ალისასთან ყოფნა რიტუალური იყო, ლექსების კითხვის რიტუალი რომ გასრულდებოდა, სხვა რიტუალის დრო დგებოდა. ამ რიტუალური მონაცვლეობის თადარიგს ის ხალისიანი გულმოდგინებით ასრულებდა.
– ახლა სხვა საქმეს ვეწიოთ, – იტყოდა გულუბრყვილო ეშმაკობით და ჩაიღიმებდა.
– მაინც რას გულისხმობ? –  ვეკითხებოდი მე ყასიდად.
მერე იწვა თვალმოწკურული და თავგადაწეული ჭერის ბზარს აჰყურებდა. ეს ბზარი კუთხიდან ტეხილი ხაზებით კვეთდა მთელ ჭერს. მთელი ბინა ბზარებისაგან შედგებოდა და ამ ბზარებში საღამო ჟონავდა, მე კი გვერდით ვიწექი და ვგრძნობდი მის სუნთქვას, მის რხევას და ირონიულად ვფიქრობდი ჩემს თავზე: „ვოტრენი, თავქარიანი ყაჩაღი ვოტრენი“. მერე წამომდგარი, ფანჯრიდან გავყურებდი საღამოს ქალაქს და ვხედავდი, როგორ იპყრობდა შებინდებულ სივრცეს სინათლეები. ალისა კი იწვა, ძალიან დიდხანს იწვა, მზერა ფანჯრისკენ გადაჰქონდა, თითქოს ოთხკედელში ვიწრო გასასვლელს ეძებდა.
და მე ვფიქრობდი იმაზე, თუ სოლოლაკში ფარდასავით ჩამოშვებული საღამო ტეხილი ხაზების, თალხი ჩრდილოვანი ფორმების, სინათლის მოძრავი წერტილების რა სიმრავლეს ქმნიდა. საღამო სოლოლაკის ინტერიერებში, – სადარბაზოებში და ბინებში – ქმნიდა ისეთ გრაფიკას, რომლის წარმოდგენაც ძნელი იყო. მე მაგონდებოდა ამაღლების ქუჩა, ბავშვობა და შემყუდროვებული სკვერი, სადაც გრძელი სკამი და გვერდზე წახრილი ხეები ისე იდგა, როგორც დეკორაცია. ამ ბაღში არავინ მინახავს შესული და სკამზე ჩამომჯდარი. ძალიან იშვიათად ბავშვები თამაშობდნენ, ჩვეულებრივ კი იქაურობას არავინ ეკარებოდა, რადგან ეშინოდათ, – ხმა იყო გავარდნილი,  ვითომდაც  სკვერში საეჭვო პირები იყრიდნენ თავს.  სოლოლაკის ეს სკვერი თავისი უკაცრიელი ნაღველით ჩემს ბავშვობას მაგონებდა. ამ ბაღსაც სოლოლაკური ქარიზმა ახლდა, რომელსაც მერე უნებლიეთ ალისაც შეუერთდა. მე თითქმის ყოველდღე დავდიოდი ალისასთან, თუმცა იყო დღეები,  როცა სხვა ტალღა წამიღებდა.
