*
დივანზე ვწევართ, ფილმი გადის (საიფაი), რომელიც
ზუსტად ოთხჯერ გვაქვს ნანახი და ისე მოგვწონს, მეხუთედ
ვუყურებთ, ფილმი არცთუ ისე გადასარევ მომავალს
აღგვიწერს (კედლის საათის ქვეშ შენი ბოლო ნახატი
ჰკიდია, გვერდით ტესა ვირჩუს პოსტერია გაკრული
ხელში კანადის დიდი დროშით), შენკენ ჩუმად გახედვა
კინოსეანსის ნაწილია: მიყვარს, როცა სახე და
მთელი სხეული გიკრთის, თითქოს სათითაოდ ასრულებ
ყველა როლს, ყველას, რაც ფილმშია. უსაშველოდ განიცდი
ეკრანის ამბებს, ცხოვრებასაც, ამ ყველაფერს, სამყარო
სწორედ ასეა მოწყობილი, თუმცა შენ ჯერ არ იცი,
მაგრამ ის იცი, როგორ გინდა… კარგად იცი… ვუყურებთ
სამეცნიერო ფანტასტიკას… მრგვალ პუფებზე, ცალ-ცალკე,
დევს შენი დუტის ხელთათმანი, საშრობზე კი წელვადი
ყურსათბობი და სავარჯიშო უნიფორმა შრება და
ძირს ყრია შენი კრემისფერი ციგურები, რუკზაკი.