და აი, ახლა ვდგავარ ჩემს სახლთან, უღრანი ტყის პირას, საიდანაც ამ გაზაფხულზე შაშვის ჭახჭახი ისმის და ვიხსენებ იმ დროს, როცა აქ ცხოველმყოფელი სიცოცხლე სუფევდა. ეს სიცოცხლე დღე და ღამე ანათებდა აქაურობას. დღისით ბალახსა და ხეებზე ასხმული ცვარ-ნამი ბრჭყვიალებდა, ნასაღამოვებს და ღამით კი ციცინათელები ციმციმებდნენ უღრან ტყეში, ალბათ ახლაც ანათებენ, მაგრამ ვინ შეესწრება მათს ნათებას? ადამიანებმა დატოვეს აქაურობა და სხვა სივრცეში გადაინაცვლეს, ბევრი მათგანი აღარც არის ამქვეყანაზე. ისინი დადიოდნენ ამ ფიცრული სახლების ოთახებში, ისმენდნენ ამ ნოტიო კედლებში თავიანთ დაგუბებულ ხმას, უწყრებოდნენ და ეფერებოდნენ თავიანთ შვილებს, იჭერდნენ რადიოტალღებს, ღამღამობით ანთებდნენ ლამპებს და სანთლებს და ეს სინათლე ირეკლებოდა სარკეებში, ბრჭყვიალებდა სარკეთა ამალგამაზე. მათი მდურვა,გულისწყრომა, დრტვინვა და ხმამაღალი ლაპარაკი ფიცრის კედლებით გატიხრულ ბინებში აღწევდა. ამ კედლებში ოფლიანობდნენ და ავადმყოფობდნენ, სვამდნენ წამლებს, ეძინათ და ეღვიძათ, სტკიოდათ და იყუჩებდნენ ტკივილებს. აქ ისინი დიდი ქალაქიდან ჩამოდიოდნენ და მათი ცხოვრება უფრო გამჭვირვალე ხდებოდა. ისინი უფრო გარკვევით ხედავდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავებსაც, სარკეებში ირეკლებოდნენ და მათი ხმა აგარაკის მყუდრო ოთახებში ნაგვიანევ ექოს გამოსცემდა. ბევრმა მათგანმა სამუდამოდ დატოვა აქაურობა. ამ სახლებში დარჩა მათი ცხოვრების ნაწილი.
და აი, ვდგავარ ახლა ამ დაცარიელებული სახლების გარემოცვაში. მართალია, სააგარაკო სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ჯერ კიდევ ნოტიო სუსხი აზრობს ღამღამობით ხეებქვეშ ამოწვერილ ყოჩივარდებს, მაგრამ მე ვიცი, რომ ხანმონათევმა ადამიანებმა სამუდამოდ დატოვეს ეს სახლები. ზოგიერთი მათგანი თავისი ცხოვრების ბოლოს თურმე იმასაც ნატრობდა, ნეტავ ახლა კიკეთის რომელიმე ოთახის ფანჯრიდან გადამახედაო. მე ვიცი ისიც, რომ ცხოვრების წესი და ნირი შეიცვალა და ძველების დღევანდელმა შთამომავლებმა რატომღაც ზურგი აქციეს აქაურობას. მხოლოდ აქა-იქ დარჩნენ მოაგარაკეები და მთელი ეს სამყარო რეალობაში დაემსგავსა ოკეანის ფსკერზე დაშვებულ გემს, რომლის კაიუტები მოღიავებულია და იქ არავინ შედის და იქიდანაც აღარავინ გამოდის. და ვგრძნობ: რეალობაზე უფრო მძაფრად ეს სამყარო ჩემს ქვეცნობიერებაში არსებობს,მე ხომ იქ მუდმივად ვარ, მუდმივად ვეხები იმ რიფებს, რომლის ქვეშაც ეს სამყაროა გაშლილი. უცნაურია, ახლაც კი, ახლაც, როცა კიკეთში ჩემი სახლის ჩატეხილი კიბის საფეხურზე ვზივარ, მე იმ ქვეცნობიერ უკუნში დავდივარ და ხან რას ვეჯახები და ხან რას….
