ნასახლარი

 

კიკეთის სახლი დამესიზმრა. ამ სახლმა ბაბუაჩემი გამახსენა, რადგან ის უმეტესად კიკეთში გადაღებულ ფოტოებზეა აღბეჭდილი.
მე ვფიქრობ, ცხოვრება შემთხვევითი შეხვედრის ადგილია, სადაც თუნდაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთის კარგად გაცნობას ვერცკი ვასწრებთ. მეგონა, ბაბუაჩემზე უფრო მეტს შევიტყობდი, ვიდრე ვიცოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ბაბუაჩემი ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. ის ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებს შეეწირა. მე საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ დავიბადე და მის გახსენებას ან მასზე საუბარს იშვიათად შევსწრებივარ. მამაჩემიც იშვიათად იხსენებდა მას, რადგან მისი გახსენება მწარე წარსულში აბრუნებდა. ადამიანები მეტწილად ინერციით მივყვებით ცხოვრების აბსურდულ დინებას და არ გვინდა იმაზე ფიქრი, რაც ტკივილს გვაყენებს, იქნებ გვაკრთობს კიდეც.
ბაბუას სახე რამდენიმე ფოტოსურათს შემორჩა. ეს სურათები უკვე გაყვითლებულია და გაცრეცილი. ადამიანები, რომელთაც ბაბუა ახსოვდათ, თანდათან გადავიდნენ ამქვეყნიური ცხოვრებიდან, თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვინც მომიყვება ან მეტყვის, ვინ იყო ის, რა უყვარდა, რა სძულდა, რა ასულდგმულებდა ამ მუხთალ წუთისოფელში. მისთვის მართლაც მუხთალი გამოდგა ამქვეყნიური ცხოვრება.
როგორც უკვე ვთქვი, ბაბუაჩემი ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. ეს ფაქტი კარბოლმჟავასავითაა, ნომენკლატურული ოფიციოზის ყვითელ ლაქას ტოვებს კაცის ბიოგრაფიაში. ბაბუას ბიოგრაფიაშიც ასეთი ყვითელი ლაქა დარჩა. ეს ლაქა განიზიდავდა ადამიანებს. ყველა ერთნაირ გამომეტყველებას იღებდა, როცა ამ კაცზე დაძრავდა სიტყვას. ეს გამომეტყველება თავისდა უნებლიეთ გატყობინებდა, ვითომდა ბაბუა ისეთმა ძალამ გააქრო, რომ მისი მეხსიერებაში აღდგენა შეუძლებელი იყო. არადა, ფოტოზე იმწამიერი საკმაოდ ხალისიანი განწყობა გეცემოდა თვალში. ეს იყო ოცდათვრამეტი წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ოდნავ სევდიანი და რაღაცნაირი, ჭკვიანური, კეთილი თვალები ჰქონდა. ოცდაცხრამეტი წლის ვეღარ გახდა. ქალაქგარეთ გაიყვანეს, სოღანლუღის ან ვაკის მიდამოებში და იქ დახვრიტეს.
ბაბუაჩემის ნაქონი და მერე ჩამორთმეული აგარაკი ხრუშჩოვისეული რეაბილიტაციის პერიოდში შთამომავლებს – მამაჩემს და მის შვილებს  – გადმოგვეცა და ზაფხულს იქ ვატარებდით. კიკეთში ყოფნა ჩვეულებრივი რამე არ იყო და ჩვეულებრივადაც არ მახსენდება. ბავშვობა ყოველთვის სხვა რამ არის და მეხსიერებაშიც სხვად რჩება. მოაგარაკეების ერთსართულიანი სახლი ბინებად იყო დანაწილებული და ზედ ტყის პირას იდგა. ყოველ მოაგარაკეს თავისი ღია შუშაბანდი ჰქონდა.
მაგონდება, ეს ღია შუშაბანდები და აივნები როგორ იყო ღამით განათებული. შორიდანვე ვამჩნევდი ჩვენს მოციმციმე შუშაბანდს და რაღაც ჩუმი სიმყუდროვის გრძნობა მეუფლებოდა. მერე სახლს ვუახლოვდებოდი, ერთხანს სიბნელეში ვჩერდებოდი და ვუცქერდი, მშობლები როგორ შემოსხდომოდნენ მაგიდას. ისინი სიბნელეში მდგომს ვერ მამჩნევდნენ, მე ფეხს ვითრევდი, მერე კი მოულოდნელად წამოვადგებოდი თავზე. სახლის სიახლოვეს ტყეში წყვდიადი იდგა და ზოგჯერ იქ რაღაც გაიფაჩუნებდა, ან ფოსფორისებრი სხივი უკუნს გაკვესავდა.
შუშაბანდიდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე ველური ტყე იყო  და ეს იგრძნობოდა ბინაშიც. აქაც ტყის ერთდროულად მძვინვარე და ნაზი სული ტრიალებდა. ოთახში ნესტიანი კედლები უცნაურად ახშობდა ლაპარაკს და ხმას აგუბებდა. ოთახშივე იდგა რკინის საწოლები და ფიცრის ტახტები, რომლებზედაც ღამით საღათას ძილით გვეძინა. ჩვენ გვეძინა, უღრან ტყეში კი რაღაც იძვროდა, რაღაც წრიალებდა და, ვის ყურთასმენასაც მისწვდებოდა, შიშს უღვიძებდა.
