოლოს ამოილუღლუღებდა, ნეტა არც შენ მიდიოდეო. ბევრი ვეხვეწეთ ხან მე, ხან მშობლები, დავემუქრე, შევაშინე, დავემდურე კიდეც და ბოლოს გადავაფიქრებინე.

სანდროს დიდი გეგმები ჰქონდა, თბილისში მიღებული განათლება და გამოცდილება ჩვენი ქალაქის თეატრისთვის უნდა მოეხმარა. ძალიან უყვარდა ის თეატრი, მეათე კლასში სცენის მუშად მოეწყო და შიგადაშიგ ეპიზოდურ როლებსაც სიამოვნებით თანხმდებოდა. ხუთი კაცის საქმეს აკეთებსო თეატრის დირექტორი ამბობდა, სანამ ფარდა დაეშვება სასცენო დეკორაციები უკვე ალაგებული აქვსო. მერედა, როგორ სიამოვნებდა, ჩუმად გადაუღებდა ფოტოებს ახალ სცენარებს, მომიკაკუნებდა საღამოობით და ერთად ვკითხულობდით ცხელ-ცხელ პიესებს.

 

ფოტო #4

 

სტუდენტობის პირველი ერთობლივი ფოტო.  ახვლედიანის აღმართზე წინ მიმიძღვის სანდრო, მე დაღლილი და ძალაგამოცლილი უკან მივყვები და ხელს არ ვუშვებ. ფოტო ჩემმა ავლაბრელმა კურსელმა გადაგვიღო.  გზაში სანდრო ისე გაუშინაურდა, გულიც კი დასწყდა სახლს რომ მიუახლოვდა. ბევრი ვიარეთ იმ დღეს ჩვენ ორმა, ბოლოს მეტეხის ეზოს ჩაკეტილ ჭიშკარს მივადექით და ღობიდან გადავძვერით. ტაძრის განათებიდან არეკლილი მკრთალი შუქის ფონზე პირველად დავაკვირდი სანდროს სახეს, დიდ, შემოდგომისფერ თვალებში იმდენი სხვადასხვა ფიქრი ჰქონდა, დიდხანს თვალს ვერ ვუსწორებდი. წაბლისფერი თმას და წვერს საგულდაგულოდ, ლამაზად ივარცხნიდა, ცხვირის წვერი კი, როგორც ყოველთვის, სასაცილოდ გასწითლებოდა საღამოს სუსხისგან. ქვის მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილი ვუყურებდი და მიკვირდა, ხომ  არც ერთი დღე არ მახსოვს მის გარეშე და აქამდე ვერ შევნიშნე მისი ასეთი ლამაზი ნაკვთები. სანდროც მიყურებდა და იღიმოდა. ხელი ლოყაზე მივადე და ცერა თითით მოვეფერე. ჩემს ხელს თავისი ამოსდო ქვემოდან და გამიღიმა. იმ დღეს პირველად მაკოცა და ძალიან შემრცხვა. ჩვენი ურთიერთობა ისე შეიცვალა, არასდროს რომ არ გამიბედავს წარმომედგინა. ის კია, მთელი მოზარდობა მტანჯავდა ფიქრი, სანდრო რომ ცოლს მოიყვანდა ჩვენი ურთიერთობაც შეიცვლებოდა, ამიტომ ყველა მისი ჰიპოთეტური პარტნიორი გოგოს მიმართ გამოუთქმელ ზიზღს ვგრძნობდი.

 

ფოტო #5

 

თუ ამაყი ადამიანის სახე გაინტერესებთ, აი, ამ ფოტოს უნდა დახედოთ, განახლებული ტყიბულის თეატრის გახსნაზე სანდრო ძველი და ახალი თაობის მსახიობებით გარშემორტყმული დგას. ამ დროს უკვე თეატრალურ წრეებში იცნობენ, როგორც ახალგაზრდა და საინტერესო ხედვების მქონე რეჟისორს. როგორც გეგმავდა ისე ვერ მოხდა, ტყიბულში ვერ დაბრუნდა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობებს წარმატებით უთავსებდა დედა თეატრის მოვლა-განვითარებას. ეძებდა სპონსორებს, მსახიობებს უგეგმევდა რეგიონულ და საერთაშორისო გასტროლებს, უგზავნიდა სცენარებს. გასაკვირიც არ არის, მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე ამ ფოტოზე რომ შემორჩა, ტყიბულის თეატრი ჩემი მესამე შვილიაო, მეტყოდა-ხოლმე.

