მუხუდოს ყავა

 

სიმინდის ყანის კიდეებზე თესავენ მუხუდოს

(სინამდვილეში, რაც ჩვენთან მოჰყავთ, სოიაა, მუხუდო სხვა რამეა,

და რადგან ასე ეძახიან, ჩვენც ასე დავუძახოთ!),

მნიშვნელობით ჯერ სიმინდია, მერე ლობიო,

მუხუდო მხოლოდ შემდეგ მოდის, რადგან მას საქონლის,

ღორის და შინაური ფრინველების საკვებად იყენებენ,

ესღა შემორჩა მუხუდოს ძველი დიდებიდან.

ვინ იფიქრებდა, რომ მას ოდესმე სხვა ფასი ექნებოდა?!

მოთიბავ, გამოიტან, მზეზე გაშლი, სანამ არ გამოშრება,

მერე ჩაასობ ოთხ ბოძს წელამდე, შემოდებ საცეხვ ცხაურს,

ქვეშ ბრეზენტს დაუფენ, საცეხვზე ფიწლით დაყრი ღერო-პარკებს,

მერე მიდექი და ჭოკი ურტყი, რაც მწარედ – უკეთესი,

და ბრეზენტზე სეტყვასავით წამოუშენს ყვითელი ნაყოფი,

მტვერი კი ცაში კვამლის ბოლქვივით ავარდება.

შებუსულ ნამჯას ინახავენ სადმე, მშრალ ადგილას,

ცეცხლის დასანთებად მისწრებაა, ადვილად ეკიდება,

ტკაცუნით იწვის, იწვის ტკაცუნით, იწვის და ტკაცუნებს,

თითქოს ვიღაცამ სადღაც, არც ისე შორს, მიუშვა ავტომატი.

სულ ეს იყო და ვინ იფიქრებდა, აზრად ვინ გაივლებდა:

ჩემს ბავშვობაში, ბნელ ბავშვობაში, მუხუდოს მარცვალო,

როცა არათუ ყავა, პურიც კი არ იშოვებოდა,

ჩვენი დედები, შეჩვეულნი ყავაზე მკითხაობას,

გხალავდნენ ხოლმე, უფრო სწორედ, ზედმეტად გხალავდნენ,

დაწვამდე გხალავდნენ,

მოხალულ თითო პეშვს ჩვენც ჩამოგვირიგებდნენ

(ახლაც კი მახსოვს შენი გემო, მუხუდოს მარცვალო).

 

დამწვარს კი ყავის საფქვავში ყრიდნენ და ისხდნენ და ელოდნენ

(წინასწარი სიხარულით და ეიფორიით, როგორც – ადრე),

აბა, როდის დაიფქვებოდა ყავის მწარე და

უგემური იმიტაცია, მათი სამყოფი. აბა, როდის!

მოადუღებდნენ, ხელების ფშვნეტით ჩამოასხამდნენ ფინჯნებში,

აგურისფერი გადაჰკრავდა, ყავის სიშავე სადღა იყო,

ფინჯანს დასწვდებოდნენ, ვითომც ძველი დროა,

ცხვირთან მიიტანდნენ,

ვითომც არაფერი, ისე დაყნოსავდნენ,

მოსვამდნენ პირველ ყლუპს და

თვალებსაც ნეტარებით მინაბავდნენ,

ზოგს მეტად, ზოგს – ნაკლებად

გამოსდიოდა თავის მოჩვენება,

რომ თითქოს რიგზეა ყველაფერი.

მერე კი პირქვე დაალაგებდნენ ფინჯნებს და, როცა გაშრებოდა,

ცდილობდნენ, ერთმანეთის მომავალი უცნაურ ფიგურებში

ამოეკითხათ, ჩვენ, ბავშვები, იქვე ვისხედით და ვუსმენდით,

ჩვენს სახელებს რომ გავიგებდით, ყურებს დავცქვეტდით ხოლმე,

იმ ისტორიებში ჩვენ ყოველთვის დიდი მომავალი გველოდა,

და შიგ რომ ნამდვილი ყავა ყოფილიყო, იქნებ აგხვდენოდა კიდეც,

თუმცა ის ყავის იმიტაცია იყო და, ამიტომ,

ყველა ჩვენგანის საქმე წავიდა სულ სხვა გზებით,

მუხუდოს ნალექს თუ დავუჯერებთ, აი, მე, მაგალითად,

წინ მქონდა ბრწყინვალე სამხედრო კარიერა,

მაგრამ პოეტი გამოვედი, უბრალოდ, პოეტი.

 

 

 

1 2 3 4 5 6