***
ერთ ფოტოსურათზე ბაბუაჩემი ანდრო ბუაჩიძე თავის ოჯახთან ერთად არის გადაღებული. აქ ჩანან უფროსი ვაჟიშვილი ანრი, ქალიშვილი ნელი, მეუღლე ნატალია და ბაბუას მიტმასნილი მამაჩემი – უმცროსი ვაჟი თაზო. ისინი დგანან სახლის წინ, ტყის პირას, ქარი არხევს ხეებს, ქარიანი ამინდია. ჯერ კიდევ ყველა ერთად არის. გაივლის სულ ცოტა ხანი და განგება თითოეულ მათგანს სხვადასხვა მხარეს გაფანტავს. ბაბუაზე აღარაფერს ვიტყვი, თბილისშივე დახვრიტეს. მამის დაპატიმების გამო თოთხმეტი წლის ანრიმ „რკინისებური სახკომის“ ეჟოვის სურათი თანაკლასელების თვალწინ ნაკუწებად აქცია. კლასელებმა (ალბათ არ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ) ეს ამბავი, სადაც ჯერ არს, იქ განაცხადეს. ანრი სკოლიდან გარიცხეს და დააპატიმრეს. ცოტა ხანში ის უზბეკეთისაკენ მიუყვებოდა სატვირთო მატარებლის ვაგონებს, მოგვიანებით კი ციმბირში უკრეს თავი. დედამისი ნატალია ყაზახეთში გადაასახლეს, პატარა ბავშვები კი – ნელი და თაზო – ნათესავებმა შეიფარეს და რის ვაი-ვაგლახით ზრდიდნენ…. ჰოდა, ეს ფოტო…. აქ ჯერ კიდევ ერთად არიან, მათ არ იციან და არამცთუ არ იციან, ვერცკი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ერთმანეთს მოსწყდნენ და მოუსავლეთში გადაიკარგონ. ამ ფოტოსურათზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქარია.ქარი ამოძრავებს ხეებს და იგრძნობა შეყოვნებული წამიერების ხანგრძლივობა, იგრძნობა, რომ ეს ჩვეულებრივი დღე არის, ისეთი,როგორიც ათასი სხვა, ცხოვრების რიტმული რხევა არ შეყოვნებულა,მხოლოდ ფოტოსურათზე აღიბეჭდება წამიერი შეყოვნება და დარჩება ეს წამი ასე შეყოვნებული. ისინი კი, ვინც ფოტოობიექტივის წინ დგანან, ვერ გრძნობენ ამ შეყოვნებას, რადგან სიცოცხლის უწყვეტ რიტმში არიან ჩართული. ობიექტივის წინ შეჩერებაც ამ რიტმით არის ნაკარნახევი.
ეს სურათი ცოცხლდება და მე შევდივარ ამ სურათში, როგორც აკირა კუროსავა შედის ერთ მის კინონოველაში (ვან – გოგის ამოძრავებულ ტილოში). ქარი ამოძრავებს და აცოცხლებს სურათს.