დრო იწურებოდა, დღე გადიოდა და ვტოვებდი რედაქციის კედლებს. ვეთხოვებოდი დარაჯს და ლესელიძის ქუჩაზე თავქვე ვეშვებოდი, საღამო აფენდა გრძელ  ჩრდილს და წვიმის შემდეგ თავდაღმართზე მღვრიე წყლები მიედინებოდა. რედაქციაში თავშეყრილი ასაკოვანი მწერლები სხვადასხვა მხარეს დღისითვე ეშურებოდნენ და სხვადასხვა ადგილას განაგრძობდნენ ყოფნას. საღამოს მე მათს კვალს ვადექი, მათ მივყვებოდი ფეხდაფეხ. ნაწილი ორბელიანის მოედანზე ჩადიოდა, სადაც რამდენიმე ძველი და მყუდრო სარდაფი იყო,  სხვები ლესელიძის ქუჩაზე ეშვებოდნენ. აქ ერთი მუდმივი შეხვედრის  ადგილი გვქონდა და  იქ  ყველა შინაურულად გრძნობდა თავს. რედაქციიდან გამოსული, მეც აქეთ  მივემართებოდი. შემოდგომა იყო  ან გაზაფხული, რა თქმა უნდა, წვიმდა და დროულ თავშესაფარს ვეძებდი. სასადილოს არცთუ ფართო დარბაზში სიგარეტის კვამლი ბოლქვებად იდგა და ყურთასმენას ყაყანი ახშობდა. შევიდოდი თუ არა, ნაცნობი დამხვდურები მაშინათვე მომკრავდნენ თვალს და დაჟინებით მიხმობდნენ რომელიმე კუთხეში მიჭეჭყილ მაგიდასთან.  მერე მოყაყანე ოთახი თანდათან ქრებოდა და საერთო ყაყანს ჩემი ხმა და სიგარეტის კვამლიც უერთდებოდა. რაზე ვსაუბრობდით, აღარ მახსოვს და  ვერც ვერავის ვკითხავ, რადგან  უფროსი ასაკის იმ მწერალთაგან  აღარავინ მეგულება ქალაქში, ქვეყანაზე და არც სხვაგან  სადმე. იმ დარბაზში ოთხნი იყვნენ, ერთი მათგანი სტამბის მუშაკი იყო და იღლიაში მუდამ ქაღალდების დაგორგლილი დასტა ჰქონდა ამოჩრილი. მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, რადგან ყველას ნაწერს პატრონობდა. ვისხედით და ვსვამდით, ვსვამდით დიდხანს, გვიანობამდე. მერე მივდიოდი სახლში, გარეუბანში, სიგარეტის ბოლით და ღვინით გაჟღენთილი,  ავდიოდი გაცვეთილ კიბეზე ყრუ სადარბაზოში და ამით მთავრდებოდა ეს უსაშველოდ გაჭიანურებული დღე.
მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
მე და ალისა ხშირად სოლოლაკის ქუჩებში ვსეირნობდით, ვეძებდით ყველაზე უკაცრიელ, უცნობ, ყველაზე ვიწრო ჩიხებს და გასასვლელებს. შევდიოდით ეზოებში, რომელთაც უცნაური გარშემოწერილობა ჰქონდა. სახლებს შორის ჩაწერილ სივრცეში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ექსტერიერი იქმნებოდა. ამ მოზაიკურ წყობას ყველაფერი ქმნიდა:  სინათლის ხარისხი, ჩრდილების განფენა, ეზოსშიდა ფანჯრების განლაგება, დახეთქილი ქვაფენილი, ტალავერები და კედლებზე მიშვებული სუროები. ზოგიერთი ეზოს კუთხეში  ჩაჭედილ ფანჯარაში მოახლოებული საღამო და ცის ნაგლეჯი ირეკლებოდა და ეს ანარეკლი ბადებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ ეზოსეული უკიდურესი ყოფითი სიმჭიდროვის მიუხედავად, აქაც არსებობს მუდმივობა და მარადისობა, რომელმაც ბინდმორეულ კუთხეშიც კი ჩამოაღწია.
ალისა ყოველივე ამას ხედავდა და გრძნობდა. მისი ბინის ინტერიერში საღამო ჭერის კუთხეში მიბჯენილი ბზარიდან იწყებოდა, მთელ ჭერს გადაივლიდა  და ოთახის კედლებზე წვებოდა. ალისა გაუნძრევლად იჯდა სავარძელში და თანდათან მწუხრში იძირებოდა. მწუხრშივე ქრებოდა დაბალ მაგიდაზე მდგარი უბრალო ლარნაკი.
