სოლოლაკის სადარბაზოები
მას აქეთ არაერთი და ორი წელი გავიდა.
ეს იყო ბერძენი ქალი ალისა, რომელიც ერთ ლიტერატურულ საღამოზე გავიცანი. მახსოვრობას მაშინდელ დამსწრეთაგან რამდენიმე ინტელექტუალის სახელიღა შემორჩა. იქ შექანებულებიც იყვნენ, უბოროტო, უწყინარი და ჩუმი გიჟები, რომლებიც უფრო იმ გარემოს შეხიზნულებს ჰგავდნენ, ვიდრე ინტელექტუალებს. როგორც ყოველთვის, მაშინაც ვიღაც ენთუზიასტი სურათებს გვიღებდა და ამ სურათებს შემორჩა მახსოვრობაში აღბეჭდილი გაცრეცილი სახეები, ქალებისაც და კაცებისაც. ეს ადამიანები იმ დროში რეალურად არსებობდნენ, მერე კი სადღაც გაქრნენ, თითქოს ამ ქალაქიდან გაიკრიფნენ, თუმცა არც ადრე ჰგავდნენ ამ ქალაქის მკვიდრებს. თვითონ ალისაც ასეთი იყო, მერე ხომ ისიც გაქრა. ასე ქრება ბევრი რამ ცხოვრებაში, შეიძლება იფიქრო, რომ ცხოვრება თანდათანობითი ქრობაა. ამავე დროს ისიც უნდა იფიქრო, რომ ცხოვრებაში ერთგვარი დროის მონაკვეთები, მიკროეპოქებიც არსებობს, რომელთაც თავისი ჟღერადობა, შეფერილობა და სურნელიც კი აქვს, და მერე ყოველივე ეს ქრება, ვინაიდან მახსოვრობას არ შეუძლია ყოველივე ამის შენახვა, მახსოვრობა მხოლოდ ფაქტებს ინახავს.
ეს გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ხდებოდა. იმხანად ერთ უწყინარ და უხმაურო რედაქციაში ვმუშაობდი იქვე, ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც უფროსი თაობის მწერლები იყრიდნენ თავს. თავშეყრა უმეტესად მიმდებარე ქუჩის იაფფასიან სასაუზმეში გრძელდებოდა. ღვინოს ვსვამდით, ყველაზე ხშირად ტანინით გაჟღენთილ „ტიბაანს“, და გასული დღის შთაბეჭდილებებს ვივიწყებდით.
წავიდა ის დრო და ბევრი რამ წაიყოლია. საღამოობით რედაქციის ოთახები ცარიელდებოდა და იქ ჩამავალი მზის შუქი წვებოდა. დარაჯი შემოივლიდა სართულებს, ოთახებს სინჯავდა და მერე უბრუნდებოდა თავის ჯიხურს. ეს სამსახურების დამთავრების და დაცარიელების დრო იყო. დღის ბოლოს შემოდგომაზე ან გაზაფხულზე წვიმის თქეში მოვარდებოდა და ქვაფენილებზე ფოთლებს ჩამოყრიდა, ან მაღალი ხის მერქანს შეწებებულ შავ მტვერს ჩამორეცხავდა. სოლოლაკის ქუჩების ფართო ფანჯრებში ნაწვიმარი შეღამების უღიმღამო ცახცახი ირეკლებოდა, დარდი მერეოდა და ძალაუნებურად სადღაც მიმიწევდა გული, შინ არ მინდოდა წასვლა. ერთ ასეთ საღამოს გავიცანი ალისა. ესეც სოლოლაკში მოხდა.
დროის ამ მონაკვეთს ჩემს ცხოვრებაში შეუმჩნეველი სიჩუმე ახლდა და ჩუმი იყო ალისაც. სოლოლაკში ჩემზე გამორჩეულ შთაბეჭდილებას ინტერიერი ახდენდა და ნებსით თუ უნებლიეთ მასთან ვაკავშირებდი ადამიანებსაც. სოლოლაკის ინტერიერები – სადარბაზოები, სარდაფები, ბინები, მანსარდები – უამრავ კუთხე-კუნჭულს მოიცავდა. ეს მრავალ წახნაგად დატეხილი სივრცე იყო, რომელსაც თავისი შიდა დანაყოფები ჰქონდა. ამ სივრცის ყოველი მონაკვეთი თავისებურ განწყობას აღძრავდა და შუქ-ჩრდილთა ვიტრაჟს ან კოლაჟს ქმნიდა. ალისა ამ ინტერიერის ნაწილად აღიქმებოდა. ის თითქოს თავისი ნატიფი აღნაგობითაც თავსდებოდა ამ ინტერიერში. ალისა დუმილს ამჯობინებდა და, როცა ლაპარაკობდა, ხშირად წვიმდა კიდეც, ღია ფანჯრიდან აკაციის ფოთლების სუნი შემოდიოდა და ესეც მისი საუბრის ატმოსფეროს ქმნიდა. დღეს რომ ვიხსენებ მის ლაპარაკს, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ის სიტყვებს კი არ წარმოთქვამდა – იერით, გამომეტყველებით, ხმის ტემბრით, ინტერიერთან შერწყმული შუქ-ჩრდილებით ამბობდა სათქმელს. მას თითქოს თავიდანვე ჰქონდა ნავარაუდევი მსწრაფლწარმავლობის ჯადო, რომელიც ბევრ რამეს შლიდა და სამომავლოდ რაღაცას მაინც ტოვებდა. და დარჩა მახსოვრობაში მისი სახე, ჩამქრალი სახე. ამ სახეს სოლოლაკის ოთახის ბინდში ოდნავი ფითრისფერი გადაჰკრავდა. გაცნობის დღიდან მისი მხოლოდ ერთი ფრაზა დამამახსოვრდა: „ვოტრენი… ბალზაკის, და არა მხოლოდ ბალზაკის, პერსონაჟებიდან ვოტრენი შთამებეჭდა ყველაზე მძაფრად“. ეს უბრალო და უაპელაციო აღიარება იმიტომაც შემორჩა ჩემს მახსოვრობას, რომ თვითონ ალისას ჰგავდა. მას რაღაც ასეთი უნდა ეთქვა, – მაშინდელ რეალობას მოწყვეტილი და ძველ, კლასიკურ დროში გადასროლილი ფრაზა. თანაც ვოტრენი პარიზის პანსიონში ცხოვრობდა გახუნებულ და დაუვიწყარ მამა გორიოსთან ერთად, პანსიონი კი სოლოლაკის იმ ძველადნაშენ სახლად წარმომედგინა, სადაც ალისა გავიცანი.
