ჩემი შვილები წამოიზარდნენ. ჩამოქცეულ სახლში უკვე აღარ იცხოვრებოდა, ამიტომ მათ კიკეთში არასდროს დაუსვენიათ. მამაჩემმაც დამტოვა. მას ახლა ხშირად ვიგონებ, უფრო ხშირად კი სიზმრებში ვხედავ. ერთხელ ასეთი სიზმარიც კი ვნახე: კიკეთის ტყეში ბილიკს ვადექით. ჩვეულებისამებრ ის წინ მიდიოდა, მე კი უკან მივყვებოდი. ჩუმად ვაბიჯებდით, არსაიდან ხმა არ იძვროდა. აქა-იქ ფოთლები ცვიოდა. ეს ჩქამი ისეთი სუსტი იყო, რომ ჩემამდე ვერ აღწევდა, მაგრამ მაინც ჩამესმოდა. უეცრად მამა შემობრუნდა და შემომხედა. ეს შემობრუნება მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრებში წასული კაცის ასეთ მკვეთრ მოძრაობას არ ველოდი. ბაბუას ჰგავდა. ეს ორსახოვნება მერეც გაგრძელდა.
მოგვიანებით სიზმრად მარტო დავდიოდი ტყეში და შორს ვხედავდი ბაბუაჩემს, ზურგშექცევით იდგა ან ნელი ნაბიჯით მიდიოდა. ის მიდიოდა განმარტოებით და უკან გამოხედვას არ აპირებდა. შემოდგომა იყო, ფოთლები ცვიოდა და ბაბუას მხრებზე ეყრებოდა, მერე ამ ფოთოლცვენაში ის ჩემი თვალთახედვიდან ქრებოდა. ზოგჯერ ისევ და ისევ შორს გამოჩნდებოდა ზურგშექცევით მავალი და ისე გაქრებოდა, რომ ვერცკი ვამჩნევდი მის გაქრობას.
ამ სიზმარს ხშირად ვხედავდი. ამიტომაც გადავწყვიტე გაზაფხულზე კიკეთში ავსულიყავი და ჩემი უკვე გაპარტახებული სახლი მენახა. ავედი კიდეც. ცოლ-შვილისთვის არაფერი მითქვამს. ერთ კვირა დღეს სიზმარ-ცხადიდან ახალმა გამოფხიზლებულმა გაცვეთილ ბაზრის ჩანთაში მცირე ხემსი და ერთი ბოთლი ღვინო ჩავაგდე და სახლის კარი უჩუმრად გამოვიხურე. ჩემიანებს ჯერ კიდევ ეძინათ. ორბელიანის მოედნიდან ავტობუსს კოჯრამდე ავყევი, იქ ჩამოვედი და დაღმართს დავუყევი, რათა მოკლეზე გადამეჭრა გზა კიკეთისაკენ. მოკლეს ვამბობ, თორემ არც ისე მოკლე გზა იყო. უბრალოდ, მომენატრა ბუნების წიაღში სიარული და ამიტომაც დავადექი ნაცნობ ბილიკებს. ამ ბილიკებზე წლების წინ მე და ჩემი მეგობრები დავდიოდით და ამიტომაც არ მიჭირდა გზის გაგნება. მოგვიანებით ქვეყანაში არეულობამ დაისადგურა, თან ერთი მეგობართაგანი გამოგვაკლდა და დამწუხრებულებს ქალაქგარეთ სიარული აღარ გვიცდია.
ხმაურიანი ქალაქის შემდეგ ტყეში ყოფნამ უჩვეულო სიამოვნება მომგვარა. ჯერ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს წარსულში დავბრუნდი, მერე კი ვიგრძენი, რომ სულ სხვა დროში მოვხვდი. თითქოს გამოვფხიზლდი და მივხვდი, იმ წარსულიდან უკვე დიდი დრო იყო გასული,ირგვლივ ყველაფერი გადასხვაფერებულიყო, ისიც უცნაურად მენიშნა, რომ ავტობუსიდან ჩამოსულს ტყის ღრმა წიაღამდე კაციშვილი არ შემხვედრია. კოჯრის შემოგარენი უდაბნოდ ქცეულიყო. ადრე აქა-იქ მწყემსები ან მეტყევეები გვხვდებოდნენ, ახლა აღარავინ შემხვედრია.