მე და ალისა ამაღლების ქუჩის კიდესაც ვეწვეოდით ხოლმე. როგორც უკვე ვთქვი, აქ ჩემი ბავშვობისდროინდელი შემყუდროებული  სკვერი იყო, სადაც გრძელი სკამი და წახრილი ხეები ისე იდგა, როგორც მიზანსცენა, როგორც დეკორაცია. ამ ბაღში არავინ მინახავს შესული ანდა სკამზე ჩამომჯდარი. იქაურობა თავისი ნაღველით ჩემს შორეულ ბავშვობას მაგონებდა. იქვე, სულ ახლოს იყო რესტორანი „სამადლო“, რომლითაც მთავრდებოდა ამაღლების ქუჩა. რესტორნიდან გამოსული მთვრალები ამ სკვერში საქმეებს არჩევდნენ და ამიტომ ერიდებოდა ხალხი იქაურობას. „სამადლოდან“ მთელი ღამე მოედინებოდნენ  ნასვამი კაცები და უკვე შუაღამისას საძინებელში გამოღვიძებულ ბავშვს მესმოდა მათი  სიმღერა, მერე ვიძინებდი, ვიღვიძებდი და ისევ იგივე ხმები სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას…
ალისას სოლოლაკის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე პაემანსაც ვუნიშნავდი. მე და ალისა სადარბაზოებში შევდიოდით და სიჩუმეს ვისმენდით. სადარბაზოში სხვანაირი სიჩუმე სუფევდა, ყველა სხვა სიჩუმისგან განსხვავებული. აქ  რაღაც უცნაური ინტიმი ისადგურებდა, გარედან მანქანების და ადამიანების ხმები აღწევდა, აღწევდა ჩიტების ჟღურტულიც, მაგრამ ეს თითქოს სხვა სამყარო იყო, ყველას და ყველაფერს განრიდებული. მე ვკოცნიდი ალისას, კოცნა იყო უხმო, ხანგრძლივი და ვხედავდი კარიდან შემოჭრილ დღის სინათლეს, რომელიც მთელ სადარბაზოს ეფინებოდა, შავ-თეთრი ფილებით მოკირწყლულ იატაკზე იღვრებოდა და მერე სადღაც სიღრმეში ქრებოდა. სხვა სადარბაზოშიც ასეთივე განრიდების გრძნობა მეუფლებოდა, მხოლოდ იქ სხვანაირი ვიტრაჟი იყო,  ან შუქ-ჩრდილი სხვა მხარეს წვებოდა. ჩვენ ერთად ვგრძნობდით ამ განრიდებას და მერე ერთადვე ვტოვებდით ადგილს, რომელსაც აღარასდროს დავუბრუნდებოდით. ამასობაში მქრქალი ბურუსი ერეოდა ქუჩას და ფანჯრებში გამჭვირვალე ფარდებს მიღმა ბროლის ჭაღები ინთებოდა. უხმოდ ვეთხოვებოდი ალისას და ისიც უხმოდ მიდიოდა თავისი სახლისკენ.
ახლაც თვალწინ მიდგას ეს ყველაფრისგან განკერძოებული, სიმშვიდით  გარემოცული ჩემზე უფროსი ქალი, ის დგას უბრალოდ შუა ოთახში, ქუჩაში ან ცარიელ სადარბაზოში და მე მიყურებს, მიყურებს არც გამომცდელი, არც ეჭვიანი და არც მკაცრი მზერით,  უბრალოდ, მიყურებს. მიყურებს და მორჩა. შეიძლება მისი მზერა განურჩეველიც არის, მაგრამ არა, რაღაცას ფიქრობს, ფიქრობს, რომ ჩვენი ურთიერთობა მირაჟია და მალე გაქრება. მე ვგრძნობ ამას და სადღაც ღრმად, ჩემი არსების შიგნით ვეთანხმები კიდეც.
თვალწინ მიდგას მაღალი, გამხდარი, ნატიფი აღნაგობის ალისა, ის შემობრუნდება და უკანმოუხედავად მიდის. საღამოა. ყოველ საღამოს ასე ვეთხოვებით ერთმანეთს და ეს გამთხოვება თითქოს სამუდამოა.
სამსახურების დამთავრების და დაცარიელების დროა, ყველა შენობაში ერთი და იგივე ხდება: დარაჯი შემოივლის სართულებს, ოთახებს სინჯავს და მერე უბრუნდება თავის ჯიხურს. მერე წვიმს და სოლოლაკის მაღალ ფანჯრებში მღვრიე ამინდი ირეკლება. ფართო ფოთლები დაუნდობლად იყრება ქვაფენილზე…

 

1 2 3 4 5 6 7