…………..
სინამდვილეში, ვერ გადავაფიქრებინე.

ვერც იმ წელს და ვერც მერე, ხელზე პირველი ნახეთქები რომ შევნიშნე. სანდრო ტყიბულში დარჩა, თბილისურ ოცნებებს გამოეთხოვა და მაღაროში დაიწყო მუშაობა. ვიჩხუბეთ და აღარ ვკონტაქტობდით, მე მასზე გაბრაზებული, მარტო რომ გამომიშვა ახალ ცხოვრებაში და ის ჩემზე, ისეთი რომ ვერ მივიღე როგორიც გახდა. ტყიბულში იშვიათად ჩავდიოდი, დედაჩემისგან ვგებულობდი მის ამბებს, თეატრი არ მიუტოვებია, როცა მაღაროში მორიგეობა არ უწევდა, დასს ეხმარება და შიგადაშიგ როლებსაც აძლევდნენ. მაღაროში აღებული ფულით დაუყვებოდა ქუჩის მაღაზიებს და მეზობლების ნისიებს იხდიდა. რამდენიმე მოხუცი ჰყოლია ამოჩემებული, აკითხავდა და სურსათით ამარაგებდა. მე სწავლა დავამთავრე და სასამართლოშიც მოვეწყვე მოსამართლის თანაშემწედ, სანდრო არ ჩანდა, ვიცოდი, ჩემს ნაბიჯს ელოდა. ყოველი შემდეგი ურთიერთობის მერე ვრწმუნებოდი, სანდრო მიშლიდა ხელს სასიყვარულო ურთირთობებში, ვერავის ვპატიობდი მისგან განსხვავებულობას. მაინც არ ვჩქარობდი.  მჯეროდა, როცა მივიდოდი, მიმიღებდა, როცა დავუბრუნდებოდი მაპატიებდა გოგოური თავმოყვარეობის გამო გაუგზავნელ მესიჯებს და დაურეკავ ზარებს. სანდრო იყო… სხვანაირად ვერ იზამდა. ეს ყველაფერი ვიცოდი და ველოდი შესაფერის მომენტს, სანამ ერთ დღესაც სამსახურის სასადილოში შესვენებაზე საგანგებო საინფორმაციო გამოშვებას არ მოვკარი თვალი.

,,ტყიბულში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, გამთენიისას მინდელის მიკრო შახტის ღია კანიონში ორი მეშახტე დაიღუპა, სამოცდახუთი წლის რამაზ თალაკვაძე და ოცდარვა წლის სანდრო ფხაკაძე. წინასწარი ვერსიით მეშახტეების დაღუპვის მიზეზი უჰაერობა გახდა. ფატალური შემთხვევის მიზეზებზე გამოძიება დაწყებულია, ჩვენი სარედაქციო გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.’’

ისევ ის ფოტო მიჭირავს ხელში, ჩვენი ბოლო ფოტო, სანდროს ბოლო ზარის პერანგის ხატვის დროს გადაღებული და მგონია, რასაც ვერ დაძლევ, უბრალოდ უნდა შეეგუო. ხოდა, მეც შევეგუე სანდროს სიკვდილს, მაგრამ ვერ დავძლიე, ვერ გადავიტანე. ზოგს ეს ორი ერთი და იგივე ჰგონია, მაგრამ რაღაცის გადალახვასა და შეგუებას შორის დიდი განსხავებაა, გადალახვა რაღაცების დავიწყებას ნიშნავს, ალბათ. არ ვიცი ამითი ვამართლებ ჩემს უნიათობას და სისუსტეს, თუ რა. არ მინდოდა არც ერთი უმნიშვნელო დეტალის დავიწყებაც, არც ერთი ემოციის განელება სანდროს მიმართ და ამიტომ, შევეგუე.

……….
2007-2018 წლებში საქართველოში საწარმოო ტრავმების შედეგად 455 ადამიანი დაიღუპა.
მშრალი სტატისტიკის მიღმა არიან ადამიანები შეწყვეტილი ამბებით და უცხოვრებელი მომავლით.

 

 

 

1 2 3 4