თამარისდროინდელ კაბენის ნანგრევებთან ჩავედი. იქ პატარა მდინარის პირას ვეება ცაცხვის ქვეშ ქვაზე ჩამოვჯექი, ლუკმა გავტეხე და ერთი ჭიქა ღვინო დავლიე, მერე კი გზა განვაგრძე. თანდათან რაღაცნაირი ნერვიულობა დამეუფლა. მეგონა, იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, თითქოს მარტო სხვა დროში კი არა, სხვა სივრცეში მოვხვდი. როცა კლდე ავათავე და მინდორზე გაჭრილ ბილიკს დავადექი, მღელვარებამ გადამიარა. შორს რომელიღაც სოფელი გამოჩნდა… იქიდან საგაზაფხულო ფუსფუსი აღწევდა. ადამიანების გადაძახილიც ისმოდა და რკინის წკარუნიც. მერე ძაღლების ყეფაც შემომესმა და მამლების გადაყივლებაც. ეს ხმები თანდათან დამშორდა და კვლავ უკაცრიელი ტყის კორომში შევრგე თავი. ტყეს ნირი ეცვალა, თითქოს დამზრალი სამოსელი შემოფლეთოდა და მის კიდეებზე და შემოგარენში ახალი მძაფრი ვნება იღვიძებდა. ჰაერიც მონუსხული იყო, როგორც იცის ხოლმე გაზაფხულზე. მინდორი გადავიარე, ხევში ჩავედი და აღმართიც ავათავე. უკვე ჩემს სახლთან ვიდექი და ჩემს დაფხავებულ კედლებს შევყურებდი. ვიდრე სახლამდე ავაღწევდი, ტყეში ისევ ის ჩვენება ამეკვიატა, რაც სიზმარში ვნახე. ჩემგან მოშორებით ხშირ ტევრში ზურგშექცევით ვიღაც კაცი იდგა, მერე ის დაიძრა და გზა განაგრძო. ამ კაცში ისევ ბაბუაჩემი შევიცანი, ცხადია, მე ის არასოდეს მენახა, მაგრამ სურათებისგან აღძრული შთაბეჭდილება მის ფეხდაფეხ მიდევნებას მკარნახობდა. ერთხანს ასე ვიარეთ კიდეც, მაგრამ ვიდრე სახლამდე მივაღწევდი, შუქ-ჩრდილებში მოძრავი ნაცნობი ფიგურა ჩემი თვალთახედვიდან გაქრა.
როგორც იქნა, ჩემს სახლამდე მივაღწიე.
უკვე სახლთან ვიდექი და შევყურებდი ჩამოფხავებულ კედლებს. ეს ისეთი რეალობა იყო, რომელსაც მოჩვენების მისხალიც არ ერია. შორიახლოს მდგარ სხვა სახლებსაც გავხედე. იქაც ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. არამცთუ არავინ არ იყო, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ აქაურობა კარგახნით მივიწყებოდა ყველას. ამ სახლებში ზაფხულობით ჩემი ბავშვობის და სიყმაწვილისდროინდელი ადამიანები ცხოვრობდნენ, ამიტომაც მე აქ ყველა ოთახი, დერეფანი თუ ფანჯარა ვიცოდი, ზოგიერთ სახლს სხვენი და მანსარდაც ჰქონდა და იქაც არაერთხელ ვყოფილვარ. თვალწინ დამიდგა ეს უბრალო ფიცრისიატაკიანი ოთახები, სადაც დიდი სისადავე და ხანგრძლივი სიცარიელის გამო დასადგურებული სინანული სუფევდა. ეს ოთახები თავისი მიუსაფარი კუთხე-კუნჭულით ჩემს წარმოდგენაში მუდამ არსებობდა. ამოდიოდა მზე, დგებოდა შუადღე, მერე ნაშუადღევი მიიზლაზნებოდა, მერე მწუხრი შეფერავდა ცარიელ ფიცრის კედლებს, მერე ველური ტყის უკუნი ამოავსებდა ოთახებს და ასე გადიოდა დრო აგარაკების ოთახებში. ამ ცარიელ ოთახებში სინათლისა და უკუნის გარდა თრითინები, ღამის პეპლები,მინდვრის თაგვები ბინადრობდნენ. ერთხელ ნაზამთრალზე, კარგა ხნის წინ, დაცარიელებულ აგარაკებს ვათვალიერებდი და ერთ ფანჯარაში ჭოტი შევნიშნე. საკვამურიდან ჩამძვრალიყო და ფანჯრის მინას აკვროდა. მახსოვს, სოფლიდან აგარაკების დარაჯი კოლა ჩოხელი გადმოვიდა, ბინაში შეძვრა და ღამის ფრინველი გამოიყვანა. მკლავზე ეჯდა და ბრჭყალები ხორცში ღრმად ჰქონდა ჩასობილი. კოლა უეშმაკოდ იღიმებოდა, თავისუფალი ხელით სიგარეტს ეწეოდა, ფხიზელი იყო, მაგრამ სახეზე ნამთვრალევობა ეტყობოდა.
