სამოცდაათიან წლებში გავრცელდა ვინმე პეტროვის მონათხრობი, სადაც ის ჰყვებოდა, რომ სოღანლუღში ოცდაჩვიდმეტ წელს დახვრეტილთა ნეშტებს წააწყდა. პეტროვი ხელმოკლედ ცხოვრობდა და უნდოდა ჟურნალისტებისაგან რამენაირი საზღაური მიეღო. ის ამტკიცებდა, სოღანლუღის მაცხოვრებელი ვარ და ნამდვილად ვიცი, რომ იმხანად ხელფეხშებორკილნი აქ მოყავდათო, აქვე ხვრეტდნენ და მარხავდნენო. ისინი თურმე ხშირად საცვლებისამარა გამოჰყავდათ დასახვრეტად, ზოგჯერ კი დახვრეტის წინ ერთიანად აშიშვლებდნენ. პეტროვი ამბობდა, რომ აქამდე არ უნდოდა ამის გამხელა, ახლა კი აღარაფერს მოერიდება. ამავე დროს, ეს კაცი დასძენდა, ყოველივე ამას ჩემი ცოლიც დაადასტურებსო.
მე განსაკუთრებით შემზარა იმ ფაქტმა, რომ სოღანლუღში მიყვანილებს დახვრეტის წინ თავით ფეხამდე აშიშვლებდნენ და უეცრად გამახსენდა ერთი ფოტო. ეს ფოტო ინსტიტუტშია გადაღებული. ზის თავის მასიურ საწერ მაგიდასთან ბაბუაჩემი, ანდრო ბუაჩიძე, სახე და კორპუსი ფოტოობიექტივისკენ აქვს ოდნავ მობრუნებული, მარჯვენა ხელში კალმისტარი უჭირავს, როგორც ჩანს, წამით შეწყვიტა წერა, რომ სურათი გადაეღო. ვერ იტყვი, იღიმებაო, მაგრამ ნათელი და გულღია გამოხედვა აქვს. ფართო მაგიდაზე დაწყობილ ნივთებში ეპოქის სტილი გამოსჭვივის. აქ საწერი მაგიდის ყველანაირი აქსესუარია წარმოდგენილი: სკამზე წამომჯდარი მინიატურული ნაკეთობა – მითოლოგიური პერსონაჟი – აპოლონი თუ დიონისე, გვერდით – სასანთლე და მაგიდის ნათურა ჩამოკონწიალებული ზონრებით, წინ – მოვარაყებული საფერფლე,რომელზეც ნახევრადმოწეული პაპიროსი დევს. სიმშვიდეა, ზურგსუკან ფანჯრიდან დღის  სინათლე იღვრება. ბაბუა კოსტიუმშია გამოწყობილი, ცხოვრება თავის ჩვეულ კალაპოტში მიედინება. და უეცრად ჩემს წარმოდგენაში კადრი იცვლება: სატვირთო მანქანის ძარიდან ჩამოჰყავთ ყოვლად უმიზეზოდ დაჭერილი ადამიანები, მათ შორის ბაბუაჩემიც, გარშემო ტრიალი მინდორია, მათ ათხრევინებენ სანგრებს, მერე აშიშვლებენ და აბჯენენ იარაღს: ეს ორი სურათი შეუთავსებელია ერთმანეთთან!
ამავე დროს სოღანლუღის ველზე მომხდარის მთხრობელი პეტროვი აქვეყნებს ჯალათების ვრცელ რეესტრს. ამ ჯალათთაგანია შაშურკინი, რომლის სახელი ადრეც მსმენია და ვიცი, რომ ეს კაცი ჯერ გალოთდა და მერე შეიშალა.
და მაინც, ყველაზე შემზარავია გაშიშვლება. პატიმრებს ართმევდნენ ტანსაცმელს და მერე… სიცოცხლეს. ამის ამსახველი ფოტო არავის გადაუღია, ეს აკრძალული იყო, რადგან ადამიანის მახინჯი ქვეცნობიერი ზრახვების გამჟღავნება ცუდ ტონად მიიჩნეოდა, არადა, დახვრეტის წინ პატიმრების გაშიშვლება თურმე ჩვეულებრივ ამბად იქცა. იქნებ სჯობდა ეს საშინელი ფორმით ჩადენილი ცოდვა იმთავითვე გამხელილიყო? თუნდაც ერთი ფოტო გაემჟღავნებინათ და თავის გზას ის თვითონ იპოვიდა. არც ათი ან ოცი წლის შემდეგ იქნებოდა გვიან ამ სისაძაგლის საქვეყნოდ მხილება, თუნდაც ადამიანების გარემოცვაში, იმ ქვეყანაში, სადაც ეს მოხდა. ასე უნდა მოქცეულიყვნენ იმიტომ, რომ მსგავსი სიგიჟე აღარ მომხდარიყო.  არადა, არ გააკეთეს, ამიტომაც მეორდებოდა და მომავალშიც განმეორდება, რადგან ადამიანის ქვეცნობიერში ეს მახინჯი ზრახვები ისევე ხარობს, როგორც მინდორში მოდებული სარეველა.

