*

 

მარჯვნივ შევუხვევთ, მერე – მარცხნივ, სულ ცოტაც და იქა ვართ –

ამის და ამის სახელობის ფიგურული სრიალის

სპორტული ცენტრი. გასახდელი. მოედანი. სიცივე.

გრძელ სკამზე ვჯდები ფოიეში. ჩაი?! ჩაი კი არა,

გაურკვეველი გემოს მქონე რაღაც სითხე სავაჭრო

აპარატიდან. სავსე ჭიქა მოვისროლე. შენ გეძებ

მონიტორზე და იმდენ ბავშვში ძლივს გიპოვე. არ ვიცი,

სერიოზულად გაჰყვები თუ შეეშვები, გადაჭრით

 

რამის თქმა, მგონი, ჯერ ადრეა, თუმცა, გიყვარს, არასდროს

არ გეზარება, მწვრთნელიც შენზე დიდ იმედებს ამყარებს,

მოკლედ, შევხედოთ, რა იქნება… შეღებული კარიდან

წვიმის ძლიერი ხმა შემოდის, მანქანების საქარე

მინები ლამის ჩაამსხვრიოს, ისე უშენს, ისეთი

ძალით. ვიღაცა: ” – დარჩენამ თუ მოგვიწია ამაღამ…”

მორჩა ვარჯიში, როგორც იქნა. მოდიხარ და, ხმამაღლა:

” – მამა, ნახე?! დღეს მხოლოდ სამჯერ მოვიტეხე კისერი!”

 

 

*

 

ხალხი გადადის, ჩვენც მივყვებით, გახუნებულ ზებრაზე,

მეჩხერ ნაკადში, მე – თეთრ ხაზებს, შენ კი წითელს აბიჯებ,

მოგწონს შენივე მოგონილი ეს თამაში, ათასი

თვალი გვიყურებს, ყოველ ჯერზე ასე ხდება (ჯიბიდან

ამომივარდა მობილური, ზედ გუბესთან ტყაპანი

მოადინა და უცებ დავწვდი, ერთი სიტყვით, გადავრჩით!)…

ვინ იფიქრებდა, ის თავსხმა თუ შეწყდებოდა, დანარჩენ

მოქალაქეებს გაკვირვების არაფერი ეტყობათ,

 

მე კი, პირიქით, მიკვირს, ისე უცებ შეწყდა, წამებში

მოისარკა და მზე გამოჩნდა, დააცხუნა, ბიბლიურ

ცის გახსნას ჰგავდა. პარკი. პარკში (გვეჩვენება?!) – მანეჟი

და ცირკი, ცირკი, რეალურზე რეალური (იღბლიან

ფეხზე ავმდგარვართ), მაგრამ ახლა, ნაწვიმარზე, საიდან?!

მაყურებელი ბლომადაა, ბევრი დგას და ბევრიც ზის

სახელდახელო ძელსკამეზე. კლოუნები. რეპრიზი.

ტაში. სიცილი. ერთი კაცი არ იცინის, წავიდა.

 

 

 

1 2 3 4