ალისა მაღალი და ნატიფი აღნაგობის ქალი იყო. ასეთი ქალები გამჭვირვალე ფარდას ჰგვანან, თითქოს გამუდმებით ირხევიან, არსებობენ და არც არსებობენ. ალისას თითქოს ირგვლივ რაღაც გარსი ეკრა, ძალიან თხელი, უხილავი ტიხარი, რომლის მეშვეობითაც ყოველივე საგნობრივს და რეალურს ემიჯნებოდა. ამიტომ მისი ნათქვამი თითქმის არაფერს ნიშნავდა, როგორც უკვე ვთქვი, მისივე გამომეტყველება უფრო მეტს გეუბნებოდა, ვიდრე ლაპარაკი.
ალისა სოლოლაკის ერთ მივარდნილ კუთხეში ცხოვრობდა. სოლოლაკშივე იყო რედაქცია, სადაც ვმუშაობდი. ამავე უბანში დავიბადე და გავიზარდე და, ჩემს წარმოდგენაში სამყარო იქაური სადარბაზოების ეგზოტიკასთან ერთად შემოიჭრა. ძალიან კარგად ვიცოდი არა მარტო ძველი უბნის ყოველი კუთხე-კუნჭული, ვთქვათ, ჩიხები და გასასვლელები, არამედ ქვაფენილის ბზარებიც კი მქონდა აღბეჭდილი მახსოვრობაში. ამ ქვაფენილის ბზარებში საღამო ჟონავდა, საღამო რომ გადავიდოდა, მერე მათ ღამის სინათლის ჩამქრალი პირბადე ეფინებოდა.
ჯერ კიდევ მოწაფეობის წლებში, როცა სოლოლაკიდან გადავსახლდი, რაღაც უცნაური ძალა ისევ უკანვე მიბიძგებდა. მე შევდიოდი ფართო, იდუმალებით მოცულ სადარბაზოებში და ვდუმდი. იქ ნელა გროვდებოდა ბინდი და იგრძნობოდა უკვე გარდასული დროის მაჯისცემა.
ერთ ასეთ სადარბაზოში ცხოვრობდა ალისაც. მე იქ წამიერად ვჩერდებოდი და მთელი არსებით შევიგრძნობდი შესაღამოვებული გარემოს რხევას, ბინებიდან გამოღწეულ ხმებს, გარედან ნაუცბათევად შემოვარდნილ ბგერებს, მერე კი ავდიოდი ალისასთან და ვაკაკუნებდი კარზე. უბრალო იყო ბინა, უბრალოდ ეცვა ალისას, ეს მხოლოდ უბრალოება არ იყო, ყოველივეს თითქოს რაღაც სხვა მნიშვნელობა ჰქონდა – ის, რაც უკვე ვთქვი, – ყველაფრის მიღმა ყოფნა, განკერძოებულობა. ალისა რუსულადაც ლაპარაკობდა და ქართულადაც. მისი ქართული მეტყველება თითქოს საიდანღაც შორიდან აღწევდა, მის ბაგეზე იმსხვრეოდა და დაუდევრად იფანტებოდა. მე მომწონდა მისი ქართული და ვთხოვდი, კიდევ ელაპარაკა. იმ ერთი პოეტისა არ იყოს, ილაპარაკეთ, მხოლოდ ქართულად, მხოლოდ ქართულად ილაპარაკეთო, რომ სთხოვდა სასაფლაოზე მყოფ ბანოვანს.
– რაზე ვილაპარაკო? – მეკითხებოდა ალისა ქართულად.
– რაზედაც გინდა, ოღონდ ილაპარაკე, – ვპასუხობდი მე.
ალისას ბინა სოლოლაკისთვის უჩვეულოდ მაღალი იყო. ამ მომაღლო სახლის ფანჯრიდან უბნის ფართო სივრცე, კლაკნილი, ჩახვეული ქუჩები და წითელი სახურავები მოჩანდა. ეს ხედიც ისეთივე უჩვეულო იყო, როგორც თვითონ ალისა: შეცბუნებული ვიყურებოდი და თბილისში არ მეგონა თავი. თითქოს სხვაგან ვიყავი, სხვა ქალაქში, უცხო ქალთან, უცხო ბინაში და ეს სიუცხოვე მიმზიდველიც იყო და შემაცბუნებელიც. ალისასთან უკიდურესი სიახლოვეც კი არ იყო სიახლოვე. ყავას ვსვამდით და მიკითხავდა თავის დაწერილ ლექსებს და აქაც განკერძოებული იყო; ზოგადად პოეზიის მიღმა იდგა. მისი ვრცელი ლექსები ამბავს გადმოსცემდა. ეს ამბავი ეხებოდა ქალს, რომელმაც ცხოვრების მიღმა ჩაიარა, მიაბიჯებდა, მიდიოდა და საბოლოოდ ყოფნის საზღვრებს სცილდებოდა.