 

***

ისევ აქ ვარ, კიკეთში.  ჩემი სახლის ჩამტვრეულ კიბეზე ვზივარ. ამ კიბეს ყოველწლიურად აკლდება საფეხურები. შემთხვევითი გამვლელები კიბეს საფეხურების ფიცრებს აძრობენ და წვავენ. ჩვეულებრივი ადამიანური აგრესია გრძელდება. სახლის გაპარტახების გამო ზაფხულობით ჩამოსვლა აღარ ხერხდებოდა. ბნელმა ძალებმა გამოიღვიძეს და თანდათან  ნგრევას მიჰყვეს ხელი. მაღალი კიბე მთლიანად მოაძრეს, მხოლოდ პირველი სამი საფეხური დარჩა. ვიღაც სარდაფში შეძვრა და მთელი კედელი მოარღვია. ყოველივე ამას ზოგჯერ დარაჯი მატყობინებდა, ხანაც შემსწრეთაგან ვიგებდი. პირადად ჩემთან სადავო არავის არაფერი ჰქონდა. უნდა ვიფიქროთ, უფრო თავიანთი ცხოვრებით იყვნენ უკმაყოფილონი. ხელმოცარვა იწვევდა აგრესიას. შინსახკომელთა აგრესიაც ხელმოცარვიდან იღებდა დასაბამს.
საღამოვდება. ტყეში უკვე წყვდიადი იკიდებს ფეხს. მარჯვენა მხარეს ხეების მიღმა სამანქანო გზაა და გზაზე სინათლეები იწყებენ ციმციმს.  და მე ვფიქრობ ისევ იმაზე, როგორ დარჩა ეს აგარაკები და ეს სახლები, როგორ წავიდა ის დრო, როგორ გადავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახლებში და ამ გარემოში ცხოვრობდნენ. მიკვირს, რომ მე გავხდი დროთა  ამ ცვალებადობის შემსწრე. ბაბუაჩემის ცხოვრებაც ამ სახლთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უკვე ძალიან შორს გაირიყა. აი, მამაჩემი კი ახლოს არის, ამ ჭერქვეშ ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ის გადავიდა და დარჩა ეს სახლი და მუდმივობაში გადასული სინათლეებით განათებული სამანქანო გზა.  მე უკვე ამ გზას მივუყვები. მიკვირს, რომ ფიქრში ამდენ რამეს გადავწვდი და ახლა თბილისისაკენ მიმავალ ავტობუსს მოველი. უცნაური გრძნობა მეუფლება იმიტომ,რომ ასე გვიან კიკეთში მარტო არასდროს ვყოფილვარ  და ისიც ვიცი, ეს მარტოობა შემთხვევითი არ არის. ირგვლივ სიცარიელეა. სიჩუმეა, ძაღლის ყეფაც კი არ გაისმის. სოფლის მხარეს ორიოდე სახლიდან სუსტი სინათლე გამოკრთის. საკვამურიდან კვამლი იზლაზნება.
და მე ვგრძნობ, რომ ცხოვრება შემთხვევითი შეხვედრის ადგილია, სადაც თუნდაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთის კარგად გაცნობას ვერცკი ასწრებენ. კიკეთის სახლი კი უკვე ნასახლარია. აქ ყველა სახლი  ნასახლარია, ისეთივე, შუაგულ ტყეში რომ იყო. იქ ცხოვრების გზაჯვარედინზე ბაბუაჩემის სახლეულობამ წვიმაში ცოტა ხნით საიმედოდ შეაფარა თავი.

 

1 2 3 4 5 6 7