ზუკა (გულში):

ნაღდად გააგიჟა,

ვეღარ გაიგებ, რეები ხდება, ჩემი კაი!

ან ის რა იყო, ამ დილით, ეზოში… ცხონებულ ბებიას

რომ დაენახა, გაიკვირვებდა, სათვალეს მოიხსნიდა,

გაწმენდა, ისევ გაიკეთებდა, და ჩუმად, თავისთვის:

ვახტანგის ბიჭის საქციელს არ ჰგავს, არ შეეფერებაო.

(კედელზე დაკიდებულ, ბებიას გადიდებულ სურათს ახედავს).

 

*

17:50. იგივე დღე. ჩვენი კორპუსის მეორე სადარბაზოს მეექვსე სართულის ბინა 86-ს აივანი. ერთმანეთზე მიდგმულ ორ ტაბურეტზე სახელდახელო სუფრაა გაშლილი. შუაში არყის ბოთლი დევს. აქეთ-იქით, ერთმანეთზე შემოდებულ სამშებებლო ბლოკებზე, ლადო ძია და ამირანი ძია სხედან. აივნის ერთ კუთხეში, წელამდე, სამშენებლო ბლოკებია მილაგებული, ძირს მეტალის კუთხოვანები, მილები და არმატურები აწყვია. აივანს არც მოაჯირი აქვს და არც – სახურავი, მხოლოდ კუთხეებში, შველერებზეა დადუღებული ორი მილი, რომელზეც სახურავი უნდა დამაგრდეს. შეღებულ კართან დენის წყაროზე შეერთებული ელექტროშემდუღებელი  აპარატი დევს. სახლი ლადო ძიასია. ლადო ძია და ამირანი ძია სხვა ქუჩაზე, მშენებლობაზე მუშაობენ, ამ სახლს კი მოცლილობის დროს არემონტებენ ხოლმე.

 

ლადო ძია:

 

სამი წელია, სახლს ვარემონტებ, მრცხვენია მეზობლების,

თუ დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო, არ იზოზინო.

ასე, შიგადაშიგ, საქმე არ კეთდება, ვერაფერს დაატყობ.

ან სხვისი უნდა არემონტო, ან შენსას მიხედო,

ჩემებიც დავტანჯე ამ მტვერში და მამაძაღლობაში.

 

ამირანი ძია:

 

ერთი გამწედ და გემრიელად ვერ მოვიცალეთ მე და შენ,

არადა, სულ რაღაც ორ-სამ კვირაში ბოლოს მოვუღებთ.

 

ლადო ძია:

 

მასეა, მარა ამას რო შევრჩე, ფულიც ხო მჭირდება?!

ცოლია, შვილებია, გასვლაა, გამოსვლაა… იქიდან რაც მორჩება,

იმით ვყიდულობ ამ ყველაფერს, რას გიხსნი, შენც ხო იცი.

 

ამირანი ძია:

 

ხო, მარა, ჩვენ სულ გვექნება სამუშაო, ასე თუ გააგრძელე,

შენს ბიჭს ცოლი ვერ მოუყვანია, გოგო ვერ გათხოვილა, და ეგ არი.

 

(იცინიან)

 

ლადო ძია:

 

რა დროს ამათი ეგეთებია, ჯერ სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა,

როგორც ძია ლენინმა დაგვიბარა. მე რომ არ მეზარმაცა მათ ასაკში,

ეს ჭაპანწყვეტა არ მომიწევდა, ასეა, ჩემო ძმაო,

და კაი სახლიც მექნებოდა კაი რემონტით, აქ კი არა,

სადმე, ცენტრში… ეჰ, მოდი, თითოც გავუშვათ ჯანში.

 

(ბოთლს დაწვდება)

 

 

1 2 3 4 5 6