ზუკა (გულში) :

 

აუ, ეს ხო არ გაეტევა! დაბორიალებს წინ და უკან!

კარგად კი მაგდებს, როცა თავის დაქალებს ელოდება,

ან გაიხადოს ეგ ქუსლები. ათასჯერ ვუთხარი,

გასვლის წინ ჩაიცვას, რა საჭიროა წინასწარ ჩაცმა!

დედამაც უთხრა, რო წუხდება ახალი მეზობელი

(რა ქვია, არ მახსოვს), უკვე მესამედ ამოგვძახა.

რო გავუხურო, შეიძლება საერთოდ არ წაეთრეს,

ეგრე იცის ჯინში ჩადგომა, ბაღის ბავშვივით.

 

 

ეკა (მობილურზე):

 

თან ხო იცი, მე როგორი ჯინიანიც ვარ, თუ რამეს ვიტყვი,

შანსი არაა, რო გადავთქვა, ათასჯერ დამირეკა,

არ ვაგონებდი, სანამ ბოლოს სახლში არ ამომადგა (იცინის),

კიდე კაი, მამაჩემი სხვაგან იყო… მერე გენახა…

ზუკა? კაი, რა! ეს გინდა იყოს, გინდა – არა!

 

(თან ზუკასკენ იყურება)

 

 

ზუკა (ეკას):

 

ეე, აქ ვარ და მესმის ყველაფერი! სულ მაგ ჭკუაზე ვარ,

შენს ვიღაც შეყვარებულს ვეძველბიჭო და საქმე ვურჩიო!

 

ეკა (ზუკას):

 

შენ ყურსასმენი არ გიკეთია?! ეგდე და უსმინე მაგ მუსიკებს!

 

მერე ისევ მობილურზე საუბარს აგრძელებს:

 

ვუხურებ კი არა, ენას ამოვაძრობ! მისმინე, რომელზე გამოხვალ?!

მე ჯერ ყავას დავლევ, ცოტა ძალას მომცემს,

დიეტა რაც დავიწყე, მაგარი სუსტად ვარ… სად შევხვდეთ? თუ გინდა,

შენ ადი, მეც მოვალ… სანამ 140 იქამდე მოაღწევს…

 

ზუკა (გულში):

 

რა დებილია! ასორმოცები საერთოდ გააუქმეს.

ამ ჩემ ფეხებს! იდგეს და ელოდოს, სანამდეც მოუნდება!

მე კი ვიქნები ჩემთვის და გემოზე ვიზასავებ,

იმედია, თაკო ამოვა, არ გადამაგდებს,

და შეიძლება, ზასაობასაც არ დავჯერდეთ…

სიგარეტი მაქვს, ყავაც მაქვს და ცოტა – კონიაკიც,

აუ, შოკოლადი! მარა, არაუშავს, თვითონ წამოიღებს.

 

ეკა (მობილურზე):

წამოვიღებ, რა პრობლემაა, როგორ მითხარი?

აჰა… “ვამელანი”… დამამშვიდებელი… ოკ, გასაგებია.

მოკლედ, ჩემს გარდა, ყველას გაგანია ნევროზი გაქვთ,

ამ პანდემიამ ხალხი სუ გააგიჟა! (იცინის)

 

1 2 3 4 5 6