***

დანარჩენი კი უკვე მოკლე სიზმარ-ცხადივით მახსენდება.
რამდენიმე დღეა აღარ  მინახავს ალისა.
მე თავქვე ვეშვები ლესელიძის ქუჩაზე, წვიმის შემდეგ ნაწვიმარზე შავი წყლები მიედინება. მე მივეშურები ჩემი უფროსი მეგობრების სანახავად.  ისინი ალბათ რომელიღაც ყველასაგან დავიწყებულ, უფერულ და უღიმღამო სასაუზმეში სხედან და უკვე ათასჯერ ნათქვამს, ვინ იცის, მერამდენედ იმეორებენ, ჭიქებს ცლიან. შევალ სიგარეტის ბუღით და ყაყანით სავსე დარბაზში და შორეულ კუთხეში მიჭეჭყილ მაგიდასთან მსხდომი ამფსონები ალბათ ხელს დამიქნევენ და მიმიხმობენ სატრაპეზოდ, მაგრამ,  ვაი რომ, ასე არ არის. შევდივარ,  დარბაზი კი ცარიელია, მაგიდები აყირავებული, ბათქაში ჩამოცვენილი. დარბაზში არავინ არ არის, ახლაღა ვატყობ, ქუჩაში თითო-ოროლა კაცი დადის და არც იმათ უკვირთ ეს არყოფნა. იქნებ ეს მართლა სიზმარია და მაშინ სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე რეალობაში. რას ნიშნავს ეს ჩამოფხეკილი კედლები, დაქცეული ჭერი, აყრილი იატაკი და აყირავებული მაგიდები? აქ ალბათ ოთახის გარემონტება გადაწყვიტეს და ამიტომაც აყარეს ყველაფერი. ასე ვფიქრობ, მაგრამ  გული  რაღაც  სხვას მითქვამს. შინაგანი ხმა მკარნახობს იმას, რომ ეს ადამიანები წავიდნენ და აქ აღარასოდეს აღარ დაბრუნდებიან, არა მარტო ჩემი ნაცნობები, არამედ სხვებიც. დაიცალა ეს დარბაზი და ადამიანები წავიდნენ იქ, საიდანაც ძველ ადგილებში აღარ დაბრუნდებიან. შინაგანი ხმა მეუბნება იმასაც, რომ ალისაც სადღაც წავიდა და გაუჩინარდა. ალისა მთელი ჩვენი ურთიერთობის მანძილზე გრძნობდა, რომ ყოველივე ეს მირაჟივით გაქრებოდა. ალისასთან ურთიერთობისას ყოველთვის მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რეალობის და არარეალობის ზღვარზე ვიმყოფებოდი, თვითონ ალისაც თითქოს იყო და ამასთანავე არც იყო, მაგრამ მჯერა, რომ იყო, ესე იგი სად წავიდა,  გაქრა?
ასე ქრება ბევრი რამ ცხოვრებაში, ამიტომაც  შეიძლება იფიქრო, რომ ცხოვრება თანდათანობითი ქრობაა.

 

***

ალისას სადარბაზოში შევდივარ, ვჩერდები და მთელი არსებით შევიგრძნობ შესაღამოვებული გარემოს რხევას, ბინებიდან გამოღწეულ ხმებს, გარედან ნაუცბათევად შემოვარდნილ ბგერებს, მერე კი ავდივარ ალისას სართულზე, სადაც კარი ღიაა,  ბინა კი ცარიელი. მივდივარ ფანჯარასთან და ვიყურები ღია ფანჯრიდან. ქვემო სოლოლაკს ჩამავალი მზის შუქი ეცემა. შორს, ჭიშკართან დაბალ სკამზე მოხუცი კაცი ზის, მის სიახლოვეს ქალს პატარა ბავშვი მიჰყავს. ისინი ხელიხელჩაკიდებულები მიდიან ქუჩის გასწვრივ. ზემოდან წერტილებივით ჩანან. აქედან გრძელი ქუჩები მოჩანს, სხვადასხვა მიმართულებით განფენილი ქუჩები. ყველგან წვება წაგრძელებული ჩრდილი და ამ ჩრდილებით გარემოცული ადამიანები ძალიან ნელი ნაბიჯით მოძრაობენ. ვიყურები ალისას ბინის ფანჯრიდან და ვგრძნობ, რომ ცხოვრების დინება განურჩეველია ადამიანის ბედ-იღბლის მიმართ. მალე საღამო ნელა გადაიღვრება ღამეში. აინთება ქალაქის სინათლეები, შორიდან ისევ მოაღწევს ქალაქის ხმები, მაგრამ ყოველივე ეს კვლავაც გულგრილი იქნება რომელიღაც ერთი ადამიანის ბედისწერის მიმართ.

 

***

ახლაღა ჩამესმის ზურგსუკან ნაბიჯების ხმა. ვბრუნდები და ვხედავ ქალის ნაცნობ სახეს, რომელიც არაერთხელ მინახავს ამ სახლში. ეს ალისას მეზობელია. ის მატყობინებს, რომ ალისა სამუდამოდ წავიდა, წავიდა საბერძნეთში. მან ბინა დიდი ხნით ადრე გაყიდა და ახლა კი ყველასთვის მოულოდნელად და უხმაუროდ გაემგზავრა.
„სამუდამოდ წავიდა“ – ეს სიტყვები რჩება ჩემს მახსოვრობაში და ვტოვებ კედლებს, რომლის შიგნითაც შემთხვევით მოვხვდი ჩემი ცხოვრების რომელიღაც გზაჯვარედინზე…

 

 

1 2 3 4 5 6 7