ციგურები

 

 

                                                                            ტიდას

შენ ჯერ არ იცი, როგორ არის მოწყობილი სამყარო,

მაგრამ ის იცი, როგორ გინდა, მოწყობილი რომ იყოს,

ქუჩაში ვდგავართ და შენ ისე ნაღვლიანად უყურებ

ტროტუარზე მწოლ საწყალ მოხუცს, ვხვდები, ესეც მორიგი

გაცრუებული იმედი და გატეხილი გულია

ამ მორიგ ჯერზეც, ამ ყველაფერს არაფერი საერთო

შენს იდეალურ სამყაროსთან არა აქვს, თან საითაც

უნდა წახვიდე, იგივეა – ყველაფრისგან დაღლილი

 

შუახნის ქალი, ბავშვთან ერთად, წინ გაწვდილი პეშვით და

დაკერებული, უსაშველოდ ჭუჭყიანი ძონძებით.

ქუხს. შეშინებულ ბავშვს ჩაიკრავს, ეფერება, ამშვიდებს…

მისთვის არასდროს არაფერი შეცვლილა, არც იცვლება…

საითაც წახვალ, იგივეა, უსასრულოდ იგივე –

ერთმანეთისკენ მიმართული წყვილი სარკის ეფექტი.

შენ ჯერ არ იცი, როგორ არის… მშვიდად როგორ შეხედო…

მაგრამ ის იცი, როგორ გინდა… გაიზრდები, გაგივლის.

 

*

 

სპორტის სასახლე, მიქატაძის “მზეჭაბუკი”. და როცა

გვერდით ჩავუვლით, თვალებს ხუჭავ, თავს აბრუნებ, ამაზე

ორივეს მაგრად გვეცინება. ამჯერად კი – არ ვიცი,

ვინ აცმევს ხოლმე – ტანსაცმელი ჩაუცვამთ და თავისი

კაპიუშონით ცოცხალს ჰგავს და ლამისაა, ჩამოხტეს

იმ კვარცხლბეკიდან, გადააჭრას ქუჩაზე და ორიდან

ერთ-ერთ ჯიხურში ის ჟურნალი დაითრიოს, სწორედ რომ

ის, სადაც წერენ, ვინ და როგორ გაუყენა სამოთხის

 

გზას “მზეჭაბუკის” პროტოტიპი, თითქმის ბავშვი, ოცი თუ

ოცდაერთი წლის, მომავალი მოქანდაკე თვითონაც,

სამართლიანი, წესიერი ბიჭი თურმე… ასეთი

სიტყვების მერე ჯოჯოხეთი გამოვრიცხე, ვითომ ეს

(ქება-დიდება) რამეს ნიშნავს, თითქოს, ვისაც აქებენ

სიკვდილის შემდეგ, უეჭველი სამოთხეში იქნება…

ჭადარი. ჩვენი შესახვევი (ჩაიკივლა სასწრაფომ).

“დანკინ’ დონატსი” (გასულ კვირას დაიკეტა). ძაღლები.

 

 

1 2 3 4