ეს ოთხმოციან წლებში ხდებოდა.
ოთხმოცდაათიან წლებში და მას მერეც კიკეთიდან მოაგარაკეებმა ფეხი ამოიკვეთეს. არც იყო გასაკვირი. ქვეყანა აირია. ქუჩაში გასვლისაც ეშინოდა ხალხს და აგარაკზე ვინ წავიდოდა. ის დრო იყო, ამხანაგის მანქანას რომ ავყევი. ჭერს შევავლე თვალი და შევატყე, ამოტეხილი სახურავიდან წვიმა ჩამოსულიყო. სატვირთო მანქანა დავიქირავე და სიმწრით შეძენილი სახურავის მასალა ორ გზობაზე ავზიდე. მეორედ რომ ავედი, საქმე მოვათავე თუ არა, დიდხანს აღარ შევყოვნებულვარ, იმავე სატვირთოთი ქალაქისკენ გამოვეშურე. კოჯრის გადასასვლელთან ავტომატიანები იდგნენ. მაშინვე გაგვაჩერეს და მძღოლს აგდებულად წაელაპარაკნენ. ათი-თორმეტი კაცი იქნებოდა, სამხედრო ფორმები ეცვათ. მაშინ მთელ ქალაქს ავტომატიანები აკონტროლებდნენ, ქალაქგარეთ კი რას გაიგებდი, ვინ იყვნენ და სადაურები.
– მანქანა დაგვიტოვე და წადი! – მიუგდეს მძღოლს.
მძღოლი დაბნეული შემომყურებდა და შველას მთხოვდა. მე რამდენიმე სიტყვა შევაშველე, მაგრამ ავტომატიანებს ყური არცკი უთხოვებიათ. ამასობაში ზედიზედ ხუთი მსუბუქი მანქანა გააჩერეს და, მადლობა ღმერთს, ჩვენკენ აღარ გამოუხედავთ. ჩვენც ავიკრიფეთ და წამოვედით, თან გვეშინოდა, ზურგში ტყვიები არ დაეშინათ.
ესეც კარგა ხნის წინ იყო.
კიკეთში არასეზონურ დროს, შემოდგომასა და გაზაფხულზე უცნობები საქეიფოდ ადიოდნენ, ზოგჯერ კახპები აჰყავდათ და გათენებამდე რჩებოდნენ. სრულ სიწყნარეში რომელიმე სახლის კარი შეღებული იყო და ოთახებიდან ღრიანცელი გამოდიოდა. სიმღერას ხმამაღალი სიცილი ენაცვლებოდა. ვიღაც ძალიან აღგზნებული ლაპარაკობდა და რაღაცას ამტკიცებდა, სხვები ეკამათებოდნენ თუ ედავებოდნენ. ყოველივე ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მერე წყდებოდა და ღრიანცელით სავსე მანქანა ტოვებდა აგარაკის ჩამოღამებულ სივრცეს. ცოტა ხნის შემდეგ კი მთვარით განათებული ტყის ფერდობიდან ჭოტის მონოტონური გმინვა აღწევდა.
ესეც დიდი ხნის წინ იყო.