ბებიაჩემი ნატალია წერს ერთ წერილში: „გადავიღეთ სურათი. შემდეგ წავედით ტყეში სასეირნოდ. იქ ვნახეთ ნასახლარი.“
და მართლაც: ვხედავ, როგორ მიდიან ისინი ტყეში, ფერდობს აივლიან და მერე დაღმართზე დაეშვებიან, აქედან კი იწყება ტყის ის დაბურული მონაკვეთი, რომელიც სიმყუდროვით, შუქ-ჩრდილებით მოცულ დიდ დარბაზს წააგავს. ერთი დარბაზი მთავრდება და იწყება მეორე. აქ ბილიკი კი არ არის, ფართო გზაა.ეს გზა ხშირი ფოთოლნარით არის გადახურული. ხანდახან ამ ფოთოლნარში მზის სხივი გაიბრჭყვიალებს და მიწის ჩამუქებულ მონაკვეთზე აცახცახდება. მერე ბაბუაჩემი და მისი სახლეულობა მიაბიჯებს ტყის შუაგულ წიაღში. უეცრად რაღაც შეიფრთხიალებს ტყიან ფერდობზე, ბავშვები ფრთხებიან და შეშინებულები გამორბიან მამისკენ, მამა ჩერდება, შეყოვნებული გაჰყურებს ბუჩქნარს, საიდანაც შავი ხარი გამოარღვევს დაგრეხილ ჯაგებს. ხარი ერთხანს გაშტერებული იყურება ბავშვებისკენ, მერე კი ისევ ჯაგებში მიძვრება. ფართო და დაბურული გზა მალე მთავრდება, იწყება ვრცელი მინდორი, შორს კრიალა ქედები და მოწმენდილი სივრცე მოჩანს.მინდვრის ბოლოს მომცრო კორომში ნასახლარია.ეს ის ადგილია, სადაც მშობლები ძელსკამივით ჩადგმულ დიდრონ წაგრძელებულ ქვაზე სხდებიან, ბავშვები კი ნასახლარს შეესევიან და თამაშობენ. ამ სახლში ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ. რა უნდოდათ ამ შუაგულ ტყეში? იქნებ აქ არამარტო ნასახლარია, არამედ ნასოფლარიც? ვინ იცის,სად გაქრა სხვა სახლები, ალბათ დაშალეს და ყოველი ქვა სათითაოდ გაზიდეს…
ბაბუაჩემს უყვარს ამ ნასახლართან მისვლა და ქვაზე ჩამოჯდომა. ის უმეტესად მარტო მიდის ხოლმე. იმათზე ფიქრობს,ვინც იქ ცხოვრობდა. ახლაც ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. იმათზე ფიქრობს,ვინც იქ იყრიდა თავს და მერე გაიკრიფა იქიდან. ნუთუ აღარავინ დარჩა? ირგვლივ შემოკრებილ ბავშვებს მიამიტი მზერა აქვთ, მიამიტი და დაკვირვებული. მათ ჰგონიათ, მამამ ყველაფერი უნდა იცოდეს და ძალიან უკვირთ, როცა ეკითხებიან და იგებენ, რომ მან არ იცის, ვინ ცხოვრობდა ოდესღაც ამ ნასახლარში. მერე უეცრად ღრუბლიანი ცა აირევა,ნაცრისფერი ჯანღი ჩამოწვება და წვიმა წამოუშენს. ბავშვები და მშობლები ნასახლარის პირველ სართულს აფარებენ თავს. მეორე სართული თავმოღიავებულია და წვიმა ალმაცერად სცემს ქვის იატაკს და დაბზარულ კედლებს. ნასახლარის პირველი სართულის ოთახებში ცივი წვეთები ვერ აღწევს,ბავშვები ხალისიანად აწყდებიან ნაფანჯრალის ღიობებს, ბაბუა კი მომღიმარი და, როგორც ყოველთვის, ფიქრში წასული, პაპიროსით ხელში, დგას ნასახლარის ზღურბლზე და ტყეს გაჰყურებს. მან არ იცის, რომ გაივლის სულ ცოტა ხანი და ამ მუხთალ წუთისოფელში ისინი, უსახლკარონი, სხვადასხვა მხარეს გაიფანტებიან ცხოვრების გზაჯვარედინზე. წვიმს.
***
ბაბუაჩემი მეცნიერი იყო და შინსახკომელებმა ინსტიტუტშივე დააკავეს. მას აქეთ, რა ბედი ეწია, კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ აღარავის უნახავს. მოგვიანებით ჩემმა ნაცნობმა მკვლევარმა დახვრეტილთა სია გამოაქვეყნა და იქ წავაწყდი მის სახელს. ერთ წვეულებაზე კი შემთხვევით გავიცანი ამავე ინსტიტუტის მუშაკი, რომელმაც მითხრა, რომ ბაბუაჩემის ფოტოსურათი ამ ინსტიტუტის არქივში ინახებოდა. რატომღაც არ დავინტერესებულვარ, სურათის ნახვა არაფრისმომცემი იქნებოდა ჩემთვის. რამდენიმე ფოტო შინ ჩვენც გვქონდა გადანახული. ამიტომ საგანგებო ძიება აღარ დამიწყია. ყველაზე შთამბეჭდავი ის სურათი იყო, სადაც ოჯახის წევრთა მიღმა ქარში გადახრილი ხეები ჩანდა.