ერთხელ, მახსოვს, ღამით ფაჩუნი და ტოტების ლაწალუწი შემომესმა, შეღვიძებული შუშაბანდში გამოვედი და ფანჯრიდან გავიხედე. ჩემგან სულ ახლოს ცხენებმა ჩაიარეს, ცხენების რემა შევიდა ტყეში, მთვარის სინათლე უნათებდათ ზურგებს. ბავშვი ვიყავი და მახსოვს, ძალიან მაწუხებდა ამ ცხენების ბედი, ვაითუ, წყვდიადში დაკარგულიყვნენ და გზა ვეღარ გაეგნოთ. არადა, სად უნდა წასულიყვნენ, ღამით განათებული სოფლებისკენ აიღებდნენ გეზს, ტყის მასივს გაივლიდნენ და ვაშლოვანში გააღწევდნენ, ან ორბეთში, ან კიდევ დიდთონეთში.
ბაბუაჩემი დახვრიტეს.  თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე რომ ბინა ჰქონდა, ის ჩამოართვეს. ჩამორთმეულ სახლში შინსახკომელი შესახლდა, ცოტა ხანში კი კიკეთის აგარაკიც ზედ მიაყოლეს. იმხანად ის ფიცრული შუშაბანდი და ნესტიანკედლებიანი მყუდრო ოთახი ისევ ტყის სურნელით და იდუმალებით იყო სავსე, მაგრამ ბაბუა თავის სახლეულობასთან ერთად იქ აღარ ცხოვრობდა. ბაბუაჩემი არსად აღარ ცხოვრობდა, არსად აღარ იყო, მისი საფლავიც კი არ არსებობდა. ის თბილისის შემოგარენში განისვენებდა, სოღანლუღის ან ვაკის ნაპრალებში, კიკეთის სახლი კი ღამით კვლავ იდუმალებით სუნთქავდა, კვლავ შედიოდნენ ტყეში გზადაკარგული ცხენები, კვლავ გაისმოდა მათ ფლოქვებქვეშ ფოთლების შარიშური, მაგრამ ბაბუას ეს ხმა აღარ ესმოდა.
ბაბუაჩემს ჩემი სახელი ერქვა, უფრო სწორად, მე დამარქვეს მისი სახელი. მე ჯერ არ ვიყავი დაბადებული და არ ვიცოდი, რომ ადამიანი ასე უმიზეზოდ, უბრალოდ და უხმაუროდ შეიძლებოდა გამქრალიყო. ახლა კი ვიცი და ეს ცოდნა ცხოვრების აბსურდულობის შთაბეჭდილებას აღმიძრავს.  მამაჩემი ამის შესახებ არ ლაპარაკობდა, რადგან იცოდა, რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ის გამუდმებით ფიქრობდა, ალბათ ამ ფიქრში იყო  განფენილი ბაბუაჩემის არსება და ყოველივე, რაც მას და მთელ მის ოჯახს შეემთხვა. იქნებ ასეთ დროს ყველაზე ნაკლებად ლაპარაკი გამოხატავს  მომხდარის მნიშვნელობას.
კიკეთის ადგილ-სანახები ბავშვობიდანვე კარგად ვიცოდი. მე და მამაჩემი მუდმივად დავდიოდით აღმა-დაღმა ტყიან სერებზე, მინდვრებში, ჩაბნელებულ ხევებში. ნაშუადღევს გასულები ხშირად ამოვდიოდით მწუხრის ჟამს უდაბური ხევიდან უცნობ სამოსახლოებთან. ტრასაზე გამოსულებმა უკვე ვიცოდით, საით უნდა აგვეღო გეზი. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ დაღლილები შინ მივაღწევდით და დაგვიანებულებს აღელვებული დედაჩემი გვხვდებოდა. სახიფათო გზა უკვე გავლილი იყო, მწუხრი კიდევ უფრო იკრებდა ძალას, მერე ღამდებოდა და უფრო მძაფრად ვგრძნობდი საძინებლის ნოტიო კედლების სუნს და სიმყუდროვეს. ღამე ზოგჯერ სინათლე ქრებოდა და სანთელს ვანთებდით, სანთელი ანათებდა დედაჩემის სახეს და მე ვგრძნობდი, აქ იყო ჩემი ნავსაყუდელი, მიუხედავად იმისა, რომ ტყის თვალგაუმტარი უკუნი იდგა შუშაბანდში და შუქ-ჩრდილებით სავსე ოთახში.
ღამე ქრებოდა და დგებოდა დღე. დღე ისეთი ნათელი და გამჭვირვალე იყო, რომ ღამით ფარდებში გახლართული ღამურები და კოშმარული სიზმრები ტყუილი მეგონა. ღამის უკუნის ნაცვლად ახლა დღის სიწრფელე იშმუშნებოდა ოთახში და ჩემშიც ნელ-ნელა აღწევდა. მე ჩავივლიდი კიბის საფეხურებს, მიწაზე ვადგამდი ფეხს და ტყეში შევდიოდი. ტყე იყო სველი, დანამული, ბალახი ბრჭყვიალებდა. დილის შეურყვნელი ჰაერი ჟრჟოლას მგვრიდა და თავბრუს მახვევდა. ეს იყო ნამიანი ტყის ისეთი სხეულებრივი შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ბავშვს შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს ბედნიერების ფიზიკური შეგრძნება იყო.
მას აქეთ მრავალი წელი გავიდა.

 

1 2 3 4 5 6 7